Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის ჩამოვიდა ამერიკული «ტროიკა»?

რისთვის ჩამოვიდა ამერიკული «ტროიკა»?

658

ამერიკელი სენატორების _ ჯონ მაკკეინის, ჯოზეფ ლიბერმანისა და ლინდსი გრემის ვიზიტმა საქართველოში, როგორც ლაკმუსის ქაღალდმა, კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ის პრობლემები, რომლებიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაგროვდა. ისინი როგორც პოლიტიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებენ. ღია საუბარი ამ პრობლემებზე მიღებული არ არის, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ მათსა და ამერიკელ პარტნიორებს შორის სრული ურთიერთგაგება სუფევს, თუმცა ჩნდება სულ უფრო მეტი ნიშანი იმისა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში რაღაც ძალიან  არაჯანსაღი, საშიში ვირუსის მაგვარი გაჩნდა.

ძია სემის ნიღაბი

სახელისუფლო პროპაგანდა სამი ამერიკელი სენატორის ვიზიტის გაშუქების პროცესში ცდილობდა, მათი განცხადებები სააკაშვილისა და «ნაცმოძრაობის» მხარდაჭერად წარმოეჩინა და, ამასთანავე, წარმოადგენდა მათ ნააზრევს, როგორც ჭეშმარიტებას უკანასკნელ ინსტანციაში, რომელიც, 1937 წლის შინსახკომის «ტროიკების» განაჩენისა არ იყოს, გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ამიტომ დასაწყისისთვის ურიგო არ იქნება იმის დადგენა, ვის წარმოადგენდა რეალურად სამი სენატორისგან შემდგარი «ტროიკა» ჯონ მაკკეინის არაფორმალური თავმჯდომარეობით?

საქართველოში ყველამ როდი გაიგო, რომ ეს ჯგუფი არა აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას, არამედ მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავს და ის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან ხანდახან პრინციპულ წინააღმდეგობაში შედის. მაგალითად, დეკემბერში მაკკეინი და გრემი მოითხოვდნენ ერაყში ამერიკული ჯარის შებრუნებას და ამბობდნენ, რომ ურთიერთობა პაკისტანთან «სრულად უნდა გადაიხედოს», თებერვალში მაკკეინი და ლიბერმანი ეგვიპტეს ურთიერთობის კატასტროფული გაუარესებით დაემუქრნენ, ხოლო მარტში სამივე ჩვენმა სტუმარმა ბარაკ ობამას მოუწოდა, სირიაში ავიაცია გამოეყენებინა. ვინაიდან ეს უკანასკნელი განცხადება ერთობ რეზონანსული გამოდგა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ჯონ ბონერს, იმის თქმა მოუხდა, რომ მსჯელობა ამაზე ნაადრევია, ხოლო პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ სირიის დაბომბვას არ აპირებს, რადგან ამის გაკეთება შეცდომა იქნება. წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ილეანა როს-ლეტინენმა, კი განაცხადა, რომ მსგავსი იდეები «უნდა განიხილებოდეს, როგორც ცალკეული პირების კერძო მოსაზრებები და არა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პროფილური კომიტეტების პოზიცია». აპრილში ლიბერმანი და მაკკეინი სირია-თურქეთის საზღვარზე გაემგზავრნენ, მეამბოხე ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ და მათთვის დამაიმედებელი განცხადებები გააკეთეს. აგვისტოში «ტროიკამ» (ამჯერად სრული შემადგენლობით) «ვაშინგტონ პოსტის» ფურცლებიდან კვლავ მოუწოდა ობამას საჰაერო ძალების გამოყენებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არაერთგზის დააფიქსირა, რომ ეს მის გეგმებში არ შედის.

ჯონ მაკკეინის საგარეოპოლიტიკური რადიკალიზმი ხშირ შემთხვევაში რეალობისგან ძალიან შორს დგას. თუ ობამას ადმინისტრაცია გაითვალისწინებდა ყველა მის «ახლავე დავბომბოთ» და «სრულად გადაიხედოს» ტიპის რჩევებს, გამორიცხული არაა, რომ აშშ დღეს მესამე მსოფლიო ომში იქნებოდა ჩაბმული. მაკკეინი, როგორც წესი, ახმოვანებს უარეს ვარიანტს იმისა, რაც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანას დამართოს, თუმცა მის მიერ შემოთავაზებულ რეცეპტებში, ჩვეულებრივ, გათვალისწინებული არ არის გრძელვადიანი პერსპექტივა და პრობლემები, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებას შეექმნება. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანი არა უკეთესი პოლიტიკის შეთავაზებაა, არამედ დესტრუქციული ოპონირება ბარაკ ობამას სუსტ და გაუბედავ პრეზიდენტად წარმოსაჩენად, თუმცა ეს, პრინციპში, უკვე არა ჩვენი, არამედ ამერიკელი ამომრჩევლების პრობლემაა. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, რომ თბილისში ჯონ მაკკეინი წარმოადგენდა მხოლოდ საკუთარ თავს და თანამოაზრეების ვიწრო ჯგუფს, რომ მის კომენტარებსა და აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.

