Home რუბრიკები საზოგადოება ტყუით, ბატონო მიშა, ქვეყანაში ელიტური კორუფცია დაქარიშხლობს!..

ტყუით, ბატონო მიშა, ქვეყანაში ელიტური კორუფცია დაქარიშხლობს!..

1161

«…და ისიძვიდეს კუალსა ბაალამისსა და დაიდვეს

თვისისა ბალბერეთის თანა აღთქმაი, რათა იყოს

იგი მათდა ღმერთად»

(მსაჯულთა – 8, 33).

ტექნოკრატიული დასავლეთის მიერ ოკუპირებულ და რიგით საეთნოდივერსიო რეზერვაციად დადგენილ უვინაო სივრცეში აჭენდა თავგამრთობი სანახაობა, ხალხი ჩათრეულია საყოველთაო თოხარიკში და ის ერთი ვიღაც, მოშხუილე შოლტით ხელში, «იცინის, იცინის, კვდება სიცილით…» ასეთია ვითარება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დილიდან საღამომდე, ორშაბათიდან ორშაბათამდე, ყველა გზაჯვარედინზე აცხადებს, რომ მან გაანადგურა და მოსპო კორუფცია.

ე. წ. ნაციონალების მიერ კუდის რიკამდე გატყავებულ, პირწმინდად გასხვისებულ, სავაჭრო დახლად გახარაჩოებულ და საჯამბაზო ნაფთირად შემოხართულ გადასარბენზე ეს არის ერთადერთი სახმობი, რომელიც, ერთი შეხედვით, გარედან თუ შეათვალიერებ, ჰგავს სიმართლეს.

მაგრამ ეს _ ერთი შეხედვით: მე სოხუმელი მწერალი და უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი, ჩრდილოდასავლეთ საქართველოდან (აფხაზეთიდან) ჩემი სამშობლოს მტრებისგან ძალით გამოძევებული კაცი, ასიათასობით ჩემს დღეში მყოფთა სახალხო ნების თანახმად, მზად ვარ, წარვსდგე ილორის წმინდა გიორგის ხატის მადლმოსილებისა თუ ეროვნულსახალხო მსჯავრის წინაშე და განვაცხადო, რომ დღეს აგრესიული გლობალიზმისგან ოკუპირებულ საქართველოში ძალადობა, ქვეყნის სადენალიზაციო ინდუსტრიაა და . . მართლმსაჯულება არასოდეს ყოფილა ისეთი აღმგველი და უსამართლო, როგორიც ამჟამადაა. უფრო მეტიც, მისი უტიფრობა, ავადმყოფური ქვეშქვეშობა და თავხედობა აღმატებულია იმაზე, რისი წარმოდგენაც საღ გონებას შეუძლია.

ვმუშაობდი რა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად, იმის გამო, რომ ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელობამ ფეხქვეშ გათელა დევნილი მოსახლეობის ის სახალხო განაწესი, რის შესაბამისადაც იქნა იგი არჩეული და შემდგომში ხელი შუწყო ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) დაბრუნების სტაგნაციურ მდგომარეობაში გაშეშებას, ამასთან ერთად, უიმედოდ ჩააგდო მან აფხაზეთის გათავისუფლების გზათა სახელმწიფო პოლიტიკად დაკონკრეტება, ასევე აფხაზეთის დეოკუპაციის საინფორმაციო უზრუნველყოფამ მიიღო მეოცეხარისხოვანი ხასიათი და ჩაეფლო უკიდეგანო კორუფციაში (ფულის მოტეხვა, გათეთრება, არამიზნობრივი ხარჯვა, საბუთების გაყალბება, დატაცება და ა. შ.), მე ყოველივე ამის წინააღმდეგ 2011 წლის 28 თებერვალს დავიწყე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია _ ჩემსავე სამუშაო კაბინეტში გამოვაცხადე შიმშილობა.

იმავე საათებში პრეზიდენტის კანცელარიიდან, განგაშის წესით, საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რანგით მეორე-მესამე თანამდებობის პირი მოვლინებული იქნა, რათა ყოველ მიზეზგარეშე აღკვეთილიყო ეს აქცია. ესოდენ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ დასაბუთება ასეთი გახლდათ: «პრეზიდენტი ამბობს, კორუფცია სახელმწიფოში მოვსპე და ვინაა ეს კაცი, საწინააღმდეგოს რომ ამტკიცებსო?!».

ყოველივე ამის შედეგად, აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს მატერიალურად პასუხისმგებელი ორი მაღალი თანამდებობის პირის (აპარატის უფროსისა და მომარაგების უფროსის) მიერ გასაჯარისებული ბოროტმოქმედებების ჩემ მიერ  მხილება, პრეზიდენტის კანცელარიისა და კუდის მაშინდელი მესვეურების მითითებით, შესწავლის საგანი კი არ გახდა იქ, «სადაც ჯერ არს», არამედ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას (გ. გვაზავა, ა. წოწონავა, რ. ცატავა, თ. ხუბუა და ა. შ.) შემოაშველეს ასეთ საქმეთა ჩაფარცხვაში ხელგაწაფული მოხელეები სათანადო სამსახურებიდან.

ხმამაღლა ვამბობ, რომ მეორე წელია, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული კორუფციის მტკიცებულებებს ვაქვეყნებ საინფორმაციო საშუალებებით, მიუხედავად ამისა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე საქართველოს პარლამენტის სპიკერატი, ანტიკრიზისული საბჭო, საქართველოს მთავარი პროკურატურა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სინამდვილეში აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მძვინვარე ელიტარული კორუფციის «გამსამართლიანებელი» სამსახურები გახდნენ და არამარტო უსაფრთხოებად შემოეჯავშნენ ამ სულნაცდურ ბოროტმოქმედებს, რომლებშიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური აბრის ქვეშ «ალეგიტიმურებენ» კორუფციას, არამედ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულობათა მისაჩქმალი ღონისძიებების დამზუსტებლებიც კი გახდნენ.

