Home რუბრიკები პოლიტიკა რა მოგვიტანა 23-წლიანმა გეოპოლიტიკურმა სიბრმავემ და «ნატო მინდას» გაბმულმა ქაქანმა?

რა მოგვიტანა 23-წლიანმა გეოპოლიტიკურმა სიბრმავემ და «ნატო მინდას» გაბმულმა ქაქანმა?

813

პრორუსული პოლიტიკა საქართველოს გადარჩენაა, ანუ მისი ტერიტორიული გამთლიანების გასაღებია; რუსეთის უკიდეგანო ბაზრებში შესვლის საშუალებაა; საქართველოს სახალხო მეურნეობის, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა; ოცი წლის წინ დაკარგული სარკინიგზო მიმოსვლის _ თბილისიმოსკოვი, წყალტუბომოსკოვი, ბათუმიმოსკოვი, ერევანითბილისიმოსკოვის აღდგენის პერსპექტივაა, რასაც უაღრესად დიდი სამეურნეოეკონომიკური, პოლიტიკური, სულიერკულტურული  დატვირთვა მიეცემა, უწინარეს ყოვლისა, საქართველოსთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის; უშუალო კონტაქტში შევალთ აფხაზებთან, ოსებთან, სხვა ხალხებთან, რაც ურთიერთუნდობლობასა და დაპირისპირებათა დაძლევის გზაც იქნებახოლო რა მოგვიტანა 23-წლიანმა გეოპოლიტიკურმა სიბრმავემ, ანუ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ დაუოკებელმა ქაჩვამ, «ნატო მინდას» გაბმულმა ქაქანმა? _ მხოლოდ ტრაგედიაუბედურებათა სერიალები.

ბოლო ორი ათეული წლის «ისტორიულ მონაპოვართა» საფუძველზე დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში შეიძლება ჩავწეროთ:

საქართველო ეროვნება და ტერიტორიებდაკარგული, ასიათასობით დევნილ-ლტოლვილთა, მილიონზე მეტ სამშობლოდან გადახვეწილთა, გაწამებულ უმუშევართა, სავაჭრო-საგადასახადო, პოლიციური, კლანურ-ელიტარულ-კორუფციული, მრავალმილიარდიან ვალებში აცურებული, ამერიკა-დასავლეთის გასაღების ბაზარი და ნეოკოლონიური რესპუბლიკაა; მისი კანონმდებელ-განმკარგულებლები ვაშინგტონში, სტრასბურგსა და ბრიუსელში სხედან, ხოლო მონამორჩილი აღმასრულებლები, სოროს-ამერიკული დოლარებით მოსყიდულები _ თბილისში.

რეალობაა ეს _ შემომედავეთ, ოპონენტებო; ვიწვევ ცეცხლს ჩემკენ. სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და პიროვნების სოციალური დაცვისთვის მებრძოლი საზოგადოების დაშლის შემდეგ, ე. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის ხელისუფლებათა ძალისხმევით, საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერ-კულტურული, ზნეობრივ-ფსიქოლოგიური პორტრეტი ასე ჩამოყალიბდა:

