Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის შემოდგომა

სააკაშვილის შემოდგომა

599

არჩევნებამდე ათიოდე დღე რჩება. ფინიშის სწორზე განვითარებულ ბრძოლაზე დაკვირვება, ზოგადად, ძალზე საინტერესოა და დღეს საქართველოში ამას ნერვული, მძიმე წინათგრძნობებით სავსე მოლოდინი უკავშირდება. ვერავინ დადებს თავს იმაზე, რომ უახლოეს დღეებში ხელისუფლება გამორჩეულად კლინიკურს არაფერს ჩაიდენს.

მთელი კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია ჯიუტად ავითარებდა ივანიშვილისა და პუტინის საიდუმლო კავშირის თემას, მას შემდეგაც კი, რაც ცხადი გახდა, რომ ეს ბრალდებები არაეფექტურია და აუდიტორია, უბრალოდ, დასცინის დუჟმორეულ სახელისუფლო პროპაგანდისტებს. თუ დრამატურგიის კანონებს გავიხსენებთ და «ნაციონალური ლოგიკის» ჩაწვდომას შევეცდებით, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ მათ, ისევე, როგორც წარსულში, საქმე ისევ «შეთქმულების გახსნამდე» და «გადატრიალების მცდელობის აღკვეთამდე» მიჰყავთ. ალბათ, არც თუ უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ მალე ჩვენ ამ ძალისხმევის გვირგვინს, «ვანო ფიქჩერსის» (აწ უკვე «ბაჩო ენტერტეიმენტის») მორიგ ნაცოდვილარ შედევრს ვიხილავთ, რომელიც პუტინივანიშვილის შეთქმულების ნეიტრალიზებაზე მოგვითხრობს.

ნაკლებად სავარაუდოა, მსგავსმა ბრალდებებმა ამომრჩეველზე განმსაზღვრელი ზეგავლენა მოახდინოს. მეტიც, მათი ეფექტი, დიდი ალბათობით, ხელისუფლებისთვის ნეგატიური იქნება, თუმცა საბოლოო მიზანი შეიძლება სხვაგვარი იყოს. მმართველი ჯგუფისთვის არასაკმარისია, ცესკომ მისთვის სასურველი ციფრები გამოაქვეყნოს. თუ ოპოზიციური კოალიცია ისეთივე ძლიერი დარჩება, როგორც დღეს არის, სააკაშვილის რეჟიმი მუდამ უსერიოზულესი საფრთხის წინაშე იდგება, მიუხედავად იმისა, რამდენი «ნაციონალი» შევა პარლამენტში.

ამიტომ «ქართული ოცნების» ანიჰილაცია სააკაშვილის ჯგუფს, სავარაუდოდ, ხელისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე «ენ რაოდენობის» სადეპუტატო მანდატების მისაკუთრება. ამისთვის მან შეიძლება გამოიყენოს «შეთქმულებისა და აღკვეთილი გადატრიალების» თემა: არჩევნების წინ იმისთვის, რომ შეეცადოს (ალბათ, ამაოდ) ელექტორატზე ზემოქმედება მოახდინოს, უშუალოდ არჩევნების შემდეგ იმისთვის, რომ დამატებითი არგუმენტები ჰქონდეს ხარატიშვილის მიერ გამოცხადებულ შედეგებზე საუბრისას («ხალხმა დაინახა ვისთან აქვს საქმე»-ს სტილში), ხოლო მოგვიანებით _ რეპრესიების გამართლებისთვის. აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ უახლოეს დღეებში ხელისუფლება დიდ ეკრანზე მორიგ ჯაშუშურ ბლოკბასტერს გამოუშვებს, არც ისე მცირეა; არაერთი გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ, ისევე, როგორც წარსულში, ამ მიმართულებით მიდიან.

კიდევ ერთ უხეშ გამოხდომა ხელისუფლების მხრიდან არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, შეიძლება ზუგდიდში, «ქართული ოცნების» 22 სექტემბრის აქციაზე ვიხილოთ. შესაძლო ინციდენტზე ზუგდიდში, უკვე რამდენიმე თვეა, საუბრობენ. ამ პერიოდის განმავლობაში ერთი მეორის მიყოლებით დაიმსხვრა მითები იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის ქალაქი (ქუთაისი, ბათუმი და ა. შ.) «ნაცმოძრაობის» მიმართ განსაკუთრებით ლოიალურია და უკანასკნელ ციტადელად ამ მხრივ ზუგდიდი მოიაზრება. ამ მითების მიზანმიმართული შეთხზვით ხელისუფლებამ თავად მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ზუგდიდში «ქართული ოცნების» მიერ მასშტაბური აქციის ჩატარება ელექტორატის საკმაოდ მოცულობით ნაწილში აღქმული იქნება, როგორც სააკაშვილისა და ახალაიების ოჯახის დამამცირებელი მარცხი; შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება ოპოზიციის ტრიუმფის ჩასაშლელად.

