Home რუბრიკები პოლიტიკა იბერია გაბრწყინდება – რა მნიშვნელობა აქვს სადაური პლუტონიუმით

იბერია გაბრწყინდება – რა მნიშვნელობა აქვს სადაური პლუტონიუმით

1208

ექსპერტები ვაშინგტონს «არაბული გაზაფხულის» გარიჟრაჟზევე აფრთხილებდნენ, რომ არაბულ სივრცეში მყიფე ბალანსის დარღვევას, ამ ქვეყნებში დემოკრატიის ცეცხლითა და მახვილით იმპორტს მოჰყვებოდა სერიოზული რყევები, რაც, საბოლოო ჯამში, მეტ-ნაკლებად სტაბილური სამოქალაქო რეჟიმების რადიკალი ისლამისტებით ჩანაცვლებას გამოიწვევდა. აშშ-მა ეს გაფრთხილება ყურად არ იღო და, არათუ სიფრთხილე არ გამოიჩინა, ტანკებით და ქვემეხებით მოიყვანა ხელისუფლებაში ე.წ. ამბოხებულები, რომელთა უმრავლესობაც ჩვეულებრივი ექსტრემისტები იყვნენ.

დღეს იგივე ხდება სირიაში _ ამერიკელები აღარც მალავენ, რომ ამ ქვეყანაში მათივე ხელშეწყობით იბრძვის 6 ათასზე მეტი დაქირავებული მეომარი. ეს ხალხი, ძირითადად, მუსლიმანური სამყაროდან არიან და მათი დიდი ნაწილი პირდაპირ კავშირშია როგორც «ალ ქაიდასთან», ასევე სხვა, თეთრი სახლის მიერ ტერორისტულად აღიარებულ ორგანიზაციასთან.

აშშ, ფაქტობრივად, მხარს უჭერს სირიაში ასადის ხელისუფლების «ალ ქაიდათი» ჩანაცვლებას, რაც უფრო და უფრო ამყარებს ისევ და ისევ აშშ-ის წრეებში ჩამოყალიბებულ აზრს, რომ «ალ ქაიდას» სახელით ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია სინამდვილეში არის ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ინსტრუმენტი თეთრი სახლის პოლიტიკისთვის საჭირო ფონის შექმნაში «შავი სამუშაოს» შესასრულებლად.

თუ «ალ ქაიდას» მოქმედებების პირდაპირ მართვაზე არა, სულ ცოტა, აშშ-სა და «ალ ქაიდას» ალიანსზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ არც ერთ არაბულ ქვეყანაში, სადაც «არაბული რევოლუციის» ფარგლებში ხელისუფლების ცვლილება მოხდა, თეთრ სახლს ხელი არ შეუშლია «ალ ქაიდასთან» დაახლოებული რადიკალი ისლამისტებისთვის, _ მეტი და მეტი ძალაუფლება აეღოთ ხელში.

ფილმის «ისლამის უცოდველობა», რომელიც დღე-დღეზე, შესაძლოა, გლობალური სამხედრო კონფლიქტის მიზეზიც გახდეს, გადაღება 5 მილიონი დოლარი დაჯდა. თუ წინაპირობებს გავითვალისწინებთ და გავიხსენებთ, რა რეაქცია ჰქონდა მუსლიმანურ სამყაროს მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებაზე, ცხადი გახდება, რომ გამორიცხულია, ვაშინგტონში არ ცოდნოდათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა ისლამურ სამყაროს ამ ფილმზე.

მათ ეს იცოდნენ, მაგრამ ფილმი მაინც გაუშვეს, უფრო მეტიც: აშშ-ის ოფიციოზმა უკვე განაცხადა, რომ, მუსლიმანური სამყაროს პროტესტის მიუხედავად, ეს ფილმი არ აიკრძალება. ეს კი ერთადერთ რამეს ნიშნავს _ ამერიკელები განგებ ძაბავენ ვითარებას, მიდიან კონფლიქტის ესკალაციაზე და ღიად პროვოცირებენ, რათა ამ ფილმზე მუსლიმანების პროტესტი გაცილებით დიდ და უკიდურესად მძიმე შედეგების მქონე დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ეს ფილმი, ფაქტობრივად, იმავე დანიშნულებას ასრულებს, რა დანიშნულებაც ჰქონდა გასროლას სარაევოში, როდესაც გავრილ პრინციპის მიერ პრინც ფერდინანდის მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა.