სახეზეა _ დეპატრიოტიზაცია, დეჰუმანიზაცია, დექრისტიანიზაცია და იეღოვაზაცია; უკიდურესი ამბიციურობა და მისგან გამოკვებილი ყვარყვარექამელეონობა; საყოველთაო ამერიკანიზაცია და ეროვნული გრძნობისა და სიამაყის დაკნინება; ქართველთა ურთიერთგაუცხოება, მათი მასობრივი მიგრაცია სიცოცხლის გადასარჩენად; ეროვნული ეკონომიკის დაკნინება და მასობრივი უმუშევრობა; პესიმიზმის, ხვალინდელი დღის უიმედობა, სასოწარკვეთა და თვითმკვლელობათა გახშირება; ქართული ენის გარყვნა-დაბინძურება და ინგლისური ენის ზეწოლითი აგრესია; შობადობის შემცირება და მოკვდავობის ზრდა; არნახული მორალურ-ზნეობრივი გათახსირება _ განსაკუთრებით ახალგაზრდობის; პორნოგრაფია, მეძავეობა და ბორდელიზაცია; ბერბიჭობის მომრავლება და განქორწინებათა ზრდა; ერის ფიზიკური და გონებრივი დაუძლურება; სოციალური ჩაგვრისა და სოციალური სადიზმის აყვავება; სიღატაკე _ სიღარიბის სტაბილიზაცია უდიდესი უმრავლესობის ოჯახებში და არნახული ფუფუნება მედროვე შარლატანების, ხარბების, გაუმაძღრების ოჯახებში; ვაიპრივატიზაცია და საერთო სახალხო საზოგადოებრივი საკუთრების ყაჩაღური დატაცება «ახალი ქართველების» მიერ, რომლებიც ელვისებური სისწრაფით იქცნენ მილიონერ-მილიარდელებად; სალაროებში არსებული ხალხის ფულადი დანაზოგების მიტაცება ე. შევარდნაძის დახმარებით რამდენიმე ყაჩაღის მიერ; ჯართადქცეული საქართველოს პირწმინდად გასუფთავება ლითონისა და ხეტყისაგან; სოციალური და პოლიტიკური ტერორის დანერგვა; ღვთისმშობლის წილხვედრი ქართული მიწების უცხო ტომებზე _ ჩინელებზე, ინდუსებზე, ბურებზე, თურქებსა და არაბებზე გაყიდვა, რაც ენით გამოუთქმელ ტრაგიკულ პერსპექტივას გვიმზადებს. თუ გაგიგონიათ, ოპონენტებო, რომ სოციალისტურ საქართველოში უცხო ტომელებზე თუნდაც ერთი გოჯა მიწა გაყიდულიყოს? ამის მაგალითს, რა თქმა უნდა, ვერ მოიტანთ.

უცხო ტომელთა თანდათანობით მომრავლება საქართველოს კოსმოპოლიტიკურ კონგლომერატად გადააქცევს, სინგაპურის მსგავსად, ოთხი სახელმწიფო ენით.

საქართველო ეროვნული სახელმწიფო აღარ იქნება და, როგორც ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, რუის-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი ბრძანებს, ქვეყანას შეიძლება სახელიც კი შეუცვალონ (იხ. «საქართველო და მსოფლიო» #27, 2012).

ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე დგას დღეს ჩვენი ბედკრული საქართველო და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა გვიხსნას საბედისწერო პერსპექტივებისგან. არჩევნების შედეგად სააკაშვილის ანტიეროვნული და ანტიპატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ქართულ ოპოზიციურ ძალთა ნებას, შეიკრან ერთ მუშტად ლოზუნგით: «ყველა ერთად _ სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად». სამწუხაროდ, სხვანაირად ვაინაციონალების თარეშისგან თავს ვერ დავიხსნით, მითუმეტეს სააკაშვილი გვემუქრება კიდეც: «ყველაფერს ვიღონებ არჩევნებში ჩემი პარტიის გამარჯვებისთვისო» და ეწევა კიდეც საამისოდ საჭირო კანონიერ თუ უკანონო, ზნეობრივ თუ უზნეო ქმედებებს. მისთვის ყველაფერი დასაშვები და გამართლებულია, ხოლო იგივე ქმედებები ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნებისთვის» დანაშაულად ითვლება.

რუსეთთან ცხელ ომში დამარცხებული სააკაშვილი ახლა ცდილობს ცივ ომში მაინც დაამარცხოს და აღვირახსნილ, გაუაზრებელ და შედეგებით წინასწარ გაუთვლელ ანტირუსულ ისტერიკას მიმართავს, რაც, პირველ რიგში, თვით საქართველოს, მის მომავალს დიდ ზიანს აყენებს. საკუთარი ჯიბის ტელევიზიები _ «რუსთავი 2» და «იმედი», სააკაშვილმა მაქსიმალურად ჩართო ანტირუსული პროპაგანდის სამსახურში, განსაკუთრებით _ მათი სარეკლამო დრო და სივრცე. მოვიტან ერთ დამახასიათებელ მაგალითს: 2008 წლის 7-8 აგვისტოს შესაყარზე, სააკაშვილის ცხინვალში შეჭრის დროს, იქ დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი ალექსი ნატროშვილი; ბუნებრივია, მისი მშობელი დედა რუსეთის მისამართით შეურიგებლად იქნება განწყობილი და მტრად მიიჩნევს ყველას, ვინც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას აპირებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. მე მივმართავ ალექსის დედას: უპირველესად, მადლობა თქვენ, ჩემთვის შვილის ტოლა ქალბატონო, ღირსეული, პატრიოტი შვილის აღზრდისთვის; მარადიული ხსოვნა და დიდება მის სახელს. ღრმად თანაგიგრძნობთ პირადად თქვენ, ასევე შვილებდაკარგულ ყველა დედას, მამას, ძმებს, დებს, დაღუპულთა პაწიებს _ ობლად დარჩენილებს; თვალები ცრემლით ამევსო ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ; ბოლოს მუდარით გთხოვთ, გულდასმით მომისმინოთ:

2008 წლის აგვისტოში სააკაშვილი პირველი შეიჭრა მძინარე ცხინვალში და პირველსავე შეტაკებაში ამოხოცა იქ მდგარი ცისფერჩაფხუტიანი რუსი მშვიდობისმყოფელები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით რომ ასრულებდნენ თავიანთ მისიას. რუსეთის ხელისუფლება დახოცილი მშვიდობისმყოფელთა დედების აცრემლებას სააკაშვილის ხელისუფლებას განა აპატიებდა? განზე გადგებოდა და ხელს არ შეუშლიდა სამხედრო ოპერაციის დაგვირგვინებაში? რუსეთი დაუყოვნებლივ შემოიჭრა კიდეც თავისი მძიმე ტექნიკით, როკის გვირაბით და მერე რაც მოხდა, ყველაფერი ცნობილია.

ეს ჭეშმარიტება, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, დაადგინა კიდეც საერთაშორისო კომისიამ, რომელსაც შვეიცარიელი მოღვაწე ქალბატონი, ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. კითხვა ისმის: რატომ არ გააპროტესტა და ოფიციალური განცხადებით არ უარყო ტალიავინის კომისიის აღნიშნული დასკვნა მ. სააკაშვილმა? იმიტომ ვერა, რომ ღამეს დღეს ვერ დაარქმევდა და პირიქით. სააკაშვილმა მხოლოდ ფეხდაბიჯებული ჭიაყელასავით იწყო კლაკვნა და დღესაც იკლაკნება _ ნემსის ყუნწში ძვრება და ცდილობს, ხალხს დაავიწყოს ტალიავინიც და მისი კომისიის დასკვნაც. ასე რომ, ქალბატონო, ცხონებულ ალექსის დაღუპვაში ლომის წილი სააკაშვილის ავანტიურას მიუძღვის და არა რუსეთს. არ გამოვრიცხავ, რუსეთი ისე იყო გაღიზიანებული ქართული მხარის ნატოში გაერთიანების რიტორიკით, რომ ნამდვილად გაიხარა კიდეც, თავისი გაუაზრებელი მოქმედებით სააკაშვილმა საბაბი მისცა აგრესიისა და ახალი ქართული მიწების ოკუპაციისთვის. პრეზიდენტყოფილმა დიმიტრი მედვედევმა ეს რეალობა მოგვიანებით აღიარა კიდეც.

დღეს, პატივცემულო ქალბატონო, სააკაშვილის ხელისუფლება თქვენი შვილის სახელით სპეკულირებს და თქვენს აზრებს კარუსელივით წარამარა ატრიალებს ტელევიზიების სარეკლამო სივრცეში. «რუსთავი 2» და «იმედი» გულისამრევად ეჯიბრებიან ერთმანეთს, ერთ სარეკლამო დროში, რომელი უფრო ბევრჯერ უჩვენებს თქვენს დამწუხრებულ სახეს. მე პროტესტს ვაცხადებ და მოვუწოდებ აღნიშნულ ტელევიზიებს, შეწყვიტონ ეს უსინდისო და შეურაცხმყოფელი ტელესპეკულირება; დიახ, იგი შეურაცხყოფას აყენებს ალექსის ნათელ ხსოვნას.

დასკვნა ერთია: აგრესია-ოკუპაციისკენ რუსეთს მნიშვნელოვანწილად თვით სააკაშვილის ხელისუფლების ავანტურისტულმა ქმედებამ უბიძგა. სხვა ლოგიკა გამორიცხულია.

შემომედავეთ, ოპონენტებო!

დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე საქართველოს ხელისუფალთ ღრმადგააზრებული და მეცნიერულად დასაბუთებული გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელიც საგარეო პოლიტიკის სწორი ორიენტირი იქნებოდა, არა და არ გააჩნიათ. ასეთი კონცეფცია ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს წითელ შუქს აუნთებდა, ქართველ ნატოელებს ენას ჩაუგდებდა; თავიდან ავიცილებდით დაძაბულობათა ესკალაციებს, საომარ კონფლიქტს რუსეთთან, ტერიტორიების და კარგვას და ბევრ სხვა უბედურებას.

