Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ ჭიჭინაძე: თუ მომავალი ხელისუფლებაც იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, რომელსაც სააკაშვილი და მისი...

ვასილ ჭიჭინაძე: თუ მომავალი ხელისუფლებაც იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ატარებს, მაშინ ჯობია, ეს ცვლილებები საერთოდ არ მოხდეს

580

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საქართველოს ყოფილი დესპანი ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხში _ ვასილ ჭიჭინაძე.

_ ბატონო ვასილ, არჩევნებამდე სულ რაღაც სამი კვირა დარჩა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს შუბლით შეასკდება. რა მოლოდინი გაქვთ და, თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, რამდენად არსებობს იმის რეალური წინაპირობა, რომ მომავალი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია?

_ წინაპირობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ამის გარეშე ბრძოლას რა აზრი აქვს, მაგრამ ის, რომ ამ არჩევნებზე ამბობენ, ეს არის ვატერლოო და, ფაქტობრივად, უკანასკნელი შანსი ქართველი ხალხისთვისო, ჩემი აზრით, მთლად ასეც არ არის. ბოლო რვა წლის განმავლობაში, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ოპოზიცია მუდმივად უშვებდა ერთსა და იმავე შეცდომას, _ იზრდებოდა საზოგადოებრივი მღელვარების მუხტი, ხალხი იყო მაქსიმალურად ეგზალტირებული და, როცა ეს ყველაფერი აღწევდა პიკს, გვესმოდა რიტორიკა, რომ ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის. გვახსოვს შეძახილები: «მიშა, მოვდივარ!», ამას გიზამ და იმას გიზამო… რას მივაღწიეთ? მაპატიოს ყველამ, მაგრამ ფეხები ვერ მოვჭამეთ ვერავის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არ მინდა, დღესაც იგივე განმეორდეს და ის მოლოდინები, რაც გააჩინა ოპოზიციურ სპექტრს, ცხადია, «ქართულ ოცნებას» ვგულისხმობ, საზოგადოებას ექცეს მორიგ იმედგაცრუებად, ვინაიდან, ეს თუ მოხდება, ჩათვალეთ, რომ მინიმუმ მომდევნო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მოუწევს იმ რეჟიმის ქვეშ ყოფნა, რომელიც დღესაა ჩვენს ქვეყანაში…

რაც შეეხება მოლოდინს, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქ რაღაც სასწაული მოხდება და ამ არჩევნებით ერთბაშად მოვიცილებთ ყველაფერს, რაც არ გვჭირდება, მაგრამ ერთი რამ უდავოა: საზოგადოების ძირითადი ნაწილი თუ არ მოექცა ერთი აზრის, ერთი პოზიციის ქვეშ და კონსოლიდირება ვერ მოხერხდა, ბიძინა კი არა, ასი ბიძინა და კოალიცია ვერ უშველის ამ ქვეყანას. იმის თქმა მინდა, რომ კი, ბევრი რამაა პოლიტიკოსებზე დამოკიდებული, საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაც მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერს წყვეტს ხალხი. რაც უნდა დარღვევებითა და გაყალბებით ჩატარდეს არჩევნები, მაინც არჩევნები ჰქვია, ამიტომ, თუ ვინმეს ევალება თავის დაცვა ამ გაყალბებისგან, პირველ რიგში, ესაა ამომრჩეველი. აი, სწორედ ამ კუთხიდან, ამ გადმოსახედიდან შეიძლება გვქონდეს ჩვენ დღეს რამე მოლოდინები, იმედები და ზუსტად ამაზეა დამოკიდებული, რეალურად გვექნება თუ არა ოპტიმისტური განწყობის საფუძველი.

_ თავის დროზე, როცა ე. წ. ვარდების რევოლუცია მოხდა, ხალხი შევარდნაძის ხელისუფლების სიძულვილით იყო დაბრმავებული და ვერ განსაზღვრა, «ნაცმოძრაობის» სახით, რას აძლევდა ხმას. დღესაც თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა. თქვენი აზრით, რა ძალაა რეალურად კოალიცია «ქართული ოცნება»?

