Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ჭკუასელი: ურეკში სააკაშვილთან შესახვედრად ხუთად-ხუთი კაცი მივიდა

თემურ ჭკუასელი: ურეკში სააკაშვილთან შესახვედრად ხუთად-ხუთი კაცი მივიდა

693

ინტერვიუ თემურ ჭკუასელთან _ «წამხდარ ყანას ჰგავს დღეს გურია» _ ჩვენი გაზეთის პირველი აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა, 9 აგვისტოს კი _ შალვა მექვაბიშვილთან საუბარი _ «გურიაში საშუალო დღიური შემოსავალი ერთ სულზე მხოლოდ 24 თეთრია». არნახული გაჭირვებაა! ამ პუბლიკაციების შემდეგ თვეზე მეტი გავიდა. მოდით, ვკითხოთ ბატონ თემურს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ჩოხატაურის რაიონში კოალიცია «ქართული ოცნებიდან»:

_ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ციურ მანანასავით გადმობნეულმა დაპირებებმა შეცვალა რამე გურიაში?

_ ყოველგვარი დაპირება და დაიმედება დაგვიანებულია. ასეთია ხალხის განწყობილება.

უყურებს ხალხი გააქტიურებულ ხელისუფლებას, ისმენს მის მოდერნიზებულ ლოზუნგს _ «მეტი სარგებელი ხალხს» და კარნახის გარეშე ხვდება, რომ ნეოყვარყვარიზმის ეპოქაში იტყუებენ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თუ თუთაბერი მხოლოდ აპირებდა ჯერ თავისთვის «ოქროს სარაიას» აშენებას, ხალხს კი სამომავლოდ პირდებოდა, ჩვენმა «ერის მამებმა» თავ-თავიანთი «ოქროს სარაიები» უკვე აიშენეს და ხალხს ყვარყვარესავით დაპირებებით კვებავენ.

დაპირებები ამათ რომც შეასრულონ, იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ მართლაც დაგვიანებულია. ვიცი, ვნახე ადგილები _ გაჭირვებული სოფლები, სადაც, ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირებებით სავსე გოდრებით რომ მივიდნენ და დაიწყეს _ ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთო, იქაურებმა უთხრეს: თქვენი არაფერი გვინდა, იმას გარდა, რომ თავი დაგვანებოთო.

ასე უთხრეს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ის, რითაც ხალხის  მოქრთამვა სურთ, არის ხალხზე ზრუნვის იმიტაცია. იმიტაცია, თუნდაც, გზების დაგების, რაც იმდენად უხარისხოდ და ზერელედ კეთდება, ჯობია არ გააკეთონ.

კბილების ჩასმა და «ჰოლივუდური ღიმილი» მოხუცების ცინიკური შენიშვნების უშრეტ წყაროდ იქცა, ხოლო ორი ლიტრი დარიგებული ზეთის გამოყენებაზე რა რჩევას აძლევენ ხელისუფლებას, მე თქვენს მკითხველებთან ვერ გავიმეორებ, იმდენად სკაბრეზულია…

გურულებს ძალიან ახალისებს  ტოპმოდელად სააკაშვილის შეთავსებითი მოღვაწეობა, ყოველ მიტინგზე მსოფლიო ბრენდების ახალახალი შარვალხალათით რომ გამოგვეცხადება: ეგ პროფესია პრეზიდენტობაზე უკეთ მოირგო, პოდიუმისთვისაა დაბადებულიო.

ჩვენ _ «ქართულ ოცნებას», მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე არანაირი დახმარების გაწევა არ შეგვიძლია. რჩევას კი პრაქტიკულს ვაძლევთ: მიიღეთ ყველაფერი, რასაც გთავაზობენ, ოღონდ გადაწყვეტილება _ ვის მისცემთ ხმას _ არ შეცვალოთ.

განწყობილება გურიაში ისეთია, როგორიც მთელ საქართველოში, მაგრამ მაინც თავისებურია.

პირველი: არ არის გამწარებული ხელშეშლა.

_ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან?

