Home რუბრიკები საზოგადოება აყვავებულა ლავაშზე დეკა… რატომ გვაჭმევენ ცუდ პურს?

აყვავებულა ლავაშზე დეკა… რატომ გვაჭმევენ ცუდ პურს?

1367

თუ გახსოვთ, ბოლო დროს როდის გაცდუნათ პურის სურნელმა? როდის წაგძლიათ სულმა, გეყიდათ ხრაშუნა ოქროსფერი პური ან ლავაში? ვერ იხსენებთ, ხომ? ბევრია ასეთ მდგომარეობაში. ახლა გაიხსენეთ, მომჟავო ან მოტკბო პური რამდენჯერ დაგფშვნიათ დაჭრისას…

სამწუხაროდ, პურპროდუქციის წარმოების სფეროში არსებული მდგომარეობა სახუმარო სულაც არ არის. მომხმარებელი ხშირად უკმაყოფილოა პურის ხარისხით, წონით და გემოთი. ზოგადად კი იმით, რომ ფასი მაღალია, კვებითი ღირებულება კი _ დაბალი. ამ სასწორის დაბალანსებას მოსახლეობა მრავალი წელი ელოდება და, როგორც ჩანს, ამაოდ. მეტიც, ბოლო პერიოდში ზოგჯერ პური უცნაურად «იქცევა» ხოლმე: სველდება, წებოვანდება, ყარს  და ყიდვიდან მეორე დღეს ლორწოვან მონსტრს ემსგავსება, პოლიეთილენის პარკში შეფუთული კი _ მწვანე გაზონს…

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვერიკო გულუა:

_ ბოლო პერიოდში ჩვენს უწყებაში მართლაც შემოვიდა  რამდენიმე საჩივარი პურის ხარისხთან დაკავშირებით. ეს, ძირითადად, პურის წებოვნებას ეხებოდა, რაც კარტოფილის ჩხირით დაავადებული ფქვილისგან დამზადებულ ნაწარმს ემართება, რომელიც ცხელი კლიმატის პირობებში იჩენს თავს. ეს ჩხირი ადამიანისთვის საშიში არ არის, ყველაზე მეტი ზიანი, რაც მან შეიძლება მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას, კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი პურის მიღება მიზანშეწონილი და სასიამოვნო არ არის. გარდა საჩივრებზე რეაგირებისა, ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს საწარმოებში. აღმოჩენილი იყო რამდენიმე დარღვევა (პურში ტენიანობის მომატება და სხვ.), როდესაც გამომცხვარ პურს გაცივებას არ აცლიან და ისე ფუთავენ, მაშინ ხდება ობის სოკოსა და კარტოფილის ჩხირის გააქტიურება. სრული ინფორმაცია კარტოფილის ჩხირის შესახებ დევს ჩვენი სააგენტოს საიტზე. რაც შეეხება სტანდარტებს, დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს როგორც საბჭოთა პერიოდის ე. წ. გოსტები, ასევე ევროსტანდარტები. გარდა ამისა, მეწარმე რეგისტრაციისას აპატენტებს თავის რეცეპტურას, ჩვენი უწყება კი პროდუქციის სტანდარტებისადმი შესაბამისობაზე ახორციელებს მონიტორინგს.

მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, ვერც «გოსტებსა» და ვერც ევროსტანდარტებს ვერ მივაკვლიეთ. მეტიც, როგორც მომხმარებელთა უფლებების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა გვითხრეს, მათაც უჭირთ  ზემოხსენებული გასაიდუმლოებული სტანდარტების ხელში ჩაგდება, რომლებსაც რატომღაც საგულდაგულოდ მალავენ. არადა, კანონის თანახმად, ინფორმაცია პროდუქციის შესახებ ეტიკეტზეც უნდა იყოს დატანილი, მაგრამ იქ, «გოსტი»კი არა, ხშირად ვადაც არ არის მითითებული.