ქართული გეოპოლიტიკური კონცეფციის შემუშავებისას უნდა გამოვიდეთ იმ ჭეშმარიტებიდან, რომ საქართველოს გეოსივრცე სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, რუსეთ-ირანის სამეზობლოში, და არა ბისკაის ან მექსიკის ყურეში, აშშ-ის მეზობლად. საქართველო მეტად დიდი ღირებულების გეოპოლიტიკურ სივრცეს ფლობს; იგი ევრაზიის ყელ-კისერია, ისტორიამ ამ მდიდარი და შეუფასებელი სივრცის ბრმად და ქვეყნის საზიანოდ გამოყენება არ გვაპატია და დავისაჯეთ კიდეც. ამაზე ვრცლად შეიძლება ვიმსჯელოთ, პატივცემულო ოპონენტებო!

ამრიგად, ურყევად ვიდგე პრორუსულ პოზიციაზე და მოვუწოდო მომავალ ხელისუფლებას პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციისკენ, ეს ჩემი ახირება და სუბიექტური ჭირვეულობა კი არ არის, არამედ ობიექტურად ჩამოყალიბებული საქართველოს გეოპოლიტიკური კანონზომიერების სიგნალი, ძახილი და, გნებავთ, ყივილიცაა.

 ეს ყივილი სიგნალს იძლევა და გვეუბნება: საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მითუმეტეს ნატოში, არადა არ არის, ისევე, როგორც ფრენაზე მეოცნებე თაგუნიას ადგილი არ იყო ფრინველთა სამყაროში და დასჯილი ქვეყნად ღამურად მოგვევლინა.

თავგახურებულ ქართველ ნატოელებს ვურჩევ: ბატონებო, ამოჭერით სამხრეთ კავკასიიდან დე ფაქტო საქართველოს გეოგრაფიული სივრცე, დე ფაქტო იმიტომ, რომ აფხაზები და ოსები ამოჭრაზე არ დაგთანხმდებიან, შემოიდეთ ზურგზე და გადაიტანეთ იგი ბისკაის ყურეში, ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრებთან. აი, მაშინ მართლაც შეძვრებით ნატოში და დიდი ხნის ოცნებასაც აისრულებთ. _ ოჰო!  შეუძლებელს გვთავაზობსო, _ იტყვით თქვენ.

სამხრეთ კავკასიის გეოსივრცე რუსეთისთვის იგივეა, რაც შუა საუკუნეების რაინდისთვის დამცველი ფარი. გამორიცხულია, რომ რუსეთმა ეს ფარი ხელიდან გააგდოს და ნატოს სათარეშოდ დათმოს. როგორც დავინახეთ, არ დათმო და მის შესანარჩუნებლად საქართველოში შემოიჭრა, როცა ამის საბაბი სააკაშვილმა მისცა.

მ. სააკაშვილი ხანდახან იტყვის ხოლმე, _ რუსეთი მალე ჩამოიშლებაო. ელცინის დროინდელი რუსეთი მართლაც იყო დასუსტებული იმდენად, რომ აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა თავხედური და პრეტენზიული სახელწოდებით: «აშშ-ის ამოცანაა, მართოს პოსტსაბჭოური სივრცე». ამ სტატიის რუსული თარგმანი «ნეზავისიმაია გაზეტას» 1998 წლის 16 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა და რუსული სამეცნიერო წრეებისა და გენერალიტეტის მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვია. აშშ მართლაც შეუდგა პოსტსაბჭოური სივრცის მართვას _ ბალტიისპირა რესპუბლიკები მართლაც შეათრია ნატოში და იგივე დაუპირა უკრაინასა და საქართველოს. მალე მდგომარეობა შეიცვალა _ ელცინი წავიდა. პუტინის რუსეთი კი იმდენად გაძლიერდა, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, ობამას, ათქმევინა: «ჩვენ ვცნობთ რუსეთის ფედერაციის პრიორიტეტებს პოსტსაბჭოური სივრცის საკითხებში». დიახ, აშშ-ს ჩაეშალა უკრაინისა და საქართველოს ნატოში ჩაბმის პოლიტიკა.

მართალია, აშშ დოლარებით მოსყიდული სააკაშვილის ხელისუფალთა დახმარებით ჯერჯერობით მჭადის ცომივით აბურთავებს საწყალ საქართველოს, მაგრამ მის კეცზე დაკვრას, ანუ ნატოში გაბრტყელებას ვერ ეღირსება. ცბიერებით, გაიძვერობით, მოთაფლული სიტყვებითა და სხვისი ხელით ნარის გლეჯით ცნობილ აშშ-ს ხშირად გაუცურებია მისი დახმარების მომლოდინე ქვეყნები, მათ შორის საქართველო.

