Home რუბრიკები პოლიტიკა ეკა ბესელია: ფოთელები ხუმრობენ, როცა მოიღრუბლება _ პრეზიდენტი მოფრინავს ღრუბლებს ამოფარებულიო…

ეკა ბესელია: ფოთელები ხუმრობენ, როცა მოიღრუბლება _ პრეზიდენტი მოფრინავს ღრუბლებს ამოფარებულიო…

795

დიდი ქართველი მამულიშვილის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ეროვნული სულიერებისა და მატერიალური კეთილდღეობისთვის მებრძოლი ინტელიგენტის, ნიკო ნიკოლაძის, დროიდან მოყოლებული ფოთს, უძველეს ფაზისს, საქართველოს საზღვაო და სახმელეთო კარიბჭის, ინდუსტრიული ცენტრის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს გახლეჩადაპირისპირების ანტიეროვნული მოღვაწეობით არის გატაცებული, ბათუმის ჩრდილში ფოთის მოქცევა მოინდომა. იქით კიდევ _ მიუნჰაუზენის ლაზიკა.

_ როგორია დღეს ფოთი? კოღოები მომრავლდნენო მიტოვებულ ჭაობისპირა ქალაქში, ასეა?

კოღოები _ წვრილწვრილი და მსხვილიცო. ერთის წუილი გასულ პარასკევსაც გავიგონეთ მეორე ტელეარხის ეკრანიდან _ არჩევნებში ერთი პროცენტიც არ მოგცემთ ხმასო, რომ დაგემუქრათ.

_ კოღოები, მართლაც, ბევრია, მაგრამ მე არ მერჩიან. აბსოლუტურად. (ეღიმება). ნეგატიურად განწყობილი ერთი კაცის რეაქციაზე რომ მკითხეთ, ეს მისი კერძო აზრია, აქვს უფლება.

ასე უპასუხა ჩემს შეკითხვებს ცნობილმა იურისტმა და სამართალმცოდნემ ეკა ბესელიამ, რომელიც «ქართულმა ოცნებამ» პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა ფოთის საარჩევნო ოლქში.

ერთი ხანია, ფოთის მკვიდრიც გახდა და ისე ჩაერთო წინასაარჩევნო საქმიანობაში, 14-15 საათამდე ისე გაიხანგრძლივა უწყვეტი სამუშაო დღე, მოსახლეობასთან იმდენ შეხვედრას ატარებს, რომ ერთი დღით თბილისში ჩამოსული ძლივს მოვიხელთე ინტერვიუს ჩამოსართმევად.

ამ დროს და ასეთ გადატვირთულ სიტუაციაში ადამიანი ფეხზე ძლივს უნდა იდგეს. ეკა ბესელია ფორმაშია ყოველთვის. შეგშურდება.

_ ფოთელებისგან ისეთი სითბო და სიყვარული მოდის, რომ მეტი და მეტი ძალა მეძლევა, _ ამიხსნის და მთავარ სათქმელს მიუბრუნდება:

_ დღეს საქართველოს კარიბჭე  შველას ითხოვს, დახმარება, მზრუნველი ხელი სჭირდება და უანგარო სიყვარული. ფოთი სააკაშვილმა მიატოვა, გაძარცვა და შემოსავლის წყაროდ აქცია, ოღონდ არა ფოთელებისთვის. გააკოტრა, გააღარიბა. წაართვა ფოთელებს ზღვაზე გასასვლელი _ გაუყიდა საზღვაო პორტი, მეზღვაურები უმუშევრად დატოვა, დევნილები მძევლებად აქცია.

ქალაქი უსამართლობისთვის გაიმეტა.

ფოთს არ აქვს გზები, წყალსადენი, ნორმალური კომუნიკაციები _ მოშლილია ინფრასტრუქტურა. ხელისუფლებამ ფოთი დაივიწყა, მიტოვებულ ჩიხად აქცია. ეს შესანიშნავად აქვთ გაცნობიერებული ფოთელებს. მათი განწყობილებაც ხელისუფლების მიმართ აქედან იღებს სათავეს.

