Home რუბრიკები ეკონომიკა ექსპერტები უკიდურესად მძიმე ზამთარს წინასწარმეტყველებენ

ექსპერტები უკიდურესად მძიმე ზამთარს წინასწარმეტყველებენ

944

ექსპერტების აზრით, მსოფლიოს სასურსათო კრიზისი ჩვენს ქვეყანაზეც მოახდენს გავლენას. გარე ფაქტორს რეგიონებში მომხდარი სტიქიური უბედურებები და საპარლამენტო არჩევნებიც ემატება. სპეციალისტების ნაწილი საარსებო მინიმუმის შემცირებას ხელისუფლებას უკავშირებს. გარდა ამისა, ქვეყნის ბიუჯეტს საგარეო ვალის მომსახურებაც უწევს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით იბადება კითხვები: როგორი ზამთარი ელის მოსახლეობას? გაძვირდება თუ არა სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები?

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ხუთჯერ აღინიშნა წლიური უარყოფითი ინფლაცია. 2012 წლის ივლისში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, შემოდგომიდან საქართველოში დეფლაციური პროცესები დასრულდება და ინფლაცია «შემოგვიტევს». 2012 წლის აგვისტოში კი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციამ 0,4% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლების ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. აღნიშნულ პროდუქციაზე ფასები 2,8%-ით შემცირდა.

მსოფლიოში მთელი რიგი კვების პროდუქტებისა ძვირდება, რადგან საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, მსოფლიო ფასები ადგილობრივ სამომხმარებლო ფასებზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ეკონომიკის ექსპერტის, იოსებ არჩვაძის, განმარტებით, რადგან საქართველოში წლის პირველ ნახევარში დეფლაციური პროცესები მიმდინარეობდა, პროდუქტის გაიაფებისა და ფასების შემცირების ყოველგვარი რესურსი ამოწურულია. მისი თქმით, ინფლაციის ზრდის ტენდენციაზე არჩევნებიც ახდენს გავლენას.

იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

_ მსოფლიო ბაზარზე კვების პროდუქტების ფასების ზრდა შეინიშნება, ამიტომ საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება ვისაუბროთ, რომ წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ინფლაციური კვების პროდუქტებზე იქნება. არჩევნების დროს ბიზნესი ელოდება ბაზრის ხელახლა გადანაწილებას. ბიზნესკომპანიები ფიქრობენ, გააფართოონ თუ შეამცირონ წარმოება. ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია და, შესაბამისად, არჩევნების პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა დაბალია. ამის გამო დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ინფლაციის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

2006 წელს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ინფლაცია 2,7-დან 10,5%-მდე გაიზარდა. ინფლაცია 2-დან 6%-მდე გაიზარდა 2008 წელსაც, როდესაც ქვეყანაში ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ბოლოს არჩევნები საქართველოში 2010 წელს ჩატარდა, იმ დროს ინფლაციამ 2,7-დან 11,2%-მდე მიაღწია.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

_ არჩევნები ბიუჯეტიდან დიდი დანახარჯებით ხასიათდება. ხელისუფლება სოციალურ პროექტებს ააქტიურებს და ამით ცდილობს ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას. ფულის დიდი მასის გამოსვლა ინფლაციურ პროცესებზე აისახება. ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, არჩევნების პერიოდში ინფლაცია მოსალოდნელი არ არის. ის არჩევნების შემდგომ პერიოდში გახდება თვალშისაცემი.

ზემოთ დასახელებული პრობლემის გარდა, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადებიც მძიმე ტვირთია. სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2003 წლიდან 2011 წლამდე შინამეურნეობის ხარჯები სათბობსა და ელექტროენერგიაზე დაახლოებით 137%-ით გაიზარდა.

მაგალითად, 2003 წლიდან დღემდე წყლის ტარიფი თითქმის 162%-ით გაიზარდა. ბუნებრივი აირი 2-ჯერ გაძვირდა, ხოლო დასუფთავების გადასახადი 2011 წლამდე 5,2-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ბოლოს კი ის დენის გადასახადს მიება, რის გამოც თბილისელების დიდ ნაწილს დასუფთავების გადასახადი თითქმის გაუათმაგდა. ელექტროენერგიაზე ზრდის მაჩვენებელი კი შედარებით ნაკლებია. აღნიშნული გადასახადი მთავრობამ 2006 წელს ენერგოობიექტების პრივატიზების წინ გააძვირა და ე. წ. საფეხურებად დაყო. ის აბონენტი, რომელიც კანონით დადგენილ მაქსიმუმზე, 301 კვტ.სთ-ზე, მეტ ენერგიას ხარჯავს, ერთი კილოვატი ელექტროენერგია 17,7 თეთრი უჯდება. მანამდე 1 კვ.სთ ელექტროენერგიის ფასი 10,15 თეთრი იყო. 