_ დიახ. თუმცა არიან ადამიანები, აქტივისტები, რომლებიც რაღაცით დავალებული არიან და თავის გამოჩენით ვიღაცისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობენ. მაგრამ ჩვენი საწინააღმდეგო არგუმენტები, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ, სერიოზული ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ აინტერესებთ. ერთი და იგივე, ერთ ყალიბში გამოჭრილი შეკითხვები აქვთ. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ «აქტივისტებს» ხალხი თვითონ აძლევს პასუხს: არ გაინტერესებს? წადი. გვაცადე ლაპარაკი.

_ გამარკვიეთ, ბატონო თემურ, ოზურგეთში, დროშების დიდი ფრიალისა და აღგზნებული ხალხის მასის ფონზე თვითკმაყოფილი სააკაშვილის გამოსვლა რომ ვიხილეთ, ეს რა იყო, თანადგომის დემონსტრაცია, მასობრივი ფსიქოზი, თუ ნარეპეტიციები სიყალბე?

_ ოზურგეთს რამდენიმე შემოსასვლელი აქვს: ბათუმიდან, ნატანების მხრიდან, ანუ ფოთიდან და სამეგრელოს რაიონებიდან, და ერთიც _ აღმოსავლეთ საქართველოდან. ამ შემოსასვლელებში ტელეკამერებით იღებდნენ ოზურგეთისკენ დაძრული ყვითელი ავტობუსების კოლონებს: მთელ საქართველოში ერთი და იგივე ხალხი «მოგზაურობს» მიხეილ სააკაშვილის მარშრუტებით და მის კვალზე.

ჩემი თვალით მაქვს ნანახი ურეკში მიშასთან შეხვედრის პერიპეტიები. ჯერ სასტუმროში მოგვთხოვეს პირადობის მოწმობები (მანამდე ჩვენი ვინაობა არ აინტერესებდათ), ვინა ვართ, დააფიქსირეს.

_ სააკაშვილი მოდის და იმიტომ აგვრიცხავთ-მეთქი, რომ შევეკითხე, გაეცინათ.

მაგრამ დახვედრის ორგანიზატორებს სასაცილოდ არ ჰქონდათ საქმე, როცა შეხვედრაზე ხუთად-ხუთი კაცი მოვიდა.

_ გასართობ ატრაქციონამდეც ვერ გაქაჩა?

_ (ეღიმება). შემდეგ წავიდნენ და ყბადაღებული ყვითელი ავტობუსებით ჩამოიყვანეს სტუდენტები ბათუმიდან.

დააგვიანდათ შეხვედრის დაწყება.

ასეთი იყო ურეკში პრეზიდენტთან შეხვედრის ამბავი… გაიქცა იქიდან, ძალიან მალე წავიდა. გურია არ უყვარს ბატონ მიხეილს…

_ როგორც თბილისი.

_ განსაკუთრებით, ჩოხატაურის რაიონი არ უყვარს. როგორ ეყვარება, როცა, მაგალითად, ერთ დიდ სოფელში, როგორიც დაბლაციხეა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების მხოლოდ 17 პროცენტი მიიღო.

_ სოფლებიდან რომ აყრილია დღეს ხალხი, თბილისშია წამოსული, ეს ამ არჩევნების შედეგების გაყალბების ხელსაყრელ ვითარებას ქმნის.

_ კი, ბევრია გასული. განსაკუთრებით, ახალგაზრდები. მაგრამ მარწმუნებენ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ყველა დაბრუნდება. თბილისში მყოფი ჩოხატაურელები ერთმანეთს აქტიურად უკავშირდებიან, თანხმდებიან, რომ არჩევნების დღისთვის მაქსიმალურად ყველა თავ-თავიანთ საარჩევნო უბნებში მისცემს ხმას.

_ .. შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ, რომ გურია ხელისუფლებამ ვერ დააშინა?

_ შეშინებული ხალხი მაინც არის. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, არიან ისეთები, ვინც ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდება. გურულების ის მომწონს, რომ ვინც გარკვეული მიზეზების გამო ხელისუფლებას უჭერენ მხარს, მაგრამ თავგადაკლული ნაციონალისტები არ არიან, ისინიც კი გამოდიან კონტაქტზე, მომესიყვარულებიან, მელაპარაკებიან. ერთს ვეხუმრე კიდეც: გამახარე ბატონო იმანო (სახელს, ცხადია, არ დავასახელებ), რომ მომიკითხე, მაგრამ ვიცი, რომ ხმას მე არ მაძლევ.

