Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი _ პოლიტიკური სისტემის კრიზისის მთავარი წყარო

მიხეილ სააკაშვილი _ პოლიტიკური სისტემის კრიზისის მთავარი წყარო

831

საქართველოში ვნებათაღელვა არ ცხრება იმ საზარელი კადრების ჩვენების შემდეგ, რომლებიც გავრცელდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. ამ კადრებმა კიდევ ერთხელ დაანახა არამარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ მთელ მსოფლიოს, თუ რა არადემოკრატიული და დეჰუმანიზირებული მმართველი კლასი მართავს საქართველოს. აღნიშნული კადრების გავრცელებამ ქართული პოლიტიკური სისტემა, არ არის გამორიცხული, სისტემური კრიზისის მდგომარეობამდე  მიიყვანოს და მისი ნგრევით დასრულდეს.

თუ მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, აშკარად ჩანს, რომ ერთის მხრივ, არც  მართველი ძალა აპირებს ხელისუფლების დათმობას და, მეორე მხრივ, არც საზოგადოება აპირებს შეეგუოს მოძალადე რეჟიმის შენარჩუნებას. ასეთმა პოლარიზებამ გამოიწვია საზოგადოებასა და მმართველ კლასს შორის მსოფლმხედველობრივი კოლიზია, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა სავალალო მდგომარეობამდეც კი მიიყვანოს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქვეყანას მართავს კრიმინალ-სადისტთა ჯგუფი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოხდეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მეცნიერული გაანალიზება და მის საფუძველზე გარკვეული ვარაუდების გამოთქმა.

ნებისმიერი ტიპის პილიტიკური სისტემა, ეს იქნება ავტორიტარული თუ დემოკრატიული, წონასწორობის პირობებში ფუნქციონირებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სტაბილურობას. ამ მხრივ, არც ქართული პოლიტიკური სისტემაა გამონაკლისი. თუმცა უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს, რომ პოლიტიკური სისტემა ნელნელა გამოდის წონასწორობის მდგომარეობიდან, რაც კრიზისულ სიტუაციას შექმნის ქვეყანაში.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური კრიზისის მთავარ წყაროს წარმოადგენს მიხელი სააკაშვილი, რომელმაც შექმნა სახელისუფლო ვერტიკალის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა. მას უნდა მივაწეროთ მმართველი პოლიტიკური ელიტის ფორმირებაც, რომელიც ეყრდნობოდა არა პროფესიონალიზმს, არამედ ერთგულების პრინციპს ერთი ადამიანისადმი, ამ შემთხვევაში _ სააკაშვილისადმი. ასეთ დროს პოლიტიკური ელიტა იხურება, რაც საშუალებას არ აძლევს, მასში მოხდეს პროფესიონალური კადრების რეკრუტირება.

საერთოდ, როდესაც პოლიტიკური ელიტის განახლება არ ხორციელდება, დროთა განმავლობაში ის კარგავს სიცოცხლისუნარიანობას, ვინაიდან მასში არ შემოდიან ადამიანები, რომელთაც უნდა შემოიტანონ ახალი იდეები, რომლებიც შესაბამისი იქნებოდა ცვლადი პოლიტიკური რეალობებისა. როდესაც მმართველი ელიტა ისეთი მეთოდებით მართვას ცდილობს, რომელიც არაადეკვატურია შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებასთან, იწვევს ქვედა ფენის გაღიზიანებასა და უკურეაქციას. ამ დროს მმართველი ძალა იძულებულია, ნებისმიერი მეთოდებითა და მექანიზმების გამოყენებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. იწყება მოსახლეობის დაშინება, ტერორი, ძალადობა. ეს პროცესი იწვევს ზედა ფენისა და მოსახლეობის დაშორებას, რაც ლეგიტიმურობის კრიზისის საწინდარია. ასეთ ვითარებაში საზოგადოება ცდილობს რეჟიმის დელეგიტიმაციას, მართვის სადავეების უკან დაბრუნებას, რომელიც გადასცა მან მმართველ პოლიტიკურ კლასს. თავის მხრივ, სახელისუფლო ძალა ცდილობს, არ დაუშვას მართვის სადავეების გადაცემა მოსახლეობისთვის, რაც იწვევს დაპირისპირებას ამ ორ ფენას შორის და, რასაც პოლიტიკური სისტემა შეჰყავს სტრესულ მდგომარეობაში.

