Home რუბრიკები პოლიტიკა მეუფე ყანდური

მეუფე ყანდური

1799

გიგლა ბერბიჭაშვილმა ილია ჭავჭავაძეს ტყვია დაახალა, ხოლო მეუფე ყანდური (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) ილია მეორეს უთხრის ორმოს!

დიდი ჭაბუას უკვდავი რომანის პერსონაჟი ყანდური გამახსენდა, როდესაც ის ამაზრზენი კადრები ვიხილე, რომლებშიც ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და მისი «კარის მოძღვარი», მამა აბრამი, ნიღბიანი ზონდერებივით იქცეოდნენ. დიახ, ნიღბიანი, რადგანაც მათი ნიღაბი ანაფორაა _ სინანული და სათნოება კი არა, ეპარქიის პრესსამსახურმა მეუფე ყანდურის (ასე მოვიხსენიებ მეუფე გრიგოლს) სახელით უკვე გააკეთა განცხადება, რომლიდანაც გამოდის, რომ მოძალადე ის სუსტი ჟურნალისტი გოგონაა, რომელსაც ფიზიკურადაც შეეხნენ, კამერაც დაუმტვრიეს და რომელიც თურმე ადრეც ყოფილა შემჩნეული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვერაფერს იტყვი, მართლაც «ნაციონალების» საუკეთესო ტრადიციებში ჯდება ეპარქიის პრესცენტრის ეს განცხადება!

 

ახლა, რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვიხსენიებ ფოთის ეპისკოპოსს ყანდურად:  მეუფე გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, ნამდვილად არ ყოფილა ბაზრის ქურდი, არც საცოლეს საკაბე მოუპარავს და მითუმეტეს «მშიერი და ტილიანი» არავინ დადიოდა მაშინ.

ისე, «მე და ეგ ერთად ვისხედით» თბილისის #134-ე (ამჟამად 35-ე საფეხბურთო სკოლა) სკოლაში 5 წელიწადი ერთ კლასში. თუმცა ამ შემთხვევაში «თანაკლასელობა» ხმამაღლაა ნათქვამი, რადგანაც ვალოდია ჯინჭარაძესავით რადიატორთან უფრო იჯდა _ ვერ ვიხსენებ მას სადმე კლასელების შეკრებაზე, მაშინ ძირითადად ერთმანეთის დაბადების დღეებზე დავდიოდით; ვერც იმას, თუ ვინმესთან განსაკუთრებულად ძმაკაცობდა; არც ფეხბურთის თამაშში; არც კოლექტიურ შატალოზე და ა. შ. რა ვიცი კიდევ, თანაკლასელობა სხვა რა არის?!

მოკლედ იყო, რა, ჩუმჩუმელას რომ ეტყვიან, ისე. კაცი ვერ გაიგებდა, რა უყვარდა და რა სძულდა, რა უხაროდა და რა სწყინდა და, ალბათ, მის ოდესღაც არსებობასაც მხოლოდ მესამე კლასში გადაღებული კოლექტიური ფოტოთი თუ გავიხსენებდი, რომ არა გურამ ბერბიჭაშვილის მოულოდნელი თავბრუდამხვევი საეკლესიო კარიერა, მაგრამ ამაზე ქვემოთ…

ისე, არც კლიჩკა ჰქონია (მაგასაც «დამსახურება» უნდა) და ამიტომ წერილის სათაური მიჩუქებია _ ვინძლო ისე მიეკეროს, როგორც თავის დროზე თეა თუთბერიძეს მივაკერე ამავე გაზეთში, «ბუდარიხა»!

რაც შეეხება მის «კრიმინალურ წარსულს», ერთხელ და სამუდამოდ მინდა ნათელი მოვფინო _ სხვისი მოპარული მანქანები გადაჰყავდა «ჩერეზ» (მაშინ ჯერ კიდევ ორჯონიკიძე ერქვა) ვლადიკავკაზით და ჰერი, ჰერი იქით, დიდ რუსეთში, სადაც მოიხადა კიდეც რამდენიმეწლიანი სასჯელი!