შესაძლოა, მაკკეინის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი, შენიღბული მიზანი  ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ძია სემის განსახიერება იყო, რათა ადგილობრივ საზოგადოებას ეფიქრა იმაზე, თუ რა სიღრმისეული ქვეტექსტი, ვაშინგტონის რა მინიშნებები დგას მაკკეინის განცხადებების უკან. არადა, რეალურად იქ, მისი (და მისი თანამოზრეების) სუბიექტური პოზიციის  გარდა, არაფერი იდგა. გამორიცხული არაა, რომ სწორედ ამ მიზნის მიღწევის სურვილიდან გამომდინარე მაკკეინისა და მისი მეგობრების მთავარი გზავნილები შეფუთული იყო იმ რიტორიკაში, რომელსაც თეთრი სახლი იყენებს და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში აქცენტები ოდნავ გადაადგილებული იყო.

მაკკეინი, ლიბერმანი და გრემი აქებდნენ საქართველოში მომხდარ ცვლილებებს, უწოდებდნენ «დემოკრატიას» იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში სუფევს, ხოლო სირთულეებს მხოლოდ გაკვრით ახსენებდნენ. თუმცა «ვარდოსანი ხელისუფლების» ეს ქება ამ შემთხვევაში მთავარი არ იყო; მას არ შეეძლო ქართველი ამომრჩევლების განწყობაზე რამდენადმე შესამჩნევი ზემოქმედების მოხდენა. არსებითი მნიშვნელობა სხვა, საგულდაგულოდ შენიღბულ იდეებსა და განწყობას ჰქონდა, რომლის დანერგვას ქართულ საზოგადოებაში ეს სამი ამერიკელი სენატორი ცდილობდა.

 

მთავარი არბიტრი და თანამსაჯები

«მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება მის შედეგებზე დავა დაიწყოს, ჩვენ გვინდა, ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ», _ განაცხადა ჯონ მაკკეინმა 6 სექტემბერს აშშ-ის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე თქვა, რომ «ენდიაის», «აირაის» და ეუთოს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება».

მართალია, «ენ-დი-აის» სადამკვირვებლო მისია და ამ ორგანიზაციის თბილისის ოფისი, რომლებშიც პარტიების სკანდალურ რეიტინგებს აცხობენ, სხვადასხვა რამ არის, თუმცა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ ხედავს, ვერ აღიქვამს სხვაობას მათ შორის და იმ უნდობლობის პროეცირებას,  რომელიც «ნავაროს კანტორის» მიმართ გააჩნია, მთელ ორგანიზაციაზე ახდენს. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში «ინტერპრესნიუსმა» შესთავაზა თავისი საიტის სტუმრებს, გაეცათ პასუხი კითხვაზე: «ენდიაის» ბოლო კვლევა სრულად  ასახავს თუ არა არსებულ რეალობას?» და 68,5%-მა უპასუხა «საერთოდ არ ასახავს». არსებობს უამრავი სხვა გამოკითხვა, რომელთა მიხედვით ამ ორგანიზაციის კვლევების მიმართ უნდობლობა გამოკითხულთა ორმა მესამედმა თუ სამმა მეოთხედმა დააფიქსირა (ამის ნახვა ფორუმ.ჯე-ზე და სხვა პოპულარულ საიტებზე შეიძლება). ბევრმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა ღიად განაცხადა, რომ «ენდიაის» რეიტინგები გაყალბებულია (თქმული ეხება «აირაის» კვლევებსაც, უბრალოდ, მათზე შედარებით ნაკლებს საუბრობენ ვიდრე «ნავაროს კანტორის» ნაცოდვილარზე). აშკარაა, რომ ასეთ ვითარებაში საზოგადოება ვერ მიანიჭებს ამ ორგანიზაციებს არბიტრის სტატუსს არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, თუნდაც მათი სადამკვირვებლო მისიები კრისტალურად სუფთა, მიუკერძოებელი ადამიანებისგან შედგებოდეს.

