Home რუბრიკები საზოგადოება პროსტიტუციის ზეობა პოსტსაბჭოთა საქართველოში

პროსტიტუციის ზეობა პოსტსაბჭოთა საქართველოში

959

ჯერ წიგნის სათაურს შემოგთავაზებთ: «პროსტიტუციისა და ბოზობის «ზეობა» ქალთა ემანსიპაციის იდეის საფარქვეშ» (მშობლიურ პოსტსაბჭოთსაქართველოში)». ასეთ «ნაკრძალში» შესვლა, თუნდაც ძალიან სერიოზული ნაშრომით, რომელიც მასშტაბური და მრავალწლიანი მეცნიერული კვლევის შედეგია, მაინც სენსაციურობის მუხტის შემცველია. თემაა უჩვეულო, ერთგვარად აკრძალულიც კი, რომელსაც სერიოზული მკვლევარები, თითქოს არ არსებობდესო, გვერდს უვლიან. მაგრამ რა ვუყოთ ამ ვრცელი ნაშრომის ავტორს _ ანზორ გაბიანს, რომლის სამეცნიერო ტიტულები და მოღვაწეობის გზა სწორედაც რომ სერიოზულობითაა გამორჩეული?!

ბატონი ანზორ გაბიანი საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გახლავთ, არის სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, რომელიც 1974 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრასთან. როგორც გამოჩენილი მეცნიერი, სოციოლოგი არჩეული იყო საკავშირო სოციოლოგიური ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ; 40 წლის მანძილზე იყო ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგის მოადგილე, თსუ-ს სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის პროფესორი; მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალი მასშტაბური სოციოლოგიური და კრიმინოლოგიური გამოკვლევა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ეს წიგნიც ამ გამოკვლევათა მასალებზეა აგებული.

ნაშრომის სერიოზულობა და მეცნიერული დონეც აქედან გამომდინარეობს. მაგრამ მარტო ეს რომ იყოს, არც ავტორი იქნებოდა ანზორ გაბიანი, არც წიგნი _ საინტერესო საკითხავი.

«მონოგრაფია კი არის აგებული მეცნიერულ ნიადაგზე, _ წერს თავად ავტორი, _ მაგრამ განკუთვნილია სპეციალისტების გარდა დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის, ანუ გარკვეული თვალსაზრისით პუბლიცისტურიცაა». ხოლო კვლევის მეთოდები, შესასწავლ საგანთან მიახლოების თვალსაზრისით, _ ზოგჯერ ერთგვარად ავანტიურისტული, რასაც უწინ გავრცელებული ჟურნალისტური ხერხის ანალოგიით შეიძლება ვუწოდოთ «მეცნიერი იცვლის პროფესიას».

«კაბირიის ღამეები»

ამ გზით აღწევს იგი სანდოობას, _ უშუალო კონტაქტით, თორემ თავად აღიარებული ემპირიკოსი რომ არის, ამის მტკიცებაზე დროის დახარჯვა არ ღირს.

როგორ ჰქმნიდა ბატონი ანზორი კვლევის ფარგლებში ფელინის ცნობილი კინოდრამის _  «კაბირიის ღამეების» მსგავს სიტუაციებს, ავტორი თავად მოგითხრობთ.

«ადრეულ შემოდგომაზე მეგობრისგან ერთი საღამოთი ვითხოვე მისი ძველი «ჟიგული». შეძლებისდაგვარად ძველ ტანსაცმელში გამოვეწყვე და საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, როდესაც უკვე შებინდებული იყო, ნელი სვლით მივუახლოვდი მეძავთა იმდროინდელ «ბირჟას», რომელიც მდებარეობდა მაშინდელი პავლოვისა და პეკინის ქუჩების შესაყართან ახლოს, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სულ ორადორი ქალის სილუეტი შევნიშნე, რომელთაგან ერთი ახალგაზრდა და შედარებით სიმპათიური, ხოლო მეორე _ დაახლოებით შუახნის, მოუსვენარი ცხოვრებით დაღლილი, მაგრამ პროფესიონალი მეძავის შთაბეჭდილებას ტოვებდა, და მათ სიახლოვეს გავჩერდი… არჩევანი გამოცდილი ქალბატონის სასარგებლოდ გავაკეთე და ხელით ვანიშნე, მანქანაში ჩამჯდარიყო.