ეს ისე, ცნობისთვის. ეგ იყო და ეგ, რადგან ჩასაფრებულ, არამკითხე ჟურნალისტებს იმდენი ჭორი დაუწერიათ თუ უთქვამთ მეუფე ყანდურის ჯეელობაში ჩადენილი კრიმინალის შესახებ, რომ, როგორც ბექარა ჯეირანაშვილი იტყოდა, «თავადაც შამშინებია». არა, ბატონო ჟურნალისტებო, ბალთაზარ კოსა ნამდვილად  ვერ არის ჩვენი მეუფე ყანდური.  დიდი, დიდი ნაქურდალის გამსაღებლობა «გაქაჩოს», ანუ ბარიგობასაც რომ ეტყვიან და რადგან არც «ტაძარი დაუძრავს რუსეთში», ვერც იმას დაადასტურებს ვინმე, რომ კოსტა დასტურიძესავით «გარგლიტოლა და ჭერმიტოლა» ბრილიანტებს ყლაპავდა და ასე «უტეხავდა» ქურდებს წილებს…

«ის ვადა მოიხადა, ყინწვისის მონასტერში ბერად აღიკვეცა. რამდენიმე წელიწადი იქ იყო, მერე რაღაცნაირად მოახერხა, შავი მანტია გაიხადა, მღვდლად ეკურთხა და იქ სწირავდა, სანამ ეგზარხოსად მთავარეპისკოპოს ალექსი ოპოცკის დანიშნავდნენ», _ ასეთი ეპიზოდიც არის «დათა თუთაშხიას» პერსონაჟის, ყანდურის, ბიოგრაფიაში. ჩვენი მეუფე გრიგოლ-ყანდურის უფლისკენ სავალი გზაც შავი ბერობით უნდა დაწყებულიყო ისევე, როგორც ყველა ნაციხარის უმეტესობისა. მისასალმებელია, რომ სინანულში ჩავარდნილ ნაპატიმრალს უფალთან მისასვლელ გზას არ უკეტავს ჩვენი დედაეკლესია, მაგრამ, დალოცვილო, გზაც არის და გზაც _ კრიმინალური წარსულის თუ სხვა მძიმე ცოდვის «ძე შეცთომილნი», როგორც წესი, მიყრუებულ მონასტრებში აღიკვეცებიან ხოლმე და იქ, ამქვეყნიური ამაოებისგან შორს, შავი ბერის ჩოხაში მარხულობენ, ლიტანიობენ და მარტვილობენ, ეს კიდევ ლამის ყოველ ნაბიჯზე იძახის საქართველოს მომავალი პატრიარქი მე ვარო!..

ეკლესიური გზა ერთია და კარიერა _ მეორე. არა მგონია, ერისთვის და მრევლისთვის  სასიამოვნო იყოს, რომ გუშინდელი, თუნდაც გულწრფელი სინანულით ცოდვამონანიებული, მაგრამ მაინც «ნაბარიგალი», დღეს ეკლესიის უმაღლესი იერარქი, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიის ხელმძღვანელი და წმინდა სინოდის წევრი რომაა! მითუმეტეს მაშინ, თუ ნაპატიმრალი იერარქი არა მხოლოდ ზემოთ ნახსენებ სატელევიზიო კადრებში გამოირჩეოდა, არამედ ადრეც იყო შემჩნეული, რბილად თუ ვიტყვით, უკეთურობაში

გახსოვთ, ალბათ, 2009 წელს აზვირთებული საპროტესტო მოძრაობისას, როდესაც მთელი სტადიონი ხალხი მიაყენეს სამების ტაძარს, რათა ერის სულიერი მამისგან მოესმინათ ის, რასაც «ჩუმის ნატვრითა ნატრობდა ქართველი». ეს არ მოხდა და იქნებ მართებულადაც, რადგანაც პატრიარქის მიერ გაკეთებულ მკვეთრ განცხადებას შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყოლოდა. სამაგიეროდ მეორე დღეს გააკეთა მისმა უწმინდესობამ შედარებით რბილი განცხადება, ვადამდელი  და  სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ!

ჰოდა, მაშინ ისიც გემახსოვრებათ, რომ ხმა გავარდა თბილისში, ილია მეორეს  სინოდის სამმა წევრმა ულტიმატუმი წაუყენა გადადგომის და ახალი პატრიარქის არჩევამდე სინოდალური მმართველობის შემოღების თაობაზეო. იმ სამიდან ერთ-ერთად სწორედ მეუფე ყანდური სახელდებოდა!

