Home რუბრიკები პოლიტიკა არაბული ბუმერანგი

არაბული ბუმერანგი

1266

გასულ კვირას მსოფლიო მზარდი, პანიკაში გარდამავალი შეშფოთებით ადევნებდა თვალს მოვლენებს მუსლიმანურ ქვეყნებში, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა. ეს გამოსვლები მშვიდობიანი ყველგან როდი იყო _ ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩი და სამი მისი ხელქვეითი მოკლეს, იემენში, ეგვიპტესა და ტუნისში დემონსტრანტებმა აშშის საელჩოს შტურმით აღება სცადეს, ხოლო სუდანში დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებსაც შეუტიეს; ინციდენტების მთელი სერია სხვა ქვეყნებშიც მოხდა. შეტაკებებში პოლიციელებთან, რომელნიც დასავლური სახელმწიფოების საელჩოებს იცავდნენ, ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა. რატომ მოხდა და რა პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს ყოველივე ეს?

თავსატეხი ობამასთვის

დეტონატორად ამ მოვლენებისთვის იქცა აშშში გადაღებული ფილმი «მუსლიმთა უცოდველობა», რომელშიც მუჰამედი მატყუარად და უარყოფითი თვისებების მთელი ბუკეტის მატარებლად არის წარმოჩენილი, ხოლო მისი მიმდევრები _ დაუნდობელ მკვლელებად; ამ ფილმის ტრეილერი «იუთუბზე» ივლისში განათავსეს, სკანდალი კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ის არაბულ ენაზე თარგმნეს და 8 სექტემბერს ორწუთიანი ნაწყვეტი ფილმიდან ეგვიპტურმა ტელეარხმა _ «ალნას ტვ»- აჩვენა.

ფილმის რეჟისორია აშშ-ში მცხოვრები ნაკულა ბასელ ნაკულა (იგივე სემ ბეისილი), რომელიც ისლამს «კიბოს» უწოდებს. ის თავს ეგვიპტელ კოპტად წარმოადგენს, ისევე, როგორც მორის სადეკი, რომელმაც ფილმი არაბულად თარგმნა. ფილმის მომზადებასა და პრომოუშენში მონაწილეობდა სკანდალურად ცნობილი პასტორი ტერი ჯონსი, რომელმაც თავი ყურანის დაწვით გაითქვა.

ამ ფილმის მხატვრული ღირებულება, საყოველთაო აღიარებით, ნულოვანია, თუმცა აშკარაა, რომ მისი ავტორების მიზანი არა კინემატოგრაფის შედევრის შექმნა, არამედ პროვოკაციის მოწყობა იყო. ამ მიზნის მიღწევა მათ ნამდვილად მოახერხეს. მთელი კვირის განმავლობაში უამრავი ჟურნალისტი (და კონსპიროლოგი) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცდილობდა დაედგინა, ყოველივე მომხდარი თვითშემოქმედებით დაკავებული რამდენიმე ექსტრემისტის ძალისხმევის შედეგი იყო თუ დიდი შეთქმულების ნაწილი, რომლის უკან გაცილებით სერიოზული ძალები იდგნენ.

ერთი რამ ფაქტია: უშუალოდ არჩევნების წინ ბარაკ ობამას საკმაოდ რთული სიტუაციის რეგულირება მოუხდა. მისმა არასწორმა ნაბიჯებმა ისეთი კრიზისის პირობებში, რომლის განვითარებაზე მრავალი, მათ შორის, ძნელად ამოსაცნობი ფაქტორი მოქმედებს, შეიძლება შეიწიროს უპირატესობა, რომლითაც ის მიტ რომნის წინასაარჩევნო რეიტინგებში უსწრებს.

 ობამა 6%-ით ლიდერობს, თუმცა იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებმაც გამოკითხვის დროს თქვეს, რომ ხმის მისაცემად, დიდი ალბათობით, მივლენ, ეს სხვაობა მხოლოდ 1 პროცენტია. ამასთანავე, კომენტატორების დიდი ნაწილი თვლის, რომ რომნი შედარებით მეტ ამომრჩეველს მიიზიდავს მათი რიგებიდან, ვინც ჯერ კიდევ მერყეობს. ამ ორი გარემოების მიუხედავად, ექსპერტები უპირატესობას მაინც ობამას ანიჭებენ, თუმცა აღიარებენ, რომ წინასაარჩევნო ბრძოლის დასკვნითი ეტაპი საკმაოდ დრამატული იქნება. სწორედ ამ დროს მუსლიმანურ სამყაროში იწყება მოვლენები, რომელთაც შეიძლება სრულმასშტაბიანი კრიზისი და ობამასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამდენიმე პროცენტის «დადნობა» მოჰყვეს.