ისლამური სამყაროს მიზანმიმართული პროვოცირება ერთადერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს – დაიწყოს დიდი ქაოსი ისლამურ სამყაროში… ისლამურ სამყაროში აზვირთებული ქაოსი კი ძალიან მალე და ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ახალ მსოფლიო ომში…

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ, როგორც «არაბული გაზაფხული», ასევე სირიაში მიმდინარე პროცესები და ის, რისი პროვოცირებაც მოხდა ფილმით «ისლამის უცოდველობა», არის აშშ-ის სამზადისი ახალი მსოფლო ომისთვის. თუ ამ ომის თეატრი ისლამურ სამყაროში გაიშლება, იგი მთელი ევრაზიული სივრცის, უპირველესად კი ჩინეთისა და რუსეთისთვის, გახდება დესტაბილიზაციის წყარო.

საგულისხმოა, რომ ამერიკელებმა უკვე მოახერხეს და არაბული სამყაროს პროტესტი ანტიამერიკული პროტესტიდან წარმატებით გადაიყვანეს ანტიქრისტიანულ პროტესტში. ცნობილია, რომ ამ ფილმის ავტორებიდან ორი არის ქრისტიანი კოპტი. კოპტების, ანუ ეგვიპტელი ქრისტიანების დიდი ნაწილი კი მართლმადიდებელია. ამ ფილმის ერთ-ერთი როლის შემსრულებელი სულაც ქართველი გახლავთ, მსახიობმა ანა გურჯმა (გიორგობიანი), რომელმაც გახმაურებულ ფილმში «ისლამის უცოდველობა» ითამაშა, ღია წერილი გამოაქვეყნა. იგი აცხადებს, რომ ფილმის რეჟისორ ნაკულა ბესლის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.

«იმ დროის განმავლობაში, რაც მე «ისლამის უცოდველობის» გადასაღებ მოედანზე გავატარე, არასდროს ყოფილა საუბარი წინასწარმეტყველ მუჰამედსა და რელიგიურ კონტექსტზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გადასაღებ მოედანზე არავინ იცოდა, რა იგეგმებოდა «უდაბნოს ბრძოლების» (ფილმის სამუშაო სათაური) თაობაზე, _ წერს ანა გურჯი და ამბობს, რომ საბოლოო პროდუქტმა გააოგნა. _ როდესაც შევიტყვე, რაც მოხდა, ცრემლი ვერ შევიკავე. ნამსხვრევებად ვარ ქცეული… მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ რაღაც საზიზღრობის შესაქმნელად გამოგიყენეს. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით». 

ეგვიპტეში უკვე დაიწყო ადგილობრივი ქრისტიანების დარბევა. ასეთი რეაქცია მოსალოდნელიც იყო, რადგან რელიგიურგრძნობებშეურაცხყოფილი ისლამისტებისთვის ამერიკა და ამერიკელები შორს არიან, ქრისტიანები კი აქვე _ ერთი ხელის გაწვდენაზე.

მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გადავა და გავრცელდება აშშ-ის მიერ პროვოცირებული რადიკალი ისლამისტების აგრესია სხვა ქრისტიანული სახელმწიფოებსა და რეგიონებზე.

დიდი ხანია, ამერიკელი სტრატეგების სამიზნეს ქრისტიანული სამყაროს ისლამთან დაპირისპირება წარმოადგენს. სადამ ჰუსეინის დროინდელ ერაყში მილიონ რვაასი ათასი ქრისტიანი ცხოვრობდა, დღეს მათი რიცხვი 500 ათასს არ აჭარბებს, დანარჩენი, ანუ მილიონ სამასი ათასი კი ან დახოცეს, ან იძულებული გახადეს, ემიგრაციაში წასულიყო. იმისათვის, რომ ქრისტიანებისა და რადიკალი ისლამისტების დაპირისპირება გაემწვავებინათ, და ამ ქიშპისათვის მსოფლიო მასშტაბი მიეცათ, ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს ალბანელებს, რომ მათ შუაგულ ევროპაში, სერბეთის ისტორიული ტერიტორიის ხარჯზე, შეექმნათ ისლამური სახელმწიფო. ამ პროცესისა და კოსოვოში ნატოს ჯარის შეჭრის შედეგად დაინგრა 150-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი, ხოლო ალბანელი ბოევიკების მიერ ეკლესიების სამრეკლოებზე ჩამოხრჩობილი ქრისტიანი მღვდელმსახურების ფოტოებმა მსოფლიო შემოიარეს.