როდესაც ქალბატონი X-ი ჩემს გვერდით დავიგულე, მაქსიმალურად შევეცადე, ამ ცხოვრებით დაჩაგრული, დაღლილი ადამიანის გამომეტყველება მიმეღო, «სტუმრის» რეაქციას დავლოდებოდი, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მოუთმენლობა გამოამჟღავნა და გაღიზიანებულმა მკითხა, რას ველოდებით, რატომ არ მივდივართო, რაზეც დაბნეულმა ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, სად წავსულიყავით…

მისი კარნახით გავიარეთ რამდენიმე სამშენებლო მოედნისკენ მიმავალი ლაბირინთები (ეტყობა, ქალბატონი X-ი ამ ადგილებს კარგად იცნობდა) და მის მიერ მითითებულ ადგილას გავაჩერე მანქანა…

ნელი მოძრაობით ამოვიღე ჯიბიდან 5 მანეთი და ქალბატონს მშვიდად გავუწოდე… მან ხმას აუწია და ისტერიული ტონით მითხრა, რომ შენნაირი კრეტინი დიდი ხანია არ შემხვედრიაო. მე კვლავ მოვისულელე თავი და ვკითხე, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი რეაქცია. ამაზე მან, კიდევ უფრო გაღიზიანებულმა, უკვე სარკაზმით მკითხა, შე იდიოტო, სად გაგიგია, რომ 5 მანეთი ქალთან სექსისთვის საკმარისი იყოსო.

მოკლედ, ჩანდა, _ ჩვენი ვაჭრობა ჩიხში იყო შესული, ამიტომ, როგორც მამაკაცმა (ჩემში თითქოს ამ ინსტინქტმა უკვე გაიღვიძა), დავიწყე თავის მართლება, რომ მე მართლაც ამ საქმის მოსაგვარებლად 5 მანეთი საკმარისი მეგონა, მაგრამ მთავარი ეს კი არ იყო, რამდენადაც ის, რომ მეტი ფული თან არ მქონდა და ა. შ. ამიტომ უმორჩილესად ვთხოვდი, რომ ამჯერად 5 მანეთს დასჯერებოდა და ხვალ დილასვე დანარჩენს ბირჟაზე მივუტანდი…

მაგრამ, მეძავი ქალბატონი იყო ურყევი და ამიტომ მტკიცედ მოითხოვა სასწრაფოდ დამებრუნებინა იმ ადგილას, საიდანაც წამოვიყვანე.

მკითხველს არ გადავღლი იმ უსიამოვნო ამბებით, რაც გზაში გადამხდა, რადგან ამ ქალბატონს ჩემი გაკიცხვა მთელი გზის განმავლობაში არ შეუწყვეტია. მივუახლოვდით იმ ადგილს, სადაც მეძავები იმ დროს «ბირჟაობდნენ»… როგორც კი გაკაპასებულმა ქალბატონმა ასფალტზე დადგა ფეხი, ვტაცე ხელი იდაყვში და ძლიერი მოძრაობით გავაჩერე, ჯიბიდან ათმანეთიანების საკმაოდ მოზრდილი დასტა ამოვიღე და უკვე ნორმალური ხმითა და გამომეტყველებით ბოდიში მოვუხადე გათამაშებული სპექტაკლისთვის და 20 მანეთი მივაწოდე…

პატიოსნად გამოვუტყდი ყველაფერში, ვაღიარე ჩემი ნამდვილი ვინაობა და განზრახვა, კერძოდ, ავუხსენი, რომ ვიყავი სოციოლოგი და ვაპირებდი პროსტიტუციის მეცნიერული კვლევის ჩატარებას, ამიტომ მჭირდებოდა ჭკვიანი მეძავი ქალბატონის გულწრფელი რჩევა-დარიგება საკვლევი ობიექტის რაობის სწორად გარკვევასთან დაკავშირებით და ა. შ.

