Home რუბრიკები პოლიტიკა ბიზნესი ზარალობს, «ზარალა» იგებს?!

ბიზნესი ზარალობს, «ზარალა» იგებს?!

1373

ყველას კარგად ახსოვს 2005-2007 წლები, პერიოდი, როცა ბანკები გლამურული და საოცნებო რეკლამებით პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდნენ ხალხს. ერთი სიტყვით, იმ წლებში სესხი აიღო ყველამ, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებმა, რომლებსაც მცირე ან საშუალო ბიზნესი ჰქონდათ. სესხის პროცენტი საკმაოდ მაღალი იყო, გაცილებით მაღალი, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია, მაგრამ მთავრობის განცხადებებმა _ მცირე და საშუალო ბიზნესი სახელმწიფოსგან წახალისებული იქნებაო, ხალხი დააიმედა და გაათამამა. ძალიან მალე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი «ვარდოსანი» მთავრობის ბანკების მევალეები გახდნენ და კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ _ თითქმის მთლიანად მოისპო მცირე და საშუალო ბიზნესი და დაზარალებულთა სია საგრძნობლად გაიზარდა. ბანკებისგან დაზარალებულთა სიაში აღმოჩნდა ბატონი ნოდარ მოსულიშვილი, პროფესიით ეკონომისტი, რომელსაცთავისი პატარა რესტორანი ჰქონდა . . ანდროპოვის ყურების უკან. დღეს, ეს «ანდროპოვის ყურები» თბილისელებს და თბილისის სტუმრებს თვალს აღარ «სჭრის», ხოლო ფეშენებელური სასტუმრო «რადისონ ბლუ ივერია» ამაყად დგას ვარდების მოედანზე და ირგვლივ ერთერთი საუკეთესო ხედი იშლება, მაგრამ ეს, ერთი შეხედვით, _ «ანდროპოვის ყურები» ისევ იქ არის და «უსმენს»…

_ ბატონო ნოდარ, როდიდან დაიწყო თქვენი ბიზნესის დაღმასვლა?

_ როცა ამ მთავრობამ ე.წ. «ანდროპოვის ყურების» დემონტაჟი დაიწყო.  2005-06 წლებში, მახსოვს, მოვიდნენ და მითხრეს, რომ ამ «კომუნისტური გადმონაშთის» დემონტაჟს აპირებდნენ.

_ ვინ აწარმოებდა დემონტაჟს?

_ «სილქროუდ ჯგუფი». მთავრობასთან დაახლოებული, მონოპოლიური კომპანიაა, გეცოდინებათ, ალბათ. დღეს «სილქნეტი» ჰქვია. თავიდან ნორმალურად მუშაობდნენ, სუფთად, ნარჩენები გაჰქონდათ ტერიტორიიდან და ნაგავს თავზე არ გვაყრიდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამუშაოები შეწყდა, მაგრამ, სააკაშვილის დავალებით, დაახლოებით 15 სექტემბერს «სილქროუდმა» კვლავ განაახლა სამუშაოები. დაიწყეს ნგრევა, მტვრის ბუღი იდგა, არც ნანგრევების ნარჩენების გატანაზე იზრუნა ვინმემ. ჩემი რესტორანი ვეღარ მუშაობდა, კარს ვერ ვაღებდით, სუნთქვა გვიჭირდა. აქ მოსვლა მსურველისთვის მარტო უსიამოვნო კი არ იყო ნაგვისა და ბუღის გამო, არამედ სახიფათოც, რადგან მტვრევის დროს ქვის ნამსხვრევები კარს ხვდებოდა და ადვილად შესაძლებელი იყო, ადამიანი დაშავებულიყო კიდეც.

_ ამ ხნის მანძილზე კომპანიიდან ვინმე თუ მოვიდა თქვენთან და რაიმე სახით ზარალის ანაზღაურება თუ შემოგთავაზათ?

_ ამ კომპანიის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ და მუშებიც მუშაობდნენ, საშენი მასალის ნარჩენები ნაწილობრივ გაჰქონდათ კიდეც, მაგრამ, როცა კომპანიამ ხელფასები აღარ გადაუხადა, შეწყდა მუშაობა. მუშები ეხვეწებოდნენ, ამის მომსწრე ვარ, გზის ფული მაინც მოგვეცითო. არ უხდიდნენ ფულს და გაიქცნენ მუშები, ნაგავი კი შუა ეზოში დამიტოვეს… კონკრეტულად გიორგი რამიშვილისგან კი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მეტსახელ «ზარალათია» ცნობილი, ვისაც პირდაპირ ევალებოდა ჩემთვის ზარალის ანაზღაურება, არა თუ ანაზღაურება, ელემენტალური ადამიანური წუხილიც კი არ გამოუთქვამს, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩამაყენა. მინდა გითხრათ, რომ თავის მეტსახელს ნამდვილად ამართლებს ეს ადამიანი, ნამდვილად ზარალია.