_ ამაზე დეტალურად საუბარს ერთი და ორი საგაზეთო ინტერვიუ, ალბათ, არ ეყოფა, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხებისა, რაც კოალიციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. მაგალითად, ივანიშვილის პოლიტიკა, ისევე, როგორც სააკაშვილის, არის «არა _ რუსეთს». ამას შეიძლება, პირდაპირ ვერ ამბობს, მაგრამ ის, რომ მათ პროგრამაში ერთ-ერთ პრიორიტეტად წარმოდგენილია ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება და საბოლოოდ გაწევრიანება, თავისთავად უკვე გამორიცხავს კრემლთან ურთიერთობის მოგვარების შესაძლებლობას. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ამდენი ხანია, დიპლომატიაში ვარ, გამაგებინეთ ერთი, პანაცეაა ეს ნატო თუ როგორაა? ან კიდევ, ვთქვათ და თანახმა ვართ ყველა, გვინდა ალიანსში შესვლა, გიღებს ვინმე?!

ახლა ავიღოთ რუსეთი, არავის აქვს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთმორწმუნე ქვეყანაა, აქვს უზარმაზარი რესურსები და, რაც მთავარია, არის შენი მეზობელი. ეს არის ჩვენი მოცემულობა, რომელსაც ან მოუძებნი რამე ადეკვატურ მიდგომას, ან დაიღუპები. ესენი რომ იძახიან, უკანალის ლოკვას ვერ დავუწყებთო, კი, ბატონო, მეზობელს ლაქიად არ უნდა გაუხდე, მაგრამ, კაი გამარჯობა რომ უთხრა და კარგი ურთიერთობა გქონდეს, რა გიშლის ხელს?! ეს ხომ შესაძლებელია…

_ თქვენი აზრით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ივანიშვილის პოლიტიკა იქნება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ მიმართული?

_ მე ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით: ერთდროულად ორი რამის მიღწევა _ სწრაფვა ნატოსკენ და თან რუსეთთან საერთო ენის გამონახვა _ შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ ეს არის პოლარიზებული პოლიტიკა და არა დაბალანსებული მიდგომა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, რომელიც «ქართულმა ოცნებამ» წარმოადგინა, ჩემთვის გაუგებარია, რომ აცხადებენ, ერთ მილიარდს ჩავდებთ ამ სფეროში და შიდაპროდუქტის რაოდენობას გავახუთმაგებთო. ვთქვათ და მართლა განახორციელეს, სად მიგაქვს ეს გახუთმაგებული პროდუქცია მაშინ, როცა, რაც გაქვს, იმასაც ვერ ყიდი და ვერ ასაღებ? თუკი გასაღების ბაზარი არ გექნა, შენი წარმოებული ღვინო თუ სხვა რამე სადმე არ გაიტანე, ასე დოვლათი შეიქმნება?! ამას ხომ ბევრი ფიქრი და ანალიზი არ სჭირდება?! ყველაფერი ძალიან მარტივია… იმის თქმა მინდა, რომ რუსეთის ბაზარი იყო და არის საქართველოსთვის უალტერნატივო, ამიტომ, გვინდა თუ არა, გვსიამოვნებს თუ არა ამის აღიარება, რეალობა ასეთია, რომ ჩვენი ეკონომიკა, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებისა, ბუნებრივად პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან.

აქედან გამომდინარე, მომავალი ხელისუფლების პოლიტიკა, უწინარესად, გათვლილი უნდა იყოს სწორედ იმ უფსკრულის ამოვსებაზე, რომელიც გაჩნდა ჩვენსა და რუსეთს შორის სააკაშვილის უგუნური მოქმედებების შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოს პერსპექტივა ნულია და  ყველანაირ შანსსაც დავკარგავთ, რომ ოდესმე მაინც დავალაგოთ ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან და ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ განვითარების სწორ, მშვიდობიან გზაზე.

_ არსებული ხელისუფლების პირობებში ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?

_ არსებული ხელისუფლების პირობებში ეს გამორიცხულია და ამიტომ გვჭირდება ძირეული ცვლილებები, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ, თუ მომავალი ხელისუფლებაც იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ატარებს, მაშინ ჯობია, ეს ცვლილებები საერთოდ არ მოხდეს. მე მხედველობაში მაქვს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ვინაიდან მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ კეთილდღეობის, წინსვლისა და განვითარების, არამედ ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტაც დიდწილად დამოკიდებულია სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე.

_ დავუბრუნდეთ არჩევნების თემას. ხელისუფლება რომ დამარცხებას იოლად არ შეეგუება, ფაქტია. იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია საკუთარი ხმების დასაცავად პროტესტის რაიმე რადიკალურ ფორმას მიმართავს, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ხელისუფლება ძალის გამოყენებაზე წავა?

