Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა დევდარიანი: ოპოზიციის გაერთიანება არ მოხდა, რაც «ოცნებაში» არსებული ზოგიერთი ძალის სუბიექტურმა...

ნანა დევდარიანი: ოპოზიციის გაერთიანება არ მოხდა, რაც «ოცნებაში» არსებული ზოგიერთი ძალის სუბიექტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია

606

თანამდებობები არ დაკლებია, მაგრამ იგი ყოველთვის პოულობდა საკუთარ თავში ძალას, ყოველგვარ კონიუნქტურაზე მაღლა დამდგარიყო; იგი გამოირჩევა შინაგანი მომხიბვლელობითა და უბრალოებით, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, გულწრფელად ესაუბრონ თავიანთ სიხარულსა და ტკივილზე, რადგან შეუძლია მათი ლხინისა და ჭირის მოზიარეობა; ბუნებრივად შეუძლია, არ თამაშობს. პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატიც იყო და თბილისის საკრებულოს მდივანიც, სახალხო დამცველიც და ცესკოს თავმჯდომარეცცნობილი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ანალიტიკოსი, გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციის თანამშრომელი ნანა დევდარიანი, რომლის შესანიშნავი პუბლიკაციები ჩვენი გაზეთის ყოველ ნომერში ქვეყნდებოდა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და მკითხველებს ამ ამპლუაში წარმოგიდგენთ.

_ ქალბატონო ნანა, ცხრა წელი სრულდება მას შემდეგ, რაც «ვარდების რევოლუცია» მოხდა. თქვენ ამ დროის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდით პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობას. ახლა თქვენ კენჭს იყრით «კახა კუკავა _ თავისუფალი საქართველოსგან». რამ განაპირობა თქვენი ეს გადაწყვეტილება?

_ სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც რთული წარმოსადგენი იყო, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ზოგადად, ვერ ვენდობი იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სააკაშვილის მოყვანას ხელისუფლებაში, თუმცა მათ შორისაც არის განსხვავება: ერთი ნაწილი აღიარებს საკუთარ შეცდომას, მეორე კი დღესაც ამაყობს «ვარდების რევოლუციად» წოდებულ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობით. აქ, როგორც იტყვიან, ერთობ რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დღეს, «რეალურ ოპოზიციად» წოდებულ ძალაში გადაბარგებული ეს პირები ვერაფრით აუხსნიან ამომრჩეველს, რომ, თუ მაშინ შეცდნენ და ვერ განჭვრიტეს, რა ძალა მოჰყავდათ ხელისუფლებაში, ახლა რატომღა იმსახურებენ ნდობას. იქნებ ახლაც ცდებიან?

_ თქვენი ეს შეფასება ბიძინა ივანიშვილზეც მიანიშნებს? ისიც ხომ მხარს უჭერდა სააკაშვილს და მხოლოდ 2008 წელს აეხილა თვალი, როგორც თავად განაცხადა.

_ გარკვეულწილად, ცხადია, ასეა. თუმცა იმხანად ივანიშვილი პოლიტიკოსი არ იყო და მოვლენებს სხვა თვალით უყურებდა, მაგრამ მან დღესაც ბევრი რამ არ იცის ან არასწორად ინტერპრეტირებულ ვერსიებს აწვდიან.

_ რას გულისხმობთ?

_ შორს რომ არ წავიდეთ, ისევ 2003 წელს მივუბრუნდეთ: «ქართული ოცნების» ზოგიერთი წარმომადგენელი დღეს აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში იგივე მოხდება, რაც მაშინ, ანუ კვლავ რევოლუციაზე მიანიშნებენ. ახლა გავიხსენოთ, როგორი შედეგები იყო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე და რამდენად შეიძლებოდა, ამ შედეგებს რევოლუცია გამოეწვია. როგორ გგონიათ, ხმების რამდენი პროცენტი მიიღო მაშინ მმართველმა პარტიამ?

_ არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, 50 პროცენტზე მეტი

_ საქმეც ისაა, რომ 50 კი არა, ის ყბადაღებული 30 პროცენტიც ვერ აიღო, რომელზეც დღეს მმართველი პარტია აცხადებს, რომ «ჯიბეში უდევს». შევარდნაძის საარჩევნო სუბიექტმა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში 21,28 პროცენტი მიიღო! სულ პარლამენტში ექვსი სუბიექტი გავიდა, თან იმგვარი კონფიგურაციით, რომ ორ პარტიასაც კი ერთობლიობაში 50 პროცენტი არ გამოსდიოდა.