საპატრიარქომ, რა თქმა უნდა,  უარყო ეს ამბავი, მაგრამ «შუბი ხალთაში ვერ დაიმალა» და დღესაც დარწმუნებულია საზოგადოების უმრავლესობა იმ ინფორმაციის ნამდვილობაში!

ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი «საიდუმლო გაგიმხილოთ»: ჩემი თანდასწრებით დაურეკა ამით აღშფოთებულმა  რეზო ამაშუკელმა მეუფე ყანდურს და პოეტისათვის «შეუფერებელი» ლექსიკით, რომ იტყვიან, «ტრუბაში გააძვრინა» მოულოდნელობისგან თუ შიშით ხმაჩაკმენდილი მიტროპოლიტი!

ბარემ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბატონ რეზოს ამას წინათაც ვესაუბრე, მითხრა: _ ნაცების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, გადაწყვეტილია პატრიარქის გადაყენება და ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ, ეს თუ გაბედეს, პირადად გავალ ქუჩაში და მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებო!

ვფიქრობ, დაეჯერება ამ ხელისუფლებასთან უკომპრომისობით ცნობილ პოეტს. მითუმეტეს რომ მსგავსი საუბრები ამ ბოლო ხანს საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილშიც მუსირებს და, რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლების ასეთი სურვილები არსებული ვითარების ლოგიკურ გაგრძელებად მოჩანს…

მერე იყო და შარშან ზაფხულს, როდესაც პარლამენტში ის კანონი მიიღეს ურა-ვაშათი, რომლითაც ორიათასწლოვანი ქართული ეკლესია იურიდიულ-უფლებრივად არა თუ ე. წ. ტრადიციულ კონფესიებს, არამედ სატანისტურ სექტებსაც კი გაუთანაბრდა, საქართველოს პატრიარქის განცხადების შემდეგ, რომ ეს ამბავი, არც მეტი, არც ნაკლები, მომავალში საქართველოს ეკლესიის ამოგდებას ნიშნავდა, ერი და ბერი ქუჩაში გამოვიდა. სამი დღის მანძილზე, გაგანია სიცხეში, ქაშუეთი-სამების «ტრასაზე» იქით-აქეთ გვატარეს და შემდეგ წმინდა სინოდის განჩინება აგვაფარეს სახეზე, რომელიც ღაღადებდა, რომ სინოდმა გააკეთა მთავარი _ შენარჩუნებულ იქნა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება!

პატრიარქის ნების საწინააღმდეგო ამ ცინიკური განჩინების ავტორები სინოდში არსებული იმ დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც, სამწუხაროდ, უმრავლესობას წარმოადგენენ და რომელთა ერთ-ერთი ლიდერიც უეჭველად მეუფე ყანდურია, რადგანაც სწორედ იგი ბრძანდებოდა ერთ-ერთი იმ «ტროიკიდან», ვის ფონზეც წაგვიკითხეს იმ სამარცხვინო განჩინების ტექსტი!

ისე, ცნობისათვის: 1917 წელს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა , მაშინვე შეიქმნა წმინდა სინოდის პარალელურად, ე. წ. საკათალიკოსო საბჭო, რომელშიც ისეთი მამულიშვილები შედიოდნენ, როგორებიც იყვნენ: კორნელი კეკელიძე, სიმონ ჯანაშია, ივანე ჯავახიშვილი და ა.შ. სხვა მრავალი ავტორიტეტები.

მაშინდელი წმინდა სინოდი, დღევანდელივით დახურულ, გასაიდუმლოვებულ რეჟიმში კი არ მოღვაწეობდა, არამედ, თვით ლეგენდარული, წმინდა ამბროსი ხელაიას მეუფების ჟამსაც კი წმინდა სინოდი საკათალიკოსო საბჭოსთან კონსულტაციის, ანუ, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე არ იღებდა ერისა და ბერისთვის უმნიშვნელოვანეს განჩინებებს!!!

