Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ისაკაძე): რამდენიმე ათეულ სასულიერო პირს საპყრობილეში შესვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე...

მამა დავითი (ისაკაძე): რამდენიმე ათეულ სასულიერო პირს საპყრობილეში შესვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აუკრძალეს

920

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და ქვეყნაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» წმიდა მარინეს  ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) ესაუბრება.

_ მამაო, მოგეხსენებათ, ქვეყანაში წინასაარჩევნო მღელვარებაა. ქვეყნისთვის ასეთ დაძაბულ ვითარებაში რა როლის შესრულება შეუძლია ეკლესიას?

_ უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია აპოლიტიკურია,  თუმცა ის მოვლენები, რომლებიც ქვეყანაში ვითარდება, ბუნებრივია, თითოულ სასულიერო პირს ისევე აღელვებს, როგორც ნებისმიერ ადამიანს. ამიტომ ჩვენ შემდეგი თვალსაზრისით უნდა ვიხელმძღვანელოთ: თითოეული ადამიანისთვის მთავარი უნდა იყოს მართალი სარწმუნოება და ეროვნული ცნობიერება. მართალ სარწმუნოებაში მოიაზრება როგორც აღმსარებლობა, ასევე ნებისმიერი ის ფასეულობა, რომელიც ძვირფასია მორწმუნე ადამიანისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ვლინდება ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენისადმი.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ირღვევა ქვეყანაში მართლმადიდებლების უფლებები, რასაც უკვე არაერთი ფაქტი ადასტურებს. მაგალითად, ფერიის მთაზე ეკლესიის ნგრევა, ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით გაჩაღებული კამპანია (რაც ბაგრატის ტაძრის შეურაცხყოფა იყო, სხვა სიტყვა რთულია მოძებნო), რვა მართლმადიდებელი ახალგაზრდის დაჭერა აღმსარებლობის გამო. ეს ბიჭები მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ მათ საკუთარი სარწმუნოება, ოჯახური სიწმინდე, ტრადიციები დაიცვეს, გააპროტესტეს რა ღვთის გმობა, ღვთისმშობლის შეურაცხყოფა. რადგან ის ავადსახსენებელი  დეისაძის ე.წ. წიგნი ჩვენი რწმენის და ტრადიციების შეურაცხყოფას ნიშნავდა. ეს არის სახე იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში გვევლინებიან. არადა, გვაჩვენებენ  პირიქით, თითქოს რელიგიური უმცირესობების უფლებები ილახებოდეს.

ასე რომ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს აღვნიშნავთ და ვამხელთ, ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები ვართ?

_ უნდა ერეოდეს თუ არა სასულიერო პირი პოლიტიკაში, აქვს თუ არა ეკლესიის მსახურს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიისა და პოზიციის გამოხატვის უფლება?

_ ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. სასულიერო პირმა, რომელიც აშკარად უჭერს მხარს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მომავალში შეიძლება ხალხისგან მხილება მიიღოს. რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მან მხარი დაუჭირა ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ანტიეკლესიურ და ანტიეროვნულ საქმიანობას განახორციელებს. ამიტომ, თუნდაც ამ თვალსაზრისის გამო, სასულიერო პირი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას უნდა მოერიდოს. ამას გარდა, ყველა პარტიაში არსებობს ეკლესიის მრევლი და, როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ სასულიერო პირები დგებიან სხვა პოზიციაზე, ბუნებრივია, მას გაუჩნდება წუხილი და გულისტკენა და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ამის გამო მან ეკლესიაც კი დატოვოს.

სასულიერო პირებმა უნდა ამხილონ ყოველგვარი ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გამოვლინება, ეს აუცილებელია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები არ სჩადიან ასეთ ქმედებებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ბევრჯერ გამოუმჟღავნებიათ თავიანთი ქმედებებით ანტიეროვნული ან ანტიეკლესიური ცნობიერება, თუმცა ახლა არ დავკონკრეტდები, რათა არ ჩავერთო იმ დაპირისპირებაში, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს.

არ შეიძლება სასულიერო პირებმა პოლიტიკურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან შემდეგ გამოჩნდება სხვა სასულიერო პირი, რომელიც  სხვა პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს და დაპირისპირება უკვე სამღვდელოებას შორის დაიწყება, რომელსაც აუცილებლად აჰყვება მრევლი. ეს კი ეკლესიაში დიდ შფოთსა და განხეთქილებას გამოიწვევს. ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ამ დაპირისპირების პროვოცირება ხდება.

_ მამაო, ვინ ცდილობს დაპირისპირების პროვოცირებას?