აქ მკითხველს გავახსენებ მ. სააკაშვილის 2008 წლის 12 აგვისტოს სატელეფონო საუბრებს აშშ-ის პრეზიდენტ ბუშ-უმცროსთან. აღელვებული სააკაშვილი საყვედურის ტონით, თანაც შენობით მიმართავდა მას და დახმარებას ითხოვდა; ის კი მშვიდი ტონით აწყნარებდა: «მიშა, იქნება დახმარებაო». დახმარება გემით მართლაც მიიღო, ოღონდ წყლებისა და პამპერსების სახით: წყალი _ მიშას გახურებული თავის გასაგრილებლად, ხოლო პამპერსი _ იქ გამოსაყენებლად, სადაც ჯერ არს. აბა, რას ელოდა სააკაშვილი? განა ბუში კრემლის თავზე რაკეტების დაშვებას გაბედავდა?

მეორე მაგალითი: ზუსტად ერთი წლის წინ, 2011 წლის 30 ივლისს, აშშ-ის სენატმა ერთსულოვნად და კატეგორიულად მოუხმო რუსეთს, გაეყვანა ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მიღებული რეზოლუციით აფრთხილებდნენ მას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო ზომებს მიიღებდნენ.

 უნდა გენახათ ხბოსავით აკუნტრუშებული ქართველი ნატო-ამერიკანისტების აღტკინება და სიხარული. გავიდა ერთი წელი და როგორია შედეგი? «საჭირო ზომები» არ ჩანს, ქაღალდზე შერჩენილი რეზოლუცია კი ისტორიას ჩაბარდა.

ასეთ დროს მე ამერიკელ სენატორებს ვეტყოდი: ბატონებო, თუ თქვენ გინდათ საქართველოს მართლაც დაეხმაროთ, რუსეთი სინდისის ქენჯნის წინაშე დააყენოთ, მაშინ ჯერ საკუთარი ხელისუფლება აიძულეთ, გაიყვანოს ჯარები ერაყიდან, ავღანეთიდან, სხვა ქვეყნებიდან; ლიკვიდაცია უყოს სამხედრო ბაზებს, მთელ მსოფლიოში რომაა განფენილი; გააუქმოს ნატოს ბლოკი _ მსოფლიო ჟანდარმი აშშ-ის ხელში; დაუბრუნოს კოსოვო სერბეთს; ამის შემდეგ რუსეთს ისღა დარჩება უხმაუროდ დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

საქართველოს მაგალითის ძალად წინ ფინეთის გამოცდილება უდევს. იგი საბჭოთა კავშირთან ორჯერ იყო ომის მდგომარეობაში _ მეორეჯერ ფაშისტური გერმანიის მხარეზე და მასთან ერთად დამარცხდა, მწარე გაკვეთილი მიიღო. დამარცხების შემდეგ ფინეთის ხელისუფლებას ანტისაბჭოთა ცივი ომი კი არ წამოუწყია, არამედ გონებას მოუხმო, შეიმუშავა თავისი გეოსივრცის შესატყვისი გეოპოლიტიკური კონცეფცია და ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, 1948 წელს, პრეზიდენტ პაასიკივის ინიციატივითა და მონდომებით, საბჭოთა კავშირთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულებამ გამორიცხა ფინეთის მონაწილეობა რომელიმე სამხედრო ბლოკში; შემდეგში  იგი არც ნატოს და არც ვარშავის ხელშეკრულების წევრი გამხდარა; სამხედრო ნეიტრალიტეტს დღემდე იცავს და მოგებულიც რჩება.

ხომ შეიძლება ფინეთის მსგავსად ჩვენც ვუთხრათ უარი სამხედრო ბლოკებს? რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა: ჩვენ გვინდა საქართველოს სახით მეზობლად გვყავდეს აყვავებული და ნეიტრალური ქვეყანა, მზად ვართ, გავხდეთ მისი ნეიტრალობის გარანტი.