არაერთმა კომენტატორმა შენიშნა, რომ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, რომელიც 4-6 სექტემბერს ჩარლოტში (ჩრდილოეთ კაროლინა) ჩატარდა, ორგანიზატორები თითქოსდა ცდილობდნენ, «დაემალათ» აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ხოლო წინა პლანზე ბილ კლინტონი წამოეწიათ, როგორც «ყველაზე წარმატებული დემოკრატი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ», ობამას პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის პატივი წილად სწორედ მას ხვდა. გასაკვირი ამაში არაფერია, ობამას შტაბისთვის ძალზე არასასურველია ნებისმიერი პარალელი მათ ლიდერსა და კარტერს შორის, მითუმეტეს, რომ მათი გავლება ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდება. ორივემ შეცვალა პოლიტიკა აღმოსვლეთში და ჯიმი კარტერისთვის ეს საბედისწერო გამოდგა. იმაში, რომ ის რონალდ რეიგანთან 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა უდიდესი (თუმცა არა ერთადერთი) როლი დიდმა აღმოსავლურმა კრიზისმა შეასრულა, განსაკუთრებით კი მისმა ერთ-ერთმა ეპიზოდმა, ირანში მძევლად ამერიკელი დიპლომატების აყვანამ, მათი გამოხნის ამაო მცდელობებით.

ახლა კი პარალელებისთვის გვერდის ავლა ძალიან რთული გახდა, რადგან 33 წლის წინ, ჯიმი კარტერისთვის საბედისწერო 1979-ში, ზუსტად ასე უტევდნენ მუსლიმანურ ქვეყნებში ხალხის უზარმაზარი მასები აშშის საელჩოებს, იწვოდა შენობები, იღუპებოდნენ ადამიანები და მიაპობდნენ ტალღებს აღმოსავლეთით მიმავალი ამერიკული ხომალდები. ყველაფერი ეს უკვე იყო.

ქაოსის თეორია და პრაქტიკა

ისევე, როგორც დღეს, «არაბული გაზაფხულის» კვალობაზე, 1979-ში მუსლიმანური სამყარო დუღილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის მიზეზი ირანის ისლამური რევოლუცია და აშშ-ის მიერ ინიცირებული ისრაელ-ეგვიპტის კემპ-დევიდის სამშვიდობო შეთანხმება გახდა. ეს უკანასკნელი რადიკალებმა აღიქვეს, როგორც იმ პრინციპების ღალატი, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ მუდმივი, დაუნდობელი ბრძოლის წარმოებას გულისხმოდა. დაპირისპირებაში საერო, აშშ-ის მოკავშირე რეჟიმებსა და ისლამისტურ ოპოზიციას შორის ახალი ეტაპი დაიწყო.

1979 წლის 4 ნოემბერს ირანელმა სტუდენტებმა აშშ-ის საელჩო დაიკავეს და მძევლად 66 (ზოგიერთი მათგანი გამოუშვეს და მძევლების რაოდენობა 52-მდე შემცირდა) ამერიკელი აიყვანეს. ამჯერად ჩვენ გვერდს ავუვლით ამ ეპიკური კრიზისის აღწერას, რომელიც 444 დღეს გაგრძელდა და უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ ამ აქციის შემდეგ რადიკალებმა მთავარ სამიზნედ რეგიონში აშშ-ის საელჩოების აღქმა დაიწყეს. 20 ნოემბერს შეიარაღებულმა რელიგიურმა ფანატიკოსებმა დაიკავეს ალ-ჰარამის მეჩეთი მექაში, რომელიც მუსლიმებისთვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ჯერ (საკმაოდ უნიჭოდ) სცადა ინფორმაციის დამალვა ამ ფაქტის შესახებ, ხოლო შემდეგ ბუნდოვანი, ურთიერთწინააღმდეგობრივი ცნობების გავრცელება დაიწყო. მუსლიმანურ ქვეყნებში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა ხმები, რომ ამ წარმოუდგენელი მკრეხელობის უკან აშშ და ისრაელი დგანან. 21 ნოემბერს პაკისტანში აშშ-ის საელჩოს შენობების კომპლექსი გადაწვეს, დაიღუპა ორი ამერიკელი, ხოლო საელჩოს სხვა თანამშრომლები სიკვდილს  სასწაულებრივად, გარემოებათა ბედნიერი თანხვედრის გამო გადაურჩნენ. 2 დეკემბერს (ამ მომენტისთვის ალ-ჰარამის მეჩეთი გათავისუფლებული ჯერაც არ იყო) დაარბიეს აშშ-ის საელჩო ლიბიაში. აქ თავი გამოიჩინა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტმა ლიბიაში ჯეკ მაკკავიტმა. მან წინასწარ შეიტყო თავდასხმის შესახებ, გონივრულად დაგეგმა საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია და, ფაქტობრივად, გადაარჩინა ისინი. აღსანიშნავია, რომ საელჩოების დარბევის დროს, ადგილობრივი დიქტატორები, ზიაულჰაკი პაკისტანში და კადაფი ლიბიაში, ძალიან უცნაურად იქცეოდნენ, ისინი განსაცდელში ჩავარდნილი ამერიკელებისთვის დახმარების აღმოჩენას არ ჩქარობდნენ. გაჩნდა ეჭვი, რომ მათ დემონსტრანტებს «ორთქლის გამოშვების» შესაძლებლობა მისცეს, მეტიც, არაერთმა ავტორმა ივარაუდა, რომ მათ თავდასხმები განგებ დაუშვეს ან სულაც დაგეგმეს.

