Home რუბრიკები პოლიტიკა ორპარტიული მოდელი _ ხაფანგი თუ გამოსავალი?

ორპარტიული მოდელი _ ხაფანგი თუ გამოსავალი?

893

«ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი განწირულია, ადრე თუ გვიან დაემხობა და ყველაზე მძიმე პრობლემები დადებითად გადაწყდება. კაცობრიობას თვითრეგულაციის მაშველი მექანიზმი აქვს _ ცუდი დრო, შეუძლებელია, დიდხანს გაგრძელდეს. გწამდეთ და იმედი გქონდეთ!». გასულ კვირას გარდაცვლილი, შესანიშნავი მწერლის ჰარი ჰარისონის ეს სიტყვები ჩვენთვის, ალბათ, განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან დღეს საქართველოში «ცუდი დროის» მხუთავი ატმოსფერო განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა.

ეჭვგარეშეა, რომ კოშმარი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, დასრულდება, მაგრამ შეშფოთებას სხვა საფრთხე იწვევს: არ არსებობს გარანტია, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ (მერამდენედ?) არ გაივლის იმავე გზას და თავისუფლების ხმაურიანი, თუმცა ხანმოკლე ზეიმის შემდეგ, ისევ არ გადაეშვება აღვირახსნილი ცეზარიზმის მორევში ან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულ ბანაკებად არ გაიხლიჩება. თუ საქართველოში არ შეიქმნება დამცავი სისტემა, რომელიც ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის, «ცუდი დრო», სავარაუდოდ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოვლენათა განვითარების მრავალი სცენარი განიხილება. ვარიანტი, რომლის ფარგლებში «ნაციონალური მოძრაობა» და «ქართული ოცნება» პარლამენტში ადგილების დაახლოებით ერთნაირ რაოდენობას მიიღებენ, არ განიხილება, როგორც ძირითადი. საზოგადოებისა და ექსპერტების ყურადღებას უფრო ერთერთი ძალის ტოტალური გამარჯვების სცენარები იზიდავს. თუმცა, როდესაც საუბარი «საყაიმო ვარიანტზე» მიდგება, როგორც წესი, იწყება მსჯელობა იმაზე, რომ ის დაეხმარება სააკაშვილის რეჟიმის ტრანსფორმაციას და ეტაპობრივ დემონტაჟს, გონივრულ კომპრომისებს, რომლებიც ძალადობას გამორიცხავს, ასევე, შესაძლებელს გახდის, ფაქტობრივად, ერთპარტიული სისტემის ორპარტიულად გარდაქმნას, რაც დემოკრატიის დამკვიდრებას წაადგება.

ამ მსჯელობის დროს, როგორც წესი, სათვალავში არ მიიღება ის გარემოება, რომ სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობა» არ არიან პასუხისმგელობის მქონე მოთამაშეები, რომ ისინი, საკუთარი წარსულიდან და ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ყოველთვის შეეცდებიან მიაღწიონ ყოვლისმომცველ დომინირებას და მყიფე ორპარტიული (პირობითად ასე ვუწოდოთ) ბალანსი დაანგრიონ. ძალიან დიდი ალბათობით, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ისტორია, სავარაუდოდ, დასრულდება ან მათი სრული ამოშანთვით პოლიტიკური სივრციდან, ან სისხლიანი და, სავარაუდოდ, დღემოკლე დიქტატურის დამყარებით. მაგრამ ამ «ერთიან ნაციონალურ პრობლემაზე» ჩაციკლვა ნამდვილად არ ღირს, ადრე თუ გვიან ისინი წავლენ, საქართველო კი დარჩება. აქ საინტერესო სხვა რამ არის: აქვს თუ არა ორპარტიულობას რაიმე განსაკუთრებული პლიუსები, რომლებიც მდგრადი დემოკრატიის დამკვიდრებაში დაგვეხმარებიან? რამდენად გონივრულია, სისტემის ქვაკუთხედად გადავაქციოთ ძალთა ის ბალანსი, რომელიც  გარემოებათა თანხვედრის გამო შეიძლება პარლამენტში მივიღოთ? რა სარგებელი მიიღეს ქვეყნებმა, რომლებშიც ორპარტიული სისტემა ბუნებრივი პოლიტიკური ევოლუციის (აშშ) და მეტნაკლებად ხელოვნური კონსტრუირების (ურუგვაი) გზით შეიქმნა?

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, აშშ-ის დამაარსებლებს არანაირი ორპარტიული სისტემა არ შეუქმნიათ; «პარტია» და «ფრაქცია» ჯორჯ ვაშინგტონის დროინდელ ამერიკაში ლამის სალანძღავი სიტყვა იყო. ჯეიმს მედისონი «ფედერალისტის» ერთ-ერთ წერილში ახასიათებდა მათ, როგორც საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ეგოისტურ ჯგუფებს; პოლიტიკური პარტია აღიქმებოდა, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელიც შეუსაბამოა ახალგაზრდა რესპუბლიკის იდეალებთან.