მან, როგორც მოსალოდნელი იყო, სწრაფად «გადახარშა» ჩემი ნათქვამი და თანამშრომლობაზე დიდი სიხარულით დამთანხმდა…

ისეთი საინტერესო ამბები მომითხრო, რომ, როგორც ბოლოს აღნიშნა, თვითონაც არ მოელოდა, თუ ასეთი მჭერმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოვებული».

მსგავს შემთხვევებში რესპონდენტებთან მუშაობის ერთი პრინციპი უნდა იყოს ყოველთვის უპირობოდ დაცული, რაც მსგავსი საუბრის კონფიდენციალობაში მდგომარეობს.

ავტორი ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნავს პროსტიტუციის პრობლემას სხვა მსგავსი სოციალური ანომალიებისგან და აღნიშნავს, რომ თანამედროვე პროსტიტუცია დიდი ხანია არსებითად გასცდა ეროვნულ ჩარჩოებს, შეიძინა საერთაშორისო ხასიათი, რაც, უპირველეს ყოვლისა, მის სწრაფ კრიმინალიზაციაში განივთდა.

სპეციალისტები ორგანიზებულ პროსტიტუციას ორგანიზებული დამნაშავეობის, ამ ყველაზე საშიში კრიმინალური სოციალური ფენომენის, ჩარჩოებში ნარკობიზნესის, სათამაშო ბიზნესისა და სხვათა გვერდით და მათ თანაბრად განიხილავენ, ხოლო ტრეფიკინგი, როგორც ანზორ გაბიანი აღნიშნავს, თანამედროვე სახით ორგანიზებულ პროსტიტუციას მჭიდროდ უკავშირდება: «კერძოდ, დღეს ევროპასა და ამერიკაში პროსტიტუციის ექსპლუატაციას ეწევიან დიდი კრიმინალური ორგანიზაციები, რომლებმაც ქალთა სხეულით ვაჭრობა თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობის ერთ-ერთ მეტად შემოსავლიან საქმედ აქციეს».

ბოზობა რაღაა?

ბოზობას ავტორი ქართულ ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებულ ეპითეტად მიიჩნევს, იგი ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და გარყვნილებას ნიშნავს.

«ტკბილი ცხოვრება»

წიგნში საფუძვლიანად არის განხილული მეძავი ქალების აღზრდისა და ცხოვრების პირობების პრობლემა. «პროსტიტუტკებად არ იბადებიან, _ წერს ავტორი, _ არამედ ხდებიან არც თუ მთლად ტკბილი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე… იგი დაკავშირებულია ისეთ მატერიალურ სიდუხჭირესთან, საიდანაც ზნეობრივად მთლად მყარ ნიადაგზე თუ არ დგას გოგონა ან ქალი, არის პირდაპირი გზა ქუჩისკენ, სადაც მას მატერიალურად შედარებით უზრუნველყოფილი ცხოვრება ელოდება».

მაგრამ მწარედ ტყუვდება.

თბილისის სპეციფიკურ უბნებში, რომელთა განზოგადებული მაგალითია ცირკთან, ყოფილი ჩელუსკინელების ხიდის თავში პატარა სკვერი, სადაც ყოველდღე მორიგეობით მდგარ ქალებს, «ტკბილი ცხოვრების» ნიშანწყალი არ ეტყობა.

ასეთ ქუჩის ბორდელებში პრაქტიკულად ყველა ასაკის ქალებს შეხვდებით. ამ «შრომით ბირჟაზე» შემოსავლის საშოვნელად გამოდიან 18 წლის გოგონებიც და 40 წელს გადაცილებული ქალებიც.

