Home რუბრიკები პოლიტიკა სახელდახელოდ გახსნილი ბაგრატის ტაძარი და «პრეზიდენტის სისულელეების გამომსწორებელი სამსახურები»

სახელდახელოდ გახსნილი ბაგრატის ტაძარი და «პრეზიდენტის სისულელეების გამომსწორებელი სამსახურები»

1330

საჩხერეშიცისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს უმეტეს ნაწილში, სადაც «არსაიდან ხმა, არსით ძახილი»- ნაციდილიას მხოლოდ მიშავიზიების ტელეარხები თუ რადიოსადგურები არღვევენ ხმაშეწყობილად, პლურალიზმისა და ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მართლაც «მაგრად ბნელა». ერთი სიტყვით, მცირე ხნით მოვახერხე თბილისური ხვატისთვის თავის გარიდება და საჩხერის რაიონის ლამაზ სოფელ ბჟინევის გრილოში თავშეფარება; სოფელში, საიდანაც სულ რაღაც 2-3 კილომეტრია ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ ჭორვილამდე, ანუ მიშნაცების უეცარი თავისტკივილის, პოლიტიკური შაკიკის სათავემდე.

მიუხედავად სრული ინფორმაციული ვაკუუმისა, გნებავთ, მიშავიზიების დეზინფორმაციული ბუმისა, ერთი რამ ცხადია: ნაცებს ბიძინას მშობლიურ რაიონში არანაირი შანსი არ აქვთ 1 ოქტომბერს!!!

თუმცა ადგილობრივები იმასაც მეჩურჩულებიან, რომ, თუ ღმერთი გაწყრა და ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც ნაცებმა მაინც მოახერხეს დომინანტობის შენარჩუნება, როგორც იტყვიან, «დედა აღარ გვეყოლებაო» საჩხერლებს

გადაწყვეტილი კი მქონდა, რომ მართლაც დამესვენა ყოველგვარი ინფორმაციისგან და დეზინფორმაციისთვის არ მესმინა, მაგრამ მეზობელთან შიგადაშიგ გადასულს მაინც მწვდებოდა «რუსთავი 2»-ისა თუ «იმედის» საამო ჰანგები:

«მაესტროს» თბილისის სათაო ოფისის შეფმა ქუთაისში 17 აგვისტოს ბაგრატის ტაძრის გახსნის და მის გუმბათზე «ჯვართამაღლების» მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში გაშუქება მიბრძანაო, _ ბრძანა ქუთათურმა ჟურნალისტმა, რასაც ამ უკანასკნელის დემარში მოჰყვა სოლიდურანაზღაურებადი სამსახურის დატოვების სახით, რის პასუხადაც თბილისიდან გაისმა, _ ეგ ქალბატონი ადრე არაერთხელ ყოფილა სიმთვრალეში შემჩნეული სამუშაო საათებშიო…

არ ვიცი. ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთის ადვოკატობას, მაგრამ, სულო ცოდვილო, სააკაშვილის მიერ საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრას, მისი მორიგი პიარკამპანიის ნეგატიურ კონტექსტში გაშუქებას რა ზემოდან ბრძანება და მითითება უნდა, ნეგატიური მომენტები ზედაპირზევე არ იდო, რასაც მხოლოდ ჩამოთვლა უნდოდა?

ინებეთ, რამდენიც გნებავთ, ვინძლო სათვალავი არ აგვერიოს…

ბაგრატის ტაძრის ერთი კაცის ახირებით დანაშაულებრივი «რესტავრაციის» გამო რომ ეს ძეგლი პრაქტიკულად ამოვარდა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან და ამ სამწუხარო ფაქტის ფორმალიზებას ახლო მომავალში ვიხილავთ, ნეგატივი არ არის?

თუ ის არის პოზიტივი, რომ განდიდების მანიით დაავადებული პრეზიდენტი დავით აღმაშენებლობას აღარ სჯერდება (ვისაც თავადაც ხშირად ედრება ხოლმე და რაზეც კვერს უკრავს მისი მამობილი, მეუფე კალისტრატე) და ბაგრატის ტაძრის გახსნაზე  განაცხადა _ საქართველოში ოქროს ხანა დაიწყოო!

ცნობილი ფაქტია, რომ ოქროს ხანა საქართველოში დავით აღმაშენებლის ეპოქას კი არ ეწოდა, მიუხედავად დავით მეოთხე აღმაშენებლის უდიდესი ღვაწლისა, არამედ თამარის ზეობის ჟამს, როდესაც შედგა ქართველი ერის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული რენესანსი…

რა თქმა უნდა, «ბაგრატობა» ისე ვერ ჩაივლიდა, რომ მიშას რუსებისათვის არ ეკბინა _ ბაგრატის ტაძარი რუსეთმა დაანგრია XIX საუკუნეშიო (!!!), ისტორია ხელდახელ გადაწერა

რა ქნას, აბა! რუსების ბრალია ყველაფერი, რაც ავი გვჭირს. მერე რა, რომ ბაგრატის დიდებული ტაძარი ბალავრიანად დაანგრიეს დაახლოებით 350 წლის წინათ, როდესაც ერთმორწმუნე რუსეთის ჭაჭანებაც არ იყო კავკასიაში, და იცით, ვინ? დღეს ჩვენმა «სტრატეგიულმა პარტნიორმა» და იმჟამად ჩვენმა დაუძინებელმა მტერმა, ქართველთა სისხლით გაუმაძღარმა, თურქეთმა!!!