_ მაშინ, რით ახსნით მოვლენების «რევოლუციური» გზით განვითარებას?

_ ამაზე პასუხს თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები იძლევიან საკუთარ განცხადებებში. უბრალოდ, მოსმენა და გაგებაა საჭირო. ისინი ხშირად ამბობენ, რომ უმრავლესობა სჭირდებათ, რადგან რეფორმები აქვთ გასატარებელი. მათ ხელს არ აძლევდათ დანარჩენ 5 სუბიექტთან მოლაპარაკება. არადა, ეს გარდაუვალი იყო. იმ არჩევნების შედეგებით, ისინი მუდმივი დიალოგისა და შეთანხმებებისთვის იყვნენ განწირულნი. სწორედ ეს იყო იმის გარანტია, რომ ამომრჩევლის მოთხოვნები იქნებოდა გათვალისწინებული. დღეს უკვე ყველა ხედავს, რომ აგრესიულად მოსული «ნაციონალური მოძრაობა» არა მარტო სხვა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საკუთარ ამომრჩეველსაც კი არ უგდებს ყურს. გული მწყდება, რომ მათ საქართველოს ცხრა წელიწადი დააკარგვინეს. დღეს ოპოზიციისთვის სანატრელია ის შედეგები, რომლებიც 2003 წელს დაიდო.

მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და კიდეც «გადაუკეთა» სააკაშვილს კონსტიტუცია იმგვარად, რომ მას ორი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა, თუ, რა თქმა უნდა, «ნაცმოძრაობა» 1 ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს.

_ «ქართული ოცნება» აცხადებს, რომ ამ არჩევნებს მოიგებს

_ გამარჯვების უპირობო ფორმულა იქნებოდა «ყველა _ «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგ», მაგრამ ივანიშვილმა ამ ფორმულაზე იმთავითვე თქვა უარი. ამ ფორმულით კი სააკაშვილს უკვე წაგებული ექნებოდა არჩევნები. ივანიშვილს თუნდაც იმიტომ არ უნდა ეკრა ხელი სხვა ოპოზიციური ძალებისთვის, რომ მათ საარჩევნო კომისიებში წევრები ჰყავთ. ახლა «ოცნება» კომისიის ორი წევრის იმედზეა, ხოლო «ნაციონალურ მოძრაობას», საერთო ჯამში, 11 წევრი ჰყავს. მართალია, ზოგს «პროფესიული ნიშნით დანიშნულებს» ეძახიან, ზოგს ფორმალურად სხვა პარტიები წარადგენენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი მმართველ პარტიაზე იმუშავებენ.

_ თქვენ მაინც არ ახსენით, რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიგეღოთ საპარლამენტო არჩევნებში

_ პირველ რიგში, იმან, რომ ოპოზიციის გაერთიანება არ მოხდა, რაც «ოცნებაში» არსებული ზოგიერთი ძალის სუბიექტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი: ამ ცალსახად ნატოზე და დასავლეთზე ორიენტირებულ პოზიცია-ოპოზიციაში ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ «კომუნიზმის ჰორიზონტად» ქცეული ნატო საქართველოს ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანს, სწორედ კახა კუკავაა. ძალიან ეცადნენ ჩვენი პროამერიკული ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის თემის მარგინალიზებას, მაგრამ კახა კუკავა აღმოჩნდა ის პოლიტიკოსი, რომელიც ამ ხელოვნურ და საქართველოსთვის საზიანო ტენდენციას არ შეეპუა. ვფიქრობ, მხოლოდ ეს მიზეზიც კმარა იმისთვის, რომ მას მხარი დავუჭირო და შეძლებისდაგვარად ყველაფერში დავეხმარო. პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი ძალა, რომელიც ეროვნულ და მართლმადიდებლურ ფასეულობებს ამკვიდრებს.

_ თქვენ საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ხართ. მაჟორიტარული არჩევნები მძიმე იქნება; მმართველი პარტია ყველა ოლქში ბოლომდე იბრძოლებს, რათა პროპორციული სისტემით დაკარგული ხმები მაჟორიტარების ხარჯზე «ამოქაჩოს». რა პერსპექტივაა ასეთ უთანასწორო პირობებში?

_ გადახედეთ მაჟორიტარი კანდიდატების სიას. მმართველმა პარტიამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე წამოაყენა, რომელმაც მინისტრად მისვლისთანავე ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარ დედას დაუფინანსა ძვირადღირებული ოპერაცია საზღვარგარეთ. «ოცნებამ» დავით უსუფაშვილი წამოაყენა, «ქრისტიან-დემოკრატებმა» – ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე, «მემარჯვენეებმა» _ მამუკა კაციტაძე. ამ ფონზე საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება.