გვინდა თუ არა, არსებობენ სიკეთით ან ბოროტებით ისტორიულად დაღდასმული გვარ-სახელები. ამიტომ არის, რომ, როდესაც მაია ორჯონიკიძე ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ ის მამაკაცი არ არის, მაინც სერგო ორჯონიკიძე გახსენდება, ხოლო, როდესაც იმავეს ლევან ჩოლოყაშვილი სჩადის, გული გწყდება, რომ სახელოვანი გვარიშვილია…

მიმიხვდით არა მინიშნებას? _ გიგლა ბერბიჭაშვილმა ილია ჭავჭავაძეს ტყვია დაახალა, ხოლო მეუფე ყანდური (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილიილია მეორეს უთხრის საფლავს! თორემ ვინ მამაძაღლი, ყანდური, რომ რუისურბნელი მეუფე იობი იყოს, მისი ბერბიჭაშვილობა ვის გაახსენდებოდა?!

ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა, განტვირთვისთვის…

ხუმრობა გაშვებით: სინოდის ხელისუფლებიდან მართულ წევრებს ტროცკისტულ დაჯგუფებადაც უხმობენ, რომელთა მიმართ ნაცების კეთილგანწყობის ხილული სიმბოლო ის ყბადაღებული შავი ჯიპებია. რაც შეეხება უხილავს, «ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა», ანუ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია. თუმცა, როგორც ამბობენ, ასეთი მამაოების, რბილად რომ ვთქვათ, კონფორმიზმი ხელისუფლების ხელში მათზე არსებული კომპრომატებითაც არის განპირობებული!

 ჰოდა, ისინიც «ტუფლებიდან ხტებიან» და ზოგი (კალისტრატე) კვირაში ერთხელ აღმაშენებელს უტოლებს სააკაშვილს, ხოლო ზოგიც (მამა შიო შავნაბადელი), ვისაც მიშა არ გიყვართ, აქ არ შემოხვიდეთო! ყველანი ერთად კი,  დაწყევლის მუქარით საკუთარ მრევლს მოუწოდებენ, რომ არჩევნებზე ხუთიანი შემოხაზონ, რადგანაც კარგად უწყიან, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე, როგორც მიშნაცებს _ სასამართლო, ისე ყანდურებს ახალი რუის-ურბნისი არ ასცდებათ!

და რა არის ეს, თუ არა შეფარული ადმინისტრაციული, ოღონდ ეკლესიური რესურსი? თანაც ისეთი კომუფლირებული, ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია  ვერ მოედავებათ _ პატრიარქის მოწოდება ბაგრატის ტაძრის კურთხევის დღისთვის ხომ პრაქტიკულად სააკაშვილის პიარაქციად აქცია მეუფე კალისტრატემ _ აი, იქ იდგა დავით აღმაშენებელი მეფედ კურთხევის დროსო და, ვით ჭყონდიდელმა, ძვირფასი ჯვარხატი უბოძა «ახალ აღმაშენებელს».

«ქართული ოცნების» დისკრედიტაციის კარგად დაგეგმილ მცდელობასაც ჰგავდა ეს აშკარა ფარისევლობა! რაც ნაწილობრივ მოხერხდა კიდეც, რადგანაც ბევრი  უკმაყოფილო შეფასება მოვისმინე იმ დღეს და კიდევ კარგი, «მეოცნებეებმა» «არ ჭამეს» და პურის საჭმელადაც არ დასხდნენ ბანკეტზე, თორემ ვინ იცის, ბახუსი ოხერია და იქნებ სააკაშვილალასანიას  ვახტანგურიც გვეხილა

შემდეგი ბანკეტი მომავალ კვირას, არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, დაიგეგმა მეუფე ყანდურის ეპარქიაში, სადაც ახალი, აია-სოფიად წოდებული ფოთის ტაძარი უნდა აკურთხონ და სადაც ასევე მიიწვია მისმა უწმინდესობამ პოზიციაც და ოპოზიციაც; ტაძარი, რომლის ეზოშიც გამოკრულია სააკაშვილის ვებერთელა სურათები, რაც გახდა კიდეც მიზეზი მეუფე ყანდურის კონფლიქტისა ჟურნალისტებთან!

 ვნახოთ, რა იქნება: აიღებენ თუ არა ნაცების ადმინისტრაციულ-ეკლესიური რესურსის აშკარა ნიმუშს? ამჯერადაც მორჩილად მიიღებს პატრიაქის მიპატიჟებას ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გახდება ფარისევლური მასკარადის მონაწილე თუ?.. და ყველაზე მთავარი _ «გაქაჩავს» კი მთელი კვირა პრეზიდენტი თუ ჯოჯოების, მუმიების, მღრღნელების ლექსიკას დაუბრუნდება?!