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, რის თქმა სურდა ჯონ მაკკეინს, ურიგო არ იქნება შემდეგი სიტუაცია წარმოვიდგინოთ _ არჩევნების შემდეგ ცესკო დაახლოებით შედეგებს აქვეყნებს: «ნაციონალური მოძრაობა» _ 60%, «ქართული ოცნება» _ 30%, დანარჩენები _ 10% (შეგვიძლია ნებისმიერ ციფრს მივუმატოთ ან გამოვაკლოთ რამდენიმე პროცენტი, არსებითად ეს არაფერს შეცვლის). საქართველოში არ არსებობს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ ეს შედეგები რეალობას ასახავს და არჩევნები გაყალბებული არ არის. წარმოვიდგინოთ ისიც, რომ ამ ციფრების გამოცხადების პარალელურად, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ერთი მეორის მიყოლებით უშვებენ ეთერში სიუჟეტებს, რომლებშიც ასახულია უხეში დარღვევები (ბიულეტენების ჩაყრა, ოქმების გადაწერა, «კარუსელები», კომისიების ოპოზიციონერი წევრების ცემა და ა. შ.) და ამავე დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოდიან ჯონ მაკკეინის მიერ ხელდასმული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ, მცირე ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები კარგად ჩატარდა და დემოკრატიის გზაზე მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი გახდა. ვის უნდა დაუჯეროს ამ შემთხვევაში ქართულმა საზოგადოებამ _ საკუთარ თვალებს თუ ამერიკელ დამკვირვებლებს? ამ კონტექსტში საინტერესოა 2008 წლის არჩევნების გამოცდილების გახსენება. უნდა აღიაროს თუ არა «ქართულმა ოცნებამ» ასეთი არჩევნების შედეგები?

სინამდვილეში, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე პოლიტიკური და (რაც საინტერესოა) ფსიქოლოგიური სუვერენიტეტის პრობლემასთან გვაქვს. რამდენად მზად ვართ, ვეძებოთ სიმართლე არჩევნების შესახებ არა სადამკვირვებლო მისიების ბუნდოვან ფორმულირებებში, რომელთა გარშემო უნაყოფო დავა შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, არამედ საკუთარი თვალით დანახულ რეალობაში? ცხადია, შეიძლება მჭექარე ლოზუნგების სროლა იმის თაობაზე, რომ ლუის ნავარო და ჯონ მაკკეინი კი არა, ჯორჯ ვაშინგტონიც რომ ადგეს საფლავიდან და შავზე თეთრის მტკიცება დაიწყოს, ეს ქართველების გადაწყვეტილებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ეს მართებული არ იქნება, რადგან პრობლემა რეალურად არსებობს. ქართულ პოლიტიკურ ელიტაში და მთლიანად საზოგადოებაში ე.წ. გარე რეფერენცია დომინირებს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების (ამ შემთხვევაში უცხოელი პოლიტიკოსების) შეფასებები და «საყოველთაოდ აღიარებული» (ვის მიერ?) ნორმები; ქვეცნობიერად ჩვენ ძალიან ხშირად მივილტვით იმისკენ, რომ გარშემომყოფთაგან მოწონება დავიმსახუროთ და ამ დროს ჭეშმარიტების დადგენის მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის ხდება სხვისი შეფასება და არა ჩვენს ხელთ არსებული ობიექტური ინფორმაცია და ჩვენი პრინციპები. ამ ფსიქოლოგიური ხარვეზის გამოყენება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს იმ სტრატეგიაში, რომლის გამოყენებით სააკაშვილის ჯგუფი, უცხოელ მოკავშირეებთან ერთად, ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება. ალბათ, საინტერესო იქნება, მაკკეინის განცხადებები ამ რაკურსით განვიხილოთ.

 

ჰასტა ლა ვიქტორია სიემპრე

ოპოზიციურად განწყობილი კომენტატორების უმრავლესობამ მოახდინა კონცენტრირება იმაზე, რომ სინამდვილეში მაკკეინმა სააკაშვილს მხარი არ დაუჭირა და «ნაცმოძრაობამ» არ მიიღო ამერიკელი სტუმრებისგან ის, რასაც მოელოდა. პრაქტიკულად ვერავინ გაბედა იმის თქმა, რომ სენატორების «ტროიკა» სწორედ რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული, ამაზე არაერთი კომენტარი მიუთითებდა (და მერე რა? რას ცვლის ეს არსებითად?), რადგან ის მათი მოკავშირეა; აქ ისევ და ისევ იგულისხმება მაკკეინის თანამოაზრეთა ჯგუფი და არა აშშ-ის ხელისუფლება. როგორც ჩანს, უკვე იქამდე მივედით, რომ იმის წარმოდგენა, რომ ამა თუ იმ ამერიკელი პოლიტიკოსის პოზიცია ჩვენს შეხედულებებთან წინააღმდეგობაში შევა, პანიკაში გვაგდებს; ეს ძალზე არაჯანსაღი სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ თქმული ყველას როდი ეხება, აღწერილი შინაგანი განწყობა ფართოდაა გავრცელებული.

