Home რუბრიკები საზოგადოება დავით წიქარიშვილი: სკოლა აგენტების სამჭედლოდ იქცა

დავით წიქარიშვილი: სკოლა აგენტების სამჭედლოდ იქცა

779

ქვეყანაში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები განსჯისა და კამათის საფუძველი ხშირად ხდება. განათლების სისტემაში ცვლილებები ხშირია და მათ უხარისხობას ზოგჯერ ხელისუფლებაც აღიარებს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. არადა, ეს ის საჭირბოროტო საკითხია, რომელიც მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორი იყო, რა უპირატესობით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდის განათლების სისტემა და რა გვაქვს დღეს, «საქართველო და მსოფლიოს»  განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირის _ «ერთობის» ხელმძღვანელი დავით წიქარიშვილი ესაუბრა.

_ დიდი ხანია, განათლების პრობლემატიკაზე მეცნიერული ხასიათის პოლემიკაა დასაწყები. საბჭოთა განათლების სისტემას საბჭოურ ნაწილს თუ ჩამოვაშორებთ, ეს იყო გერმანული, ჰეგელიანური სისტემა. გერმანია კი, მოგეხსენებათ, განათლების მაღალი დონით დღესაც გამოირჩევა. დამოუკიდებელ საქართველოს უნდა დაეწყო გერმანული განათლების სისტემის დინამიკის შესწავლა და იაკობ გოგებაშვილის შრომებისა და სწავლების გერმანული მოდელის საფუძველზე შეექმნა საკუთარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არადა, საბჭოური განათლების სისტემა საკმაოდ ერუდირებულ კადრებს ამზადებდა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ნამდვილად ასე იყო. იმდროინდელ ქართულ განათლების სისტემას ვერ გავაიგივებ სხვა საბჭოურ _ ცენტრალური რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსიისა თუ სხვა ქვეყნების განათლების სისტემებთან. თუმცა ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. მათ შორის, გასათვალისწინებელია ჩვენი გენეტიკური თავისებურებაც _ ქართველ კაცს გენეტიკურად ჰქონდა ენციკლოპედიური განათლებისკენ სწრაფვა.

დღეს, რასაც სკოლა იძლევა, არ არის საკმარისი ცოდნა უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად, ანუ თანმიმდევრულობა, ლოგიკურობა დაიკარგა და, რაც ყველაზე საგულისხმოა, ჩვენ აზრობრივად ჯერ კიდევ საბჭოური განათლების ორბიტაზე ვტრიალებთ. ყველა ის წიგნი, რომელიც ბოლო წლებში დაიწერა, საბჭოური განათლების სისტემას უვლის ირგვლივ. მაგალითად, ბიოლოგიის ერთ-ერთი წიგნის ავტორს როცა ჰკითხეს, ამ წიგნს მეთოდური სახელმძღვანელოც მოყვება თუ არაო, უპასუხა, მე ძველი ბიოლოგიის წიგნით ვასწავლიო.

_ როგორ აისახება მიმდინარე განათლების რეფორმა მომავალ თაობაზე?

_ დავიწყოთ იმით, რა გვინდა _ გვჭირდება განათლებული თაობა თუ მოსამსახურეებისა და მონების ქვეყანას ვაშენებთ. მოსამსახურეებისა და მონების ქვეყანას თუ ვაშენებთ, მაშინ გამოდის, რომ გადასარევი განათლების სისტემა გვქონია. მაგრამ თუ გვინდა, საქართველოს ყველა მოქალაქის პოტენციალი სათანადოდ გამოვიყენოთ, მაშინ არსებულ რეფორმაზე სასწრაფოდ უარი უნდა ვთქვათ და რეალური რეფორმა დავიწყოთ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მანკიერი ტენდენცია: საზღვარგარეთ განათლებამიღებული ახალგაზრდები სრულიად დაუმსახურებლად სარგებლობენ პრივილეგიებით, ვინაიდან მათგან ნორმალური განათლების დონეს 5-10% თუ აკმაყოფილებს. პრიმიტივიზმია, რომ, თუ ახალგაზრდამ უცხოეთში ისწავლა თუნდაც ერთი თვე, ჩავთვალოთ, კარგი განათლება მიიღო. კარგი და ცუდი მოსწავლე ყველგანაა.

მსოფლიოში უკვე მიმდინარეობს პროფესიების ვიწრო სპეციალიზაცია. მაგალითად, თორმეტგოჯა ნაწლავის მეთორმეტე გოჯის სპეციალისტი უკვე ცალკე პროფესიად ჩამოყალიბდა და მეთერთმეტესი _ ცალკე. ჩვენს უნივერსიტეტებს კი ამთავრებენ ყველაფრის სპეციალისტი ექიმები, რომლებიც სინამდვილეში არაფრის სპეციალისტები არ არიან. თბილისის არც ერთი წამყვანი უნივერსიტეტი არ აძლევს საკმარის განათლებას ადამიანს, რათა დასაქმდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

_ ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებით, თუნდაც იმით, რომ აბიტურიენტს ყოველგვარი პროტექციის გარეშე შეუძლია ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში, რაც წარსულში გაცილებით რთული იყო.