ვფიქრობ, გასაგებია, საით შეიძლება წაგვიყვანოს «პრაგმატული» ამერიკელების ამ ავანტიურამ; ასევე გასაგებია და ფაქტია, რომ საქართველო მყარად  ზის ამერიკელების ამ გეგმაში, როგორც მითითებების ბრმად და უპირობოდ შემსრულებელი ფინია. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ის გარემოება, რომელიც ლაფანყურის ინციდენტმაც დაადასტურა _ საქართველოს მეშვეობით უნდა მოხდეს ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკების წახალისება და რუსეთის სამხრეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის ინიცირება.

თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქართველოს სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის ინტერესების ტორპედირებამ და რუსეთის მიმართულებით დესტაბილიზაციის, არეულობის გამომწვევი ნაბიჯების გადადგმის დავალების ბრმად შესრულებამ, ეს 2008 წლის აგვისტოში ნაწილობრივ უკვე გამოვცადეთ.

თუ მკითხველს ვარაუდი ახალი გლობალური კონფლიქტის რეალურობაზე უტრირებულად მოეჩვენება, შევახსენებ, რომ, ავტორიტეტული ამერიკული წყაროების მონაცემებით, შეერთებული შტატების ეკონომიკას აღარ ძალუძს, შეინარჩუნოს ქვეყნის შიგნით კეთილდღეობისა და მოხმარების ის დონე, რომელსაც შეჩვეულია საშუალო ამერიკელი ბურგერი და მმართველი კლასი. ფაქტია, რომ ამ კრიზისსა და კეთილდღეობის ვარდნას ვერც მრავალი ტრილიონი დოლარის კუპიურების ბეჭდვა შველის და ვერც სხვა ზომები, რომლებსაც აშშ-ის ადმინისტრაცია მიმართავს. აშშ-ში კეთილდღეობის ვარდნის პარალელურად აზიური ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. აშშ იძულებულია, ან შეაჩეროს დანარჩენი მსოფლიოს განვითარება, ან უფრო ღრმად ჩაეფლოს კრიზისში.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აშშ ცდილობს, შეაჩეროს ევრაზიული სივრცის განვითარება და შექმნას ისეთი გარემოება, რომ ნებისმიერ ფასად მოახერხოს კრიზისის დაძლევა. ამ მიზნის მისაღწევად კი საუკეთესო საშუალებაა  ომი, რომლის პროვოცირებაც ამჟამად არაბულ სამყაროში მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის დასაწყისში გაზეთ «საქართველო და მსოფლიოსთვის» მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ:

«არის ერთი აქსიომა, რომელიც აშშ-ისა და ზოგადად დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური კურსის საფუძველში დევს: იმისათვის, რომ «ოქროს მილიარდის» ქვეყნებში ახლანდელი მოხმარების მაღალი დონე შეინარჩუნონ, დანარჩენი კაცობრიობა სიღატაკეში უნდა ამყოფონ. პლანეტის რესურსები შეზღუდულია, ყველას კარგი ცხოვრებისთვის არ ეყოფა. დასავლეთს მოხმარების შემცირება არ უნდა. სცადეთ, ამერიკელებს შესთავაზოთ, მოიხმარონ იმაზე ნაკლები, ვიდრე ისინი მიეჩვიენ, _ ისინი ნებისმიერ მთავრობას წალეკავენ. რა გამოსავალი აქვს ამერიკის მმართველ ელიტას? _ ომი, დიდი ომი, რა თქმა უნდა, ამერიკის ფარგლებს გარეთ. ომი, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს გამოფიტავს, ხოლო შემდეგ იქ მივლენ ამერიკელები თავიანთი დოლარით და ისევ ჩვეულ და ძალიან სარფიან საქმეს მიჰყოფენ ხელს _ დოლარების გაყიდვას. ასე გამოვიდნენ ისინი კრიზისიდან მეორე მსოფლიო ომის წყალობით, ასე მოვიდნენ ისინი გამოფიტულ ევროპაში ომის შემდეგ».