ეს იმ დონის სიცრუე იყო, რომ შემდგომ საინფორმაციოებში აღარ გაუშვეს მიშავიზიებში არსებულმა «პრეზიდენტის სისულელეების გამომსწორებელმა სამსახურებმა»…

იქნებ არც ის არის ნეგატივი, რომ ამ ყველაფერს იაფფასიანი წინასაარჩევნო პიარის მძაფრი სუნი ასდიოდა?!

ბაგრატის ტაძრით ახირების სენი, დიდი ხანია, შეეყარა ჩვენს პრეზიდენტს, მაგრამ განსაკუთრებული აქტუალობა ამ «პროექტმა» ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შეიძინა _ რით, თუ არა ბაგრატის ტაძრის აშენებით, უნდა «მოეჯოკრა» სამების აღმშენებლი ბიძინასათვის!

ამიტომაც არაფერს დაერიდნენ: არც საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს, მის უწმინდესობა ილია მეორეს, არც სპეციალისტთა აზრი გაითვალისწინეს, საზოგადოებრივი აზრიც ფეხებზე დაიკიდეს  და, პარლამენტის შენობის არ იყოს, ბაგრატის ტაძარიც წინასაარჩევნოდ «მოასწრეს”, როგორც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო.

მერე რა, რომ თავად ბაგრატ III, იმ ტაძრის ერთადერთი აღმშენებელი, დღეს დაშლილ-დანაწევრებული საქართველოს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ბედიის მონასტერში განისვენებს? მთავარი ხომ სიმბოლოებია?

აბა, ბაგრატ მესამესა და სხვა ჩვენს დიდ გვირგვინოსნებს მიშნაცების ჭკუა ვინ მისცათ, თორემ ისინი გონებითა თუ მკლავით, პირველ რიგში, სახელმწიფოებრიობის განმაპირობებელ,  შინაარსობრივ საფუძვლებზე კი არ იზრუნებდნენ, არამედ ნაცებივით ცარიელი, უძალო  სიმბოლიკებით: დროშა, გერბი, ჰიმნი «დაგვაბოლებდნენ»…

და ყველაზე მთავარი _ ალბათ, შეატყვეთ, რომ ზემოთ ბაგრატის ტაძრის გახსნა ვახსენე და არა კურთხევა, რადგანაც მართლაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ქუთაისში მორიგი ობიექტი იხსნებოდა და ჰა და ჰა, მეუფე კალისტრატეს და მისი შვილობილის საყვარელი წითელი ლენტისა და მაკრატლის გამოჩენასაც ველოდი. ამჯერად ამ სირცხვილს კი გადავრჩით, მაგრამ «სამაგიეროდ» არსად ჩანდა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი და, აბა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის გარეშე ბაგრატის ტაძრის კურთხევა გაგონილა?

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ჩვენმა პრეზიდენტმა მორიგი კაპრიზი აისრულა. კაპრიზი, რის გამოც ვიმეორებ: ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუში სამუდამოდ ამოიშალა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან…

დავით მხეიძე

P.S. რა სულელები არიან იტალიელები, ბერძნები ან ეგვიპტელები, არა? მართალია, ჩამოთვლილ ხალხებს ძველ რომაელ ლათინებთან, ელინებთან თუ ეგვიპტელ ფარაონებთან დღეს ცოტა რამ აკავშირებთ, მაგრამ ჩვენს მსგავსად მათაც ხომ შეეძლოთ, მაგალითად რომში, რკინაბეტონით კოლიზეუმი პირვანდელი სახით აღედგინათ ან პიზის დახრილი კოშკი «წელში გაესწორებინათ»?

ან რა პრობლემაა ბერძნებისთვის აკროპოლისის აღდგენა, უწესრიგოდ რომ მიუყრიათ ძველთაძველი მარმარილოს ჩუქურთმები?

ან, თუ ეგვიპტელები პირამიდების «შტუკატურკას» ვერ ქაჩავენ, რა გახდა, რომ მდუმარე სფინქსს მომტვრეული ცხვირი ალებასტრით მაინც გაუსწორონ?

 

1 COMMENT

  1. რა მაგარი იქნება ალიბასტრით გასწორებული სფინქსის ცხვირი ან წელში გასწორებული პიზის დახრილი კოშკი..პაპაპა

  2. სირცხვილია, ბაგრატის ტაძარს ლიფტი მიადგეს ამ ავადმყოფებმა. იქნებ სააკაშვილმა ბაგრატის კარებში დაკრძალვაც ითხოვოს, თუმცა უკვე გადაწყვიტა ლაზიკის დაუშრობელ ჭაობებში მოაფინონ მისი ფერფლი და ეს კრემაციის მოყვარიული კაცი ერთ-ერთ უდიდეს მართლმადიდებულ ტაძარს "ხსნის". მაგან ჯერ პირჯვრის გადაწერა ისწავლოს და ეკლესიების მშენებლობას მერე მიჰყოს ხელი. სირცხვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here