იმ გარემოებას, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და უცხოელი დამკვირვებლები ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, მინიმუმამდე დაჰყავს იმის ალბათობა, რომ ოპოზიციონერი დემონსტრანტების წინააღმდეგ რაიმე უმნიშვნელო ან სულაც გამოგონილი საბაბით ოფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურები ამოქმედდებიან. მაგრამ ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ ზონდერბრიგადებს მასირებულად გამოიყენებენ და მეტად საშიშ პროვოკაციებს მოაწყობენ; თანაც ეს ის შემთხვევაა, როდესაც «ინიციატივა ადგილებზე» შეიძლება გონივრულობის ყოველგვარ ჩარჩოს გასცდეს.

იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, თუმცა იმის საფრთხე, რომ ხელისუფლება 22-ში ზუგდიდში ძალიან ცუდად მოიქცევა, ნამდვილად არსებობს.

საქართველოში ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ უშუალოდ არჩევნების წინ სააკაშვილმა შეიძლება დაძაბოს ვითარება კონფლიქტური რეგიონების სიახლოვეს ან რაიმე ისეთი მოიმოქმედოს, რაც ახალ ომს მთავარ, მეტად აქტუალურ თემად გადააქცევს. თუმცა, როდესაც ლოპოტას ხეობაში ტყვია გავარდა და ახალი საფრთხე გამოიკვეთა, საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი ხელისუფლების გვერდით კი არ დადგა (რაზეც, შესაძლოა, ოცნებობდა სააკაშვილი), არამედ შეუტია მას, პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა და სიცრუეში ამხილა. როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა, ნაკლებად სავარაუდოა, ახალმა საომარმა თამაშმა არჩევნებამდე დარჩენილ ათიოდე დღეში ხელისუფლებას რაიმე სარგებელი მოუტანოს, რაც მისი დაწყების ალბათობას, ასე თუ ისე, ამცირებს.

ყოველივე თქმული ეხებოდა უხეშ, ისტერიული ხასიათის ნაბიჯებს თამაშის წესებისა და გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინების გარეშე, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება არჩევნებამდე დარჩენილ დეკადაში გადადგას. სამივე განხილული ვარიანტისთვის ანალოგის მოძებნა უახლოეს წარსულში შეიძლება, თუმცა მმართველ ჯგუფს არ დარჩა საკმარისი რესურსი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომელიც ყოველივე ამის «გაპრავებას» უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, საკუთარ შიშებსა და ვნებებს აყოლილმა სააკაშვილმა ამის გაკეთება შეიძლება სცადოს.

სააკაშვილს ჰაერივით სჭირდება არგუმენტები იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც დაარწმუნოს ქართული საზოგადოება და უცხოელები იმაში, რომ ციფრები, რომელთაც 2 ოქტომბერს ცესკო გამოაქვეყნებს (იგულისხმება «ნაციონალებისთვის» სასურველი ვარიანტი), ლოგიკურია და გაყალბების შედეგი არ არის. «ენდიაის» რეიტინგებმა ეს როლი ვერ შეასრულა, მათ უნდობლობა საზოგადოების უმრავლესობამ გამოუცხადა (2/3-დან 3/4-მდე სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით). აგდებული დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის წინასაარჩევნო გამოკითხვების მიმართ სხვადასხვა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა გაამყარეს და ბოლოს, ერთობ ირონიულად წინასაარჩევნო სოციოლოგიის თემაზე, თბილისში გასულ კვირას ჩამოსულმა ევროპელმა მინისტრებმა ისაუბრეს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა თქვა, რომ რომ «ზოგჯერ წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები დიდად განსხვავდება რეალური შედეგისგან» («ინტერპრესნიუსი»), ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა კი დაამატა: «დიდი ყურადღება რომ მიმექცია წინასაარჩევნო გამოკითხვებისთვის, ათი წელია, პოლიტიკაში უკვე აღარ ვიქნებოდი». ევროპელმა სტუმრებმა, შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიეს (ან კიდევ ძალიან კარგად შეამჩნიეს), რომ ამ, ერთი შეხედვით უწყინარი რეპლიკებით, «ენდიაის» რეიტინგების კუბოში უკანასკნელი ლურსმანი ჩააჭედეს. ასეა თუ ისე, ფრაზა: «არჩევნების შედეგებმა ასახეს ობიექტური რეალობა, რომელიც ადრე «ენდიაის» გამოკითხვებში დაფიქსირდა», პოსტსაარჩევნო საქართველოში არ იმუშავებს.