_ ის თანხა, რასაც ადრე იხდიდი უკანონოდ, ახლა ოფიციალურად იხდი. გარდა ამისა, საინტერესოა, სად მიდის ეს ფული? აღნიშნული თანხის ხარჯვითი ნაწილიც ყველასთვის გაუგებარია. ასევე საინტერესოა, ჯერ ერთი, ვინ ეწყობა და რამდენად სწორად ეწყობა იმ ფაკულტეტზე, რომელიც მას უნდა და რისი ნიჭიც აქვს? აბსოლუტური უმრავლესობა ეწყობა სრულიად სხვა ფაკულტეტებზე, ბევრი საერთოდ სწავლას თავს ანებებს. მთავარი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა კი არაა, არამედ, საბოლოო ჯამში რამდენი და რა დონის სპეციალისტი გვეყოლება. თუმცა დღეს ნაკლებად საუბრობენ ამ საკითხებზე და კიდევ უფრო ნაკლებად იმაზე, სად მიგვყავს ეს სპეციალისტები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ.

_ რაც შეეხება სკოლებში მიმდინარე საატესტატო გამოცდებს, საატესტატო გამოცდებზე (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც), დავალებების ძირითადი ნაწილი შეირჩევა მარტივი დავალებების ბლოკიდან. მოსწავლე ბარიერის გადალახვას მარტივი დავალებების ხარჯზე ახერხებს. რამდენად მართებულია საატესტატო გამოცდების ამგვარი გამარტივება?

_ ეს არ იყო გამარტივება. შაშკინმა სწავლების ამგვარი პრინციპი იმ მიზნით შეარჩია, რომ ეგონა, მოსწავლეები გამოცდის შიშით ისწავლიდნენ, მაგრამ, როცა არ ვარგა სახელმძღვანელო, პროგრამა, სტანდარტი, მასწავლებელი (მასწავლებელი ვერ მუშაობს მოწაფეებთან, ისე აეწყო სისტემა), რაზეა საუბარი? ამიტომ მოსწავლე მიდის რეპეტიტორთან და მხოლოდ შემდეგ გადის საატესტატო გამოცდაზე, ვინაიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტესტებში მოცემული საკითხები სრულიად არ ემთხვევა იმას, რასაც სკოლაში ასწავლიან, ანუ ლოგიკური კავშირი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის დაკარგულია.

 _ რამდენად შესაძლებელია, აბიტურიენტმა ქართული ლიტერატურის გამოცდა ისე ჩააბაროს, რომ არც ერთი ქართველი პოეტის ლექსი ზეპირად არ იცოდეს?

_ ძალიან ადვილად. არამარტო ჩააბარებს, შეიძლება დაამთავროს კიდეც უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ისე, რომ არც ერთი ლექსი არ იცოდეს ზეპირად. სხვათა შორის. იყო შემთხვევა, როცა შ-ს მაგივრად წ-ს წერდა სტუდენტი და ეს არავის უკვირდა. ხვალ შეიძლება ეს ადამიანი მინისტრადაც ვიხილოთ, ვინაიდან, მოგეხსენებათ, საქართველოში მსგავსი რაღაცები ხშირად ხდება. ტელევიზიით რამდენიმეჯერ ვიხილეთ სიუჟეტი, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებს ძალიან მარტივ კითხვებს უსვამდნენ და ისინი  ვერ პასუხობდნენ, მაგრამ ამაში დიმიტრი შაშკინი და განათლების რეფორმა  არავის დაუდანაშაულებია. შედეგად მივიღეთ ის, რომ ეს ახალგაზრდობა არის არა მომსახურე თაობა, არამედ მოსამსახურე. ქვეყანაში დაბალი ინსტინქტების წახალისება და სექსის პროპაგანდა მიმდინარეობს. სექსუალური კონტექტსების შემცველი რეკლამებითაა გადაჭედილი ჩვენი საინფორმაციო სივრცე.

_ რამდენად შეიძლება ამ ყველაფერმა მოსწავლის პატრიოტული გრძნობების განვითარებაზე მოახდინოს გავლენა, როცა მოსწავლეს აღარ ასწავლი, მაგალითად, «ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამულიდა ..

 _ დღეს პატრიოტიზმზე საუბარი არალიბერტარიანული და არამოდურია. არ არის საჭირო პატრიოტიზმის გაკვეთილების ჩატარება, მაგრამ, თუ ქართული ლიტერატურის სასწავლო პროგრამიდან გავაქრობთ ყველა იმ ავტორს, რომელიც პატრიოტიზმზე წერს, მაშინ ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ. ახლა გვეუბნებიან, რომ პატრიოტიზმი, პირველ რიგში, საკუთარი კუჭისა და მსოფლიოს რიგი აბსტრაქტული ფასეულობებისადმი ერთგულებაა. მართალია, არსებობს საერთო ფასეულობებიც, მაგრამ არავის წაურთმევია მოცარტი ვენისთვის, წმინდა პეტრეს ტაძარი _ იტალიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი მსოფლიოს კუთვნილებაა. კი, ბატონო, ძალიან მიყვარს წმინდა პეტრეს ტაძარი, მაგრამ მომეცით ნება, ჩემი ბაგრატის ტაძრისადმი სხვა დამოკიდებულება მქონდეს.