მეექვსე საუკუნეში ქრისტიანული ბიზანტია მაზდეანურ ირანს ეომებოდა. ჩვენი წინაპრები, ეგრისელები, ბიზანტიის მხარეზე იბრძოდნენ. ეგრისელთა მეფე გუბაზმა ამხილა ის ბიზანტიელი სარდლები, რომლებიც ბრძოლებში პასიურობდნენ და ბიზანტიის იმპერატორს, იუსტინიანე დიდს, შეატყობინა. სარდლებმა ეს იწყინეს და გუმბაზ მეფე მოგვიკლეს. ბუნებრივია, ამან ეგრისელთა განრისხება გამოიწვია და გადაწყვიტეს ბიზანტიისთვის ზურგი შეექციათ, ირანის მხარე დაეჭირათ; ამ აზრზე იდგა ლაზი დიდებული სახელად აიეტი. მას დაუპირისპირდა მეორე ლაზი დიდებული _ ფარტაზი. იმის მოტივირებით, რომ ბიზანტია ეგრისის უშუალო მეზობელი იყო და ეგრისელთა მსგავსად ქრისტიანული ქვეყანა, ფარტაზიმ დააჯერა ეგრისელები, ისევ ბიზანტიის მხარე დაეჭირათ და ასეც მოხდა; იმპერატორმა კი მკვლელი სარდლები სასტიკად დასაჯა.

ჩვენ როგორ მოვიქცეთ დღეს? კვლავაც გავაგრძელოთ პარტნიორობა-ქვეშევრდომობა ამერიკასთან, ცივი ომის ისტერიკა რუსეთის წინააღმდეგ, სწრაფვა საოცნებო ნატოსკენ და ამით ახალი ტერიტორიების დაკარგვა? აკი, აცხადებს კიდეც სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის ერთ-ერთი თავკაცი აგასი არაბიანი: როგორც კი საქართველო ნატოს წევრი გახდება, ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას საქართველოდან გამოსაყოფად (იხ. გაზ. «საქართველო და მსოფლიო», #13, 2012).

ასეთ დროს სამშობლოს ბედ-იღბალზე მოფიქრალმა ქართველმა უნდა თქვას: ჩემმა დიდმა მწერალმა და მოაზროვნემ _ კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ 60 წლის წინ გამაფრთხილა:

«საკმარისია, თვალი გადავავლოთ აშშ-ის არც ისე ხანგრძლივი ისტორიის მთავარ ეტაპებს, რომ დავრწმუნდეთ, ამ სახელმწიფოს მესვეურთა მთელი პრაქტიკა ემსახურებოდა არა მშვიდობისა და ხალხთა სოლიდარობის მაღალ იდეალებს, არამედ _ ამერიკის შეერთებული შტატები იყო მუდამ ომისა და შფოთის ინიციატორი». («ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი», თხზ.: ტომი VI, გვ. 720).

უცილობელ ჭეშმარიტებას ბრძანებს კონსტანტინე ბატონი, რამეთუ ციტირებული სიტყვები ისე ჟღერს, რომ დღეს დაწერილს ჰგავს. რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება სწორედ რომ აშშ-ის ნახელავია; ამით ის მრავალმხრივ მოგებული აღმოჩნდა, ხოლო საქართველო და რუსეთი _ ორივე წაგებული; რატომ ორივე? _ ამას მკითხველი, რომელსაც განსჯის უნარი აქვს, ადვილად დაასკვნის.

მოტანილი მსჯელობის შემდეგ ჩვეულებრივი მკითხველიც კი გააზრებულად დაასკვნის: ჩემ თვალწინ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიასა თუ ავღანეთში სისხლისმნთხეველ აშშ-ნატო-ს უნდა ვეტრფოდე? არა და არა _ ეს დანაშაულია! მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და, მიუხედავად ურთიერთწყენისა, ისევ მართლმადიდებლურ რუსეთთან, უშუალო მეზობელთან უნდა მქონდეს მეგობრობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა! ჩემს თანამემამულეებსაც, ჩემს ხელისუფალთაც ამისკენ მოვუწოდებ! ეს ისტორიის, საქართველოს გეოპოლიტიკური კანონზომიერების უცილობელი განაჩენია, რომელიც უკუგდებას არ ექვემდებარება.

ვუახლოვდებით 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს _ ძირეული გარდატეხის აუცილებლობას საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასეთ დროს საჭიროა ჭეშმარიტად ეროვნული, ჭეშმარიტად პატრიოტული ძალების გაერთიანება ახალი მოძრაობის დროშის ქვეშ, რომლის სახელწოდება იქნება «საქართველოს ანტინატოელთა კავშირი». ამ კავშირში დარაზმულთა შორის მე მოვიაზრებ: საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას, რომელიც დასაბამიდან იყო და არის ნატოს შეურიგებელი მოწინააღმდეგე; საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას; პარტია «ნეიტრალურ საქართველოს»; ახალი მემარცხენეები _ სახალხო პატრიოტულ მოძრაობას, საზოგადოება «ისტორიულ მემკვიდრეობას», ერეკლე მეორეს საზოგადოებას, სხვებსა და სხვებს; აგრეთვე, «ქართული ოცნების» კოალიციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ნატოში გაერთიანებას გადაჭრით ეწინააღმდეგება.