_ ქალბატონო ეკა, თქვენგან გავიგეთ ფოთელების «შიშების» შესახებ: გასულ წვიმიან დღეებში სულ ზეცისკენ იყურებოდნენ, ღრუბლებს შესცქეროდნენ და ყოველ გაელვებაზე კრთებოდნენ _ ემანდ პრეზიდენტი არ იმალებოდეს, არ ჩამოვარდეს და თავზე არ დაგვეცესო!

_ ფოთელები მწარედ ხუმრობენ, როცა მოიღრუბლება: პრეზიდენტი მოფრინავს ღრუბლებს ამოფარებულიო (ეღიმება). უბედურებაა, როცა ისეთი ხელისუფალი გყავს, რომელიც სამასხარაო გახდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ბოლო დღეები სულ მოღრუბლულია და სააკაშვილმაც მოუხშირა ფოთში ვიზიტს… მაგრამ ცდება, თუ ჰგონია, რომ მისი ჩამოსვლა ფოთელებს მისი და მისი პარტიის მხარდამჭერებად აქცევს. ფოთი _ ფოთელებს, ძლიერი თვითმმართველობა, ხალხის მსახური ხელისუფლება, კანონის ზეობისა და სამართლიანობის დაბრუნება _ აი, რა სჭირდება ქალაქს, რომელიც სრულიად განსაკუთრებულია საქართველოსთვის.

_ გამოჩნდა თუ არა სააკაშვილი აგვისტოს ომის კვალზე 2008 წლის აგვისტოში ფოთში?

_ ომის დღეები ფოთმა მძიმედ გადაიტანა, დაგვეღუპა 12 ადამიანი. სააკაშვილი კი არა, არც ერთი დიდმოხელე არ გამოჩენილა ჩვენს ქალაქში. ყველა წითელი ხიდისკენ გარბოდა მონახვეჭი ძვირფასეულობით დატვირთული და საზღვართან დიდ რიგებში დგებოდა.

_ თავად არნახულად მშიშრები, დღეს ცდილობენ საკუთარი ხალხის დაშინებას და დატერორებას.

_ ვერ შეაშინებენ… იმ დღეების დავიწყება ჯერ ადრეა. ხალხს ყველაფერი ახსოვს და სააკაშვილის კონტროლირებადი ტელეარხებიდან წამოსული სიცრუის ნაკადი ვერ შეცვლის იმ დღეების რეალობას.

მე შევხვდი რამდენიმე შვილმკვდარ დედას, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან _ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. სააკაშვილმა თავი აარიდა, სამაგიეროდ საკუთარი პერსონის გასაპიარებლად გამოიყენა ამ უბედურთა ტრაგედია.

ეს დედები ისევე არიან მიტოვებულები, როგორც ომისა და შრომის ვეტერანები. შეღავათები, პენსიები გაუუქმეს, დახმარებას აღარ აძლევენ. გული მტკივა, ამ ადამიანებს რომ ვუყურებ!

_ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის საცხოვრისის ეზო და უბანი უპატრონობის ნიმუშიაო, თქვით თქვენ ტელევიზიით გამოსვლისას.

_ დიახ, მე ვიყავი ეზოში, სადაც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ცხოვრობს, და იქ მქონდა შეხვედრა. მოსახლოებამ მითხრა, რომ საკუთარ ეზოს არ პატრონობს, წვიმის დროს ტბა დგასო, ადამიანებს ოთახებში სახურავიდან წვიმა ჩასდით, გარაჟები დაუნგრიეს და ბოლო კაპიკებით შეკოწიწებული საკუთრება წაართვეს.

_ ეგებ ამ კაცმა მთელი ძალისხმევა ქალაქის კეთილმოწყობაზე, კომუნიკაციების გამართვაზე, სასმელი წყლისა და სხვა პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანა და თავისი საკუთარი დაივიწყა?

_ ნეტა, კი იყოს ასე, ვინმე ნეტავი ზრუნავდეს ფოთზე! თუ ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა ადამიანმა, შეძლო და მთელი საჩხერე ფეხზე დააყენა, ოჯახები გადაარჩინა, სკოლები აუშენა ბავშვებს, უფასო ჯანდაცვითა და ყველა სიკეთით სარგებლობენ ადამიანები, რატომ ვერ გააკეთა ეს ჩვენმა ხელისუფლებამ ერთად? ბიძინა ივანიშვილს მთელი საქართველოს შველა აქვს ჩაფიქრებული და შეძლებს კიდეც.