დავით მხეიძე

 

P.S. ღმერთია მოწამე, რომ ამ წერილის დაწერა არ მინდოდა, რადგანაც ქართველი ვარ და საკუთარ კლასელზე საუბრისას, თუნდაც მასზე, ვისთანაც საერთო არასოდეს არაფერი მქონია, მაინც გული მეთანაღრება, მაგრამ წერილის თავში ნახსენები ეპიზოდი ბოლო წვეთი აღმოჩნდა, თორემ ყოველივე ზემოთქმულიდან ხომ ჩანს, რომ მსგავსი წერილის შექმნის მიზეზსაბაბი ადრეც მქონია?!

წერილი უკვე თითქმის მზად მქონდა, როდესაც შევიტყვე, რომ ვიღაც გათახსირებულებს ქაშუეთის გალავნის კედელზე წმინდა ნინოს ფემინისტური კარიკატურა მიუჯღაბნიათ წარწერამოწოდებით «თავისუფლება Pussy riot!», ანუ იმ პანკფემინისტთა ტრიოს, რომელთაც რუსეთში მაცხოვრის ტაძრის წაბილწვისთვის ორორი წელი «მიარჭეს»!

ეს საგანგაშო ფაქტი (წმინდა ნინოს შეურაცხყოფა), რომ იტყვიან, «ლაითად» გაშუქდა _ «მაესტრომ» სულ რაღაც ნახევარწუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. არადა, ამერიკელებს მუჰამედის შეურაცხმყოფელი ფილმით ამაზე მეტი კი არაფერი გაუკეთებიათ, რის გამოც მუსლიმებმა ლამის მთელი მსოფლიო ააოხრეს და დღესაც ვერ დაწყნარებულან!!!

რაც ყველაზე მეტად საწყენია, ქაშუეთის ეზოში გამართულ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციაზე საერთოდ არ ჩანდნენ მაღალი რანგის სასულიერო პირები და საპატრიარქოც ჯერჯერობით დუმს.

არადა, სწორედ მათ უნდა დაერისხებინათ განგაშის ზარები და ახლა მეუფე ყანდურზე კი არ უნდა ვწერდე, არამედ მთელი მედია ამით უნდა იყოს გაჯერებული!

და ბოლოს, ერთი შეკითხვა, რომელზე ფიქრიც მზარავს, მაგრამ რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას _ რა კომპრომატი აქვს ხელისუფლებას ასეთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებზე, რომ სასულიერო პირებს, რომლებიც მხოლოდ უფლისა და სჯულის კანონის წინაშე უნდა იყვნენ მორჩილნი, ასე ციბრუტივით ატრიალებს თავის ნებაზე?


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (გურამ ბერბიჭაშვილის) კაბინეტი

ეს არ არის რომელიღაც კოლუმბიელი ნარკობარონის აპარტამენტები, ეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (გურამ ბერბიჭაშვილის) კაბინეტია, რომელშიც, როგორც თავადაც ხედავთ, მდიდრული ინტერიერისა და ფუფუნების საგნების გარდა, არათუ ხატის ჭაჭანება არ არის, ქრისტიანულ ჯვარსაც ვერსად მოჰკრავთ თვალს