ოციოდ წლის წინათ ჩატარებული კვლევის დროს მეძავის «მომსახურების საფასური» არც თუ მაღალი იყო და ძირითადად 10 მანეთს არ აღემატებოდა. საჭირო ფულის საშოვნელად ისინი იძულებულნი იყვნენ ყოველდღიურად, ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში რამდენიმე კლიენტიც კი გაესტუმრებინათ, ადრეული ფიზიკური დაძაბუნებისა და დაბერების «კანდიდატები» იყვნენ. ამას ემატებოდა სპირტიანი სასმელებისა და ნარკოტიკების მიღება, რაც, რიგ შემთხვევებში, ამგვარი სექსუალური ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტი ხდებოდა. გასაკვირი არ არის, რომ ისინი შედარებით ადრე კარგავდნენ სექსუალური ცხოვრებისთვის აუცილებელ ელემენტარულ მიმზიდველობას და თანდათან სოციალურ წუმპეში ეშვებოდნენ, ანუ მათხოვრებისა და მაწანწალების კატეგორიაში გადადიოდნენ, რასაც საბოლოო ანგარიშით სრული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დეგრადაცია და ნაადრევი ინვალიდობა ან სიკვდილი მოსდევდა.

ყველაფერ ამას ემატებოდა კიდევ ერთი დიდი უბედურება _ ვენერიული დაავადებები და იშვიათად _ შიდსიც. ვენერიული დაავადებები მეძავთა შორის ბევრად უფრო ფართოდ იყო გავრცელებული უწინ, ვიდრე დღეს, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მათ შორის უსაფრთხო სექსის კულტურა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში «სექსის ფრონტის მუშაკების» მომსახურების ტარიფები გაიზარდა, მეძავთა მატერიალური მდგომარეობა მძიმე რჩება. წიგნის ავტორი წერს, რომ უწინდელი 10 მანეთის ნაცვლად, «სეანსი» დღეს 25-30 ლარამდეა გაძვირებული. ხოლო თუ ე. წ. ქუჩის მეძავები კლიენტს აბანოში ან რომელიმე იაფფასიან სასტუმროში «კომფორტულ სექსს» სთავაზობენ, მათი ე. წ. სექსმომსახურების საერთო ღირებულება 50-დან 60 ლარამდე მერყეობს (უკანასკნელ დროს ქ. თბილისის პოლიციის მიერ ქუჩის მეძავობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შედეგად ქუჩაში მეძავებს ნაკლებად შეხვდებით. სამაგიეროდ გაიზარდა ნახევრადლეგალური ბორდელების რიცხვი, სადაც კლიენტს სახელდახელო სექსი კიდევ უფრო ძვირი _ 70-დან 100 ლარამდე უჯდება). რაც შეეხება «გასტროლიორ» თბილისელ მეძავებს, იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებიან «გასტროლებზე», მათი «შრომის ანაზღაურება» განსხვავებულია, თუმცა, როგორც წესი, თბილისურ ფასებზე უფრო, ზოგჯერ კი, გაცილებით მაღალია.

საიდან მოდის შევსება?

საინტერესო დაკვირვებითა და დასკვნებით გამოირჩევა სოფლიდან ქალაქში ჩამოსული გოგოების მიერ მეძავთა რიგების შევსების საკითხი. შიდამიგრანტები არცთუ იშვიათად ადგებიან მეძავობისა თუ ბოზობის გზას. უწინდელ მასშტაბებთან შედარებით დღეს ეს პროცესი გაცილებით შემცირებულია, მაგრამ ფაქტია, რასაც ვერ გავექცევით.

«ქალაქში ჩამოსვლამდე, _ ამბობს წიგნის ავტორი, _ მათი უმრავლესობა არა მარტო არ იყო გარყვნილი, არამედ მომეტებული თავდაჭერილობითაც კი გამოირჩეოდა.