საქართველოს შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარება იკვეთება.  ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მიხეილ სააკაშვილმა სახელისუფლო ვერტიკალის ზედა ეშელონების დაკომპლექტება დაიწყო არა პროფესიონალიზმის პრინციპით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო ერთგული და სანდო იქნებოდა მისთვის. ამას ადვილად დავინახავთ იმ სამთავრობო კარუსელებით, რომელსაც იგი ახორციელებდა მისი ჯიბის პარლამენტის დახმარებით. ამ სამთავრობო ცვლილებების დროს კი არ ხდებოდა ახალი, პროფესიონალი კადრის დანიშვნა ძველი წარუმატებელი მინისტრის პოსტზე, არამედ ხდებოდა მათი გადათამაშება ერთი სამინისტროდან მეორე სამინისტროში. პლუს ამას ერთი მომენტი, რომ მისი პრეზიდენტობის დროს გამოიკვეთა ზედა ფენაში ის ვიწრო წრე ადამიანებისა, რომელთაც არსად არ იშორებდა. მათ შორის, ალბათ, ყველაზე ერთგულ კადრებად შეიძლება მივიჩნიოთ ძმები ახალაიები. ისინი იმდენად ერთგულები იყვნენ და არიან, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, უფროსი ძმა, დათა, საზოგადოების ზეწოლის შედეგად ფორმალურად მოხსნეს თანამდებობიდან, მაგრამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ფაქტობრივ მმართველად დატოვეს. ეჭვი არ მეპარება, იმავეს აქვს ადგილი ბაჩოს შემთხვევაშიც. ფორმალურად გადასცეს მინისტრის პოსტი კარიკატურულ ფიგურას, ქალბატონ ზღულაძეს, რეალურად კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მართვის სადავეები, დიდი ალბათობით, ბაჩო ახალაიას ხელში იქნება. ზემომოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკადრო პოლიტიკა, რომლის შედეგად მოხდა მართველი პოლიტიკური ელიტის ფორმირება, წარმოადგენდა საერთო იდეებისა და ფასეულობების მქონე ადამიანთა გაერთიანებას, რომელთა ფასეულობები შორს დგას საქართველოს მოქალაქეთა ღირებულებით ორიენტირებისგან.

ამერიკული პოლიტიკური მეცნიერების ერთერთ კლასიკოს დევიდ ისტონს თუ დავეყრდნობით, რომელიც პოლიტიკური სისტემის თეორიის ავტორად ითვლება, მიიჩნევს, რომ სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის და სტრესული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია: 1) ხელისუფლებამ შესთავაზოს საზოგადოებას ფასეულობები და 2) აიძულოს საზოგადოების უმრავლესობა, სცნონ ეს ფასეულობები, როგორც სავალდებულო შესასრულებლად.

საქართველოს შემთხვევაში კი, ადგილი აქვს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ფასეულობების მიუღებლობას საზოგადოების აბსოლუტური  უმრავლესობის მიერ. ხელისუფლება ნერგავს ძალადობის კულტს, არაჰუმანური და ამორალური თამაშის წესებს. ასეთი თამაშის წესები ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, რომელშიც ისტორიულად კოდირებულია ჰუმანიზმი, ადამიანებისადმი სიყვარული და მტრისადმი პატივისცემაც კი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, გავრცელებული კადრების შემდეგ, რომლებშიც უსუსურ პატიმრებს აწამებენ და აუპატიურებენ, ქართული საზოგადოების მხრიდან აღშფოთება და ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლოდა, ანუ ხელისუფლებას უჭირს აიძულოს საზოგადოება, მის მიერ შეთავაზებული ფასეულობები  სცნონ სავალდებულოდ, რამაც პოლიტიკური სისტემა სტრესულ მდგომარეობამდე მიიყვანა. არ არის გამორიცხული, დღეს არსებულმა მდგომარეობამ მომავალში პოლიტიკური სისტემის ნგრევა გამოიწვიოს, რაშიც დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი იქნებიან.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და პოლიტიკური სისტემის ნორმალურ კალაპოტში მოქცევა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, თუ იგი გამოავლენს პოლიტიკურ ნებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას თავისი მმართველობის პერიოდის განმავლობაში ერთხელ მაინც