_ დახმარებისთვის არავის მიმართეთ?

_ რა თქმა უნდა, მივმართე, პირველ რიგში, მერიას. მას ხომ ქალაქში მსგავსი კერების აღმოფხრა ევალება?! არანაირ რეაგირებას არ აკეთებდნენ, ყურადღებასაც არავინ მაქცევდა. საკუთარი ხარჯებით რომ ავიღო ეს ნაგავი და გადავიტანო სადმე პერიფერიაში, ვთქვათ გლდანში, თუ გამოეპარება ვინმეს?! იმ წუთასვე მოვლენ და სოლიდურ ჯარიმასაც დამაკისრებენ, მაგრამ «ზარალასთან» დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა: «ზარალას ნაგავი» თურმე არ აზარალებს ქალაქს და იერ-სახეს არ უფუჭებს.

ჩვენი ქვეყანა ისეა მოწყობილი, რომ მსხვილი კომპანიები იგივე «სილქროუდი», «ვისოლი», «სოკარი», თუ გნებავთ, ბანკებიც _ ყველანი წარმოადგენენ სახელმწიფო კომპანიებს, ანუ ისინი პირდაპირ მთავრობაზე მუშაობენ და პირადად სააკაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების  პირად სარგებელსა და მოგებას ემსახურებიან და აი, ეს არის სწორედ კორუფცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრეზიდენტისგან მოდის. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურიც ერთ-ერთი სამთავრობო  ბერკეტია, რომელსაც სწორედ ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში იყენებენ აქტიურად. მოგეხსენებათ, რომ რიგით მოქალაქეებს მერიიდან ნებართვა გჭირდება ყველაფერზე, მთავრობას კი ყველაფრის უფლება აქვს.

_ ისევ ბანკებს დავუბრუნდეთ, თქვენ თუ გქონდათ აღებული სესხი?

_ მაქსიმალურად მაღალი კრედიტი მქონდა აღებული, სწორედ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა, მსოფლიო კრიზისმა და «ზარალასგან» მოყენებულმა ზარალმა გამოიწვია ჩემი გაკოტრება… გამიყიდეს ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა, მათ შორის ჩემი ბიზნესიც. ვისაც კი მცირე და საშუალო ბიზნესი ჰქონდა, ან გაკოტრდა, ან სულს ღაფავს.

_ ნორმალური ხელისუფლების პირობებში, შესაძლებელი იყო თუ არა მასობრივი გაკოტრებების თავიდან აცილება?

_ რასაკვირველია, თუ სახელმწიფო და პირადად პრეზიდენტი იზრუნებდა საკუთარ ხალხზე. 2008 წლის მდგომარეობა იყო ფორსმაჟორული, მაგრამ არც ბანკებმა და არც ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა. არც არის გასაკვირი, რადგან პრეზიდენტს, გარდა თავისი ინტერესებისა, არაფერი აინტერესებს, ამიტომაც გაკოტრდა ყველა.

_ დღეს მთავრობას ახალი სლოგანი აქვს: «მეტი სარგებელი ხალხს!»; იმედი აღარ გაქვთ?

_ რასაკვირველია, არა. წინა სლოგანი გვახსოვს: «გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!», გააკეთეს ბევრი, ოღონდ _ თავისთვის. ხალხს რა გაუკეთეს? ფაქტობრივად, მთავრობამ ხალხი «გადააგდო». «მეტი სარგებელი ხალხსო», რომ ამბობენ, ვის სჯერა? _ არავის! ეს ლოზუნგი წინასაარჩევნო სატყუარაა, ადამიანებს აღარ სჯერათ მთავრობის, მთავრობის ნდობის რესურსი ამოწურულია. ამ მთავრობამ მარტო მოსმენა, თვალთვალი იცის. ე.წ. ანდროპოვის ყურები რატომ დაერქვა იმ ნაგებობას? _ იმიტომ, რომ ტოტალური მოსმენები იყო კომუნისტების დროს, მოსმენები და დასმენები. დღეს კიდევ უფრო უარესია _ მთავრობა მარტო ამითაა დაკავებული. სიმბოლურია, ალბათ, რომ ვერა და ვერ გაიტანეს აქამდე ეს «ანდროპოვის ყურები».

ესაუბრა ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here