Home რუბრიკები საზოგადოება დავით გოგობერიშვილი: ასეთი სისასტიკე გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკშიც არ მინახავს

დავით გოგობერიშვილი: ასეთი სისასტიკე გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკშიც არ მინახავს

1052

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნდა ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვედნამყოფი ვეტერანების მიმართვა, რომელშიც მათ მკაცრად დაგმეს «ნაცხელისუფლების» მიერ გლდანის მერვე საპყრობილეში ჩადენილი სასტიკი დანაშაული. რამდენიმე დღის შემდეგ დავუკავშირდი ერთერთ მათგანს, დავით გოგობერიშვილს, და შეხვედრაზე შევუთანხმდი. ახლა ბატონი დავითი 90 წლისაა. ვზივართ ძველი ავეჯით გაწყობილ მყუდრო ოთახში და აუჩქარებლად ვბაასობთ. ჩემი მოსაუბრე იხსენებს ტყვეობაში გატარებულ წლებს და ყოველი ეპიზოდის თავსა და ბოლოში იმეორებს: «თუ გატყუებდე, დედას გეფიცები!». მართლაც ურთულესი ცხოვრება განვლო ბატონმა დავითმა. როგორია, სამჯერ მოგისაჯონ დახვრეტა და სამივეჯერ სასწაულებრივად გადარჩე!..

_ ტყვედ ჩავვარდი სტალინგრადთან, უფრო ზუსტად, პატარა ქალაქ მილეროვთან 1942 წლის 7 სექტემბერს. ჩვენი ბატალიონი ალყაში მოექცა. თავგანწირულმა ბრძოლამ შედეგი ვერ მოგვიტანა. აბა, რას გახდებოდი, როცა მოწინააღმდეგის 7 ტანკი გადმოდის იერიშზე, შენ კი ხელში მხოლოდ შაშხანა გიჭირავს.

ტყვედჩავარდნილ საბჭოთა მეომრებს გერმანელებმა გვარიანად სცემეს და ფეხით გარეკეს უცნობი მიმართულებით.

_ თუ გატყუებდე, დედას გეფიცები, 35 დღის განმავლობაში პური არ გამისინჯავს. ბევრი ტყვე შიმშილისგან დაიხოცა!

როგორც იქნა, მივაღწიეთ ბელორუსიის ქალაქ ბორისოვოს. 21 კაცი შეგვყარეს ფინურ ბარაკში. აქედან ცხრა ქართველი ვიყავით, 12 კი _ უზბეკი. მეორე დილას აგვაყენეს და გამოგვიცხადეს, რომ დასახვრეტად უნდა წავეყვანეთ. იმდენი გაჭირვება მქონდა გადატანილი, რომ ამ ამბავს გულგრილად შევხვდი. თუ გატყუებდე, დედას გეფიცები!

მაგრამ დავით გოგობერიშვილს ბედმა გაუღიმა. ღმერთმა უწყის საიდან, იქ აღმოჩნდა გერმანელი პოლკოვნიკი ვიღაც სამოქალაქო პირის თანხლებით.

_ აი, მაგ სამოქალაქოში გამოწყობილმა კაცმა რაღაც უთხრა სამხედროებს. გვყავდა ასეთი _ გუგუ ბედია, რომელმაც გერმანული იცოდა. უცებ სახე გაებადრა და გვითხრა: ბიჭებო, გადავრჩითო! ამ სამოქალაქო პირმა თქვა, რატომ უნდა დახვრიტოთ, არ ჯობია, სამუშაოებზე წავიყვანოთ, ისედაც არ გვყოფნის მუშახელიო.

ტყვეებს დაურიგეს ნიჩბები, წერაქვები და დაავალეს სანგრების გათხრა.

_ 1943 წლის იანვარში გერმანელებმა გადაწყვიტეს ჩვენი გადაყვანა პოლონეთში, კერძოდ, ქალაქ სედლიცაში. გაგვახდევინეს საბჭოთა სამხედრო ფორმა და ჩეხური ჩაგვაცვეს. ფეხებზე ხის ხუნდები დაგვადეს, შორს რომ ვერ გავქცეულიყავით. მიგვიყვანეს რკინიგზის სადგურში და შეგვყარეს სატვირთო ვაგონში. მისი კედლები თეთრად იყო შეღებილი, ხოლო იატაკზე სველი ნახერხი ეყარა. დაიძრა მატარებელი. ისე შეგვცივდა, რომ ვეღარ ვჩერდებით. ხის ხუნდები ვაგონის კარის სახელურებზე დავამტვრიეთ და ცეცხლი წავუკიდეთ.

_ ასანთი გქონდათ? ეს ხომ დეფიციტი იყო!

_ არა, ერთმა უზბეკმა სათბუნებლის ბამბა გახეხა და ასე მივიღეთ ცეცხლი. მაგრამ ერთ უბედურებას _ სიცივეს, მეორე _ კვამლი დაემატა. ლამის დავიხრჩვით! როგორც იქნა, ჩავედით.

პოლონეთიდან ტყვეები დასავლეთ გერმანიაში გადაიყვანეს.