მათი ხვედრითი წილი თბილისელ მეძავთა შორის შედარებით დაბალი იყო და 10 პროცენტს არ აღემატებოდა. ისინი თბილისში არა სექსუალური ფათერაკებისა თუ «ტკბილი ცხოვრების» საძიებლად, არამედ, უმეტესწილად, სასწავლებლად ან, ყოველ შემთხვევაში, სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ თბილისში, ისევე, როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, გამოუცდელ პროვინციელ გოგონებს თუ ქალებს სხვადასხვა ფათერაკი და, პირველ რიგში, მათივე ახლადგაცნობილი ქალებისა თუ გოგოების მიერ დაგებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, «სექსუალური ხაფანგიც» ელოდა. მაგალითად, მათი ახლადდამეგობრებული, ქალაქური ცხოვრების ეშმაკობებში გათვითცნობიერებული გოგოები, ვთქვათ, დაბადების დღის გადახდის საბაბით მომეტებული რაოდენობის სპირტიან სასმელებს თხოვნით თუ დაძალებით დაალევინებდნენ, რის შემდეგაც სტუმარი ბიჭებიდან, რომელსაც მეტი სიმპათია ან, უბრალოდ, სექსუალური პრეტენზია ჰქონდა «მსხვერპლის» მიმართ, უგონო მდგომარეობაში ჩავარდნილს ნამუსსაც ახდიდა, გამოფხიზლების შემდეგ კი მასთან ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად აღმზრდელობით მუშაობას ჩაატარებდნენ და ამგვარად გზა მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრებისკენ უკვე გახსნილი იყო. სხვათა შორის, ძველ თუ ახალ უბნებში დღესაც მოიძებნებიან გარეგნულად არც თუ მთლად უსიმპათიო ქუჩის ბიჭები, რომლებსაც ამგვარი პროვინციელი გოგონებისთვის ქალიშვილობის დაკარგვინების საქმეში, რომ იტყვიან, ჭიპი აქვთ მოჭრილი».

პროფესიონალი და ნახევრადპროფესიონალი მეძავების ეროვნული შემადგენლობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მართლაც ინტერნაციონალურია, რაც ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა. გაბიანისეული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მათ შორის ქართველი იყო 28,6 პროცენტი, სომეხი _ 8,1 პროცენტი, აზერბაიჯანელი _ 0,6 პროცენტი, ოსი _ 2,8 პროცენტი, ბერძენი _ 2,3 პროცენტი, აფხაზი _ 2,1 პროცენტი, ებრაელი _ 1,9 პროცენტი, ქურთი _ 0,9 პროცენტი, სხვა ეროვნების _ 5,8 პროცენტი.

ეს მონაცემები, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ ჩატარებული კვლევის შედეგია, დღეის სურათს სრულად, რა თქმა უნდა, არ ემთხვევა, მაგრამ გარკვეული ტენდენციის დასადგენად შეიძლება გამოდგეს, მით უფრო, რომ გაბიანის კოლექტივის მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ ამ საკითხის მეცნიერული შესწავლა არავის უცდია.

მას შემდეგ, რაც საკამათო აღარ არის განათლების «რეფორმის» შედეგად ჩვენი სტუდენტების (სტუდენტებისაც კი!) განათლების დონის დაკნინება, უთუოდ არ უნდა გაგვიკვირდეს მეძავთა ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მახასიათებლის დაბალი დონე, როგორიცაა დამოკიდებულება პერიოდიკის პუბლიკაციების, მხატვრული ლიტერატურის, თეატრალური, კინოხელოვნების მიმართ და ა. შ.

ნაშრომში მოხმობილი მაჩვენებლების მიხედვით, გაზეთებს სისტემატურად ეცნობოდა გამოკითხულთა 2,1 პროცენტი, ჟურნალებს _ 1,9 პროცენტი, მხატვრულ ლიტერატურას კითხულობდა _ 3,8 პროცენტი, ორად ორმა ადამიანმა განაცხადა, რომ დადიოდა თეატრში (0,4 პროცენტი), კინოთეატრში _ 2,6 პროცენტი დადიოდა.

ამასთან ერთად, გამოკვლევებმა ისიც დაადასტურა, რომ პროსტიტუტკებს შორისაც არიან განათლებული და ნიჭიერი ადამიანები.