ზემოთმოყვანილი პროგნოზი უკვე მწარე რეალობად იქცა. უფრო მეტიც, მან გაცილებით მძიმე ელფერი შეიძინა, რადგან არაბულ სამყაროში განვითარებულ სამხედრო კონფლიქტზე მსჯელობისას არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ, რომ კონფლიქტის სავარაუდო მონაწილეთაგან ერთ-ერთ უდიდეს მუსლიმანურ სახელმწიფოს, პაკისტანს, აქვს ბირთვული იარაღი. ბირთვულ იარაღს ფლობს ისრაელიც, რომელიც არაბულ სამყაროში ომის დაწყების შემთხვევაში აუცილებლად გახდება ისლამური სამყაროს სამიზნე. აქვე აღსანიშნავია, რომ პაკისტანი და ინდოეთიც ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან და, თუ ამას დავუმატებთ, რომ ომი არაბულ სამყაროში უშუალოდ შეეხება ირანს, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზეა, ცალსახაა, რომ ეს სამხედრო კონფლიქტი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გარეშე ვერ ჩაივლის.  

ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოებაც, რომ გლობალური დაპირისპირების შემთხვევაში კონფლიქტის მიღმა ვერც რუსეთი დარჩება და მითუმეტეს ვერც ჩინეთი, რომელიც ასევე ბირთვული სახელმწიფოა და რომელსაც სენკაკუს კუნძულების გამო შექმნილი დავის შედეგად იაპონიასთან ლამის საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული. თუ ჩინეთ-იაპონიის დაპირისპირება საომარ მოქმედებებში გადავა, აშშ იძულებული გახდება, იაპონიასთან თავდაცვითი ხელშეკრულების თანახმად, ტოკიოს მხარეზე ჩაერთოს კონფლიქტში, ხოლო სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ჩინეთისა და აშშ-ის სამხედრო დაპირისპირებამ, ძნელი მისახვედრი არ არის.  

დიდია ალბათობა, რომ ისლამური სამყაროს მიმართ განხორციელებული ახალი ამერიკული პროვოკაცია ადრე თუ გვიან მიგვიყვანს ბირთვულ დაპირისპირებამდე და ამ ყველაფრის დასაწყისი არც ისე შორსაა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არაბული კრიზისი სამხედრო ფაზაში ოქტომბრის ბოლომდე, ანუ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე გადავა, რადგან არჩევნებამდე ორი ან ერთი კვირით ადრე დაწყებული ომის პირობებში, ნაკლებ სავარაუდოა, ამერიკულმა საზოგადოებამ  თეთრი სახლის ადმინისტრაცია შეცვალოს და ობამას ნაცვლად პრეზიდენტად რომნის არჩევა ისურვოს.

ჩვენი ხელისუფლების «გონივრული» საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო უსათუოდ აღმოჩნდება ამ კონფლიქტში ჩათრეული, თანაც აღმოჩნდება «სტრატეგიული პარტნიორების», ანუ აშშ-ის მხარეს, რომელიც ჩვენ  ირანის ან რუსეთის, სავარაუდოდ კი, ორივეს წინააღმდეგ გამოგვიყენებს, რაც ავტომატურად გვაქცევს საომარი მოქმედებების პლაცდარმად. თანამედროვე ომების პლაცდარმს კი, მით უფრო ახლა, როდესაც, როგორც არასდროს, მაღალია ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, ერთადერთი პერსპექტივა აქვს – ხრიოკ, გადამწვარ ტერიტორიად გადაიქცეს…

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ლამის დუჟმორეული გვიმტკიცებს, რომ იბერია სააკაშვილის სწორუპოვარი პოლიტიკის დამსახურებით, რახანია, გაბწყინებულია, კვერიც კი შეგვიძლია დავუკრათ…

დიახ, სააკაშვილის სწორუპოვრად ბრიყვული, დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით,  იბერია, შესაძლოა, მართლაც გაბრწყინდეს (ფუი ეშმაკს!) და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ სადაური წარმოების პლუტონიუმით იქნება დამუხტული ქობინი, რომელიც მას გააბრწყინებს…

გიორგი მეძმარიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here