Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ოდიშარია: სააკაშვილი ქვეყანას ფეოდალის თვალით უყურებს

გურამ ოდიშარია: სააკაშვილი ქვეყანას ფეოდალის თვალით უყურებს

907

«საქართველო და მსოფლიოს» დღეს სტუმრობს პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარია _ კოალიცია «ქართული ოცნების» მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. ლტოლვილია აფხაზეთიდან. ფესვები კი სამეგრელოშია. ნოსირიდან არიან ოდიშარიები, საოდიშარიოდან _ ამ სოფლის ერთი უბნიდან. ცნობილი შემოქმედია. რადიოჟურნალისტობიდან დაიწყო. მუშაობდა საოლქო გაზეთში, საზოგადოებრივლიტერატურული ჟურნალ «რიწას» მთავარი რედაქტორი იყო. აფხაზეთის ომმა ამ თანამდებობაზე მოუსწრო. ჭუბერის უღელტეხილზე გადმოვიდა, სვანეთით.

_ ეს იყო თქვენი ერთი გოლგოთა. მეორე გოლგოთას ხომ არ ხართ შემდგარი ამ წინასაარჩევნო პერიოდში? პასუხისმგებლობის ჯვრის სიმძიმიდან გამომდინარე გეკითხებით.

_ ორივე თავისებური სიმძიმით ხასიათდება. ჭუბერის უღელტეხილზე განცდილი და გადატანილი ჩემს წიგნში «სოხუმში დაბრუნება» აღვწერე.

მე კი არა, მთელი საქართველო, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ამ უღელტეხილს, ამ გოლგოთას, მივუყვებით და იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შედეგად შევძლებთ გადალახვას. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, წესიერი არჩევნები უნდა ჩავატაროთ ყოველგვარი გაყალბების, ყოველგვარი დაშინების გარეშე, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები. პირველ ოქტომბერს უნდა დამთავრდეს ეს უღელტეხილი.

_ თქვენი იმედიანი ყოფნა, რას ეფუძნება, ბატონო გურამ? ჩვენ ხომ ვიცით, როგორი ხელისუფლება გვყავს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელნი: ეგღა მაკლია, ჩვენი აშენებული ქვეყანა ამათ ჩავაბაროო, _ ბრძანა სააკაშვილმა.

_ სწორედ ეგ სიტყვები ადასტურებს, რომ აუცილებლად უნდა მოვიდეს ახალი ხელისუფლება, ახალი ხედვით. სააკაშვილის ეს სიტყვები მოწმობს, რომ იგი ქვეყანას სახელმწიფოებრივი თვალით კი არ უყურებს, არამედ ფეოდალის თვალით, ისე, როგორც საკუთარ სამფლობელოს, რომელსაც შემდეგ გადააბარებს შვილებს, შვილიშვილებს და ა. შ.

ყველა ხედავს, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმია დამკვიდრებული. 8-9 წლის წინათ აკიაფებული იმედის შუქი, რომ ახალგაზრდა რეფორმატორები ააშენებდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოს, საბოლოოდ ჩამქრალია.

უფრო მეტიც. ამ ხელისუფლებამ ცდა არ დააკლო, ახალი თაობისთვის ჩაენერგა, რომ ამ ქვეყანაში, მათ სამშობლოში არიან ვიღაც «მუმიები», ვიღაც «მღრღნელები», «ხალხის მტრები» და კიდევ სხვა, ჩვენი უმაღლესი ხელისუფლის საყვარელი შეურაცხმყოფელი ტერმინების მატარებელი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ წაართვან ხალხს «კომუნალური კეთილდღეობა» _ წყალი, გზები, შუქი…

_ რომლის გადასახადი ნაგავზეა მიბმული.

_ დიახ. ხელისუფლება ხალხის გაერთიანების ნაცვლად, ხლეჩს და ერთმანეთს უპირისპირებს ჩვენი საზოგადოების წევრებს. საქართველოს აბრალებენ წარსულში დაბრუნების სურვილს, არადა, ასეთები თვითონ არიან _ საბჭოთა ავტორიტარიზმის უპირველესი აპოლოგეტები და განმახორციელებლები.

საკუთარი თავის წინააღმდეგ დღეს თვითონ სააკაშვილი მუშაობს…

_ როგორც ჩანს, ვიღაცამ უკარნახა, რომ ასე არ ვარგაო და გამოსვლის ტონი მკვეთრად შეცვალა, საზოგადოების გაერთიანებაზე ალაპარაკდა.

_ რაც შესანიშნავი მაგალითია, მეტიც, მწვერვალია ფარისევლობის, თანაც დროებითია, რადგან მისი ბუნება ქედმაღლობაა, სხვისი ლანძღვა-გინება, დამცირების მცდელობა.

_ .. «სააკაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ» ჩვენი საზოგადოების იმედიან განწყობილებას ქმნის?

