Home რუბრიკები პოლიტიკა ნოდარ ჯავახიშვილი: დღეს მიხდი ბოდიშს და ერთი ბოდიშის ფასად ეს ყველაფერი უნდა...

ნოდარ ჯავახიშვილი: დღეს მიხდი ბოდიშს და ერთი ბოდიშის ფასად ეს ყველაფერი უნდა დავივიწყო? – არა, ბატონო!

1365

«ბანკი ქართუს» გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა «საქართველო და მსოფლიოს» შეკითხვას _ «აგეხსნათ ჯადო?» _ ასე უპასუხა:

_ ჩვენ კი არა, მთელ ქართულ საზოგადოებრიობასა და ქართულ სახელმწიფოს «აეხსნა ჯადო».

არჩევნების მეორე დღესვე, მოვედით თუ არა ბანკში, პერმანენტული ერთწლიანი შემოწმება დამთავრებული დაგვხვდა: ეროვნულმა ბანკმა სამივე «ნადზირატელი» გაიწვია.

_ «ბანკ ქართუში» როცა შემოვდიოდი, ყური მოვკარი რეპლიკას, რომ «ვისოლი», როგორც კლიენტი, დაგიბრუნდათ.

_ არა მარტო ეს, არამედ იგრძნობა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ბანკის საწინააღმდეგო სქემების განხორციელებაში და უზარმაზარი თანხა და ქონება წაგვართვეს, ცდილობენ ჩემთან შეხვედრას, მოლაპარაკებას, უკვე «კარგი ადამიანები» არიან და ურთიერთობის დაპირისპირებამდელ მდგომარეობაში დაბრუნება უნდათ.

_ იმ აბსოლუტურად უსამართლო კანონამდელ მდგომარეობას გულისხმობთ, რომლის ძალითაც თქვენი მოვალეების მიერ სესხის ასაღებად ჩადებული ქონება წაგართვეს?

_ არა მარტო ამას, მაგრამ ეგ თანხობრივი მოცულობით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ამ მიმართულებიდანაც მოდის გარკვეული იმპულსები.

_ წაგართვათ კანონმა თუ ეროვნულმა ბანკმა?

_ კანონმა და ჩვენი ყოფილი კლიენტების ხელისუფლებასთან დანაშაულებრივმა გარიგებამ, რითაც დანაშაულებრივ კანონს დანაშაულებრივი საფუძველი დაუდეს და კიდევ უფრო დანაშაულებრივად გამოიყენეს.

_ ამ დანაშაულებრივ ვითარებაში თქვენ მარტო აღმოჩნდით, დანაშაულებრივი კანონის პირისპირ მარტო.

_ ჩვენს საზოგადოებრიობას იმდროინდელი პერიპეტიები, ალბათ, დაავიწყდა კიდეც და გახსენება შეიძლება საინტერესოც იყოს.

კანონმა ბანკი, როგორც პირველი იპოთეკარი, გააუქმა და საგადასახადო ორგანოებს შესაძლებლობა მისცა, ბანკის ვალდებულებების წინ დაეყენებინა თავიანთი ვალდებულებები. ეს არასწორია, მაგრამ კანონმა დაუშვა.

ამის შემდგომ მოხდა ისე, რომ ჩვენმა კლიენტებმა ბიუჯეტის წინაშე არარსებული დავალიანებები აღიარეს და ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცეს, ამ დანაშაულებრივად აღიარებული დოკუმენტების ბაზაზე წაერთმიათ მათთვის ქონება, ჩვენთვის _ გირაო და შემდგომ, შემოვლითი გზით, ჩვენთან ვალდებულების გაუქმების გზით, დაებრუნებინა მათთვის თავიანთი ქონება.

ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს იმიტომ, რომ ათეულ მილიონობით ლარის ვალდებულებები მოეხსნათ, გირაოში ჩადებული ქონება კი დაუბრუნდათ. ერთადერთი დაჩაგრული და გაუბედურებული დარჩა «ბანკი ქართუ».

ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად მინიმუმ თაღლითურ გარიგებასთან გვაქვს საქმე, რაც კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და რომელიც ჩაიდინეს, ერთის მხრივ, ხელისუფლებამ და მისმა ჩინოვნიკებმა, მეორე მხრივ, იმ კომპანიებმა, რომლებსაც ჩვენი ვალი ჰქონდათ აღებული.

_ ერთერთი ამგვარი გარიგების შედეგად თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე ფეშენებელური სავაჭრო სახლია წამოჭიმული.

_ იმის იქით, დანგრეულია _ დაანგრიეს შენობა, რომელიც ჩვენს გირაოში იდო.

_ ის ქონება, რომელიც კანონით თუ უკანონოდ ამჟამად სხვისია, შეიძლება თქვენ დაგიბრუნდეთ?

_ რასაკვირველია, შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს დოკუმენტაციის უმრავლესობა, რომლებსაც წარვუდგენთ სასამართლოს და ერთმნიშვნელოვნად დავამტკიცებთ, რომ ეს იყო თაღლითური გარიგება.