გაეცინა «იმანოს» და მინიშნებით, გურული ორაზროვნებით მიპასუხა:

_ ვნახოთ, ვნახოთ, ბატონო თემურ!..

კარგები არიან. ძალიან საყვარელი ხალხია.

_ დაფრთხა ხელისუფლება?

_ უფრო _ ფარისევლობს. ლაპარაკობენ ერთს, კეთდება აბსოლუტურად საპირისპირო. ჩვენ აცრილები ვართ ტყუილებზე. გურულს მოატყუებს მიხეილ სააკაშვილი?! როცა კონკრეტულ შეკითხვას დაუსვამენ, მაგალითად, «თეფშებზე», ისეთ ზოგად აბდაუბდაზე იწყებენ საუბარს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც იბნევიან.

გურულებს ეცინებათ სააკაშვილის ტრაბახზე, ღრუბელღრუბელ ფრენაზე, «მაგარ გამარჯვებაზე», რომლის მოპოვებას იგი არჩევნებში აპირებს, ნაციონალების არაადეკვატურ სადამსჯელო ოპერაციებზეც ეცინებათ.

_ არის რაიმე ისეთი წინაღობა, პოზიცია, რომლის გადალახვა ვერ შესძელით? მაგალითად, ბატონ ბიძინას განცხადება მასწავლებლებთან დაკავშირებით, როცა მან პედაგოგებს მოუწოდა კარგად დაფიქრებულიყვნენ ხელისუფლების აპოლოგეტობასთან დაკავშირებით.

გქონდათ ამ თემაზე ლაპარაკი სოფლის ინტელიგენციასთან?

_ არა. ჯერ არა. რადგან, ჯერ ერთი, თვითონაც კარგად გაარკვიეს, რა თქვა «ოცნების» ლიდერმა, როგორ თქვა და ვის გასაგონად. მასწავლებლები ჩვენთან შეხვედრებზე მოდიან და თამამადაც ლაპარაკობენ, თუმცა იციან, რომ მეორე დღესვე შეიძლება სკოლიდან დაითხოვონ.

არის ერთი მომენტი: ინტელიგენცია ჩვენს შტაბში მოსვლას ერიდება, ზედმეტი პრობლემები რომ არ შეიქმნას.

ასეთი სიფრთხილის გამო იმ რაიონში, სადაც ტოტალური გაჭირვებაა, ადამიანებს მკაცრად ვერ განსჯი.

38 საარჩევნო უბანში ვარ მისული, ზოგან _ ორჯერ და სამჯერაც, ახლა კი საგანგებოდ ვაპირებ ინტელიგენციასთან შეხვედრას და გულახდილ საუბარს. თანაც ეს იქნება ორიგინალური ფორმით მოწყობილი შეხვედრა, სადაც არა მარტო არგუმენტებზე გაკეთდება აქცენტი, არამედ ემოციებზეც; ვაჩვენებ ჩემი და ნანა ჯანელიძის ფილმს გურულ მგალობლებზე, იქნება სხვა სიახლეებიც.

ვაკეთებთ გამოფენას _ «გურულები», რომელზეც წარმოდგენილი იქნება ჩვენს შეხვედრებზე მოსული საინტერესო, კოლორიტული ადამიანების ფოტოპორტრეტები.

_ თქვენი მეორე პროფესია _ სიმღერა, ლოტბარობა თუ დაგეხმარათ ხალხში გასულ კაცს?

_ კი, როგორ არა. ყოველი შეხვედრის ბოლოს ვეკითხებით, სოფელში გლოვა ხომ არ არის და თუ არ არის, სახელდახელო კონცერტსაც ვმართავთ. ეს ძალიან ახალისებს ჩვენს შეხვედრებს.

გურულების ენაკვიმატობამ აქაც იჩინა თავი. ერთ სოფელში რომ ვიკითხეთ, გლოვა ხომ არ არისო, ერთმა ქალბატონმა ასე გვიპასუხა:

_ ოცი წელიწადია, ნენა, ვგლოვობთ და ახლა მაგის გულობიზა კონცერტს ნუ ჩაშლით.

ჩვენს კონცერტებსაც ვმართავთ და ანსამბლ «შინის» ტურნეშიც ვმონაწილეობთ: ვიყავით სიღნაღში, საგარეჯოში, ჩავალთ დუშეთშიც, ხაშურშიც.