«ყოველ შემთხვევაში, _ წერს ანზორ გაბიანი, _ მე ჩემს პრაქტიკაში (რასაკვირველია, აქ იგულისხმება მოცემული პრობლემის კვლევის პრაქტიკა) შევხვედრივარ ისეთ მეძავებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ერკვეოდნენ იმაში, რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა, სერიოზულ ინტერესს იჩენდნენ ხელოვნების, მხატვრული ლიტერატურის მიმართ და თვითონაც კი წერდნენ არც თუ უხეირო ლექსებს, მოთხრობებს და ა.შ. მაგრამ, ამასთან ერთად, ეს ცალკეული ფაქტები არ ცვლის მოვლენათა ძირითად არსს და გამონაკლისს წარმოადგენს, რომელიც, როგორც ცნობილია, ძირითად წესს, ანუ ჩვენს შემთხვევაში კანონზომიერებას არა მარტო არ ეწინააღმდეგება, არამედ მის დადასტურებად გვევლინება, თითქმის ყოველი მეძავის ცხოვრება ისეთია, რომ იგი შეუთავსებელია სულიერებასთან და ადრე თუ გვიან მივყავართ სოციალურ და სულიერ სიცრუემდე და ზნედაცემულობამდე. სწორედ ეს არის მთავარი ბოროტება, რომელიც თავიდანვე ჩადებულია პროსტიტუციაში».

საგანგაშო და დამაფიქრებელია სტატისტიკა, რომელიც მკვლევარებმა მიიღეს მათი რესპონდენტების პასუხების შედეგად კითხვაზე: რამდენი წლის იყავით, როდესაც გქონდათ პირველი სქესობრივი კავშირი მამაკაცთან?

გამოკითხულთაგან 12 წლისა აღმოჩნდა 0,4 პროცენტი, 13 წლის _ 1,2 პროცენტი, 14 წლის _ 0,8 პროცენტი, 15 წლის _ 8,3 პროცენტი, 16 წლის _ 15,8 პროცენტი და ა.შ. რესპონდენტთა საერთო რაოდენობიდან (532 მეძავი) მხოლოდ 18, ანუ 3,3 პროცენტი მამაკაცთან კონტაქტში შევიდა 22 წლის შემდეგ.

ვის უმართლებს?

ახალგაზრდული ასაკი მეორეხარისხოვანი ფაქტორი არ არის მეძავთა ცხოვრებაში. ბევრ შემთხვევაში ასაკი განსაზღვრავს მათ «სტატუსს», გასაყიდ ღირებულებას და, მაშასადამე, შემოსავლის ოდენობასაც. ამის თაობაზე წიგნში ნათქვამია:

«კერძოდ, ახალგაზრდა მეძავენი, გარეგნულად უფრო მიმზიდველნი და დახვეწილნი, ცდილობენ, როგორმე თავი აარიდონ სექსუალურ კონტაქტს ბევრ პარტნიორთან, რათა არ გაიუბრალოონ თავი, შეინარჩუნონ გარეგნული ფორმა და საკუთარი ღირსების გრძნობა თუ არა, ილუზია მაინც. ისინი მას შემდეგ, რაც შეუდგებიან მეძავის როლის შესრულებას, გარკვეული დროის მანძილზე მამაკაცების ერთი ხელიდან მეორეში პირდაპირ გადადიან, ანუ კლიენტების ერთი ჯგუფი გადასცემს მეორეს, და რადგან «საქონელი» ჯერ კიდევ ხარისხიანია, არ არის გაცვეთილი, მეტ ყურადღებასაც იჩენენ, გარკვეული თვალსაზრისით ზრუნავენ კიდეც მათზე. ამ ეტაპზე დამწყები მეძავები შეიძლება წყვილად ან პატარა ჯგუფად მოქმედებდნენ, რაც უფრო საინტერესოს ხდის მამაკაცებისთვის მათთან სქესობრივ და სხვა ურთიერთობას, მაგალითად, ერთობლივ ღრეობას, კოლექტიურ ან გაცვლით სექსს და ა. შ. ცხოვრების ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ, თავიანთი თავი დაარწმუნონ, რომ სექსუალური მრავალფეროვნებით ერთობიან. არიან ელიტური მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომელთაც კლიენტები პირში ბოზებსა და მით უმეტეს მეძავებს არ ეძახიან, შედარებით დელიკატურად ეპყრობიან და ა. შ. რაც შეეხება სექსისთვის გასამრჯელოს, ისინი ცდილობენ, რომ ფული მიიღონ საჩუქრის სახით უძილო ღამის შემდეგ გამთენიისას ნაქირავებ ან საკუთარ საცხოვრებელში, სექსუალური პარტნიორების ბინაში, სასტუმროს ნომერში და ა. შ. მათი სექსმომსახურება შედარებით მაღალანაზღაურებადია და გარკვეული, შესაძლებელია, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, მართლაც იყვნენ ამგვარი, როგორც იტყვიან მათი კლიენტი მამაკაცები, ბოზური თავდავიწყებისა და გარკვეული ყურადღების ცენტრში ერთი პირობით, თუ გარეგნულად ჯერ კიდევ ლამაზებად და მიმზიდველებად რჩებიან».

