Home რუბრიკები პოლიტიკა სო რექი, წიე, ბაჩუკი?

სო რექი, წიე, ბაჩუკი?

811

ერთ დროს ოპოზიციის ფლაგმანად აღიარებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტია „მოქალაქეთა კავშირმა“ სამჯერ დაშალა და სამივეჯერ საკუთარი ხელით გაათხრევინა საფლავი. ძველი ბირთვის თანდათან გამორეცხვის შემდეგ „ნაცმოძაობად“ გადაქცეულმა ძველმა „მოქალაქეებმა“ ედპ ხელის ბიჭად აქცია და ფინანსური თუ სხვა სახის დახმარების „ნემსზე შესვა“.

ძველი ედეპეშნიკები იმდენს ცრუობდნენ საკუთარ „ოპოზიციონერობაზე“, რომ თავადაც დაიჯერეს ეს ზღაპარი და გურამ ჩახვაძემ სააკაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლაც გაკრიტიკება მოუნდომა. თან არც მეტი, არც ნაკლები, „ელიტარულ კორუფციაზე“ დაუწყო საუბარი, თითქოს თავად დღევანდელი ედპ არ იყოს ელიტარული პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი! რით დამთავრდა ეს „ოპოზიციური“ გამოხდომა, საქართველომ კარგად დაინახა: სააკაშვილმა უმალ აალოკინა საკუთარი გადაფურთხებული ჩახვაძეს, რომელსაც სულ გადაავიწყდა, ვინ შეუშვა იგი პარლამენტში!

ედპ–ს წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებშიც სააკაშვილის დახმარების იმედი ჰქონდა და წინასაარჩევნო კამპანიაც რიხიანად დაიწყო: ბაჩუკი ქარდავა აცხადებდა, რომ ჯერა, 1 ოქტომბერს ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს ეროვნულ და დემოკრატიულ საქართველოსარა რუსეთს, ტერიტორიულ მთლიანობას და სამართლიან ხელისუფლებას.

ბაჩუკი ქარდავა აცხადებდა: „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა ბაზარზე არ იცვლება. რუსეთის ოკუპაციას შეეწირა უამრავი ქართველი და საქართველოს ტერიტორიები დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

ბაჩუკი ქარდავას მოწოდებები იყო: „არა რუსეთს“, „სამართლიანი ხელისუფლება“, „მდიდარი ოჯახი“, „ძლიერი სოფელი“. „პროგრამის ამ პრიორიტეტებთან ერთად ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც დავაყენოთ. რუსეთი ყველაზე დიდი მტერია, რაც კი ოდესმე საქართველოს ჰყოლია“. ამ მოწოდებებს რომ გადახედავ, მიხვდები – ისინი ნაცმოძრაობის ერთ–ერთ კაბინეტშია დაწერილი და ისევეა დაგზავნილი „ოპოზიციურ“ პარტიებში, როგორც ახალი ამბების ნუსხა და თანმიმდევრობა „ნაციონალურ“ ტელეკომპანიებში. ამიტომ ჰგავს ასე ერთმანეთს ედპ–ს, „ახალი მემარჯვენეების“ და ქდმ–ს ლოზუნგები.

თუმცა ბაჩუკი ქარდავას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას გულმა ჯერ კიდევ თებერვალში აუწყა ფარსაგი: „დღეს საზოგადოებაში პოლიტიკური ველის მონოპოლიზება ხდება. ეს არის სახიფათო პროცესი, სადაც საბოლოო ჯამში ეს ორი პოლიტიკური ძალა ან გაიყოფენ ან გაყოფენ ამ ქვეყანას“. ქარდავამ საზოგადოებას „მესამე გზა“ შესთავაზა – „კონსტრუქციული, დასავლეთზე ორიენტირებული გზა“.

ასეთები ხომ „ქართულ ოცნებაშიც“ არიან და ეს გზა „მესამედ“ როგორ ჩაითვლებოდა, გაუგებარია, მაგრამ ბაჩუკიმ თავისი სცადა, თან „ნაციონალური“ რიტორიკით უხვად შეაზავა: „სამწუხაროდ, საქართველოში მომრავლდნენ ძალები, კვლავაც რომ ცდილობენ კრემლის კარზე სარგებლის მოპოვებას“. აქაც მოიპარა ბაჩუკიმ სლოგანი: სარგებელი მეტი უნდა იყოს და თან ხალხისთვის. ასე გვიმტკიცებდა „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე „ცოცხების სკანდალმა“ ბაჩუკის სულ წაუხდინა გუნება და მანაც ახალ ტალღაზე დააპირა გადართვა. 

„ქართული საზოაგდოება არასოდეს შეეგუება ძალადობისა და ღირსების შემლახველ ფაქტებს, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას არაერთხელ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ საპატიმროებში არსებული მდგომარეობა საგანგაშო იყო, თუმცა გავრცელებული ფაქტები ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდება. პენიტენციალური სისტემა უნდა ემსახურებოდეს დამნაშავის რესოციალუზაციას და არა მის დათრგუნვას, მორალურად გატეხვას. ჩვენ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სამართლიან პროტესტს და მოვითხოვთ სრულად იქნეს გამოძიებული და დასჯილი საპყრობილეში არსებული ძალადობის არამარტო შემსრულებლები, არამედ ორგანიზატორებიც“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ერთი სიტყვით, ბაჩუკის ვერც ბაგრატის ტაძარში წირვა–ლოცვაზე დასწრებამ უშველა და ვერც ნაწამებ პატიმრებთან სოლიდარობამ. სააკაშვილს თავისი გასჭირვებოდა – ვერც მას დაეხმარა, ვერც გიორგი თარგამაძეს და ვერც დავით გამყრელიძეს. თუმცა ის მაინც მოახერხა, რომ ორპარტიულ პარლამენტში 40 პროცენტზე განეცხადებინა პრეტენზია.

ახლა სხვა რეალობაა – არენაზე ახალი ედპ–ები, ქდმ–ები და მემარჯვენეები გამოვლენ. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. და მაინც: სო რექი, წიე, ბაჩუკი, ონჯღორე ვაიჩქუნო?!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here