Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ფარულ, ანტირუსულ თამაშებს თამაშობს

გულბაათ რცხილაძე: მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ფარულ, ანტირუსულ თამაშებს თამაშობს

690

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა ერთობლივი ნაშრომი გამოსცა. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ ბროშურაში, სახელწოდებით _ «ვარდების რევოლუცია. შედეგები», ქვეყანაში «ვარდების რევოლუციის» შემდგომი ეტაპია განხილული.  ბროშურის ავტორები არიან: ჟურნალისტი, ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი; ეკონომისტი, პროფესორი იოსებ არჩვაძე; პროფესორი ლევან ოსიძე; პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, «ევრაზიის ინსტიტუტის» ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და პოლიტოლოგი გიორგი ვეკუა. ნაშრომის მიზნებსა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე ბროშურის ერთ-ერთი ავტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ «ვარდების რევოლუციის» შედეგებზე საუბარი, ვფიქრობ, სწორედ ახლა სავსებით მართებულია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევენებში, 1 ოქტომბერს «ვარდების რევოლუციის» შემდგომი ეტაპი სრულდება. იცვლება პოლიტიკური კონფიგურაცია. კრიტიკული ანალიზის მეთოდის საშუალებით ბროშურაში განხილულია ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას «ვარდების რევოლუციამ» მოუტანა და რაც გავლენას მოახდენს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე.

ნაშრომი ერთ მთლიან ტექსტს წარმოადგენს, თუმცა დაყოფილია თემატურად. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მეცნიერული კვლევა, ბროშურა პოპულარული ენით არის დაწერილი და ფართო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი, რათა საზოგადოებამ დასკვნები თავად გამოიტანოს.

_ ბროშურაში განხილულია ქვეყანაში არსებული სოციალურეკონომიკური ვითარება, საგარო ურთიერთობები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენები, ბიზნესში არსებული სიტუაცია, დემოკრატიის პრობლემებიმთლიანობაში რა სურათი მიიღეთ?

_ ვინაიდან ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გამოგვეყო ძირითადი მომენტები მეორეხარისხოვანისგან, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ «ვარდების რევოლუცია» ნეგატიურად არის შეფასებული, რადგან სახელმწიფოსა თუ ხალხისთვის უარყოფითი მომენტები უფრო მეტი იყო, ვიდრე დადებითი. ცალკეული პარამეტრებით, «ვარდების რევოლუციის» შემდგომი საქართველო, ჩვენ შევადარეთ როგორც რევოლუციამდელ საქართველოს, ასევე ჩვენს მეზობელ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს _ რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და ა. შ.  როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სოციალური მაჩვენებლით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება. მაშინ, როცა ზოგიერთ შემთხვევაში, «ვარდების რევოლუციამდე» საქართველო რეგიონში ლიდერობდა.

ბროშურაში განხილულია «ელიტარული კორუფციისა» და კლანური მმართველობის საკითხებიც, რაც გამოიხატება კარტელურ გარიგებებში, იმპორტის მონოპოლიზაციასა და ადგილობრივი წარმოების დაბრკოლებაში, ეს კი ფასების ხელოვნურ ზრდას იწვევს. მაგალითად მოყვანილია, საქონლის დაკვლაზე მონოპოლიის დაწესების შედეგად, როგორ მოხდა ხორცის უეცარი გაძვირება 2010 წელს. ხოლო, მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირების მიუხედავად, ფასები საქართველოში, პირიქით, გაიზარდა.

ბროშურაში ასევე განხილულია დემოკრატიის პრობლემები. უნდა გავიგოთ, რომ პროდასავლურობა არ ნიშნავს დემოკრატიას. შეიძლება პროდასავლური არ იყო, მაგრამ უკეთესი დემოკრატი იყო. ის, რომ ვიღაცას ემორჩილები და ფეხქვეშ ეგები, არ ნიშნავს თავიუსფლებას. ან რა დემოკრატიაზეა საუბარი, როცა სასამართლო არ არის დამოუკიდებელი? სასამართლო პროცესის მოგება ბიზნესმენისთვის ან რიგითი მოქალაქისთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფოსაზოგადოება დათრგუნულია, ხალხს აშინებენ. სოფლებში ხალხს სისულელეებს ეუბნებიან, რომ, თურმე არჩევნებზე ხუთიანს თუ არ შემოხაზავენ, ამას კალამი დააფიქსირებს.

ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი მოქმედებს. ასეთი სისტემა კი არ შეიძლება ძლიერი სახელმწიფოს ნიმუშად ჩაითვალოს. მსოფლიოში არც ერთი პოლიციური სახელმწიფო ძლიერი არ ყოფილა. მაგალითად, ყველამ კარგად დავინახეთ, რა მოხდა ეგვიპტეში, რომელიც მუბარაქის პერიოდში კლასიკური პოლიციური სახელმწიფოს ნიმუშად იყო აღიარებული. ამ სისტემამ, მართალია, დათრგუნა საზოგადოება, მაგრამ 30 წლის შემდეგ მაინც გამოირკვა, რომ თურმე სახელმწიფო თიხის ფეხებზე დგას. ასევეა პაკისტანშიც, სადაც სამხედრო-პოლიციური რეჟიმი მოქმედებს. თუმცა იქ სამხედროები მაინც არიან და ომი მაინც შეუძლია იმ ხალხს. ჩვენთან, ელემენტარულად, სამხედრო კასტა არ არსებობს, რაც თუნდაც ლაფანყურის მოვლენებმაც ცხადყო. რა საჭირო იყო 20 კაცის წინააღმდეგ მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯარისა და სპეცრაზმის მობილიზება? თან, პირველივე შეტაკებაში სამი კაცი დავკარგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა ძირგამომპალია. ეს არ არის ძლიერი სახელმწიფო. ყველაფერი ხალხის დასათრგუნად არის მიმართული და არა გარეშე მტრის დასამარცხებლად.

_ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან გარკვეული დრო უკვე გავიდა, თუმცა ბუნდოვანი კითხვები აღნიშნული საკითხის ირგვლივ მაინც რჩება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ ვფიქრობ, ინციდენტი ამოწურული ჯერაც არ არის. ამ საქმის ირგვლივ ისეთი ფაქტები და მიზეზები არსებობს, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლება რაღაცას მალავს. მას ან შეცდომა მოუვიდა, ან ამ გზით რაღაც კვალის წაშლა სურდა. თუ ის შეიარაღებული პირები რუსეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ და ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთი მისი მტერია, მაშინ ალოგიკურია, _ რატომ დახოცა რუსეთის მტრები?

დღეს ბევრი ვერსია ვრცელდება, თითქოს მოხდა შეცდომა, გაუგებრობა ან ეს იყო პროვოკაცია. ყველაფერს გამოძიება სჭირდება. ჩვენთან კი რატომღაც პოლიტოლოგები აქტიურობენ და ისეთი დარწმუნებით საუბრობენ, მიკვირს, ყველაფერი როგორ იციან.

ყველაფერი იმან განაპირობა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ფარულ, ანტირუსულ თამაშებს თამაშობს. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა შეიარაღებულმა ჯგუფმა ჩვენი საზღვარი გადმოკვეთა? ეს ყველამ იცის, რომ სულ ასე ხდება.

_ ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ საზღვარზე გადმოვა ნებისმიერი დაჯგუფება, თუ მოისურვებს?

_ თუ რუსეთის მხრიდან არ შეხვდა წინააღმდეგობა, ნებისმიერი გადმოვა. ამის გამო, რუსეთს არაერთხელ დაუდანაშაულებია ჩვენი ხელისუფლება ტერორისტების ხელშეწყობაში. ასეთი ფაქტები რომ თავიდანვე აღეკვეთა ხელისუფლებას, ახლა ასეთი ვითარება არ იქნებოდა. როგორც ჯერ კიდევ ცხონებული ზურაბ ჟვანია ამბობდა, ანტიტერორისტული მიზნებით, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან.

_ ჩერქეზებმა და ქისტებმა დაიფიცეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდებიან. მოსალოდნელია თუ არა ჩრდილოკავკასიელების მხრიდან ქართველების მიმართ შურისძიება?

_ სანამ რუსეთის ფაქტორი არსებობს კავკასიაში, ისინი ჩვენ ვერ შეგვეხებიან. უნდა შეიგნოს ტვინგაყინულმა ზოგიერთმა ექსპერტმა თუ პოლიტიკოსმა, რომ რუსეთის გარეშე საქართველოს გადარჩენა არ უწერია. რომ არა რუსეთი, მაშინ საქართველოში მართლა ლეკიანობა იქნებოდა, რაზეც ასე აპელირებდა სააკაშვილი. რუსეთი არის ფარი საქართველოსთვის.

_ თუმცა რატომ დაიცავს რუსეთი საქართველოს ინტერსებს, როცა არცთუ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს?

_ დღეს ხომ ვითომ ჩვენი მტერია რუსეთი, მაგრამ რუსეთის ფაქტორის წყალობით უკვე დაცულები ვართ. ამ შემთხვევაში საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა რუსეთის ინტერესები. მე, როგორც ქართველს, არც რუსებთან მაქვს პრობლემა და არც ქისტებთან, რომლებსაც საქართველოს მტრობა და ქართველი ხალხის სიძულვილი არ ამოძრავებთ. მათ განცხადებაშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ქართველ ხალხთან პრობლემა და პრეტენზია არ აქვთ და, სააკაშვილს თუ მოუწყობენ ტერაქტს, საერთოდ არ მაინტერსებს.

 თუ ქისტებს ხელისუფლებაზე შურისძიება სურთ, ეს მათი უფლებაა. განსხვავებით ზოგიერთი ქართველისგან, რომელსაც ხელისუფლებამ შვილებიც დაუხოცა, მთელი ნათესაობა დაუჭირა და მაინც ჩუმად არის, ამ ხალხმა მუქარა მაინც გაბედა.