ფოთელებისთვის 6 აგვისტოს «ქართული ოცნების» ლიდერის ჩამოსვლა დიდი სტიმული იყო. ძალიან კარგი სიტყვით გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩემი წარდგენის დროს, საოცრად კარგად შეხვდა ხალხი.

_ ფოთის ერთერთი უდიდესი პრობლემა ზღვასთან ჭიდილი იყო, მიწა მიჰქონდა ზღვას. დღეს რა ვითარებაა? ემუქრება ქალაქს ეკოლოგიური კატასტროფა: აქეთ _ ზღვა, იქით _ პალიასტომის ტბა?

_ ბევრი წუხილი და სატკივარი აქვს ფოთს _ ქალაქის სანაპირო ზოლი დაუცველია, სტიქიას ყოველწლიურად მიაქვს ხმელეთი და არანაირი დამცავი ინფრასტრუქტურა არ არსებობს; პალიასტომი უკვდება ფოთს, დამლაშებულია, მეთევზეები ვერ შედიან, უკრძალავენ თევზის ჭერას, მდინარე კაპარჭინა დანაგვიანებულია, გასაწმენდია, კალაპოტი დაჭაობებულია… რომელი ერთი ჩამოვთვალო?

_ ფოთი დასავლეთ საქართველოს უმწეო გლეხობისთვის ის ქალაქი იყო, რომელშიც «ფულის შოვნა» შეიძლებოდა. «_ სო მეურქ? _ ფუთიშა მეურქ, ეგება ჟირიოდე ფარა იბშუა», ხომ გახსოვთ!

ფოთის ნავსადგური, საქართველოს პირველი ნავსადგური შავ ზღვაზე, ფოთის ჰიდრომექანიზაციის ქარხანა, რომლის პროდუქცია (მიწასაწოვი დანადგარები) ერთ დროს მსოფლიოს 23 ქვეყანაში იგზავნებოდა, დღეს რა მოცულობით ფუნქციონირებს?

_ თქვენმა სიტყვებმა გული ამიჩუყა, მართლაც ასე იყო. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ფოთი დიდებული და ამაყი საზღვაო ქალაქი იყო, 17-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებდა… სად გაქრა ეს ქარხნები? სააკაშვილი 450 საწარმოს და 20 ათას სამუშაო ადგილს ჰპირდებოდა ფოთელებს. ყველაფერი ტყუილი აღმოჩდა, ისევე, როგორც დაპირებული ეკონომიკური ზონა…

_ როგორ წყდება დღეს ფოთში დასაქმების საკითხი და რას სთავაზობთ აქაურებს უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

_ ფოთი ფოთელებს უნდა დავუბრუნოთ, ქალაქს _ საქართველოს კარიბჭის ფუნქცია. უნდა აღდგეს სანაოსნო ტრადიციები, ასევე გემთმშენებლობის, თევზის რეწვის, საწყლოსნო სპორტის სახეობები, განვითარდეს მცირე ბიზნესი, შემოვიდეს ფოთის ბიუჯეტში შემოსავლები პორტიდან და მოხდეს დეცენტრალიზაცია; გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა _ მერსაც ფოთი უნდა ირჩევდეს და თვითმართველობასაც, რომელიც ხალხს უნდა მოემსახუროს; საზღვარგარეთ წასული ბიზნესმენები, ჩვენი მოქალაქეები უნდა დაბრუნდნენ და ამ ქალაქში უნდა შეექმნათ მუშაობის პირობები.

 _ ქალბატონო ეკა, ფოთის სახელგანთქმულ დრამატულ თეატრში ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ, იდგმებოდა სპექტაკლები მსოფლიო და ქართული კლასიკიდან _ შექსპირი, გუცკოვი, პოლიკარპე კაკაბაძე, ნოდარ დუმბაძე

ქართული სულიერების საკითხი რამდენად მწვავედ დგას ფოთში?