_ ქალაქ ზიგენთან არის ადგილი, რომელსაც აიროსბერგერი ერქვა. იქ რკინის საბადოები იყო. ყოველ ღამით ჩავდიოდით მაღაროში, 900 მეტრის სიღრმეში და იქიდან რკინის მადანი გამოგვქონდა. დღე-ღამეში გვაჭმევდნენ კარტოფილის ნათალის ნახარშს; ამას ემატებოდა 300 გრამი პური და 25 გრამი შაქარი. 80 კაციდან 40 დაუძლურებისგან დაიღუპა. მათ შორის იყვნენ ჩემი მეგობრები: გუგუ ბედია, შოთა სამხარაძე და თეოფილე ბერიკაშვილი. ალბათ, მეც დავიღუპებოდი, მაგრამ 1944 წლის სექტემბერში ამერიკელებმა გადაჭრეს მდინარე ამრაინი და გერმანელები მაღაროს ნახშირს უკვე ვეღარ აწვდიდნენ. მაღარო დაიკეტა. 88 კილოგრამიდან 62 კილოგრამამდე «დავეშვი»…

დავით გოგობერიშვილი ამერიკელებმა 1945 წლის აპრილში გაათავისუფლეს.

_ საბჭოთა ტყვეებს ნორმალური პირობები შეგვიქმნეს, საჭმელიც გვქონდა. ზიგენში პატარა ბაზარი იყო. ვდგავარ ერთხელ იქ, ხელზე პატარა საათი მიკეთია, რომელიც გერმანელებს ყავა «ბონეში» გავუცვალე. ჩემთან ამერიკელი სამხედრო მოვიდა და ჟესტებით გამაგებინა, რა მოგცე მაგ საათშიო. 4 კილოგრამ «ბონეში» გავუცვალე. მერე მიმიყვანა თავის შტაბში, მკითხეს, რა ეროვნების ხარო და, რომ გაიგეს ქართველი ვიყავი, სტალინის სამშობლოდან, ძალიან გაუხარდათ და შემომთავაზეს, მათ გავყოლოდი ამერიკაში. ენას გასწავლით, დაგაოჯახებთ და ყველა პირობას შეგიქმნითო. უარი ვუთხარი, მხოლოდ დედ-მამაზე ვფიქრობდი, რაფერ არიან ახლა-თქო.

_ თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ამერიკელებს სმენიათ საქართველოზე.

_ ისინი იცნობდნენ სტალინს, რომელსაც «ძია ჯოს» ეძახდნენ და ისიც იცოდნენ, რომ წარმოშობით ქართველი იყო. მას უდიდეს პატივს სცემდნენ! მართალია, შევარდნაძეც იმით ამაყობდა, რომ ჩემით იცნობენო ამერიკელები საქართველოსო. ახლა ამ «დიდ პატივს» დღევანდელი პრეზიდენტი იჩემებს, გინდა თუ არა, ჩემით გაიცნესო. სისულელეა ეს! ან ერთი, ან მეორე სტალინთან შედარებით რას წარმოადგენენ?! ის ბუმბერაზი იყო, ამხელა ქვეყანა ფეხზე დააყენა, უძლიერესი და უმდიდრესი გახადა მსოფლიოში. ამათ კი პატარა საქართველოს ვერ მოუარეს, ტერიტორიები დაკარგეს და ხალხი გააღატაკეს. ეს სააკაშვილი ახლაც გაიძახის, დღევანდელი ჩვენი მიღწევები დავით აღმაშენებელს არც კი დაესიზმრებოდაო… ვის ატყუებ, ერთი! დავითმა 16 წლისამ გაპარტახებული ქვეყანა ჩაიბარა, 36 წელიწადში კი მთელ აღმოსავლეთში უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია!

_ ვაცადოთ სააკაშვილს კიდევ 27 წელი, ბატონო დავით!

_ კი, ბატონო, ვაცადოთ, ოღონდ, როდემდე? ცხრა წლის განმავლობაში უკან-უკან მივდივართ! ცხრა წელს ეხუმრები?! 90 წლის კაცი ვარ და ამ ბოლო დროს ერთი ბედნიერი სახე არ მინახავს ქუჩაში! არ ვერევი პოლიტიკაში, არ მინდა ეს პოლიტიკა! ერთი ბერიკაცი ვარ, რომელსაც ცხოვრებაში უამრავი ქარტეხილი დაატყდა თავს, მარა, რომ არ მეშვება ეს პოლიტიკა? დაუპატიჟებელი სტუმარივით შემომივარდება სახლში და სიბერეს მიმწარებს! არის ჩემი საშველი?!

_ ბატონო დავით, თქვენ თითქმის სამი წელი გერმანელი ფაშისტების ტყვე იყავით. მაინტერესებს, როგორ გექცეოდნენ ისინი? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ შევადარო თქვენი ტყვეობა იმ პატიმრების მდგომარეობას, რომლებსაც აწამებდნენ გლდანის მერვე საპყრობილეში.

_ ასეთი სისასტიკე მე ტყვეობაში არ მინახავს! გერმანელი ფაშისტებიც ღირსებას არ გილახავდნენ. უმკაცრესი დისციპლინა ჰქონდათ და, თუ მას დაარღვევდი, გსჯიდნენ, მაგრამ არა მასეთი საშინელი ფორმებით. თუ წესრიგს არ არღვევდი, არავინ გერჩოდა. დახვრეტა იყო მხოლოდ გაქცევასა და ქურდობაზე. იქ ერთი ხანშიშესული ფელდფებელი გვყავდა, აცხონოს ღმერთმა, კარგი კაცი იყო! ჰოდა, ერთხელ მისმა მოადგილემ უსამართლოდ დამსაჯა _ 25 როზგი დამარტყა. მოვიდა ფელდფებელი, საქმის ვითარება რომ გაიგო, აჰკიდა თავის მოადგილეს ტყვიებით სავსე ზურგჩანთა და მთელი ღამე არბენინა! როგორ გაბედე და არ გაერკვიე და ადამიანი უსამართლოდ დასაჯეო! იმ საღამოს ფელდფებელმა თეთრი პური და ტკბილი ჩაი შემომიტანა, მერე ხელი თავზე გადამისვა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა…

90 წლის მოხუცმა თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here