_ უპირველეს ყოვლისა, დემონი და მისი მიმდევარი ადამიანები. ეს არის ლეგიონი, როგორც წმინდა წერილი ამბობს. ძალიან ბევრნი არიან…

_ თქვენ ტელეკომპანია «კავკასიაში» მომხდარი ინციდენტი ახსენეთ. რატომ ვერ მოხერხდა დაპატიმრებული რვა ბიჭის გათავისუფლება? თქვენ იმყოფებოდით ორი წლის წინ ტელეკომპანიის შენობაში და მოვლენების თვითმხილველი ხართ, რატომ დააპატიმრეს ისინი?

_ დაახლოებით 35 სასამართლო პროცესი ჩატარდა და მე ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. პროკურატურამ წარმოადგინა ვიდეოკადრები, რომლებიც დაახლოებით 12 საათს მოიცავდა და ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, გინებაც კი ამ ბიჭების მხრიდან არ ყოფილა.

_ ვინ იყო დაინტერესებული მათი დაპატიმრებით?

_ ვინც ეკლესიასა და ეროვნულ ცნობიერებას ებრძვის. ოთხი მღვდელმთავარი, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ითხოვდნენ მათ გათავისუფლებას. პატრიარქმა მეორე დღესვე მოინახულა ისინი, არაერთგზის სთხოვა შესაბამის ორგანოებს და, ალბათ, პირველ პირსაც მათი გათავისუფლება, მაგრამ ამაოდ. ისინი რელიგიური პატიმრები, რწმენისთვის დაპატიმრებული ადამიანები არიან. როდესაც მოსამართლეს განაჩენი გამოჰქონდა, ბიჭები განაჩენს გალობით შეხვდნენ.

_ მამაო, თქვენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ნახულობთ პატიმრებს. რაიმე დაბრკოლება ხომ არ გხვდებათ ციხეში შესვლისას და რა მდგომარეობაში იმყოფებიან პატიმრები?

_ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ათეულ სასულიერო პირს, საპყრობილეში შესვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აუკრძალეს. როდესაც მათ იკითხეს, თუ რატომ არ უშვებდნენ, უპასუხეს, შესაბამის უწყებაში გაარკვიეთო, მაგრამ სასჯელაღსრულების სამინისტროდან მათ პასუხი ვერ მიიღეს. უახლოეს მომავალში ეკლესია ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

პატიმარს ისიც ეყოფა, რომ ის დაპატიმრებულია. არ შეიძლება მისი შეურაცხყოფა, ცემა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ციხის ზედამხედველებს შორისაც არიან ღირსეული ადამიანები, მაგრამ თავად სისტემაა უსამართლო. სიმართლე გითხრათ, პატიმრები ვაჟკაცი ადამიანები არიან და ისინი არ წუწუნებენ ჩემთან. როგორც წესი, ჩვენ ამ თემებზე არ ვსაუბრობთ ხოლმე. ისინი აღსარებას მაბარებენ და ვაზიარებ, რაც მათთვის დიდი ნუგეშია.

უამრავი პატიმარი გვყავს ქვეყანაში, რაც ერისთვის კატასტროფაა. საქართველო პატიმრების რაოდენობით _ ევროპაში პირველ, მსოფლიოში კი მეოთხე ადგილზეა. ეს იწვევს უამრავი ოჯახის დანგრევას. მე ვთხოვდი ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, რადგან შემდეგში ეს ბუმერანგივით დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას და, თუ ჩვენს ხელისუფალს მართლაც უყვარს და არ სძულს თავისი ხალხი, აუცილებლად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და ბევრი პატიმარი გაათავისუფლოს. ეს სულელური სასჯელის შეკრებითობის პრინციპი მოიხსნას და გათავისუფლდეს ამდენი პრობაციონერი, რომლებიც ხელისუფლების მძევლები არიან, სხვა სახელს ვერ დავარქმევ. თავად ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს და შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო გვაქვს. დღეს სასამართლო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.

_ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ზოგიერთები ხშირად სდებენ ბრალს ჰომოფობიასა და ქსენოფობიაში. თქვენი მისამართითაც არაერთხელ გვსმენია საყვედურები.

_ ეს ტერმინები მხოლოდ საქართველოში არ ისმის. ამ ტერმინებს იყენებენ საბერძნეთში, სერბეთში, რუსეთში, ანუ ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში მართლმადიდებლების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული თავისებური ცილისმწამებლური კამპანია. როგორ შეიძლება ჩვენ ქსენოფობები ვიყოთ, როცა, თუნდაც მე, მრევლში თითქმის ყველა ეროვნების წარმომადგენელი მყავს, რომელთაგან ზოგი საქართველოში, ზოგი კი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს?! თანაც ისინი ჩემი სულიერი შვილები არიან. ვერც ერთი ეროვნების წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რომელიმე სასულიერო პირმა მათ რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პირიქით, კი ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლნისის რაიონის სოფელ ფახრალოში  მეჩეთის უკანონოდ მშენებლობა მიმდინარეობდა. ჩვენ ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გავაპროტესტეთ. იქ ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მოვარდა და მეუბნება, შენ აქ რა გინდა, რისთვის ჩამოხვედიო. მე ვუთხარი, მე ქართველი ვარ, ეს საქართველოა და მე მეუბნები მაგას, აქ რისთვის ჩამოვედი-მეთქი? აი, სანამდე მიდის ზოგიერთის თავხედობა.