«იყო არაბეთს როსტევან…» ეს ერთი სტროფი მაინც ხომ უნდა იცოდეს ქართველმა კაცმა?. «ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა» და «ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანას» შორის რა განხვავებაა, თუ ვერ ხვდება, ასეთ ადამიანს მოქალაქეობა არ უნდა მისცე, არათუ ხელმძღვანელი თანამდებობა. მაგრამ თუ ასეთი კაცი პრეზიდენტია, ეს ჩვენი დაცინვაა. ქართველ ხალხს რომ უცნაური იუმორის გრძნობა აქვს, ამის გენიალური დასტურია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია.

_ თქვენ განათლების რეფორმის ნაკლოვანებებზე ისაუბრეთ, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ ამას წინათ ამერიკის კონგრესის თავმჯდომარის აპარატის უფროსმა ბარი ჯექსონმა ქართული განათლების რეფორმა წარმატებულად შეაფასა. ხშირ შემთხვევაში რატომ იმსახურებს უცხოელებისგან მოწონებას რეფორმა, რომელიც ქართველებში უკმაყოფილებას იწვევს?

_ უცხოელს გააჩნია. ზოგჯერ მათ ინტერესებში არ არის სიმართლის თქმა. მოვეშვათ მათ შეფასებებს და ავიღოთ ინდიკატორები: რამდენი დასაქმდა და სად, ვინც წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი? რამდენი მოეწყო წელს, ვინც დაამთავრა სკოლა, ისეთ ფაკულტეტზე, რომელიც მას უნდოდა და რამდენია კმაყოფილი იმ ფაკულტეტებით, რომელზეც მოეწყო? რამდენმა გაასაჩივრა თავისი შედეგები და რამდენი საჩივარი დაკმაყოფილდა? ეს ინფორმაცია დაბლოკილია, გაუგებარია, რატომ. მეც და სპეციალისტებსაც ეს სტატისტიკა უფრო გვაინტერესებს, ვიდრე ბარი ჯექსონის შეფასებები. თან ჩვენ არ ვიცით, რას ეკითხებიან ამ უცხოელს, თუ ეუბნებიან, რომ ჩვენთვის ტურიზმია პრიორიტეტული, ტურისტის მომსახურებას რად უნდა განათლების რეფორმა? როცა უცხოელს ეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომელიც ცდილობს შექმნას განათლების სისტემა, რომელიც აჯობებს ზიმბაბვეს, ზამბიას და ა. შ., ცხადია, ის იტყვის, რომ მოსწონს ჩვენი რეფორმები, მითუმეტეს, რომ შედეგებს ის ვერ ხედავს.

_ ხმაური გამოიწვია უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანამ საქართველოში. გაამართლა თუ არა აღნიშნულმა პროექტმა?

_ არ გაამართლა. ჯერ ერთი, ჩვენი ახალგაზრდობა უკეთესი ინგლისურით ნამდვილად არ საუბრობს, მეორეც, ჩვენ ეს საკითხი გულდასმით შევისწავლეთ და ამ მასწავლებლებს შორის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არც ერთი არ აღმოჩნდა. პირველივე ფრაზაში ინგლისური ენის პედაგოგი რომ იმას იტყვის, გრამატიკულ საკითხებზე მე ნუ დამელაპარაკებითო, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. კეთილი ინებოს და გვითხრას ხელისუფლებამ, ეს ხალხი რისთვის ჩამოიყვანა _ საკუთარი ფინანსური მოგების მისაღებად თუ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის სასწავლებლად?

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ უნდა შეიცვალოს განათლების სფეროსადმი დამოკიდებულება. ავიღოთ სანიმუშოდ დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტების გამოცდილება. ჩვენც არ გვყავს სხვაზე ნაკლები სპეციალისტები, დაწერონ საუნივერსიტეტო ისეთი პროგრამები, რომლებიც დასავლეთის პროგრამებთან ჰარმონიზაციაში იქნება და ამის შემდეგ მოვიყვანოთ სკოლა შესაბამისობაში ამ პროგრამებთან. ეს არ არის ერთი კვირის და ერთი თვის საქმე, მაგრამ დღეს ეს ერთადერთი გამოსავალია.

და რაც მთავარია, სკოლას სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს მანდატური და სკოლებსა და უნივერსიტეტებს უნდა მოშორდეს იდოლოგიური ფონი. სკოლა ჟურნალისტებისთვის ჩაკეტილ სისტემად და აგენტების სამჭედლოდ იქცა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here