1979-ში აშშ-მა დაკარგა ირანი (საინტერესოა, რომ რეჟიმის ლიბერალიზაციაზე შაჰი ჯიმი კარტერმა დაიყოლია; ის, აგრეთვე, ეწინააღმდეგებოდა პროტესტების ძალისმიერ ჩახშობას და საბოლოოდ ყოველივე ეს ჰომეინის გამარჯვებით დაგვირგვინდა), ხოლო პაკისტანი და საუდის არაბეთი კოლაფსის ზღვარზე იდგნენ. ისლამისტი რადიკალების მიერ წაქეზებული «არაბული ქუჩა» აშშ-სა და რეგიონში მისი მოკავშირე რეჟიმების წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ დროს ბრეჟნევის ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და 1979 წლის დეკემბერში ავღანეთში ჯარები შეიყვანა. ამან კარტერის (შემდგომ კი რეიგანის) ადმინისტრაციას შესაძლებლობა მისცა, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული ენერგია ავღანეთისკენ, სსრკ-თან ბრძოლის კალაპოტში გადაემისამართებინა. თუმცა ის, რაც ტაქტიკური თვალსაზრისით მართებული ჩანდა, სტრატეგიულად მეტად წამგებიანი გამოდგა. ავღანეთი გახდა ერთგვარი სამჭედლო, სადაც რადიკალი ისლამისტები არა მხოლოდ შეიარაღდნენ, არამედ გლობალური ჯიჰადის იდეა გამოჭედეს. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, ჯინის შებრუნება ბოთლში შეუძლებელი გახდა, რადიკალი ისლამისტები 1979-ში გადადებულ პარტიას დაუბრუნდნენ და ისევ დაუპირისპირდნენ აშშ-სა და მის მოკავშირე რეჟიმებს მუსლიმანურ ქვეყნებში.

დღეს, როდესაც იწვის საელჩოები და მთელი მსოფლიოს ტელეეკრანებზე საშინელი კადრები ჩნდება, ობამას ადმინისტრაციას ხშირად საყვედურობენ იმის გამო, რომ «არაბული გაზაფხულის» ირიბი მხარდაჭერით, მან ასპარეზი მისცა ისეთ ძალებს და იდეებს, რომელიც თანამედროვეობასთან შეუსაბამოა; თითქოსდა ვაშინგტონს ბოლომდე უნდა გაემაგრებინა ძველი რეჟიმები, რომლებსაც სიტუაცია არაბულ ქვეყნებში ასე თუ ისე «ეჭირათ».

 თუმცა აქ, ალბათ, ერთმანეთისგან ემოციები და რაციონალური გათვლა უნდა გავმიჯნოთ; ეს სტრატეგია, ალბათ, ისეთივე უპერსპექტივო იქნებოდა, როგორც ვულკანის ამოფრქვევისთვის ხელის შეშლა. თუ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ (განსაკუთრებით ახალგაზრდა) ადამიანებს არ მიეცემოდათ შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება რევოლუციაში (და მომდევნო პოლიტიკურ ცხოვრებაში) მოეხდინათ, არაერთი მათგანი თავის ენერგიას შეიარაღებული ბრძოლისკენ მიმართავდა, რომელსაც სათავეში ექსტრემისტები ან სულაც ტერორისტები ჩაუდგებოდნენ. ეს ბრძოლა (5-10 წლის პერსპექტივაში), ძალიან დიდი ალბათობით, რეგიონს სრულ ქაოსში ჩაძირავდა, რაც გლობალურ უსაფრთხოებას უსერიოზულეს პრობლემებს შეუქმნიდა. ძველ, ძირგამომპალ რეჟიმებს სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან გაუჭირდებოდათ. დღეს ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ ზომიერი ძალები ნელ-ნელა მოათვინიერებენ და საბოლოოდ შთანთქავენ რადიკალებს, ხოლო «ვულკანის ამოფრქვევისთვის» ხელის შეშლის შემთხვევაში ეს სრულიად გამორიცხული იქნებოდა. საერთოდ, მართვადი ქაოსი უმართავ ქაოსს ბევრად სჯობს, ერთადერთი პრობლემა კი ისაა, რომ მისი მართვის დაუოკებელი სურვილი შეიძლება სხვასაც გაუჩნდეს.