სახეშეცვლილი კომერციული სექსი

 როგორც ვრწმუნდებით, პროსტიტუციის უმთავრესი ნიშანი დღესაც, როგორც მთელი ისტორიის მანძილზე კომერციული ფაქტორია, პროსტიტუცია იყო და რჩება კომერციულ სექსად.

მაგრამ, ამასთან, როგორც ყველაფერი ამ მზისქვეშეთში, იგიც იცვლება. ანზორ გაბიანი წერს, რომ რიგი მაჩვენებლების მიხედვით, თუნდაც გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, მან საკმაოდ იცვალა სახე.

რა ცვლილებებზეა ლაპარაკი?

ერთ-ერთი მთავარი, ავტორის აზრით, არის ის, რომ განვლილი პერიოდის მანძილზე გამეფებულმა სოციალურმა დეზორგანიზაციამ, რომლის აღკვეთა თუ თავიდან აცილება მოქმედი ხელისუფლების საზრუნავად დღემდე რჩება, გამოიწვია ის, რომ თუ მეოთხედი საუკუნის წინ საქართველო იყო პროსტიტუციის, გნებავთ პროსტიტუტკების იმპორტიორი, დღეს უკვე იგი ამ «ცოცხალი საქონლის», როგორც მას ცინიკოსები უწოდებენ, საკმაოდ სერიოზულ ექსპორტიორად გადაიქცა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმ რთულ პროცესებთან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას დაიწყო და ნაწილობრივ დღესაც გრძელდება.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, აგრეთვე, პროსტიტუციის «სისტემამ» თბილისში, სადაც იგი განსაკუთრებით «ყვავის და იფურჩქნება», თუ მას უწინ ძირითადად «კუსტარული» ხასიათი ჰქონდა, დღეს უფრო ორგანიზებულ სახეს იძენს, თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით, რომელსაც სულ უფრო ფართოდ და ოსტატურად იყენებენ ე. წ. სექსბიზნესმენები, იგივე სექსმაფიოზები.

სექსბიზნესის ახალი მიმართულებაა მეძავებით ან მეძავობას მოწყურებული ქალებით უცხო ქვეყნების სექსბაზრების უზრუნველყოფა.

განსხვავება ისიცაა, რომ, კერძოდ, თუ მეოთხედი საუკუნის წინათ, თბილისელ მეძავთა უდიდეს უმრავლესობას პროფესიონალები შეადგენდნენ, ხოლო ნახევრადპროფესიონალები იყვნენ აშკარა უმცირესობაში, დღეს სურათი არსებითად შეიცვალა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ნახევრადპროფესიონალების ხვედრითი წილი (გავიხსენოთ, რომ ასე ეწოდება იმ თავიანთი სხეულით მოვაჭრე ქალებს, რომლებსაც აქვთ სამსახური, ან რაიმე სხვა შრომითი თუ უშრომელი შემოსავალი და მეძავობა მათთვის შემოსავლის დამატებითი წყაროა), თანაც, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ეს ტენდენცია თანდათან უფრო ღრმავდება.