_ მწვავედ დგას, მაგრამ ჩემთან ერთად არიან საქართველოს სახალხო არტისტი, სამეფო უბნის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი მერაბ თავაძე, მწერალი და დრამატურგი მერაბ შათირიშვილი, ამ დღეებში ჩამოდის ფოთის უსაყვარლესი შვილი გურამ ფირცხალავა. ჩვენ ერთად უნდა მივხედოთ ფოთის კულტურას. ფოთს, კულტურის ამ ტრადიციულ კერას, არ აქვს კულტურული ცენტრები _ კინო, თეატრი. ამ ყველაფერს ჩვენ გამოვასწორებთ. სპორტს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა, ფოთის ,,კოლხეთს» აკლია მზრუნველი ხელი და ყურადღება. ბევრი რამ არის გასაკეთებელი. დამერწმუნეთ, რომ გავაკეთებთ.

_ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა მოსახლეობაში რუსოფობიური განწყობილება თუ დატოვა?

_ დიდი ხანია, სააკაშვილი  გაცვეთილ ლეგენდას იყენებს რუსეთის სახით. წლებია, რაც «რუსულ პროექტობას» აბრალებს ყველას, ვისაც არ მოსწონს მისი მმართველობა. ახლა ბიძინა ივანიშვილზე გადავიდა და ვერ ხვდება, რომ არავის სჯერა მისი ამ სისულელეების.

ბიძინა ივანიშვილმა იმდენი ქართული საქმე გააკეთა წლების განმავლობაში, რამდენიც, ალბათ, არავის გაუკეთებია. რუსეთმა ააგო სამება და 500-ზე მეტი ეკლესიამონასტერი? რუსებმა ჩააცვეს ჯარს და დააფინანსეს პოლიცია? ააგეს თეატრები და ააშენეს სკოლები? დააგეს გზები და გადაარჩინეს ქართული ოჯახები? გასცეს ამ კითხვებს პასუხი სააკშვილმა და მისმა გუნდმა

ბატონი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან, რადგან ის ვითარება, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა _ არც მშვიდობა, არც ომი და არც არავითარი კონტაქტები _ ორივე მხარისთვის წამგებიანია. უნდა დასრულდეს შიშსა და უსამართლობაში ცხოვრება, ჩვენ გვინდა თავისუფალი, ერთიანი და სამართლიანი საქართველო. მე მჯერა ჩემი ხალხის…

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. რატომ ჰგონია ბესელიას, რომ რომელიმე ფოთელი ხმას მისცემს მას ვაი მაგის პატრონს, ქალი ადვოკატათ არ ივარგა და ეხლა პოლიტიკოსად ივარგებს……….
    როგორც ამბობენ ოქრუაშვილი მოწველა, და ეტყობა ეხლა ივანიშვილის მოწველით არის დაკავებულიო ღმერთმა შეარგოს იდიოტებს ასე უნდა მოექცე.

  2. ბესელიაღა გვაკლია ახლა ,,უფროსად"..ეგ გამოტვინებული ქალი ფულის გამო იკადრებს ყველაფერს როგორც ადრე უკადრებია..შენი გასარჩევი რომ გახდება ქვეყნის ბედი…ვაი შენს პატრონს თუ გყავს საერთოდ…მე პირადად ის მიკვირს ჩვენი მთავრობისგან ამ მოღალატეებს რატომ არ იჭერენ????..

  3. ტყუილად იჩემებთ ფოთელობას, არ გამოვა თქვენგან ფოთელი, პროფესიონალი ცრუპენტელა ბრძანდებით და რა თქმა უნდა ვერ დაინახავთ რა კეთდება ფოთში, სამაგიეროდ ფულს ხედავთ კარგად და მოგახმაროთ ღმერთმა მშვიდობაში, თქვენ არასდროს მდგარხართ ფოთელების გვერდით, არც ომამდე და არც მას შემდეგ და წარმოიდგინეთ, თავხედობა რა დოზით უნდა გაგაჩნდეთ, ასეთი მზრუნველი ტონით ფოთის სატკივარზე რომ ილაპარაკოთ,მოკლედ, ფოთის დედა ხართ რა…

  4. რას ერჩით ხალხნო , მისი ასაკისთვის ნორმალურად გამოიყურება, აბა კარგად დააკვირდით, ღმერთმა შეგარგოთ ჯიგარო და ნამდვილო ვაშკაცებო ფოთში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here