ეთერ სარჯველაძე, ექსპერტი:

_ კარტოფილის ჩხირით დაავადებული ფქვილისგან გამომცხვარი პური მეორე დღეს იძენს არასასიამოვნო სუნს, რბილობი სველი და წებოვანი ხდება. რა თქმა უნდა, ეს წუნი არც სიცხის და არც შენახვის არასწორი პირობების ბრალია, იგი გამოწვეულია დაავადებული ხორბლის გამოყენებით და ადამიანის მოხმარებისთვის გამოუსადეგარია. ჯანსაღი ფქვილის პროდუქციას ასეთი რამ არ ემართება, საწარმოშიც მაინც და მაინც  არ იცავენ პირობებს – პურს გაგრილება უნდა აცალო და მერე მიაწოდო მომხმარებელს, ცხელ-ცხელის შეფუთვა არასწორია. კანონში «სურსათის უვნებლობის შესახებ» პირდაპირ წერია, რომ არასათანადო ხარისხის პროდუქცია, რომელსაც არაჯანსაღი შედეგის გამოწვევა შეუძლია, მომხმარებელს არ უნდა მიეწოდოს. ჩვენ კი ისეთ პურს ვჭამთ, რომელიც ჯანმრთელობას აყენებს ზიანს და სიცოცხლეს გვიმოკლებს. ასეთი პურის სისტემატური მოხმარება ახალგაზრდებს, რომელთა  ჯანმრთელობა მათ შვილებსაც გადაეცემა, მომავალი თაობის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს. მეწარმე ვალდებულია, ეტიკეტზე მიუთითოს პროდუქტის შემადგენლობა _ რა ფქვილისგან არის დამზადებული და რა დანამატებს შეიცავს, რათა მომხმარებელმა იცოდეს, რას მიირთმევს. უამრავ ადამიანს აწუხებს შაქრის დიაბეტი, ალერგია, კუჭ-ნაწლავთა დაავადებები, რის გამოც ზოგიერთი კომპონენტი მისი ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, მიუღებელი იყოს.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ შემოდის სათანადო ხარისხის ნედლეული. ხორბალი და ფქვილი ხშირად მინდვრიდანვე არის  დაავადებული კარტოფილის ჩხირით, რომელიც თავს გამოცხობის პროცესში იჩენს. საფურაჟე ხორბლის გამოყენების შემთხვევებიც ყოფილა. ასევე იყენებენ არაკონდიცირებულ ხორბალს, რომელიც შენახვის არასწორი პირობების გამო კარგავს სასარგებლო და საჭირო თვისებებს. პურპროდუქტების ხარისხისა და გემოს გამოსასწორებლად მეწარმეებს რეცეპტურაში სხვადასხვა ქიმიური დანამატის შერევა უწევთ. დიდი პრობლემაა ჭვავის პურის საიმედოობა. ბოლო პერიოდში კი მასზე მოთხოვნა იზრდება.

საქმე ისაა, რომ საქართველოში ჭვავი მცირე რაოდენობით შემოდის, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მეწარმეები ხორბლის ფქვილს დამწვარი შაქრის კოლერით, უფრო ხშირად კი საღებავებით, აძლევენ საჭირო ფერს და «ჭვავის» პურად ასაღებენ. ასეთი ხერხი იყო დაშვებული საბჭოთა სტანდარტებში, მაშინ შავი პურის ტექნოლოგიაში შედიოდა კოლერის (დამწვარი შაქარი) ან მელასის (შაქრის წარმოების ნარჩენი) დამატება, ისიც გამონაკლის შემთხვევაში, ნედლეულის ნაწილობრივად ჩანაცვლებისთვის. ახლა კი ეს მეთოდი მასობრივად გამოიყენება. ჭვავის პურს კი, როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად დიაბეტით დაავადებული ადამიანები ყიდულობენ. გამოდის, რომ მათთვის სასარგებლო ჭვავის პურის ნაცვლად ისინი იღებენ ხორბლის პურს შაქრის მაღალი შემცველობით. კიდევ ერთი პრობლემა მშრალი საფუარია, რომლის დამზადებაც მაღალ ტემპერატურაზე ხდება. გამოშრობის მიუხედავად, ასეთი საფუარი თავის აქტივობას არ კარგავს და ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურაზე ის ჯანმრთელობისთვის არასასურველ  პროცესებს იწვევს. დღეს კი ჩვენი მოსახლეობის უმეტესობის რაციონში პურპროდუქტები პირველ ადგილს იკავებს. ამიტომაცაა, რომ არაბუნებრივად, ასე ვთქვათ, არასტანდარტულად ვიმატებთ წონაში.

