Home რუბრიკები საზოგადოება ირინა ერინბა: ფეხით დავბრუნდები სოხუმში და ანქვაბის ხელისუფლებას ჩავბარდები

ირინა ერინბა: ფეხით დავბრუნდები სოხუმში და ანქვაბის ხელისუფლებას ჩავბარდები

626

ამ ზომის ფართს ოთახს ვერ ვუწოდებ, მას საკუჭნაოდ თუ გამოიყენებ. არადა, აფხაზეთიდან დევნილ ირინა ერინბასთვის ეს საცხოვრებელი ოთახია, რომელშიც ძლივს ეტევა საწოლი და კარადაამ პაწია ხულას მეპატრონესაც ვერ დავადანაშაულებ, რომ მდგმურისგან ყოველთვიურად 100 ლარს იღებს, მაგრამ პირადად მე, მის ადგილას, ალბათ, უხერხულობისგან ლოყები ამიწითლდებოდა! და კიდევ ერთი დეტალი: ვერ ვიჯერებ, რომ ეს უკიდურესად დასუსტებული ქალბატონი ამა წლის აპრილამდე 105 კილოგრამს იწონიდა!..

_ უკვე ჩვიდმეტი წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ, _ მიყვება ირინა. _ აქ მე ფეხით ჩამოვედი. ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში ვცხოვრობდი, ხიდთან, რომლის აფეთქების შემდეგ, 1992-ის ოქტომბერში, ოთხი სახლი დაინგრა, მათ შორის ჩემიც. მაგ დროს სახლში არ ვიმყოფებოდი და, როდესაც მივედი, გადარჩენილმა მეზობლებმა მითხრეს, რომ ჩემი ძმა და ორი და დაიღუპნენ.

იმ დღეს ოთხი ოჯახი გაუბედურდა. უახლოესი ადამიანების დაკარგვასთან ერთად, უსახლკაროდაც დარჩნენ; ერთერთი მათგანი კი  ჭკუიდან შეიშალაროგორც გაირკვა, დანაღმული ხიდი ტანკის გადასვლისას ააფეთქეს. რას წარმოიდგენდა ირინა ერინბა, რომ ათი წლის შემდეგ მას მოუწევდა შეხვედრა იმ ტანკის ეკიპაჟის სასწაულებრივად გადარჩენილ წევრთან.

წამში უპოვრებადქცეულ მეზობლებთან ერთად ირინამ ჩააღწია გალის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, სადაც სანატორიუმის შენობაში შეასახლეს და სადაც სოხუმის დაცემამდე ცხოვრობდა.

_ ირინა, თქვენ ეროვნებით აფხაზი ხართ. რატომ არ დარჩით აფხაზეთში? თქვენ რაღა გემუქრებოდათ?

_ აფხაზეთში, აფხაზებთან ერთად ჩრდილოკავკასიელებიც ომობდნენ და უკიდურესი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათი ბანდები ძარცვავდნენ, ცემდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ განურჩევლად ყველას _ ქართველებს, აფხაზებს, სომხებს, რუსებს! აბა, მაგ განუკითხაობაში როგორღა დავრჩებოდი?!

ირინას კარგად ახსოვს ზედახორა ენგურის ხიდზე, რომელიც რის ვაივაგლახით გაიარა და ზუგდიდში ჩააღწია. აქ ორი წელი დაჰყო და 1995-ში თბილისში ჩამოვიდა. უსახსრობის გამო, გზის ნახევარზე მეტი ფეხით გამოიარა!

_ რატომღაც დიდი ხნის განმავლობაში ჩემს ეროვნებას ვმალავდი, _ ამბობს ირინა. _ ერინბას მაგივრად, ერენკოს ვამბობდი. ოფიციალურად არსად ვმუშაობდი. ძეხვეულით ვვაჭრობდი ბაზრობაზე. 2002 წლამდე არავინ შემიწუხებია.

2002 წელს კი ლტოლვილის სტატუსის მისაღებად ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა. იქიდან ოჩამჩირის რაიონის საპასპორტო განყოფილებაში გააგზავნეს, რომელიც მეტრო «სარაჯიშვილის» მახლობლად მდებარეობდა. მისმა უფროსმა, თამაზ მიქაიამ, ქალს მოუსმინა და, როგორც კი გაიგო, რომ ის ტამიშის ხიდთან ცხოვრობდა, გაშმაგებულმა მაგიდაზე მუშტები დააბრახუნა! აღმოჩნდა, რომ ბატონი თამაზი იმ ტანკში იჯდა, რომელიც ხიდზე ააფეთქეს!