ჩვენ სრული კანონიერი და მორალური უფლება გვაქვს, ანტინატოელთა კავშირი შევქმნათ; 2008 წლის არჩევნების დროს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ამის უფლებას ნამდვილად იძლევა.

მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებში ყუთებთან ამომრჩეველთა მთელი რაოდენობის მხოლოდ 63 პროცენტი გამოცხადდა, მათგან ნატოს წინააღმდეგ ხმა 24 პროცენტმა მისცა. არგამოცხადებულ 47 პროცენტშიაც ხომ იქნებოდნენ ნატოს მოწინაამდეგეები? ცხადია, კი, _ დაადასტურებს მკითხველი. არჩევნების შემდეგ ცესკომ უჩვენა ნატოს მომხრეა 76 პროცენტი, ხოლო წინააღმდეგი _ 24 პროცენტი. შემდეგში სააკაშვილის საინფორმაციო საშუალებები ამ ციფრებს ისე მოიხსენიებდნენ, რომ თითქოს იგი მთელი მოსახლეობის ნების გამოხატულება იყო და არა 53 პროცენტის.

სიყალბე-სიცრუეში დახელოვნებულ მ. სააკაშვილს ისედაც ყალბი 76 პროცენტი ეცოტავა და სულ მალე, სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას, ორსართულიანი სიცრუე დაახეთქა: საქართველოს მთელი მოსახლეობის 80 პროცენტი ნატოში გაერთიანების მომხრეაო.

ვინ გახლავთ მ. სააკაშვილი? იგი ვირტუოზული ხელოვნებით აღჭურვილი და შენიღბული კოსმოპოლიტი და ქართველი ხალხის ეროვნული მტერია; აბა, რა დავარქვა კაცს, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი დამინგრია ქ. ქუთაისში და ამით ირიბულად ჰიტლერს ძეგლი დაუდგა? ი. სტალინის ძეგლები რომ აიღო, სტალინისა, რომლის შვილობასაც მსოფლიოს ნებისმიერი ერი  ინატრებდა? რაოდენ მკრეხელობაა, სანაცვლოდ რეიგანის სკამ-ძეგლი რომ დადგა თბილისში და იქვე ბუშის სახელი ქუჩას რომ მიანიჭა! სწორედ მან, ხმარებიდან ამოიღო ცნება «დიდი სამამულო ომი» და კვერცხივით შეათქვიფა მეორე მსოფლიო ომში. გამოდის, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დროშა ეგოროვთან ერთად მელიტონ ქანთარიას არ აღუმართავს რაიხსტაგის თავზე; გამოდის, რომ ჩვენ საერთოდ არ გვყოლია საბჭოთა კავშირის გმირი ქართველები. სააკაშვილი და მისი კარის ვაიისტორიკოსები უსირცხვილოდ მიმართავენ საქართველოს უახლესი ისტორიის ყოვლად ბინძურ ფალისიფიცირებას. დიდ სამამულო ომში ღირსეულ მონაწილეობას ქართველ ხალხს სხვათა ომში მონაწილეობად უთვლიან, ხოლო ავღანეთში ჩვენი ბიჭები სისხლს უაზროდ რომ ღვრიან, ეს თურმე პატრიოტობა და სამშობლოს დაცვაა; სინამდვილეში ცინიზმი და მკრეხელობაა _ არა?

მ. სააკაშვილს აშკარად წყინს ხალხი ახალი დროის საქართველოს აღმაშენებელს რომ არ უწოდებს. ამიტომ ადგა და თვითონ უწოდა თავის თავს დიდი აღმაშენებელი. წელს, 12 მარტს, კახეთში გამოსვლისას, თვითლუსტრაციის კლასიკური ნიმუში გვიჩვენა, როცა განაცხადა: «მე ჩემს დეკლარაციაში ჩავწერ, რომ ავაშენე კახეთი, ავაშენე თბილისი, დიახ ავაშენე ახალი ბათუმი, ახალი ქუთაისი, მე ავაშენე ახალი მესტია». ამას სააკაშვილი ხმის ჩახლეჩამდე ბაქი-ბუქობდა, ჰიტლერულ ილეთებსაც კარგად იყენებდა; აკლდა მხოლოდ მისეული წკიპა ულვაში და შუბლზე ჩამოშლილი ქოჩრის ნაწილი.