პაატა შეშელიძე, «ახალი ეკონომიკური სკოლის _ საქართველოს» პრეზიდენტი:

_ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადები არ გაზრდილა. რაც შეეხება შუქზე დასუფთავების გადასახადის მიბმას, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ ტარიფების დადგენაში სახელმწიფო არ უნდა მონაწილეობდეს. ამ საკითხებზე მომხმარებელი და კომპანია უშუალოდ უნდა შეთანხმდნენ.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 157,2 ლარს შეადგენდა, ხოლო აგვისტოში ეს ციფრი 145,5 ლარამდე შემცირდა. ასევე შემცირდა ექვსსულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმიც. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ხელისუფლების დაკვეთით ადგენს საარსებო მინიმუმს, რაც რეალობისგან შორსაა.

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე:

_ საქართველოში საჯარო სექტორში ხელფასის მინიმალური ოდენობა 114 ლარიდან იწყება. არადა, ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სულზე 240 ლარი მაინც უნდა იყოს. დასაქმებული ადამიანების 22 პროცენტს, რომელსაც ხელისუფლება ბედნიერად მიიჩნევს, აქვს მათივე დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი.

ბოლო პერიოდში ხელისუფლება სასურსათო კალათას ხელოვნურად ამცირებს. სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების სიიდან ამოღებით ინფლაციისა და სიღარიბის დონის, უმეტესად კი საკუთარი სიძუნწის შენიღბვას ცდილობს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო პენსიისა და საარსებო მინიმუმის ოდენობის მიხედვით ბოლო ადგილზეა. მთავრობა კი ყოველდღიურად პენსიის მომატებასა და სადაზღვევო პაკეტის ჩუქებას გვამადლის. ეკონომიკური კვლევის ცენტრის ექსპერტის დავით ნარმანიას განმარტებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლება სასურსათო კალათის ხელოვნურად შეცვლას ცდილობს.

დავით ნარმანია:

_ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება ცდილობდა სასურსათო კალათის ხელოვნურად შემცირებას. 2008 წელს რამდენიმე პროდუქტი საერთოდ ამოიღო სიიდან, შემდეგში წონა შეცვალეს… აქედან გამომდინარე, ყოველთვის ეჭვს ბადებს ის მაჩვენებლები, რომელთაც აქვეყნებენ.

პენსიებისა და სხვა სოციალური გადასახადების გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე უღლად საგარეო ვალიც აწვება. დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელშიც ხარჯები შემოსავლების ტოლია, შეიძლება ყველასთვის იყოს სასურველი, მაგრამ რეალურად ამის მიღწევა სახელმწიფოსთვის შეუძლებელია. თუკი ხარჯები შემოსავლებს აჭარბებს, იქმნება ბიუჯეტის დეფიციტი, თუ პირიქით _ ბიუჯეტის პროფიციტი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტს ხშირად დეფიციტი ახასიათებდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბიუჯეტის პროფიციტის ფაქტი საქართველოს ისტორიაშიც არსებობდა. მთავრობამ პროფიციტული ბიუჯეტის შესახებ 2008 წელს განაცხადა, რაც დიდ მიღწევად ჩაითვალა. სამაგიეროდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკურ გუნდს სინგაპურის მაგალითი ხიბლავდა, რადგან 2008 წელს შემუშავებული და 2012 წლამდე გათვლილი მთავრობის პროგრამა «ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე» ითვალისწინებდა ქვეყნის ეკონომიკის საშუალოდ 8-პროცენტიან ზრდასა და ბიუჯეტის პროფიციტს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 0,5 პროცენტის ტოლი უნდა ყოფილიყო,  თუმცა 2008 წლის ომმა და მსოფლიო კრიზისმა ყველა გეგმა შეცვალა.