_ ჩვენდა საუბედუროდ, ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, მაგრამ მე მაგის დაშვებაც არ მინდა, იმიტომ, რომ დავიღუპებით. ეს თუ მოხდება, ვინც და რა ძალებიც უნდა ჩაერიოს პროცესებში, არეულობა უცებ არ დამთავრდება. პირიქით, ხალხი იმდენადაა დღეს აღტკინებული და დამუხტული უარყოფითი განწყობებით, რომ საბოლოოდ ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამოქალაქო ომი. ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოხდეს, მაგრამ ვიმეორებ: მათ, ვინც ხელისუფლების სათავეში არიან, დასაკარგი ახლა ძალიან ბევრი აქვთ. ამიტომ  მათი მხრიდან უკან დახევა გამორიცხულია; ოპოზიციას კი დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომ არც ესენი წავლენ დათმობაზე. ეს სად დაგვაბრუნებს, იცით? 90-იან წლებში უფსკრულში რომ ვიყავით, სადღაც იმის იქით _ კიდევ უფრო დიდ უფსკრულში. მერე ჩვენს წამოდგომასა და წელში გამართვას, თუ საერთოდ შევძელით ეს ოდესმე,  ალბათ, 20-30 წელი დასჭირდება.

_ თქვენი აზრით, იმისთვის, რომ წარსულში არ დავბრუნდეთ, რა მასშტაბის დარღვევებითაც უნდა დასრულდეს არჩევნები, საზოგადოებამ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი არ უნდა მისცეს?

_ ამას არ ვგულისხმობ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, ნებისმიერი საფრთხის მიხედავად, ხალხმა საკუთარი ხმები საკუთარი უზენაესი უფლება, რომ აირჩიოს ის, ვინც მისთვისაა მისაღები, ბოლომდე უნდა დაიცვას. თუ საზოგადოებამ ხელები დაუშვა, ყურები ჩამოყარა და მილოცვები დაასწრეს ერთმანეთს პოლიტიკოსებმა, ეს ორმაგად დამღუპველი იქნება. ამიტომ, კიდევ გავიმეორებ: არჩევნების შედეგები დღეს დამოკიდებული არაა არც ივანიშვილზე, არც სააკაშვილზე და არც ვინმე სხვაზე, არამედ დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ამომრჩეველზე. გავრცელებული მოსაზრებაა: რასაც იმსახურებ, ის ქვეყანა გაქვს და ის მთავრობა გყავს. თუ ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ გვყავდეს «ნაციონალური მოძრაობა», გვეყოლება კიდეც, თუ არა და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის _ ბრძოლისთვისაც, მსხვერპლისთვისაც და საერთოდ, ყველაფრისთვის, რაც საჭირო იქნება რეჟიმზე საბოლოოდ გამარჯვებისთვის.

_ NDI-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებს ეჭვის თვალით უყურებს. ამიტომ ბევრს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, მიიღოს თუ არა მასში მონაწილეობა. რა აზრის ხართ ამაზე?

_ ამ ყველაფერს თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს. ამაზე თქვენი გაზეთის ფურცლებზეც არაერთხელ მისაუბრია. საქმე ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ დიდი იმედგაცრუება განიცადა, იმედგაცრუება ოპოზიციის მხრიდან, რის გამოც ნდობა ხელისუფლების ოპონენტების მიმართ, საბოლოოდ დაიკარგა. ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის. ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი გულწრფელი პოზიცია. გულწრფელს იმიტომ ვამბობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის დრო, როცა ადამიანები 20 კილო ფქვილზე და 30-ლარიან ვაუჩერზე ყიდდნენ ხმებს, ვინაიდან, იქ რომ შედიხარ, იმ კაბინაში, და შემოხაზავ რომელიმე ნომერს, ეს არის შენი შვილის, შვილიშვილის და მისი შვილების მომავალი. აი, ამ შეგნებით უნდა მივიდეს თითოეული მოქალაქე საარჩევნო ყუთთან და მაშინ იქნება შედეგი, თუ არა და იმ ერთ ტომარა ფქვილს და 20 ლიტრ საწვავს, რომელიც, ალბათ, ერთი-ორი კვირა ძლივს გეყოფა, მერე ყველაფერი რომ დამთავრდება და ეს ბიჭები თავისას მიიღებენ, ყელში ამოგადენენ ძმრად…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here