Home რუბრიკები საზოგადოება უნეტარესი ვლადიმირი: პრობლემა ისაა, ცხოვრებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება ეკლესიის გალავანშიც რომ აღწევს

უნეტარესი ვლადიმირი: პრობლემა ისაა, ცხოვრებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება ეკლესიის გალავანშიც რომ აღწევს

625

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, უნეტარეს ვლადიმირის ინტერვიუ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს»

_ რა გამოწვევები დგას დღეს მართლმადიდებელი მსოფლიოს წინაშე?

_ მასშტაბურად რომ ვთქვათ, ორი ათასი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. უფალს მიჰყავს თავისი ხომალდი, წმინდა ეკლესია, ცხოვრებისეულ ზღვაში გადარჩენის გზით. ხოლო კაცობრიობის მტერი, ეშმაკი, წარუმატებლად ცდილობს ახალი და ახალი საცდუნებლისა და წინააღმდეგობის მოგონებით შეუშალოს მას ხელი. კაცობრიობისთვის ამგვარი გამოწვევები დღეს არის სეკულარიზმი და სწრაფვა უაზრო და დაუოკებელი სეკულარიზმისკენ. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამგვარი კანონებით ცხოვრობენ ურწმუნო ადამიანები, პრობლემა ისაა, ცხოვრებისადმი ამგვარი მომხმარებლური დამოკიდებულება ეკლესიის გალავანშიც რომ აღწევს. ამიტომ აქ, უწინარესად, საჭიროა ბრძოლა საკუთარ თავთან და საკუთარ ვნებებთან. წამალი კი ჯერ კიდევ სახარებაშია აღწერილი, ანუ განიდევნება იგი მხოლოდ მარხულობითა და ლოცვით.

_ რას უპირისპირებს ეკლესია ამ გამოწვევებს და რა უნდა იღონოს მრევლმა ამ გამოწვევათა წინააღმდეგ?

_ იცხოვროს ქრისტეს რწმენით და უფლის მცნებათა მიხედვით. თუ ღმერთი ჩვენთანაა, ვინაა ჩვენ წინააღმდეგ? ზეციური სამეფო, როგორც ცნობილია, იბრძვის ძლიერებით და მხოლოდ იგი, ვინც ძალას მოიხმარს, შეძლებს მივიდეს მასთან. ამიტომ საჭიროა, ჩვენ თვითონ განვვითარდეთ სულიერი ცხოვრების ძალაში და აღვუზარდოთ ქრისტიანული სათნოებანი ჩვენს შვილებსა და ნათესავთ. საჭიროა, არა მარტო პატივი მივაგოთ, არამედ ვიკითხოთ სახარება. და არა მხოლოდ ვიკითხოთ, არამედ მის შესაბამისად ვიცხოვროთ. ასევე საჭიროა, მივბაძოთ წმინდანებს, რომელთაც თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია მივაღწიოთ ზეციურ საუფლოს.

_ როგორ აფასებთ მაცხოვრის ტაძრის წაბილწვის მცდელობის ცნობილ მოვლენებს მოსკოვში? რატომ აღსდგა, თქვენი აზრით, მთელი დასავლეთი სამყარო იმ ქალიშვილთა დასაცავად და რამდენად მნიშვნელოვანია, რისი მანიშნებელია ის, რაც მოხდა?

_ ახალი რა დაინახეთ? განა XIX საუკუნის ამგვარი გამოხდომებიდან არ დაიწყო XX საუკუნის ათეისტური დევნა? მაშინ მას ეწოდებოდა «მებრძოლი ათეიზმი», დღეს მოწმენი ვხდებით მებრძოლი სეკულარიზმისა. ამით არსი არ იცვლება. უფალიც ხომ აფრთხილებდა თავის მოწაფეებს, რომ მათ დაუწყებენ დევნას. მთავარი სხვაა, ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი საკუთარ თავს, რათა ჩვენი რეაქცია იყოს არა მოქალაქეობრივი, არა ადამიანური, არამედ ქრისტიანული. ქრისტე ლოცულობდა მათვის, ვინც ჯვარს აცვა, დევნა კი ყოველთვის ეკლესიის გამარჯვებით მთავრდებოდა.

_ ოთხი წლის წინათ საშინელი მოვლენა მოხდა _ ომი ერთმორწმუნე, მართლმადიდებელ ხალხებს შორის, ქართველ და რუს ხალხებს შორის. როგორ აფასებთ ამ მოვლენას მართლმადიდებლობის, სულიერების თვალსაზრისით? და როგორ არ უნდა დავუშვათ მომავალში ამგვარი ერთმორწმუნე ძმათამკვლელობა?

_ გამიძნელდება მოვლენების შეფასება, რადგან არ ვიცი და არ მესმის ყველა პოლიტიკური ნიუანსი. მაგრამ, როგორც ქრისტიანს, მტკივა. ჩემთვის ეს კონფლიქტი მაცხოვრის სიტყვების დამადასტურებელია, რომ «უკანონობის გამრავლების მიზეზით, ბევრს გაუნელდება სიყვარული». ხოლო მომავალში მსგავსი რამის ასაცილებლად, საკმარისი არ არის, მხოლოდ ვიწოდებოდეთ, არამედ უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები. ამას ვამბობ ჩვენი, უკრაინელი ხალხის მისამართითაც. ქრისტეს მოწაფეებად გვცნობენ იმით, რომ გვიყვარს ერთმანეთი და არა იმით, რომ ვეომებით ერთმანეთს.

_ რას უსურვებთ ქართველ ხალხს და, კერძოდ, ახალგაზრდობას?

_ ქართველ ხალხს მინდა ვუსურვო, ისევე უყვარდეს ქრისტე და ეკლესია, როგორც თქვენი ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი ხალხის მრავალ თაობას.  ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ უწმინდეს პატრიარქ ილიას. ახალგაზრდობას კი გავახსენებ, რომ სიცოცხლე არც ისე გრძელია, როგორც ახალგაზრდობაში გვეჩვენება და მოცემული გვაქვს იგი კეთილ საქმეთათვის.

ესაუბრა ვანო ჩოკორაია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here