საინტერესოა, რომ ამ თაღლითური სქემის ერთერთმა წარმომადგენელმა, ქალბატონმა ლაურა ღაჭავამ, ამასწინათ ტელევიზიით გამოსვლისას აღიარა, რომ, ვისაც ქონება გადაუფორმა, მისი მეგობარი ქალები არიან, ფაქტობრივი მფლობელი კი თვითონ დარჩა.

_ ერთი საკითხის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელიც მაინც და მაინც არ მესმისვინც ამ «კანონიერ უკანონობაში» იყო ჩართული, ეტყობა, დაკარგავს თავის ქონებას. მაგრამ მას, ვინც კანონიერად ისესხა ფული ბანკისგან, მაგრამ ვერ შეძლო გასტუმრება და ამიტომ დაკარგა იპოთეკაში ჩადებული ქონება, იმას რა პერსპექტივა ელოდება?

_ ჯერ ერთი, არ დავეთანხმები თქვენს შეფასებას, რომ თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა ადამიანი დაკარგავს თავის ქონებას. იმ კომპანიის მიმართ, რომლის ხელმძღვანელიც ჩაერთო დანაშაულებრივ ქმედებაში, სასამართლო გამოიძიებს სისხლის სამართლის საქმეს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ არავის არაფერს ვართმევთ, გამორიცხული არ არის, აღდგეს საკრედიტო ურთიერთობა, ანუ სტატუს-კვო, და მათი ქონება კვლავ იპოთეკაში ჩაიდოს. მაგრამ, თუ აღმოჩნდება, რომ დანაშაული იმდენად დიდია და ზარალიც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სასამართლომ კონფისკაციაც შეიძლება მიუყენოს, ეს სხვა საკითხი იქნება, თუ არა _ სხვა ვითარება იქმნება. ის შენობები ჩემი კი არ იყო, არამედ ჩემი სესხის უზრუნველსაყოფად იყო ჩადებული. ის შენობები რომ წაგვართვეს, იძულებული ვიყავით, სესხი ჩამოგვეწერა და ზარალზე წავსულიყავით. ახლა ამის აღდგენა, რასაკვირველია, შეიძლება, მაგრამ დანაშაული არავის შერჩება.

_ დიდი პროცენტებით რომ ახრჩობენ ბანკები სესხის ამღებს? მაღალი პროცენტებით, ალბათ, ასე უნდა მეთქვა.

_ მე არ ვიცი, რა არის დიდი და პატარა პროცენტი.

_ აი, სააკაშვილმა ფეხები რომ დაუბაკუნა ბანკირებს, დაუწიეთ პროცენტებსო.

_ სააკაშვილის ნათქვამს ჟურნალისტებმა დაანებეთ თავი და მეც ნუ მაწუხებთ! («მიბრაზდება» ბატონი ნოდარი და ორივეს გვეცინება). «მაღალი», «დაბალი» _ როსტევან მეფე ხომ არ არის?! (სააკაშვილს ციტირებს გენერალური დირექტორი, რაზეც მითითებას არ ვაყოვნებ და კვლავ გვეცინება ორივეს).

გუშინაც იყო ჩემთან ერთი პატიოსანი კაცი ქობულეთიდან, ბიზნესმენი ვარო და შემომჩივლა, რომ ძალიან მაღალი, თვეში ათპროცენტიანი სესხით არის შეწუხებული.

_ მაღალია?

_ წარმოუდგენლად მაღალია! მაგრამ რატომ აიღე, შე მამაცხონებულო? ისეთი რა ბიზნესი უნდა გქონოდა, თვეში 10 პროცენტი რომ გეხადა და შენც მოგება დაგრჩენოდა? თანაც სესხი ბანკისგან კი არ ჰქონდა აღებული, ვიღაცისგან!

ბანკების საქმიანობა სრულყოფისკენ წასაყვანი რომ არის, უეჭველია, მაგრამ ნუ მოსთხოვთ ნურც ბანკებს, ნურც ხელისუფლებას, იფიქრონ თქვენ მაგიერ და ყულფში თავის შეყოფისგან ყოველ წუთს დაგიცვან.

_ კი მაგრამ, ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთები ხომ არ არის თავდაცვის ერთგვარი საშუალება, როცა ბანკების მოგებას ვიღაცა არის ჩასაფრებული და ისე ართმევს, როგორც ხარკს?

_ ამიტომ ვამბობ, ყველაფერი, ყველა შემთხვევა დეტალურად არის შესასწავლი და ერთ ქვაბში მოსახარშად ჩაყრა არ ივარგებს. შეიძლება, რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში ბანკმა დააშავა, წნეხის ქვეშ მოექცა და იძულებული გახდა, გაეღო თანხები, რათა არ დაბრკოლებულიყო მისი პროფესიული საქმიანობა.

_ თქვენც გაგონილი გექნებათ, რომ საზოგადოებაში არის მოლოდინი «ვალებში წართმეულ» ბინებს, მანქანებს და .. ხელისუფლება გვაპატიებსო. რეალურია ეს მოლოდინი?