«ქართულმა ოცნებამ» აჯობა «ნაციონალურ მოძრობას» იმ თვალსაზრისით, რომ მოსაზრებები «სააკაშვილი აგებს», «ხელისუფლება მარცხდება», «გადარჩენისთვის იბრძვის», «25%-ზე მეტს ვერ აგროვებს» და ა.შ. გაცილებით ფართოდ გავრცელდა, ვიდრე საპირისპირო. არა მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებმა, არამედ ხელისუფლების მომხრეების დიდმა ნაწილმაც ირწმუნა, რომ «ნაცმოძრაობის» საქმე ძალიან ცუდადაა (რეალურადაც უჭირს, თუმცა ამჯერად ჩვენ დამოკიდებულებასა და განწყობაზე ვსაუბრობთ). საინფორმაციო ომის ამ, უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ, ეპიზოდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მასზე მიბმულია საკვანძო მტკიცებულება «გაყალბების გარეშე სააკაშვილს არაფერი გამოუვა». სტრატეგიული მარცხი სააკაშვილმა მაშინ იწვნია, როდესაც ეს მოსაზრება საზოგადოებაში დომინანტური გახდა. სწორედ მისგან გამომდინარეობს იმ პრობლემების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს აქვს; მანიპულირება «ენდიაის» რეიტინგებით ასეთი ფსიქოლოგიური ფონის პირობებში დადებითს ვერაფერს მოუტანდა.

თუ ცესკოს მიერ გამოცხადებული ციფრები დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც «ენდიაის» რეიტინგებში, ქუჩაში მილიონი ადამიანის გამოსვლა გარანტირებულია და ეს მოხდება არა იმდენად ბიძინა ივანიშვილის მოწოდების გამო, არამედ იმიტომ, რომ დემონსტრანტები შინაგანად დარწმუნებულები იქნებიან იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა. რა ძალებით შეაჩერებს ხელისუფლება ამ მასას? ან რამდენი ჰყავს ყველაფერზე (!) ხელის მომწერი ზონდერი? ერთი ბატალიონი? ორბატალიონ-ნახევარი? მაგრამ ყველა ეს პრობლემა, რომელიც სააკაშვილს შეიძლება რეალობაში შეექმნას, გამომდინარეობს იმ შეცდომებიდან, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უხილავ სივრცეში დაუშვა. 

როდესაც 2004-ში დავწერე, რომ სააკაშვილს საზოგადოებასთან ურთიერთობის არაფერი გაეგება და მალე ნახევარ საქართველოს გადაიმტერებს, ლამის ერეტიკოსად შემრაცხეს. მაშინ მიჩნეული იყო, რომ «პიარში» სააკაშვილი ისეთივე წარმატებულია, როგორც ბობი ფიშერი ჭადრაკში; თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მან და მისმა ჯგუფმა ვერ მოახერხა იმ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ფუნდამეტის გაჭრა, რომელსაც რეჟიმის ხანგრძლივი, სტაბილური არსებობა დაეფუძნებოდა. დაიწყო ქვეყნის კოშმარული მარში კრიზისიდან კრიზისამდე, რომლის დროსაც ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილის შესაძლებლობების მაქსიმუმი პრიმიტიული პროპაგანდაა, რომ მის ხელისუფლებას არ შეუძლია საზოგადოების მაღალტექნოლოგიური, ეფექტური საინფორმაციო დამუშავება და მოწინააღმდეგეებს ზებგერითი სიჩქარით იმრავლებს. აქ საქმე მხოლოდ უგუნურ პოლიტიკაში როდია, ძალიან დიდი მნიშვნელობა მის საინფორმაციო უზრუნველყოფასა და ფსიქოლოგიურ ასპექტსაც აქვს. 

ავიღოთ რომელიმე ბოლოდროინდელი ეპიზოდი, თუნდაც ინციდენტი ლოპოტას ხეობაში, რათა ვნახოთ, რომ, საინფორმაციო თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ის პირწმინდად წააგო. იგივე მოხდა არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებას თითქოს ბრალდებულთა სკამზე სვამენ, ის კი წამოდგომას ცდილობს. წამოდგება თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის იმ მომენტშივე დამარცხდა, როდესაც პირობითი «სკამის» უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა. 

გასაკვირი არაა, რომ სააკაშვილი უკონკურენტო რეალობისკენ ისწრაფვის და მხოლოდ სუფთა (ან თუნდაც, ნაწილობრივ სუფთა) ტექნოლოგიების გამოყენებით ბრძოლა არ შეუძლია. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ის აცნობიერებს თავის მოკრძალებულ შესაძლებლობებს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერ, რამდენადმე გონიერ ოპონენტთან პაექრობაში, საინფორმაციო სივრცეში იქნება თუ სადმე სხვაგან, წარმატების მიღწევის შანსი არ აქვს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here