და კიდევ ერთი რამ, რაც ყველა დროის მასობრივ პროსტიტუტკებს აერთიანებს, როგორც «ყველა ქვეყნის პროლეტარებს» _ მწირი შემოსავალი. გამონაკლისების გარდა ასეა. აქ «ეკონომიკის კანონები» შედის ძალაში:

მეძავი ქალების ბაზარზე იქმნება ისეთი ვითარება, _ წერს ანზორ გაბიანი, _ რომ მიწოდება მალე მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მოთხოვნილებას, რასაც აქვს მთელი რიგი მიზეზებისა, რომელთა განხილვას არ შევუდგები. საზოგადოდ კი, თუ მეძავობის შიდა ბაზარს, ანუ მათზე საქართველოში მოთხოვნილებას შევეხებით, მისი შემცირება შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ, ალბათ, სულ უფრო მეტი მატერიალურად შეჭირვებული სიმპათიური ქალი მოჰკიდებს ხელს იმას, რასაც ნახევრად პროსტიტუცია ჰქვია, ბუნებრივია, რომ მთლიანად ყველა ამ საქმით დაკავებული ქალების შემოსავალიც შესაბამისად შემცირდება და, შესაძლოა, საგრძნობლადაც.

ანზორ გაბიანის დაკვირვებით, პროცესები, რომლებიც დღევანდელ საქართველოში ვითარდება, მათი საზოგადოებრივი გამოვლინება, რაც ხშირად იდეების პროფანაციის მიზეზი ხდება (მაგალითად, არასწორად გაგებული ქალისა და კაცის თანასწორობა). უბედურება ისაა, რომ საქართველოში ბოზობა დღეს სწრაფად ვითარდება, რადგან «პროგრესულად მოაზროვნეთა» მცდელობითა და გაძლიერებული აქტივობით (პუბლიკაციები პრესაში, ტელეგადაცემები, აქციები), ემანსიპაციის დიდებული იდეის დროშით ცდილობენ, შეუქმნან მას ლეგიტიმური არსებობის კომფორტული პირობები, დაარწმუნონ საზოგადოებრიობა, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს თანამედროვე თავისუფალი საზოგადოება. ეს კი, ხაზს უსვამს ანალიტიკოსი, «ყოვლად შეუსაბამოა არა მარტო საზოგადოებრივ, არამედ ამ ბოზური ცხოვრების ფერხულში ჩაბმული ქალების ნამდვილი და არა მოჩვენებითი ინტერესებისა».

და შემდეგ:

«საქართველოში რომ ბოლო 5-10 წლის განმავლობაში აქტიური ახალგაზრდა ქალები ხშირად პირდაპირ შეტევაზე გადადიან მამაკაცებთან ურთიერთობებში. ამას თუნდაც ის კრიმინალური ფაქტები მოწმობს, რომელთა შესახებაც ჩვენთვის ცნობილი ხდება ტელევიზიისა თუ ბეჭდური მედიის მეშვეობით, როდესაც ქალების მიერ ჩადენილ დანაშაულში დაზარალებულად მათი ქმრები, საყვარლები ან სულაც ნაცნობი მამაკაცები ხდებიან ხოლმე».

აი, ასეთ ემანსიპაციას ვიღებთ შედეგად.

წიგნის მოკლე მიმოხილვას ამით დავამთავრებ, მაგრამ მკითხველს უთუოდ დააინტერესებს ის პარაგრაფებიც, რომლებშიც ავტორი აანალიზებს აქტუალურ პრობლემებს, კერძოდ, რა მიმართებაშია საქართველოში სექსუალური რევოლუცია აქტიურ ქალთა შორის სქესობრივი თავისუფლების მიღწევის აუცილებლობის განცდასთან; სექსუალური ჰედონიზმი თუ შთამომავლობის გაგრძელების მოთხოვნილება; აქსელერაცია და მისი გავლენა არასრულწლოვანი გოგონების სექსუალურ ქცევაზე; მატრიარქატი საქართველოში და ლეგიტიმური ლიდერების გარეშე დარჩენილი ოჯახები; საქართველოში სექსთა შორის დაპირისპირების გამწვავების ძირითადი ტენდენციები და სხვ.

წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა «ფავორიტ პრინტში».

არმაზ სანებლიძე

P.S. პროსტიტუცია უძველეს პროფესიად არის მიჩნეული. ჟურნალისტიკას მეორე ადგილი უკავია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ სიძვის ნაკრძალში შევედით და ამდენი ყურადღება დავუთმეთ ამ თემას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here