საქმეში ჩაუხედავთათვის ძნელი დასაჯერებელია ის, რაც ასე სქემატურად მოგახსენეთ, მაგრამ ამ ზოგადი საუბრის მიღმა მე გამაჩნია ამაზრზენი მტკიცებულებები აფხაზეთის ა/რ-ის ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებების შესახებ; ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის კრიმინალით, აქ არის ადამიანობისა და სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობები, რაზეც, დიდი ხანია, ვთხოვ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დამკითხოს მოწმედ. დიახ, დაბეჯითებით ვევედრები, გამარკვიოს, არის თუ არა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ჩემ მიერ დაწვრილებით, ასობით გვერდზე წიგნად გამოცემული და მხილებული ორგანიზებული კორუფცია ბოროტმოქმედება, ანუ კანონის შესაბამისად დასჯადი ქმედება, მაგრამ იგი ჯიუტად დუმს, რადგან მიხეილ სააკაშვილის «მართლმსაჯულება» ხელმძღვანელობს არა ქვეყნის კონსტიტუციით, უფრო ზუსტად, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ სააკაშვილის პაროლით – «ქვეყანაში მოვსპე კორუფცია», რაც ყოფით ყოველდღიურობაში ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივი ხელისუფლების დასაყრდენი ინსტიტუციები, მილიონიც რომ მოპარონ ბიუჯეტს, ხელშეუხებელია, მას ყველაზე თავხედური და გამოჭენებული ბოროტმოქმედებაც ეპატიება. სამაგიეროდ ნახევრად მშიერ უსახლკარო აკაკი მინაძეს, აფხაზეთიდან დევნილს, არ აპატიეს ხევიდან ამოთრეული რკინის ბადის ჯართად ჩაბარება და საფასურად 15 ლარის აღება მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცების წევრი არაა…

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში . გვაზავამ გულმოცემულმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, მთავარი პროკურატურისა და . . საჭვო თანადგომითა თუ ხელდაფარვით, როგორც ხმა გამოვიდა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ მან მთავარ პროკურატურაში საქმე ჩააწყო და საკითხი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კორუფციის შესახებ შემოდგომამდე არ განიხილება, შემოდგომის შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლება არ იქნებაო.

როგორც იტყვიან, სააკაშვილთან დაკავშირებით მის პირს შაქარი, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ უმადურია ეს ხალხი, ასე გულშეუძვრელად იმეტებენ იმას, ვინც დაჟინებით ხელს აფარებს ზემოხსენებული კორუფციის თაოსნებს დღემდე და არ ამწესებს მათ ვირის აბანოში.

ერთი რამ ცხადია: პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება «ქვეყანაში კორუფცია მოვსპეო», ტყუილია, სახელმწიფოში დაგრიგალობს შერჩევითი «მართლმსაჯულება», რომელიც ასამართლებს იმას, ვინც სააკაშვილის ზეპურობის (ელიტის) წევრი არაა.

ვინაიდან, როგორც გ. გვაზავა ტრაბახობს, ქალბატონ სანდრასთან მისი მეუღლე მეგობრობს, მართლმსაჯულება შესასწავლ საკითხად არ ადგენს: 1. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე ელიტურ კორუფციას და 2. შეთქმულებას იმ კორუფციის დასაფარავად, რომელშიც ჩათრეულნი არიან ამ ინსტიტუციის თანამშრომლები.

ჩემის მხრივ, მზად ვარ, მოწმის სტატუსით ჩვენება მივცე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება «არ არისო ქვეყანაში კორუფცია», რბილად რომ ვთქვა, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ ათარეშებული ელიტურ-კოლექტიური კორუფცია ამის საწინააღმდეგო მაგალითია.

ნაცების «სამართალით» ერთმანეთს სამშობლოს ძირგამოთხრასა და ღალატს ხელაუკანკალებლად პატიობენ. ის, რომ საქართველოში სააკაშვილმა კორუფცია მოსპო, ისეთივე სიმართლეა, როგორც მის მიერ 2012 წლის 17 აგვისტოს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვისას წამონაროში,  თითქოს ამ ტაძრის გუმბათი რუსებმა ჩამოანგრიეს. რუსებს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი ცოდვა უმძიმებთ კისერს, მაგრამ ბაგრატის ტაძარი თურქმა დამპყრობლებმა იავარქმნეს 1692 წელს.

როდესაც ვსაუბრობ წინამდებარე კორუფციის შესახებ, მე (ხმამაღლა გიმეორებთ) გამაჩნია მტკიცებულებები, რომლებიც დაგარწმუნებთ იმაში, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა და ზოგიერთი წევრი თავის დროზე მათ მიერ გამოვლენილი არაკომპეტენტურობის, პოლიტიკური მერყეობის, რუსიზმის მითითებისა და აგრესორსეპარატისტთა გეგმის შესაბამისად საომარ დაპირსპირებათა პროვოცირების, მოსახლეობის უმწეო მდგომარეობაში მიტოვების გარდა, არ თაკილობდა ისეთ დაცემას, როგორიცაა ომში დაცემულთა ცხედრების პატივმიუგებლობა (თუ რას ვგულისხმობ ამაში, ამას ვერ დავწერ, ეს შემიძლია სათანადო რწმუნების პირს მოვახსენო).

ბატონო მიშა, თქვენ ტყუით, ქვეყანა კორუფციის ჭაობში იხრჩობა და შერჩევითი «მართლმსაჯულება» დაგრიგალობს ჩვენს ცისქვეშეთში!

სერგი საჯაია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here