_ თქვენ არ ახსენეთ ჯონდი ბაღათურია, რომელიც ასევე საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს. საპარლამენტო დებატებისას მის მიერ სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხილების შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. ისიც არ არის თქვენი კონკურენტი?

_ ჯერ ერთი, სააკაშვილის გაუწონასწორებელი ფსიქიკა ჯონდის დამსახურება არ არის. მეორეც, საბურთალოს ამომრჩეველს იმდენი ყოფითი პრობლემა აქვს მოუგვარებელი, რომ მაჟორიტარს მხოლოდ სააკაშვილის კრიტიკის გამო არ აირჩევს. თუ კრიტიკაზე მიდგა საქმე, არავის იმდენი არ უკრიტიკებია მმართველი რეჟიმი, რამდენიც მე. დღეს, ჩემგან განსხვავებით, 2003 წლიდან რომ ვაკრიტიკებდი «ნაციონალებს», სააკაშვილის მხილებას უკვე მხოლოდ ძალიან ზარმაცი ან ვალდებულებებით ხელფეხშეკრული პოლიტიკოსები არიდებენ თავს. თუმცა არის კიდევ ფაქტორები, რომელთა გამოც არ მგონია, ჯონდი ჩემი კონკურენტი იყოს. ზედმეტს არ ვიტყვი, მაგრამ მას 1998 წლის საკრებულოდან ვიცნობ და ძალიან არ მინდა, მომავალ პარლამენტში პენსიაზე გაშვებული ზოგიერთი ფსევდოოპოზიციონერის როლი შეასრულოს!

_ ეს სკანდალური განცხადებაა!

_ სკანდალური ის სიუჟეტია, რომელიც ჩვენმა კოლეგა ნანა ლეჟავამ მოამზადა. «მაესტროს» ეთერში ორიოდე დღის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ მინდია გულუა «ყაზტრანსგაზს» ყიდულობს. ეს კი დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ჯონდი ბაღათურია ამ არჩევნებში მინდია გულუას დის პარტიასთან ერთად მონაწილეობს. დასკვნების გაკეთება რთული არ უნდა იყოს!

_ გამოდის, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლება საბურთალოზე ჯონდი ბაღათურიას დაეხმაროს?

_ არჩევნებისას არაფერია გამორიცხული, თუმცა ხანდახან წაგება სჯობს საკუთარი პოლიტიკური მომავლის სასწორზე დადებას. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლების შიგნით სხვადასხვა ჯგუფებია თავისი ინტერესებით და ეს ორმაგი თამაში თავად მმართველი პარტიისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს!

_ რას ჰპირდებით საბურთალოს ამომრჩეველს?

_ არც ერთ თანამდებობაზე საკუთარი კეთილდღეობა წინა პლანზე არ დამიყენებია. ხალხი ყველაფერს ხედავს. პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი ვიყავი, თბილისის საკრებულოს მდივანი, სახალხო დამცველი, ცესკოს თავმჯდომარე. ჩემთვის მთავარი ყოველთვის კონკრეტული ადამიანის პრობლემა და გასაჭირი იყო და არა მისი პოლიტიკური სიმპათიები. ვეხმარებოდი იმის მიუხედავად, თუ ვისი თანამოაზრე იყო. არასოდეს მითხოვია რაიმე სამაგიეროდ; მატერიალური სიკეთე ხომ გამორიცხულია, პოლიტიკური მხარდაჭერაც კი არ მითხოვია. ვცხოვრობ ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა. არასოდეს ვყოფილვარ მასზე დალხენილი _ არც თანამდებობაზე ყოფნისას და არც მის გარეშე. ისიც კარგად ვიცი, რომ ზოგჯერ სიმართლის საპოვნელად რკინის ქალამნების ჩაცმა მომიწევს. ამისთვის მზად ვარ. და, იცით, კიდევ რა? არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა ქუჩაში უცნობი ადამიანი მოდის და გეუბნება: «თქვენ მე სახეზე ვერ მიცნობთ, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც უანგაროდ დაეხმარეთ და დღეს რომ ცოცხალი ვარ, თქვენი დამსახურებაა»! ყველაფერი წავა და გაქრება _ თანამდებობები, მატერიალური კეთილდღეობა, კომფორტი, დარჩება მხოლოდ სიკეთე, რომელიც გიკეთებია და, ვიდრე ცოცხალი ხარ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა!

ესაუბრა

ლილი მიროტაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here