საქართველოში უამრავი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს და ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ, მაგრამ, აბა, ნახეთ, რა ხდება საინგილოში, რა მდგომარეობაში არიან ინგილო ქართველები. ჩვენ კი ვართ ასეთი ტოლერანტულები, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვები არ არიან

_ ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლა გამორიცხავს თუ არა ძალადობას, თუნდაც ეს ბრძოლა სამართლიანი იყოს?

_ აგრესია არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ჩვენ ვგმობთ აგრესიას. პირიქით, ჩვენ მიმართ არიან აგრესიულები, როცა ლახავენ ჩვენს უფლებებს. რა ფაქტებიც ზემოთ ჩამოგითვალეთ, ფერიის მთაზე ეკლესიის ნგრევა თუ სარწმუნოებისთვის ბიჭების დაჭერა, ამის დასადასტურებლად ესეც საკმარისია. სწორედ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აგრესია და მე არ ვიცი, რომელიმე სასულიერო პირს რაიმე აგრესიული ჩაედინოს. სოდომ-გომორის ცოდვის ქადაგებას კი ჩვენ, ბუნებრივია, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით.

_ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აღელვებს, ID ბარათს უკავშირდება. მიუხედავად წმინდა სინოდის განჩინებისა, რომ ID ბარათი არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს, ზოგიერთმა სასულიერო პირმა მაინც დასაჯა მრევლი უზიარებლობით. რატომ გაჩნდა ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ არსებობს ეკლესიის სწავლება, რომელსაც ყველა მღვდელმსახური და ერისკაცი უნდა დაემორჩილოს. ეკლესიის სწავლება კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: ანტიქრისტე პირდაპირ მოითხოვს თაყვანისცემას, ისევე, როგორც პირველ საუკუნეებში ზოგიერთი წარმართი იმპერატორი პირდაპირ ითხოვდა ქრისტიანებისგან, თაყვანი ეცათ წარმართული კერპებისთვის, ასევე იქნება ანტიქრისტეს შემთხვევაშიც. ID ბარათი _ ეს არის მოსამზადებელი ეტაპი ანტიქრისტეს მოსვლისთვის. ასევე, ეს არის საშუალება ადამიანის სრული გაკონტროლებისა.

_ თუმცაწმინდა სინოდის განცხადების შემდეგ, ბევრმა ჩათვალა, რომ როგორც ზოგიერთ შემთხვევაში, საპატრიარქო ამჯერადაც დათმობაზე წავიდა ხელისუფლებასთან და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამით აიხსნება.

_ თუ კონკრეტულად დავსვამთ საკითხს, არის თუ არა ეს ID ბარათი ანტიქრისტეს ნიშანი, ეკლესია ამბობს, რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ნიშანი და ამ შემთხვევაში, სინოდმა ზუსტი და სწორი პასუხი გასცა კითხვას. თუმცა, ასევე სინოდის სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ ვითხოვთ, ალტერნატიული საშუალება დაუშვას სახელმწიფომ, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაშიო. ზოგიერთმა ქვეყანამ საერთოდ არ მიიღო ეს ბარათები.

საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. რატომ უნდა მაკონტროლონ? ვის რა უფლება აქვს? ჩიპზე არის მთელი ინფორმაცია ჩვენ შესახებ. სხვათა შორის, ამერიკელებს აქვთ დოკუმენტური ფილმი გადაღებული, რომელშიც არის ეპიზოდი, როცა პიროვნება, სპეციალური მოწყობილობის წყალობით, უბრალო შეხებით, პასპორტში არსებული ჩიპიდან მთელ ინფორმაციას იგებს. ასე რომ, ამ ყველაფერს შესაძლოა სერიოზული კრიმინალური გართულებებიც მოჰყვეს. სხვათა შორის, თავად ამერიკელებიც აკრიტიკებენ და არ მოსწონთ ID ბარათები.

_ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა: რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალს და დასრულდა თუ არა ყველა წესის დაცვით ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია?

_ აღნიშნული მიზეზების შესახებ ჩემთვის დანამდვილებით არ არის ცნობილი, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარეობდა ბაგრატის ტაძრის პროფანაცია. სურდათ ტაძრის იერსახის შეცვლა და ლიფტის მოწყობა და ა. შ. მე რამდენადაც ვიცი, ეს პროცესი შეჩერდა და დარჩა ის პირვანდელი ვარიანტი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან იყო შეთანხმებული. რადგან ბაგრატის ტაძარიც და სხვა ნებისმიერი ეკლესიაც არის საქართველოს ეკლესიის პატრონობის ქვეშ და ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, ჩაერიოს მის მშენებლობასა თუ მართვა-გამგეობაში.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here