დავით მეფეს არასოდეს უტრაბახია, მთლიანად გაპარტახებული ქვეყანა რომ აღაშენა, აღმაშენებლად იგი ხალხმა და მემატიანე-ისტორიკოსებმა განადიდეს. არც ი. სტალინს უთქვამს: მე ვარ ბელადი, გენიოსი, სოციალიზმის არქიტექტორი; ყველაფერი დამსახურების მიხედვით ხალხებმა უწოდეს.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ. ამას საქართველოს მომავალი მოითხოვს. საარჩევნო კომპანიის მსვლელობისას ანტინატოელთა კავშირის აქტივისტებმა უნდა მოუწოდონ, რომ არ მისცენ ხმა ნატოს მოტრფიალე მაჟორიტარ კანდიდატებს, «ნაციონალებს», «ქრისტიან-დემოკრატებს», «ახალ მემარჯვენეებს» _ ყველა იმათ, რომლებსაც მზე და მთვარე ნატოზე ამოსდით. დღეს ჩვენი მთავარი მოწოდება-ლოზუნგი უნდა იყოს:

ყველას ხმა _ ქართველ ნატოელთა წინააღმდეგ!

საქართველოს ორიენტაცია _ რუსეთისკენ!

ვიცი, პატივცემულო მკითხველო, რომ ვიწევ ცეცხლს ჩემკენ, «ნაციონალების» რისხვას; შეიძლება ქუთაისში მკლავებდაჭიმული და მუშტებმოღერებული აკაკი ბობოხიძეც ვიხილო, მაგრამ არ ვშიშობ, რამეთუ ის უცილობელი ახლო მომავალი მამხნევებს, რომელიც მე, 82 წლის კაცს, მათქმევინებს: ისტორიამ მე გამამართლა.

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პოლიტოლოგი ქუთაისიდან

 

1 COMMENT

  1. გივი გურეშიძესთან კითხვა მაქვს, გინდათ საქართველო ისეთივე თავისუფალი აყვავებული და დემოკრატიული გახდეს როგორც რუსების მეგობრობითაა იუჟნი ოსეტია და აფხაზია? გინდათ თბილისი და ქუთაისი ისევე გახდეს როგორც სუხუმ და ცხინვალ არის? (ანუ შვეიცარიად იქცა უკვე) გინდათ ჩვენი კულტურა და ტრადიციები და მენტალიტეტი ისევე განვითარდეს როგორც ეს რუსების დახმარებით ცხინვალ და სუხუმ ში ხდება? მაშინ განაგრძეთ წერა, ოღონდ თანაც ისიც დაწერეთ რომელ ფსიქოტრონულ ნარკოტიკებს ხმარობთ ასეთი საკუთარი რეალობის დასანახად? ელესდეს? ამფეტამინს? რას? სადაც რუსი მშვიდობისმყოფელებმა არ შექმნეს სეპარატიზმი საქართველოში და მათ მხოლოდ მშვიდობა მოგვიტანეს. და ამერიკელებმა კიდე აღიარეს ოსეტია და აფხაზიას დამოუკიდებლობა და რუსებს უნდათ საქართველო გაერთიანებული.ნ კიდე მადლობა მშვენიერი სტატიის გამოქვეყნებისთვის, ძალიან ვიხალისე.

  2. "ამრიგად, ურყევად ვიდგე პრორუსულ პოზიციაზე და მოვუწოდო მომავალ ხელისუფლებას პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციისკენ…"–ამას იქნებ მომავალი ხელისუფლებისათვის პროქართული ორიენტაციისაკენ მოგეწოდებინათ

  3. რა სისხლი გადაგისხეს ასეთი კომუნისტებმა? წურბელებიც ვერ უსველის მაგას!

  4. ბატონო გივი თქვენ სსრკ და რუსეთი გეშლებათ, სხვადასხვა ქვეყნებია და ისა… კიდე რუსეთთან ომი გვქონდა 2008 ში, ჩვენზე აღრენილია და სულ კიდია თქვენი კომუნისტური ნოსტალგიები ჰო და გამოიღვიძეთ და რეალურად შეხედეთ სიტუაციას გეთაყვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here