_ დამიწყო ყვირილი: «შენ იცი, ვინ დანაღმა მაგ ხიდი და, სანამ არ მეტყვი, აქედან არსად წახვალო!» _ იხსენებს ირინა. _ სამი დღის განმავლობაში მიქაიას ტყვეობაში ვიყავი. მიმდინარეობდა დამამცირებელი დაკითხვები, მიუხედავად იმისა, უკვე იცოდა, რომ საბედისწერო აფეთქებამ ჩემი ოჯახის წევრებიც იმსხვერპლა! ბოლოს ჩემს ამოსაცნობად ტამიშის რამდენიმე მკვიდრი მოიყვანეს, რომლებმაც დაადასტურეს ჩემი ვინაობა, ხოლო მიქაიას უთხრეს, ეს ქალი ქართველების წინააღმდეგ არ იბრძოდაო. მიქაია მაინც გაჯიუტდა და არათუ პირადობის მოწმობა, ლტოლვილის დამადასტურებელი საბუთიც კი არ მომცა…

ასეთმა მოპყრობამ ირინა ერინბა ისე დააშინა, რომ მხოლოდ 2008 წელს გაბედა მისვლა იუსტიციის სამინისტროში და, როგორც იქნა, მას საქართველოს მოქალაქეობაც მისცეს და დევნილის მოწმობაც, მაგრამ ისევ უსახლკაროდ დატოვეს.

_ ვცხოვრობდი თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ «ქართლში» ჩემს ნაცნობ ქალთან, რომელმაც ერთი ოთახი დამითმო. შევისწავლე პარიკმახერობა და კლიენტებს სახლში ვიღებდი, მაგრამ ჩემი მეგობრის ბიჭი რომ დაქორწინდა, იძულებული გავხდი, სანატორიუმიდან წამოვსულიყავი. ვცხოვრობდი მეგობრებთან. ლუკმაპურს ვშოულობდი.

2009 წლის ბოლოს ირინამ მუშაობა დაიწყო რესტორან «ბაგებში» შეფმზარეულის თანაშემწედ, მაგრამ იქ მხოლოდ სამი თვე დაჰყო.

_ დამეწყო გულის წასვლები, ღებინება, რის გამოც 2010 წელს სამსახურიდან სასწრაფოდ დამითხოვეს; მაგრამ ბედმა გამიღიმა და ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ოფისში დამლაგებლად მოვეწყვე. გული მაშინაც მიმდიოდა ხოლმე, მაგრამ იქ არავის აზრად არ მოსვლია ჩემი გაძევება. «თი-ბი-სი ბანკიდან» კრედიტი ავიღე 500 ლარის ოდენობით, იმის იმედით, რომ მისი დაბრუნება არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ოფისი დაიკეტა და ლტოლვილის 28 ლარის ფულადი დახმარების ანაბარა დავრჩი. ბანკის პროცენტი კი იზრდება… დახმარებისთვის არაერთხელ მივმართე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. იქ ყოველთვის ეჭვის თვალით მიყურებდნენ და ერთსა და იმავე კითხვას მისვამდნენ: რატომ გადმოხვედი ქართველების ტერიტორიაზეო. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია! თუ მე, აფხაზი ქალი, აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად ვთვლი, მანდ მომუშავე ქართველები, რა, სხვანაირად ფიქრობენ?!

მარტში თუ აპრილის დასაწყისში ქუჩაში თვალი მოვკარი კობა სუბელიანს. მივვარდი და ვთხოვე, ვემუდარე მიღებაზე ჩაწერას. სამწუხაროდ, სააკაშვილის მინისტრები მხოლოდ ტელევიზორებიდან ჩანან კეთილები, გულისხმიერები; სინამდვილეში კი ხარბი, აფთრებივით ვერაგები და დაუნდობლები არიან!

სუბელიანმა შეხვედრაზე კატეგორიული უარი მითხრა და უხეშად მომიშორა: მე საერთოდ არ მაქვს მიღების დღეებიო!..