აბა, შენ იცი, ბარაკ!

ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს, ისევე როგორც 33 წლის წინ, საელჩოებში შევარდნას წინ «საინფორმაციო ბომბის» აფეთქება უძღოდა, რასაც მორწმუნეების უკიდურესი გაღიზიანება მოჰყვა. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ 1979-ში ბევრი რამ «თავისით», შეცდომებისა და მათი თანხვედრის გამო მოხდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციასთან მიმართებაში მიზანმიმართული პროვოკაციის ვერსია გაცილებით ხშირად გამოიყენება.

პროვოკაციის მიზანი, სავარაუდოდ, გარკვეული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ფონის შექმნა იყო. წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკელი მაყურებლის წინაშე ორი ეკრანი დგას, მარჯვენაზე მიტ რომნი ობამას წარუმატებელ საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს, ხოლო მარცხენა ეკრანზე ამ დროს, თითქოსდა თქმულის საილუსტრაციოდ, უჩვენებენ კადრებს დამწვარი საელჩოებითა და ამერიკელი დიპლომატების ცხედრებით. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და საქმე, როგორც 1979-ში, მძევლების აყვანამდე ან მასშტაბურ ტერორისტულ აქტამდე მივიდეს. ერთგვარი პრელუდიის როლი ამისთვის გასული კვირის აქციებმა შეასრულეს.

იმის მტკიცება, რომ ყოველივეს ორგანიზება ობამას მოწინააღმდეგეებმა მოახდინეს (ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს ომის 2008-ში, რომელმაც ჯონ მაკკეინი კინაღამ გააპრეზიდენტა), შეერთებული შტატების რეალობაში გამორიცხულია, ამომრჩეველი ამას უკიდურეს კონსპიროლოგიად ჩათვლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. უტყუარი მტკიცებულებები ასეთ საქმეებში, როგორც წესი, არ არსებობს, და მათი მოპოვება რომც მოხერხდეს, ისინი მზის სინათლეს ვერ იხილავენ, რადგან ასეთი სკანდალი დარტყმის ქვეშ მთელ ელიტას დააყენებს და საზოგადოების თვალში მის დელიგიტიმაციას მოახდენს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გამოითქმის უამრავი ეჭვი ამ პროვოკაციის წინასაარჩევნო ხასიათის შესახებ, რომლის მიზანი ობამას «კარტერიზაცია» გახლდათ, ღიად ამ ვერსიაზე არც ერთი სერიოზული ამერიკელი პოლიტიკოსი ან ჟურნალისტი არ ისაუბრებს. ფაქტი ერთია, ჯერჯერობით ყოველივე, რაც ხდება, წყალს ობამას ახლოაღმოსავლური პოლიტიკის მოწინააღმდეგეებისა და მისი რესპუბლიკელი ოპონენტების წისქვილზე ასხამს.

ტაქტიკურმა ასპექტმა ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არ უნდა გადაფაროს. შეერთებულ შტატებმა ვერ შეიმუშავა პოლიტიკა, რომელიც ნორმალურ კალაპოტში მოაქცევს მის ურთიერთობებს არაბულ სამყაროსთან, ვაშინგტონი განუწყვეტლივ, ერთობ ნერვულად მანევრირებს, როგორც გემი აისბერგებს შორის და კრიზისების მუდმივი წარმოქმნა ჯერჯერობით გარდაუვალი ჩანს. შესაძლოა, ამიტომ ასე განიცდის რეგიონში შექმნილი სიტუაციის გამო ჰენრი კისინჯერი და ერთი მეორის მიყოლებით აქვეყნებს წერილებს, რომლებშიც ამერიკელ პოლიტიკოსებს იდეალისტური და რეალისტური მიდგომების სინთეზისკენ და სრულიად ახალი პოლიტიკის შემუშავებისკენ მიუწოდებს. გამორიცხული არაა, გამოცდილი მოხუცი გრძნობს, მომავალი ამერიკელებს აღმოსავლეთში დიდ განსაცდელს რომ უქადის. 

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here