2009 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და შემდგომ მიიღო «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» კანონში ცვლილებები. ამ კანონის თანახმად, 2013 წლამდე გადავადდა ბიუჯეტის აუცილებელი დადებითი პროფიციტის დაგეგმვა. ასევე 2013 წლამდე გადავადდა ბიუჯეტის საპროგნოზო თავისუფალი ნაშთის არანაკლებ 26 პროცენტისა და არაუმეტეს 33 პროცენტის სტრატეგიულ ფონდებში მიმართვის ვალდებულება. შეუძლებელია, არ აღინიშნოს ისიც, რომ 2008 წლის ბიუჯეტი, ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ფორმალურად იყო პროფიციტური.

ნოდარ ჭიჭინაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

_ დღეისათვის საქართველოს საგარეო ვალი 4,2 მილიარდი დოლარია. აქედან დაახლოებით 600 მილიონი ეროვნული ბანკის, დანარჩენი კი სახელმწიფოს ვალია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საგარეო ვალი არის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 30%. ასევე არსებობს მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს საგარეო ვალის დანახარჯების თანაფარდობას ექსპორტთან და საგარეო ვალის დანახარჯების თანაფარდობას ექსპორტთან. საქართველოს საგარეო ვალი ექსპორტთან მიმართებაში დაახლოებით 200%-ია. ამ შემთხვევაში საქართველოს საგარეო ვალი ორჯერ აღემატება ჩვენს საექსპლოატაციო შესაძლებლობებს. ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა. წლეულს საგარეო ვალის მომსახურებაზე ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 8% იხარჯება. არადა, ორპროცენტიანი ზღვარის შემდეგ ითვლება, რომ საგარეო ვალის მომსახურებაზე დიდი თანხები იხარჯება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომლითაც საგარეო ვალის შემოწმება ხდება, ესაა ქვეყნის რეზერვების თანაფარდობა საგარეო ვალთან. ჩვენი ეროვნული ბანკის ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვები ვალთან მიმართებაში ორჯერ ნაკლებია, მაშინ, როდესაც მდგრად ქვეყანაში ეს მაჩვენებლები პირიქითაა.

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

_ წინასწარ რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ რა მოხდება სურსათის მწარმოებელ ქვეყნებში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება სურსათის მსოფლიო ფასები. გაერო აფრთხილებს იმპორტიორ ქვეყნებს, მზად იყვნენ ამ პროცესისთვის. სურსათის ფასების ზრდის ტენდენცია არასასურველია იმპორტიორი ქვეყნებისთვის, რადგან სასურსათო კრიზისი მათზე მტკივნეულად აისახება.

ესაუბრა

ანა ქევხიშვილი

 

1 COMMENT

  1. ექსპერტებო,პოლიტიკურად როგორ ვიქნებით?ამაზე იფიქრეთ და ხალხს სიმართლე უთხარით,თუ ერი არ გამოფხიზლდება დროზე;ქვეყანა წაგვართვეს,ახლა სიცოცხლის ჯერი დადგა.ამას დასავლეთი აკეთებს,თუმცა მას არც ჩრდილოელი მეზობელი ჩამორჩება,გამოსავალი ნეიტრალიტეტსა და სისტემის შეცვლაშია.

  2. ევროპა კრიზისის გადალახა უკვე, უფრო მაშთაბური სტიქიური უბედურებები ყოფილა წინა წლებში, ასე რომ იქნებ ობიექტურები უყოთ? დააფრთხო ამ მთავრობამ ინვესტორები ახალი სრომითი კოდექსით, მიწის გაყიდვაზე მორატორიუმით, იმის ძახილით რომ რეიტინგებში მოწინავე ადგილი ტყუილი იყო. ამიტომ რეალური მიზეზები დაწერეთ, და იმედია უცხო პლანეტელებს არ დააბრალებთ ეკჯონომიკურ ვარდნას

  3. მარის წაკითხული არა აქვს შრომის კოდექსი. დამქირავებელს შეუძლია მონურად ამუშაოს დაქირავებული ნებისმიერი თანხით და ახსნა განმარტების გარეშე გაუშვას სამსახურიდან გაფრთხილების შემდეგ. ვირივით მუშაობენ ჩვენთან ადამიანები, აბა კითხეთ რამდენ საათს და რა ანაზღაურებით. ამან დააფრთხო ინვესტორი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here