შემდეგ ისევ ჩოხატაურში დავბრუნდებით.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

ამონარიდები თემურ ჭკუასელის მიმართვიდან ამომრჩევლებისადმი

სამწუხაროდ, სადღაა დღეს ჩვენი სათაყვანო გურია: ოდენ ძველი დიდების ნაშთია. ჩვენი ამაყი წინაპრები, რომ იტყვიან, ბუზს არ დაისვამდნენ თავზე, მტერს მტრულად ხვდებოდნენ, მოყვარეს ფიანდაზად ეგებოდნენ. შრომით, სიმღერით და ურთიერთთანადგომით გაჰქონდათ წუთისოფელი.

როცა ირგვლივ სიხარულის სივრცე თანდათან ქრება, მასთან ერთად ქრება ტრადიციები, ქრება ღირსება, ღიმილი ქრება და ის ურთიერთობის სილამაზეც, ასე ჭარბად რომ გვქონდა და ასე რომ გვახარებდა, განსაკუთრებით, _  გურულებს. ქრება ეს ყოველივე, თანდათან ქრება და, შესაბამისად, ცხოვრებაც ჭკნება. ცხოვრება ბერდება და ჩვენი სიხარულის ნიჭსაც აბერებს.

ჰოდა, ყველაფერ ამას ერთად უნდა მივხედოთ, გურულებო! დიდი, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება ამისთვის, მაგრამ, დამერწმუნეთ, ყველაფერს მივაღწევთ. ერთი დიდი ნადი უნდა შევკრათ და ერთად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი გურია. ერთად უნდა დავიბრუნოთ სიხარულის სივრცე, ერთად უნდა გავამაგროთ ჩვენი მოქანქალებული ტრადიციები, ერთად უნდა აღვიდგინოთ ღირსება და დაკარგული ღიმილი უნდა დავიბრუნოთ ერთად.

 მერე ეს ღიმილი ერთმანეთს  გადავდოთ, ურთიერთობის სილამაზით ძველებურად დავტკბეთ და, როცა კვალს ბოლომდე გავიტანთ, გამარჯვების სიმღერაც ერთად დავაგუგუნოთ.

კვალი დიდი გვაქვს გასატანი, გურულებო! დიდი ნადი და გრძელი ნადური დაგვჭირდება და მჯერა, რომ ორივეს ღირსეულად მოვახერხებთ.

სხვანაირად არ იქნება და არ გამოვა…

გახსოვთ, ოზურგეთში, გურულების დიდ შეკრებაზე რა მოხდა?! როგორ გადაერკალა ჩვენი შეკრების ადგილს ცისარტყელა?

ნიშანი იყო ეს, ჩვენი შეკრებისა და მიზნების ხელდასხმისა და წარმატების ნიშანი.

ჰოდა, ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ გულებს უნდა გადაარკალოს ცისარტყელას თაღი და იმედიანად შევხედოთ მომავალს, რადგან სხვანაირად ვერ დავიბრუნებთ ძველ დიდებას. გურიის იმ ძველ დიდებას, დროჟამისგან ჩაშავებულ ხის კედლებს და ნესტის სუნით გაჟღენთილ საოჯახო ალბომებს გაყვითლებულ ფოტოებად რომ შემორჩა მხოლოდ. იმ ხალხის, ანუ ჩვენი ძველების თვალებში ჯერ კიდევ მძლავრად კიაფობს მინავლული ნაღვერდალი. სწორედ ის ნაღვერდალი უნდა გავაღვივოთ და ერთ დიდ კოცონად ავაგიზგიზოთ.

ცოცხალ გურიას ძველი დიდება დავუბრუნოთ. მიტოვებულ სახლებსა და ბალახგადავლილ ეზოებს დავუბრუნოთ სიცოცხლე, ჭალებს, ტყეებს, ხეობებს, მთებსა და მდინარეებს, ქვეყანას დავუბრუნოთ პატრონები.

ადამიანია ჩვენი უპირველესი მიზანი. ადამიანია ჩვენი ყოფის უმშვენიერესი ნაწილი. ადამიანი ჩვენი სინდისია.

გამარჯვება ძალიან ახლოსაა!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here