თურქეთი ჩვენ არა მხოლოდ საფუარით, არამედ ფქვილითაც გვამარაგებს. ანკარასა და სტამბოლში «ფათოღლის» ფქვილის გაყიდვა აკრძალულია, ანუ თურქეთიდან საქართველოში რა ფქვილიც შემოდის, იმ ფქვილისაგან გამომცხვარ პურს თურქეთში არ ჭამენ, იმიტომ, რომ საჭმელად უვარგისია. თავის დროზე, 1997 წელს საქართველოში თურქეთის საელჩოს წარუდგინეს საბუთი, რომლის თანახმად ფქვილი «ფათოღლი» არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. ასევე შემოწმდა იტალიური «პრინცესა», ყაზახეთის, ჰოლანდიისა და ამერიკული ფქვილის ნიმუშები. მათში თუთიის შემცველობა დასაშვებ ნორმას, 250%-, აჭარბებდა, ხოლო ბრომოფოსის პესტიციდისა და ამინომარილების შემცველობა _ 150%-, ფქვილის ნიმუშები კი გაჯერებული იყო ხარისხის გამაუმჯობესებლებით (ბრომატებით), რომელთა გამოყენება აკრძალულია, რადგან ისინი ორგანიზმში კანცეროგენული თვისებების პროგრესირებას იწვევს. როცა შევარდნაძის დროს  5-10 თეთრით გაძვირდა პური, სააკაშვილი აღშფოთებული იყო _ ეს როგორ გააკეთესო! დღეს კი, სააკაშვილის მმართველობის დროს, პურის ფასი გასამმაგდა კი არა, ლამის  გაასმაგდა, ხოლო ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა. მეპურეების განცხადებით, მთავრობამ ისინი ისეთ საგადასახადო წნეხში მოაქცია, რომ, თუ რაღაც უკანონობაზე არ წავიდნენ, არსებობას ვერ შეძლებენ. მეწარმეები ამბობენ, რომ პურის თვითღირებულებაში საწვავის მაღალი ფასი, პერსონალის სახელფასო და სხვა ხარჯებია ჩადებული. მიუხედავად ფქვილის პერიოდული გაიაფებაგაძვირებისა, იძულებულნი არიან, საცალო ფასი უცვლელად დატოვონ.

პეტრე ნასყიდაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი:

_ ჩვენ შეგვიძლია საკმარისი ხორბლის მოყვანა, რათა ჯანსაღი და იაფი  პურით ვიკვებოთ. საქართველოს საამისოდ ბუნებრივი რესურსი ნამდვილად  გააჩნია. გასაბჭოებამდე საქართველოს მოსახლეობას საკმარისი რაოდენობის ხორბალი და ჭვავი მოჰყავდა. თამარ მეფის დროს კი საქართველოს საექსპორტოდ 12 მილიონი ტონა ხორბალი გაჰქონდა. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობა ასევე 12 მილიონს შეადგენდა!

დღესდღეობით ქვეყნის მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისია, მოვიყვანოთ 600 ათასი ტონა ხორბალი და 600 ათასი ტონა სიმინდი. ნარჩენები კი შინაური ფრინველისთვისაც გამოდგება. შედეგის მისაღწევად საჭიროა 900 ათასი ჰექტარი სახნავი მიწის დამუშავება. ასეთი პოტენციალი საქართველოს გააჩნია. თუ მიწათმოქმედების ამაღლებაზე ვიზრუნებთ, მოსავალი უფრო მაღალი იქნება. პური ხომ სტრატეგიული პროდუქციაა. ხორბალი  საქართველოში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ჩვენს ქვეყანას ხორბლის აკვანს უწოდებენ, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ხორბლის 27 ჯიშიდან 14 საქართველოშია აღმოჩენილი. ქართული ხორბლის ჯიშების გენოტიპში ცილის მაღალი შემცველობის განმაპირობებელი გენებია, რომლებიც ხორბალს  დაფქვის, ცხობისა და მზა პროდუქციის შენახვის მაღალ თვისებებს ანიჭებს.

დღეს ბევრს არ აქვს შესაძლებლობა, სრულფასოვნად იკვებოს, ამიტომ კალორიების მარაგს პურის მოხმარების გაზრდის ხარჯზე ავსებს. დაბალი კვების ღირებულების პური მომხმარებლის ბიუჯეტს თითქმის ანახევრებს, შიმშილი კი არსად ქრება. დაბალანსებულ კვებაზე მოსახლეობის გადაყვანა პურფუნთუშეულზე მოთხოვნას შეამცირებს, მაგრამ მანამდე ჯერ გემრიელი, არომატული პური სრულფასოვანი, ქართული ხორბლისგან უნდა ვაწარმოოთ. 

ასმათ ჯაღმაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here