1 COMMENT

  1. დიდი ხანია ასეთი ბინძური წერილებით ებრძვიან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს,მეუფე გრიგოლს. ( ბერბიჭაშილი) საინტერესოა,კონკრეტულად ამ წერილის ავტორს რა საოცარი მეხსიერება ჰქონია, რომ მესამე, თუ მეხუთე კლასამდე ასე დეტალურად დაამახსოვრდა თანაკლასელი. ამ ასაკში ბუნდოვანი მეხსიერება აქვთ ხოლმე, მაგრამ ამ წერილისთვის როგორც ჩანს ასე იყო საჭირო. მეორე საკითხი ის არის, რომ დღეს ყველა მღვდელმთავარს ყავს ე.წ ძვირადღირებული ავტომანქანა და კარგად მოწყობილი რეზიდენცია, რაც თავის მხრივ რატომ აბოროტებს ასეთ ხალხს, როგორც ამ წერილის ავტორს, გასაგებია. მაგრამ რატომღაც მაინცა და მაინც მეუფე გრიგოლის პრადო ეჩხირებათ თვალში, თორემ მეუფე იობი რომ ორჯერ უფრო ძვირი მანქანით დადის, ეგ არ არის საინტერესო. ისე ბატონო დავით,ასეთი დიდებული მეხსირების პატრონს, ცოტა წინდახედულობა არ გაწყენდა, იმ ოთახში ჯვარიც კი არსად ჩანს და კოლიმბიელი ნარკობარონის ოთახს გავსო, გფააჩნია ოთახს რა რაკურსით შეხედავ და ფოტოს გადაუხებ, თორემ ოთახის მეორე მხარეს კედელზე დიდი ხატია დაწერილი, სადაც ფოთისა და ხობის ეპარქიის ტაძრები, წმინდანთა დასია. ოდნავ უფრო მარჯვნივ კი უწმინდესის ნახატი. ეს ისე, რამე რო იყოს, რომ თქვენისთანა დიდებული მეხსიერების პატრონს თვალსაწიერი რომ გაუფარდოვდეს.რაც თქვენზე გამიგია, ფარატინა ფურცლების გაბოროტებული ფრაზებით გავსების და მიკლუხო მაკლაის თეორიის ქადაგების მეტი არაფერი გამიგია, აი მეუფე გრიგოლის საქმეები ფურცლებს სცილდება და კონკრეტულ საქმეებში ფიქსირდება; აგებული ტაძრები, აგებული სასწავლებლები, დაბრუნებული საკათედრო ტაძარი…

  2. თქვენ კი საამაყოდ მხოლოდ გაწიწმატებული და დაბოღმილი ასოების აკრეფა დაგრჩენიათ საკუთარ ბლოგზე, და კიდევ ერთი, ყიამ-ყრალ, უზრდელ და პირწავარდნილ ამაშუკელთან მეგობრობა…. თქვე
    ნ ამით ისიამოვნეთ და ამით დარჩით ისტორიას, მეუფე გრიგოლის საქმეები კი შთამომავლობას საუკუნოდ გაყვება.
    რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის ირგვლივ აპელირებას, ეგ ისეთივე სიბიინძურე და არაეთიკურობაა, როგორც თქვენი წერილი. მეუფე გრიგოლმა კი ფოთში ჩამოსვლის პირველსავე დღეებში ილია მართლის სახელობის ტაძარი გახსნა.

  3. ქართველი ეს მეუფე მეუფეობამდე სასჯელს იხდიდა რუსეთის ციხეში კრიმინალურ დანაშაულზე?!

  4. ბატონო ავტორო (თუ მის მაგვარო კაცუნავ)!
    ვინ მოგცათ უფლება სხვა განკითხოთ, თუ თქვენ ქრისტიანი ადამიანი ხართ. და რადგან ასეთს ბედავთ თვენს ჯოჯოხეთის მოციქული ყოფილხართ…

  5. ნუ რაში გჭირდებათ ხალხნო ასეთი წერილების წერა ღმერთის არ გეშინიააააააააათ???აქ პირადული ინტერესები და ანგარიშსრორება უფრო მეტია ვიდრე რამე რეალობა..მასზე მეტი რამე გააკეთეთ თქვენ ეკლესიისთვის??თავის ცოდვები კიდე მას მოეკითხება არ ინერვიულოთ!! დავით და თქვენს საქმეებს მიხედეთ სხვისი საქმეების ქექვას ჯობია..ძალიან ცუდ ასოციაციას იცვევს თქვენი ნაჯღაბნი ასე ვთქვათ..

  6. ყველა ადამიანია და სამწუხაროდ სამღვდელო პირებიც ადამიანები არიან. ასე რომ, იქაც არიან არაუფლის მსახურები და კერპთაყვანისმცემლები

  7. ვინ ხარ ბიჭო შენ?ვინ მოგცა უფლება საზოგადოების სახელით სიტყვის თქმისა?უფალს ის კიარ აინტწრესებს ვინ იყავი არამედ ის თუ ვინ ხარ ახლა…რაც არ უნდა იყოს ადამიანი (ცუდი თუ კარგი,ბოროტი თუ კეთილი)ვინ მოგცა ნება განსჯისა…ეკ კაცი კიარა მიტროპოლიტია კაცი რომელზედ მოვალს სულიწმიდა და ძალი მაღლისა ფარვიდეს მას…და სწორედ სულიწმინდა და მაკურთხეველი მარჯვენა დაგსჯის უგუნურო!!!