თუ მოვლენები 2 ოქტომბერს იმ სცენარით განვითარდება, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, ოპოზიციურ საზოგადოებას მოუწევს არჩევანის გაკეთება საკუთარ სიმართლესა და იმ ფსიქოლოგიურ კომპლექსებს შორის, რომლებიც მას აბრკოლებენ. ამ დროს შეიძლება მეტად პარადოქსული ვითარება შეიქმნას: ოპოზიცია დაელოდება, რას იტყვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო აშშ-ის საგარეო უწყება დაელოდება იმას, რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, სააკაშვილი კი ამ პაუზას სათავისოდ გამოიყენებს. იპოვის თუ არა ოპოზიცია საკუთარ თავში ძალას იმისთვის, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს და ამერიკელები მომხდარი ფაქტის (გაყალბებული არჩევნების შედეგების არაღიარების) წინაშე დააყენოს?

ჯონ მაკკეინმა, ბელეტრისტიკას თავი რომ დავანებოთ, ფაქტობრივად (ცხადია, არა პირდაპირი ტექსტით), მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს, ახალი გიორგი თარგამაძე გახდეს და თავის კოალიციასთან ერთად არსებულ სისტემაში «ჩაეწეროს». «ქართული ოცნების» ამომრჩეველს კი, სავარაუდოდ, ურჩევნია, კოალიციამ სრული კრახი განიცადოს, ვიდრე ამ გზას გაუყვეს. რას გააკეთებს ივანიშვილი? საქართველოს უახლეს ისტორიაში საკმაოდ ძნელია მეორე ისეთი ეპიზოდის მოძებნა, როდესაც ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც არჩევნების შემდეგ მიიღებს, ამდენი რამ ყოფილიყო დამოკიდებული.

თუ სააკაშვილის ჯგუფი არჩევნების გაყალბებით ხელისუფლების შენარჩუნებას მოახერხებს, ხოლო «ენდიაის» და «აირაის» სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს ისეთივე ბოდვითი ხასიათი ექნება (ეს არა სუბიექტური შეფასება, არამედ საზოგადოების დიდი უმრავლესობის პოზიციაა, რომელიც შესაბამის გამოკითხვებში აისახა), როგორც მათ წინასაარჩენო რეიტინგებს, ანტიამერიკული განწყობა საქართველოში არა მხოლოდ პიკს მიაღწევს, არამედ გადაიქცევა ერთგვარ პლატფორმად ოპოზიციური საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. ისევე, როგორც XX საუკუნის ლათინოამერიკულ ქვეყნებში, საკმაოდ დიდი ალბათობით, მალევე გაჩნდება მოთხოვნა ახალი ტიპის ოპოზიციონერზე, რევოლუციონერ კომანდანტეზე, რომელიც, ძველად რომ იტყოდნენ, «ძია სემის მარიონეტებს» მუსრს გაავლებს. შემდეგ კი მოვა კომანდანტე (ისინი ყოველთვის მოდიან) და საქართველოს ისტორიაში ახალი, სისხლიანი ეტაპი დაიწყება. ღმერთმა დაგვიფაროს მოვლენების ამ სცენარით განვითარებისაგან, თუმცა ეს ნამდვილად შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის მცდელობას, ხელისუფლება «ნებისმიერ ფასად» შეინარჩუნოს და მის ცუდად შენიღბულ  წახალისებას «ჯონ მაკკეინისა და კომპანიის» მიერ, რომელშიც ძნელია მოძებო რაიმე სხვა, უპასუხისმგებლო წინდაუხედაობის გარდა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. მართალი და საინტერესო სტატიაა. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და მართლაც დავანებოთ თავი იმაზე ფიქრს თუ რას იტყვიან ჩვენზე უცხოელები. მთაარია ჩვენ რას ვიფიქრებთ და რას მოვიმოქმედებთ. წაიკითხეთ ხალხნო ეს მასალა კარგად და იქნებ აზრზე მოვიდეთ. მადლობა სტატიის ავტორს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here