_ ერთ-ერთი საფუძველია. მისი ბაქიბუქობა ვერ ჭრის. მისი აშენებული «პოტიომკინის» სოფლების ფასადების მიღმა უამრავი პრობლემა იმალება. მაგალითად, საქართველოს მიწების გაყიდვა. უცხოელებზე სხვისდება ჩვენი მიწები. ჩვენ კი ისიც არ ვიცით, რამდენად გაიყიდა, სად მიდის ეს ფული, რას ხმარდება, ვის ჯიბეში ილექება… მაშინ, როცა ხალხი მშიერი და გაღატაკებული ჰყავს, უამრავი პრობლემით დამძიმებული, ჩამოჰყავს ვიღაც მომღერალი, მილიონებს უხდის და ბათუმის ხუთი-ექვსი ახალი შენობის ფონზე საქართველოს კეთილდღეობის ილუზორულ სურათს ხატავს.

ხალხს ეს სიცრუე, ეს სიყალბე გაშიფრული აქვს.

_ «სააკაშვილის ფეოდალიზმის» სენი სენაკის ადგილობრივ ხელისუფალთ შეყრილი აქვთ?

_ ეს სენი გადამდებია. კონფორმიზმია მისი წყარო, ხოლო ხელისუფლებაში კონფორმისტები არიან. ამიტომაა, რომ სამეგრელოში დაჭაობებული ცხოვრებაა. არაფერი არ შეცვლილა სენაკში. ერთი შენობაც არ არის, აი, რა ავაგეთო, ამის დასატრაბახებლად.

ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას ხალხის დაშინებაზე აქვს აქცენტი გადატანილი. მისი ამ სამარცხვინო მოქმედების მეთოდები და ხერხები ზუსტად ისეთია, როგორც დანარჩენ საქართველოში და ამიტომ არ გავიმეორებ. არის ფაქტები სამსახურიდან დათხოვნის, დევნის.

თქვენი გაზეთის მკითხველების ყურადღებას მივაქცევ ერთ დამახასიათებელ მომენტს. ჩვენი ზოგიერთი თანამოქალაქე იმდენად ექცევა შექმნილი გარემოების გავლენის ქვეშ, რომ თავს იშინებს.

_ საკუთარ თავს თვითონ იშინებს?

_ დიახ. გურიაში, იმერეთში რომ ვიყავი, ვნახე, რომ შიშის ფაქტორი იქ ნაკლებად ქმედითია, შიში ნაკლებად იგრძნობა. უფრო სიფრთხილეა.

ბიბლიური იგავია:

შავი ჭირი მიდის. გზაში სოფლიდან მომავალ კაცს შეხვდება. ეს კაცი შეეკითხება, რატომ მოდიხარო? ხუთი კაცი უნდა მოვკლაო. და ორივე თავის გზას გააგრძელებს.

გადის დრო და ეს კაცი კვლავ შეხვდება შავ ჭირს და საყვედურით ეტყვის:

_ ხუთი კაცის მოკვლას აპირებდი და ხუთასი რატომ მოკალიო?

შავი ჭირი უპასუხებს:

_ მე ხუთი კაცი მოვკალი, დანარჩენები შიშმა მოკლაო.

ასეა ჩვენი საქმე.

მაგრამ იმერეთსა და გურიაში, ისევე, როგორც თბილისში, ეს შიში დაძლეულია.

გურიაში მითხრეს:

_ აბა, ვინმემ რამე გაბედოს და ნახავს, რა პასუხსაც გავცემთო!

ამაზე ვსაუბრობ ხალხთან შეხვედრების დროს. დაშინებულ საზოგადოებას არასოდეს არაფერი აუშენებია. აკროპოლისი სენაკთან, ნოქალაქევში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-V საუკუნეში აუგია ლაღ, თავისუფალ, უშიშარ ხალხს, ეგრისის სამეფოს დედაქალაქის გულში. დღესაც დგას ულამაზესი. გარშემო კი, მთის მწვერვალებზე, ციხესიმაგრეებია წამომართული, მტერთან ბრძოლის ფორპოსტები.

იბრძოდნენ და აშენებდნენ ჩვენი წინაპრები, იცავდნენ მშობლიურ მიწაწყალს, რომელიც დღეს ხელისუფლებამ გაუყიდა და ყიდის. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ.

_ დაშინებული მოსახლეობა, თვითდაშინებული მით უფრო, იძულებული ხდება სწორედ შიშის მიზეზით და არა რწმენის გამო იბრძოლოს შიშის მთესველთა ბანაკის მხარეს. ასე ხომ არ არის სამეგრელოში?

_ ბრძოლით არ იბრძვის. უფრო, შეიძლება, დეპრესიაში იყოს, ნეიტრალური დარჩეს, არ აქტიურობდეს. ხელისუფლება ცდილობს, აამოქმედოს პოლიცია, სხვა ფუნქცია დააკისროს.

_ პოლიტიზებას გულისხმობთ?

_ დიახ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაინც და მაინც დიდ შედეგებს ამ მიმართებით ვერ აღწევს. მე ველაპარაკე პოლიციის თანამშრომლებს და დავრწმუნდი, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი სურვილი აქვს, იმუშაონ როგორც პროფესიონალებმა, სხვა მინარევების გარეშე. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მათ ეს ფუნქცია სრულად დაუბრუნდებათ.