  8. გიორგი და ქრისტიანი

    თქვენ შემტხვევით ამ ყანდურის ხელისბიწები ან სტიქაროსნები ხომ არა ხართ? რა მიტროპოლიტი და სულიწმინდის მადლი, კითხვა არ იცი- კაცი დადის და იძახის მომავალი პატრიარქი მე ვარო, მოქმედი პატრიარქის ტახტის ქვეგამხედვარია და ანაფორის ქვეშ სოდი თუ კუდის თუ რა ჯანდაბაც არის იმის პაგონები არტყია, თანაც ბარიგობაზეა ნაჯდომი… და სომეხია პახოდუ, ნუ ნასომხარი რა, ეგეთი გვარი კიდევ იმიტომ აქვს რომ ვინც გადაიკეთა მაგის წინაპარმა კარგად გათვალა, ხალხი იტყოდა გვარგადაკეთებული რომ იყოს რაღა ბერბიჭაშვილს აირჩევდა რამე უფრო დიდგვაროვან გვარს აირჩევდაო… თუ არ გჯერა ჩემი რო ნახავ ამ შენს მიტროპოლიტს, კითხე დადამისს რა ერქვა და ქალიშვილობის გვარი რა იყო მისი…
    ასე,რომ მონავ ღვთისა გიორგი და ძმანო მისნო ყანდურის მაქებარნო, ნუთუ არ იცით _ გაზაფხულლია მოდის მაისი ……..

  9. გეყოთ ქენქერი, და ამ ყველა მეუფის და მამაოს ლამის მოსიარულე ანგელოზად წარმოჩენა. ლამისაა ქრისტესთან აიგივებთ უკვე და მათი მონაჩმახი უფლის ღაღადებათ გესმით. ისწავლეთ თეთრის და შავის დანახვა, სადაც არ უნდა იყოს. ადამიანი ცხვარი არ არი,გაიგეთ. და მოეშვით ბჟუტურს, სულიწმინდა ბოროტთან და ფარისეველთან არ მიდის.

  10. რაც მალე ამხელს საზოგადოება უღირს და მხოლოდ მატერიალურ სიკეთეებზე ორიენტირებულ სასულიერო პირებს, მით უკეთესია. ეპისკოპოსი ხელშეუხებელი არაა. თუ სცოდავს და უღირსად იქცევა, ქრისტიანის მოვალეობაა ამხილოს ისინი. როცა რეზიდენციების აშენებაზე, ბიუჯეტიდან ფულების გაყოფაზე, შემოსავლიან ეპარქიებზე და ა.შ. არის საუბარი დიდი ენები აქვთ ზოგიერთ ეპისკოპოსებს, ხოლო როცა ერის ზნეობის დაცვის საკითხი დგება შეიმალებიან ხოლმე სოროებში. სად არიან ახლა მიტროპოლიტი კალისტრატე, მიტროპოლიტი გრიგოლი, მიტროპოლიტი აბრაამი? რატომ არ გმობენ ამ უზნეობას პატიმრების წინააღმდეგ? ასე რომ მოეშვით მათ დაცვას.