მიხეილ სააკაშვილისთვის და ქვეყნისთვისაც საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ იგი არჩევნებამდე მიიყვანს ქვეყანას ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ჩაატარებს თავისუფალ, დემოკრატიულ და გაუყალბებელ არჩევნებს, რაც ყველა  ამომრჩეველს მისცემს საშუალებას, თავისუფლად, ყოველგვარი შიშისა და ზეწოლის გარეშე დააფიქსიროს თავისი არჩევანი. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ «ნაციონალური მოძრაობა» გამანადგურებელი პროცენტული მაჩვენებლებით დამარცხდება კოალიცია «ქართულ ოცნებასთან», რის შედეგადაც პარლამენტში უმრავლესობით შევა ოპოზიცია (სასურველი იქნებოდა, «ქართულ ოცნებასთან» ერთად სხვა რომელიმე ჭეშმარიტად  ოპოზიციური პარტიაც შესულიყო საკანონმდებლო ორგანოში). პარლამენტის დაკომპლექტებისა და, შესაბამისად, მთავრობის ფორმირების შემდეგ კი პრეზიდენტი უნდა გადადგეს. გადადგომის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციით ძალაუფლება გადავა პარლამენტის თავმჯდომარის ხელში 40 დღით, რომელიც, სავარაუდოდ, ოპოზიციური დაჯგუფების წევრი იქნება. ამ ფარგლებში დაინიშნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, მოსახლეობას საშუალება მიეცემა, აირჩიოს ახალი პრეზიდენტი. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა დაუბრუნდება სტაბილურ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობს მის დემოკრატიზაციას.

ჩემ მიერ ზემოთ აღწერილი სურათი იქნებოდა იდეალური ვარიანტი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, მაგრამ პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს  გაკეთებული განცხადებებითა და გადადგმული ნაბიჯებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ჩანს, რომ ის მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით არ აპირებს ხელისუფლების დათმობას. ეტყობა, მისთვის შეურაცხმყოფელია არჩევნებში მარცხი და დამარცხებული პოლიტიკოსის მანტიის მორგება. შეიძლება, მას ჯერ კიდევ არ აქვს იმედი გადაწურული, რომ შეძლებს არჩევნების გაყალბებას და ძალაუფლების შენარჩუნებას. შესაძლოა, გათვლა ჰქონდეს მისი პატრონი ამერიკელების დახმარებაზე, რომლებიც ყოველთვის მის მიერ გაყალებული არჩევნების ლეგიტიმატორად გვევლინებოდნენ.

არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ, თუ მას ქვეყნის გარედან აგრძნობინებენ ხელისუფლებიდან წასვლას (ქართულმა საზოგადოებამ, უკვე დიდი ხანია, აგრძნობინა, რომ ზედმეტია ის ქართულ პოლიტიკაში), მან არაადეკვატურ ზომებს მიმართოს არსებული სიტუაციიდან სუფთად გამოსასვლელად. კერძოდ, მოაწყოს რაიმე სახის ექსცესი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მისადგომებთან. ამით ხელი შეუწყოს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციას რუსეთთან. მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმეორედ კონფლიქტის პროვოცირების შემთხვევაში, რუსები უკვე თბილისის მისადგომებთან კი არ გაჩერდებიან, არამედ სვლას გააგრძელებენ თბილისისკენ სააკაშვილის ერთხელ და სამუდამოდ დასამხობად.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და ჩვენი ხელისუფლება გაიქცევა, რაც პრეზიდენტის ინტერესებშიც შედის, ვინაიდან ის მიიღებს დევნილი პრეზიდენტის სტატუსს და თავს გაიმართლებს იმით, რომ ის ქართველ ხალხს კი არ გაუძევებია საქართველოდან, სადაც დიდი მხარდაჭერით სარგებლობს (მას შეუძლია ამის დასადასტურებლად ამერიკული ორგანიზაციების კვლევის შედეგებიც ააფრიალოს), არამედ გარე ძალამ დაამხო ადგილობრივი ოპოზიციური ძალების დახმარებით. 

მეორე სცენარი უფრო რეალურია, ვიდრე პირველი. ამის თქმის საფუძველს იძლევა, რამდენიმე დღის წინ საგარეო სამინისტროსა და საქართველო პრეზიდენტს შორის თითქმის უნისონში გაკეთებული განცხადებები. საგარეო უწყების განცხადებით, «უკანასკნელ ხანებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიმდინარეობს შეტევითი შეიარაღების კონცენტრაცია და შესაბამისად იზრდება პროვოკაციის საფრთხეც…» თითქმის იდენტური განცხადება, უფრო მოგვიანებით, ბათუმში ყოფნისას გააკეთა  მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, «სანამ ჩვენ ერთმანეთთან საქმეს ვარჩევდით, საქართველოში რუსეთის შეიარაღება რამდენიმეჯერ გაძლიერდა… რუსეთი საქართველოში ვერ გადმოვა, თუ მან საჭირო ფონი არ დაინახა».

ამ განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას თუ არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ საქმე ისე არ წაუვიდა, როგორც ჩაფიქრებული აქვს, არ არის გამორიცხული, ქვეყანა ახალ ავანტიურისტულ ომში ჩაითრიოს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა, რაც სავალალო და კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანს.

ირაკლი უბილავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here