სამეგრელოში გვეუბნებიან: აქაური იდეოლოგები გვარწმუნებენ, რომ «ქართული ოცნების» გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ჩავბარდებით რუსებს, დაბრუნდებიან კანონიერი ქურდები, აღზევდება კრიმინალი და ა. შ. ამ მარტივი, პრიმიტიული იდეოლოგიით ცდილობენ ადამიანების გადაბირებას.

სოფლებში შეხვედრების დროს გარანტიას ვაძლევთ, რომ ასე არ იქნება.

_ მართლა სჯერათ, რომ «წარსული დაბრუნდება»?!

_ სოფლებში მოსახლეობა ხშირად ორ ნაწილადაა გაყოფილი. იმ ნაწილში, რომელშიც ანტენები, «თეფშები», დაამონტაჟეს, შეხვედრები ლაღად და თავისუფლად მიმდინარეობს. მეორეში, სადაც «გლობალ-ტვ» ჯერ კიდევ შესული არ არის, ე. წ. სახელისუფლო ტელევიზიების გავლენა აშკარად შეინიშნება. ამიტომაა, რომ სოფლის «ანტენიან» უბანში მცხოვრები მოსახლეობა დისიდენტებივით გამოიყურება.

უმრავლესობას აქვს იმედი, რომ ეს არჩევნები იქნება უკანასკნელი, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილ ისტერიკულ ფონზე ტარდება.

_ რას გეკითხებიან შეხვედრებზე?

_ ყველაზე ხშირად გვეკითხებიან: ჩვენ აუცილებლად მივალთ არჩევნებზე და მოგცემთ ხმას, მაგრამ დაიცავთ ჩვენს ხმებს?

ნიკარაგუის პრეზიდენტმა არჩევნების შემდეგ ოპონენტებს პირდაპირი ეთერით მიმართა: მე ვიცი, რომ თქვენ მოიგეთ არჩევნები, მაგრამ ხმების დათვლა ჩვენ მოვიგეთო.

ჩვენი ხელისუფლების ავტორიტარიზმი ნიკარაგუისას ენათესავება, ამიტომ არის ეჭვი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების თაობაზე.

სენაკელები 29 სექტემბერს საერთოსახალხო ერთობის დემონსტრაციაზე თბილისში აპირებენ ჩამოსვლას და, თუ საჭირო იქნება, იმ ღამეს თბილისის ქუჩებში გაათენებენ. ეს იქნება ხმების დასაცავად საყოველთაო მზადყოფნის არნახული დემონსტრაცია.

იდეა შესანიშნავია და მთელი ყურადღება თბილისისკენაა მიპყრობილი.

_ როგორ შეაფასებთ ამ დღეებში ტელეეკრანებზე ნაჩვენებ კლიპს «ასე ჩონგური…», რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მეგრულ სიმღერას ასრულებენ?

_ კარგად მღერიან, მაგრამ, ბავშვს რომ არ უხდება ამ სევდიანი სიმღერის შესრულება, მგონი, ყველა დამეთანხმება, ვინც ამ სიმღერის შინაარსს იცნობს. აქ ადამიანის ცხოვრების ისეთი დიდი სევდაა გადმოცემული, რომელიც სიმძაფრით ჰამლეტის მონოლოგს არ ჩამოუვარდება.

ამიტომ მომეჩვენა, რომ ხელოვნურია, ისეთივე ხელოვნური, როგორც ადრე აფხაზეთზე გადაღებული და ნაჩვენები კლიპი, რომელშიც ლელა წურწუმია გლისერით ბრუნდება სოხუმში.

სიმღერაზე ვაგრძელებთ საუბარს, მეგრულ სიმღერაზე: ფესვებმა გაიღვიძა.

სამეგრელოში შემოდგომის წვიმა ნისლიანია. ასეთი ნისლიანი წვიმის მელოდიის მოსმენა, გაყუჩება და ყურის დაგდება ნირვანასავითაა _ კოსმოსიდან დაღვრილი მშვიდი მუსიკა.

გავიხსენეთ, რომ წვიმიანი ნისლი, როგორც რამ სითბოთი სულის აღმვსები, შესანიშნავად არის გადმოცემული ალექსანდრე საჯაიას პოემაში «უტუ მიქავა»:

ეს ნისლია ლაკადური,

კოლხიდური კი არა,

მოიარა მელისქური,

ურთა გადაიარა

_ მეგრულად წვიმა ჭოროფაა, სიყვარული _ ოროფა. ხედავთ, რა საოცარი შესიტყვებაა? _ მეუბნება  ბატონი გურამი. ჭოროფის დროს სამეგრელოს სიყვარულით იჟღინთები და ნისლი გფარავს უმტკიცესად ნებისმიერი აბჯრისა.

შემოდგომა, წვიმა, ნისლი _ სიმშვიდე და გაყუჩება მხოლოდ მონატრებაა, სურვილი, რადგან საქართველოში დრო დგას ახალი ქარიშხლებისთვის სიცოცხლის გაწირვის (გალაკტიონის მიხედვით).

გურამ ოდიშარია ამ ბრძოლაშია ჩართული.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here