  11. ავტორო, გენაცვალე სიმართლის თქმისთვის! ისეთი კომპრომატები აქვთ სასულიერო პირების დიდ ნაწილზე, რომ ხმას ამოიღებენ, და ვისი აჯობებს დაანახებენ…: კგბ-ს აგენტობა, (ეს რაც ყველაზე გავრცობილი იყო და ყველაზე "მჩატე"), ნარკოტიკების მოხმარება, საკუთარ მრევლთან დაცემა(სქესობრივი კავშირი), სოდომელი სასულიერო პირები…და ყოველივე ამის შემდეგ, ისინი რჩებიან სასულიერო პირებად! ამიტომ, მოდით და ზოგზოგიერთები ნუ დაიწყებენ "ნუ განითხავ"ის უაზრო და აუდგილო ძახილს, რომელიც ცბიერმა კგბ-მ სახარებიდან ძალიან მოხერხებულად შემოაგდო თავისი აგენტი "მღვდლების" მიერ. როდის უნდა შეიგნოს ხალხმა "რაც ერიო, ის ბერიო!-ანუ, ხალხი უნდა აკონტროლებდეს და ირჩევდეს კიდეც იერარქებს! ამის მაგალითია ის ფაქტიც, რომ წესით, მღვდლად კურთხევის დროს ეპისკოპოსი მრევლს ეუბნება, თუ ეკითხება უფრო, ბერძნულად "აქსიოს"("ღირს არს?)3-ჯერ, და წესით მრევლი უდასტურებს "აქსიოს"(თუკი იგი ღირსია, რა თქმა უნდა), იგივეს სამჯერვე, მაგრამ, თუ ერთ-ერთმა მაინც, ნათქვამია სჯულის კანონში, დაიძახა "ანაქსიოს" ("არ არის ღირსი"),მაშინ გამოიყვანოს ეპისკოპოსმა და კარგად გამოიკვლიოს მიზეზი, თუ რატომ არის დაბრკოლებული ეს ადამიანი სამღვდელოზე, რადგან, მღვდელი უნდა იყოს უმწიკვლო წარსულის!-მიიჩნევს დიდი სჯულისკანონი. მაგრამ, დღეს სადღაა ეს წესები, ეს თვით სამღვდელობემაც არ იცის და არც ასრულებს ამას,შენ თუ რამე თქვი სასულიეროზე,უმალვე გამოგაცხადებენ ეკლესიის მტრად! გაიგეთ ხალხნო, რომ ეს არ არის ქრისტიანობა!!! ისწავლეთ განკითხვისა და მხილების განრჩევა ერთმანეთისგან!

  12. არ განიკითხოთ და არ განიკითხებით! ყველამ ჩვენი ცოდვევისთვის ვიზრუნოთ,მიტროპოლიტს ათგზის მეტად მოეკითხება და ეს ჩვენ არ გვეხება.თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ ის ღვთისგან ნაკურთხი მეუფეა მასზე განკითხვა მომაკვდინებელია.ღმერთმა შეუნდოს თუკი მართლა ეს ჩაიდინა.
    წმიდა ეფრემ ასური:
    ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.

  13. სახელი ამართლებს, ბერბიჭაშვილისგან სხვას რას ველით,საჭიროა ახლა მაინც გავარჩიოთ ვინ ვინ არის და ყველას დამსახურებულად მიეზღოს, დასასჯელი აუცილებლად დაისაჯოს

  14. ცოცხიზატორო, შენ ის საბრალო ხომ არ ხარ, ცოცხით რომ ეთამაშებოდნენ ციხეში? აბა ასე რამ აგამყრალა, თუ ჯიშად ხარ ეგეთი და მორიელის მოდგმიდან მოდიხარ? მეუფე გრიგოლს არც შენისთანა კაცუნები დააკლებს რამეს და არც ამ წერილის ავტორისნაირები.

  15. სჯულის კანონს ანუ მართლმადიდებლების(ერის და ბერის) კონსტიტუციას ზედ უვლის ყველა და განსაკუთრებით დღემდე "საბჭოთა სტალინისტური რელიგიის სამინისტრო", რომელიც თავად უნდა ქადაგებდეს და ემსახურებუდეს სიწმინდეს, პირიქით ურჯულოებს აწინაურებს და წესიერების შეჩერება ხდება შეგნებულად, რადგან უკანონოდ დაწინაურებულთა მართვა ადვილია. "სჯულის კანონის" მიხედვით მძიმე ცოდვებში ჩავარდნილს არ აქვს უფლება გახდეს მღვდელი და მითუმეტეს ეპისკოპოსი, ცოდვების მოსანანიებლად მინიმუმ შეიძლება ბერობა და მაქსიმუმ მედავითნეობა-მგალობლობა… "დედა ეკლესიაში" კი რა ხდება??? ყველა ჯურის დამნაშავე-კრიმინალი დაწინაურებით წახალისებულია, ბებერი მამათმავლები დღესაც "წმინდა სინოდში" სხედან, ეს კი უფლის გმობა და ელემენტარულად სირცხვილია…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here