2011 წლის ნოემბერში ირინა ერინბამ დახმარებისთვის პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, მიმართა, მაგრამ რუსეთის ჯართან დანაჩანგლებით ბრძოლის მოყვარული თავმჯდომარის კანცელარიამ დევნილის წერილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც მისი კვალიც კი გააქრო

ამა წლის აპრილის ბოლოს ირინამ მძიმე ოპერაცია გადაიტანა. მას ნაღვლის ბუშტი ამოჰკვეთეს.

_ ოპერაცია პოლისის წყალობით გავიკეთე, _ ამბობს ჩემი მოსაუბრე. _ რომ გამომწერეს, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ერთ-ერთ ოფისში შემიკედლეს. პირველი ღამე სკამებზე მეძინა… აი, ახლა სადაც ვცხოვრობ, ეს ოთახიც კეთილი ადამიანების წყალობითაა ნაქირავები. მეპატრონეს ორი თვის ქირა, 200 ლარი, წინასწარ გადაუხადეს, მაგრამ ხვალ ვადა მიმთავრდება, ბიჭებს კი ფიზიკურად აღარ შეუძლიათ ჩემ მაგივრად იხადონ. კიდევ კარგი, ჩემმა მეგობარმა, თავად დევნილმა და უკიდურესად გაჭირვებულმა თამაზ ჯღამაძემ ფული ისესხა და მეპატრონეს ათი დღის ქირა გადაუხადა. მერე რა იქნება, არ ვიცი!

_ საცხოვრებელი ფართი თქვენთვის არ შემოუთავაზებიათ?

_ სამინისტრომ შემომთავაზა სოფელ ჭკადუაშში. იგი მდებარეობს ზუგდიდსა და წალენჯიხას შორის. როგორც გავიგე, იქ პიონერთა ბანაკის «ნაშთზე» ყოფილა ოთხი ავარიული სახლი. ერთ-ერთში მაძლევდნენ ოთახს, რომელშიც საწოლიც კი არაა! მე, მარტოხელა მძიმე ავადმყოფმა, იქ როგორღა უნდა ვიცხოვრო, თანაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში?!

სამინისტროსგან და აფხაზეთის მთავრობისგან მოვითხოვ, რომ ჩამიტარდეს სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა და სწორი დიაგნოზი დამისვან, რადგან ხუთმა საავადმყოფომ ხუთი ურთიერთგამომრიცხავი დიაგნოზი «მომართვა». მოვითხოვ, ასევე, რომ თბილისში ერთი ბეწო საცხოვრებელი ფართი გამომიყონ, საიდანაც გასახლებით არავინ დამემუქრება. ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა ვიცხოვრო ქირით ან ნაცნობები ვაწუხო?! თუ  ჩემი ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, როგორც სოხუმიდან თბილისში ფეხით ჩამოვედი, პროტესტის ნიშნად ისევე ფეხით დავბრუნდები სოხუმში  და ანქვაბის ხელისუფლებას ჩავბარდები! მე ახლა ისე ცუდად ვარ, რომ, შესაძლოა, გზაში მოვკვდე, მაგრამ ასეთ არაადამიანურ, დამცირებულ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია!

გიორგი კორძაძე

P.S. ამ წინასაარჩევნო დროს, ჩვენი მოხეტიალე სააკაშვილი მიტინგებზე ცხვრებივით მორეკილ ადამიანებს ნაცარს აყრის თვალებში: ჩვენ ისეთი საქართველო უნდა ავაშენოთ, სადაც არა ჩვენ მივალთ აფხაზებთან, არამედ აფხაზები მოვლენ ჩვენთანო!

ირინა ერინბას ტრაგიკული ბედი თვალნათლივ ადასტურებს, თუ რა არაადამიანურ პირობებში აპირებს სააკაშვილი «სუფრის გაშლას» ჩვენთან მოსულ აფხაზებისათვის!

 

1 COMMENT

  1. ნეტავ ვის აშინებს, დაბრუნდეს რა აფხაზეთშიც იგივე საქართველოს ნაწილი არარის თუ რა….

  2. ანქვაბის ხელისუფლებამ თუ მიგიღოთ,მაშინ ბევრი მოგბაძავთ, იმიტომ რომ, ძალიან ბევრი ვართ მსგავს მდგომარეობაში… ოცი წელია სასჯელს ვიხდით, ნეტა გაგვაგებინა,რამდენი დაგვრჩა კიდევ მოსახდელი? ან რა დავაშავეთ?… .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here