_ ეს მოლოდინი აბსოლუტურად არარეალურია. რეალური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არა მისი მიზეზით შექმნილ სიტუაციაში დაიჩაგრა, მხარდაჭერილი იქნება და სამართლიანობაც გაიმარჯვებს. ასეთია ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. სამართლიანობას ყველა სფეროში აღვადგენთ.

_ ესე იგი, არაფერი რაღაც ნაციონალიზაციის მსგავსი, ვალების გაუქმება და ასეთი «რევოლუციური ამნისტია» მოსალოდნელი არ არის?

_ ასეთი რამ დიდი უსამართლობა იქნება. მე რომ მკითხოთ, ყველა, ვინც ციხეებშია ნაწამები, გასათავისუფლებელია, რადგან სასჯელი უკვე მოხდილი აქვთ. მაგრამ, ვისაც ეს ჯოჯოხეთი არ გაუვლია და ხუთი კაცი ჰყავს მოკლული, ის გამოვუშვათ და, ვისაც 5 ქათამი მოუპარავს, ციხეში დავტოვოთ, უკიდურესი უსამართლობა იქნება.

სამართლიანობის აღდგენა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს.

ამათ ბევრჯერ განაცხადეს და განახორციელეს კიდეც «საგადასახადო ამნისტია: ხალხი გაათავისუფლეს ვალდებულებებისგან. ეს დანაშაული და უსამართლო ქმედება იყო, რადგან პატიოსან გადამხდელს და გადასახადებისგან თავის ამრიდებლებს ერთნაირ მდგომარეობაში აყენებდა.

სამართლიანობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია, რადგან პატიოსნება იჩაგრება, შედეგი კი ის იქნება, რომ საერთოდ არავინ გადაიხდის. მაშ, სახელმწიფო როგორ უნდა აშენდეს? არ გვინდა ეროვნული სახელმწიფო?!

არ შეიძლება სახელმწიფომ თავისი გაუმართლებელი ლოიალობით პატიოსნება დაწიხლოს.

საგადასახადო ამნისტია რეალურად ნიშნავს: თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაღაც გვაქვს მოპარული ან არ შეგიტანია, შეიტანე და არ დაგაპატიმრებენ.

განა არ შეიტანოო!

_ ორიოდ სიტყვა მორალურ პასუხისმგებლობაზე. როცა სახელმწიფომ შემოგიტიათ თქვენ და «ბანკ ქართუს», არც ერთმა ბანკმა თანადგომა არ გამოგიცხადათ. იგრძნო ვინმემ თავისი მორალური დანაშაული? დაგირეკათ, მოგიხადათ ბოდიში?

_ მარტო იმისთვის, რომ მხარი არ დაუჭირეს ნოდარ ჯავახიშვილს, ჩემმა კოლეგებმა არანაირი პასუხი არ უნდა აგონ. ასეთია ჩემი ღრმა რწმენა.

მაგრამ უნდა რცხვენოდეთ, რომ დადიან ამ ქვეყანაზე, უნდა რცხვენოდეთ, რომ ბანკების ხელმძღვანელები არიან. რიგითი თანამშრომლები ყოველთვის განიცდიდნენ იმ ვითარებას.

როცა დღეს მოდიან და ბოდიშს იხდიან, ეს კიდევ უფრო ამორალურია. გუშინ არ მოხვედი, დღეს გადაწყვიტე მოსვლა იმიტომ, რომ იცი _ მე თვითონ მოვალ შენთან და კანონის ძალით აღვადგენ სამართლიანობას.

ეს ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხარ და მე სულელი გგონივარ, გგონია, რომ შენი ბოდიშით მომატყუებ. 13 წელიწადი უმუშევარი ვიყავი, 6 თვე ციხეში ვიჯექი, მყავს ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და ამ ყველაფერს დარტყმის ქვეშ ვაყენებდი, შენ შენი ბიზნესის გულისთვის სხვა უნდა გაგეუბედურებინა? დღეს მიხდი ბოდიშს? გუშინწინ მაინც დამდგარიყავი ჩემ გვერდით!

«ქართუ ბანკის» დაქცევისთვის, თანამშრომლების, 320 ადამიანის, სუპერპროფესიონალების უმუშევრად დატოვებისთვის იღვწოდნენ და მე ერთი ბოდიშის ფასად ეს ყველაფერი უნდა დავივიწყო?

არა, ბატონო!

ადამიანებმა თავიანთი არაკანონიერი ქმედება არ შეიძლება მათზე წნეხითა და ზემოქმედებით გაამართლონ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. 8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატურად დაასახელა.

 

1 COMMENT

  1. ბატონო ნოდარ დზალიან გაპასებტ როგორზ ნამდვილ ვაჟკაც კარტველ კაცს!!! დზალიან მომწონს ტკვენი სამარტლიანი მიდგომა ადამინებისადმი და საკმისადმი!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here