_ სულ რაღაც ორიოდე კვირაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებას არ შეეგუება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ უკან დახევას არც ისინი აპირებენ. ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ორივე მხარე საკუთარი მხარდამჭერების სიმრავლის დემონსტრირებას ახდენს. როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?

_ ახლახან რუსულ-ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია «კავკასიური თანამშრომლობის» ეგიდით სასტუმრო «ბეტსიში» აღნიშნულ თემაზე ჩავატარეთ სემინარი. ბიძინა ივანიშვილს უნდა ახსოვდეს, რომ, რამდენიც უნდა აკეთოს აქცენტი ამრიკელებსა თუ ევროპელებზე, მისი ძირითადი დასაყრდენი მაინც სოციალურად უკმაყოფილო ქართველი ხალხია. ეს ხალხი მზად არის ქუჩაში გამოსასვლელად. როგორ განვითარდება მოვლენები, ცალსახად რთული სათქმელია. ცხადია, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად გამოიყენებს. ამის გარეშე მას არჩევნების მოგების შანსი არ აქვს. თუ ივანიშვილი მოუწოდებს, ხალხის დიდი ნაწილი გამოვა და ეცდება საკუთარი ხმა დაიცვას.

_ ეცდება ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას?

_ ეცდება კი არა, ამისკენ მიჰყავს ყველაფერი. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ რეალობა თავის სასარგებლოდ დაამახინჯოს და აქ უკვე გადამწყვეტი იქნება, რას იზამს ივანიშვილი. ის დათანხმდება შედეგებს, როგორც ეს ხდებოდა ახლო წარსულში, თუ სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

_ თუ არ დათმობს ივანიშვილი, რაიმე საშიშ პროვოკაციას შეიძლება ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან?

_ რა თქმა უნდა, სისხლისღვრაც მოსალოდნელია. მაგრამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. პირველ რიგში, ის ხალხი გამობრძანდეს და გამოასწოროს შეცდომა, რომელიც «მიშა, მიშას» იძახდა. სხვა გზა არ არსებობს.

_ მართალია, ხელისუფლების მაღალ რეიტინგს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, «ნაციონალური მოძრაობის» ყრილობაზე, ხელისუფლების ბევრი მხარდამჭერი გამოვიდა.

_ «ნაციონალებს», რა თქმა უნდა, ჰყავთ თავისი მომხრეები. ესენი არიან ადმინისტრაციულ ორგანოებში, პოლიციაში მომუშავე ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც ვიზუალურად შეუძლიათ ხალხმრავლობის ეფექტი შექმნან, მაგრამ დაკვირვებული თვალი კარგად ამჩნევს, სად არის ხელოვნურობა, რაც მათ შეკრებებს აშკარად ეტყობა. მარტო ხალხმრავლობაში არ არის საქმე. ამით მხოლოდ მცირეხნიანი ეფექტი შეიძლება მოახდინო. თუმცა, ალბათ, ბევრი იქ მისული ადამიანი, ხელისუფლებას მაინც არ მისცემს ხმას.

_ როგორი იქნება უცხოელების როლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში? ერთის მხრივ, უცხოელები აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას და გაყალბებას არ დაუშვებენ; მეორე მხრივ კი, ამერიკელი სენატორების, მათ შორის მაკკეინის, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტისა, თუ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფიულეს, გამონათქვამები მიანიშნებს თუ არა ხელისუფლების მხარდაჭერაზე?

_ ესენი არიან ნეოკონსერვატიული იდეოლოგიის მქონე ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს მხარს აქტიურად უჭერენ. ისინი უდავოდ გავლენიანი ხალხია, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, თუ რას იტყვის მაკკეინი ან ვიღაც სენატორი. ხალხი თავის ბედს თავად უნდა წყვეტდეს. მითუმეტს უინტერესოა, რას იტყვის კარლ ბილდტი, სწორედ მისი დაფინანსებულია NDI გამოკითხვები. ბილდტი ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი-ინტელექტუალი. ამ ადამიანებმა საქართველო ექსპერიმენტების პოლიგონად აქციეს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ აქ წარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარებით ისინი დაინტერსებულები არ არიან.

_ და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე მღელვარება როგორ შეიძლება ახლო მომავალში ჩვენს ქვეყანაზე აისახოს?

_ ეს პრობლემა ძალიან სერიოზულია. არაბულ სამყაროში კონფიგურაციის ცვლილებამ შეიძლება საქართველოზეც იმოქმედოს. თუ ირანთან დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო რომელიმე ბანაკში აღმოჩნდება, ის შეიძლება დასავლეთმა ჩაითრიოს თავის ავანტიურაში და ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს, რაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზრდება. საქართველო კი ახალ ომს ვეღარ გაუძლებს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here