აშშ-ის «მამები» აანალიზებდნენ ინგლისის რევოლუციის გამოცდილებას, მათ თვალწინ კი სისხლიან ქაოსში რევოლუციური საფრანგეთი იძირებოდა. მათ აშინებდათ შედეგი, რომელიც შეიძლება მოიტანოს პოპულიზმმა და პოლიტიკური ჯგუფების ყოვლისმომცველმა ბრძოლამ, აგრეთვე, პრეზიდენტის დესპოტად გადაქცევის საფრთხემ და ერთგვარი დამცავი ზღუდის აშენებას შეუდგნენ, რომლის საკვანძო ელემენტები გახდა სენატი, მისი ფართო უფლებებით, უზენაესი სასამართლო და, გარკვეული თვალსაზრისით, ამომრჩეველთა კოლეგია; მნიშვნელოვანი როლი იმ ეტაპზე საარჩევნო ცენზს ენიჭებოდა. «მამები» არ ენდობოდნენ ღარიბ, განათლების არმქონე ფენებს და პოლიტიკაში მათი ჩართულობის შეზღუდვას ცდილობდნენ.

რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მათი იდეალი უპარტიო სისტემა იყო, თუმცა მისი პრაქტიკულად რეალიზება შეუძლებელი გახლდათ. ვერავინ გააუქმებდა განსხვავებულ შეხედულებებს და, თუ პარტიების ფორმირება საერთოდ აიკრძალებოდა, პოლემიკა პოლიტიკოსთა სხვადასხვა ჯგუფს შორის აუცილებლად გადაიზრდებოდა დაპირისპირებაში ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტს შორის, რაც ადრე თუ გვიან, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დაშლით და მეტად არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებით დასრულდებოდა. თუ განსხვავებული შეხედულებების მქონე მთავრობის წევრები, თომას ჯეფერსონი და ალექსანდრე ჰამილტონი, მოკლებულნი იქნებოდნენ შესაძლებლობას, საკუთარი «პროტოპარტიები» შეექმნათ, ხელისუფლება ორ მტრულ ბანაკად გაიყოფოდა და მათ დაპირისპირებას, სავარაუდოდ, აშშის სახელმწიფოებრიობა შეეწირებოდა.

საინტერესოა, რომ თავიდან საქმე ფაქტობრივი ერთპარტიულობისკენ, სხვადასხვა ფრაქციისგან შემდგარი «სახელისუფლო პარტიის» ფორმირებისკენ წავიდა. XIX საუკუნის 20-იან წლებში «დემოკრატიულმა რესპუბლიკელებმა» სრულ დომინირებას მიაღწიეს. 1824 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხივე კანდიდატი ამ პარტიის წარმომადგენელი იყო, რომელიც სხვადასხვა შტატსა და პოლიტიკურ ჯგუფს ეყრდნობოდა. შემდგომ ეს პარტია დაიშალა, თუმცა მისგან შობილმა დემოკრატიულმა პარტიამ კვლავ უპირატეს მდგომარეობას მიაღწია. დაახლოებით ამ დროს შტატებში, ისევე, როგორც ევროპაში, იწყება იმის გააზრება, რომ კონკურენციას პარტიებს შორის ბოროტებაზე გაცილებით მეტი სიკეთე მოაქვს. პირველ თანმიმდევრულ მებრძოლად ორპარტიული სისტემის დამკვიდრებისთვის შეიძლება აშშ-ის მერვე პრეზიდენტი მარტინ ვან ბურენი ჩავთვალოთ. საქართველოსთვის დღეს ძალზე აქტუალურია ის, რასაც ვან ბურენი საუკუნე-ნახევრის წინ წერდა: «ერთპარტიულ მმართველობას ეროვნული თანხმობის გამყარება არ შეუძლია, პრაქტიკულად მისი მთავარი შედეგი კორუფციისა და ხელისუფლების უზურპაციის გავრცელებაა». აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ ორ და არა მრავალპარტიული?

საქმე ისაა, რომ ამერიკულ, ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარულ სისტემას, თამაშების მათემატიკური თეორიიდან ან სულაც უმარტივესი გათვლებიდან თუ ამოვალთ, ბუნებრივად მივყავართ პრინციპამდე «მესამე ზედმეტია». საინტერესოა იმ მომენტის დაფიქსირებაც, რომელიც ორპარტიულ სისტემაში განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა: პარტიები ცდილობენ, ამომრჩეველთა მაქსიმალურ რაოდენობას «მისწვდნენ», საკუთარ პროგრამებს უფრო ზომიერს, «ყველასთვის მისაღებს» ხდიან და, შესაბამისად, მიიწევენ «ცენტრისკენ» და არა «ფლანგებისკენ». დღეს ამერიკელები ჩივიან იმის გამო, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთს ისე დაემსგავსნენ, რომ მათი გარჩევა შეუძლებელი გახდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკული ორპარტიულობა, რომლის ურღვეობას არაერთი, ხანდახან ძნელად დასაფიქსირებელი, ზღუდე იცავს, პრაქტიკულად გამორიცხავს ხელისუფლებაში ექსტრემისტების, პოპულიზმზე ორიენტირებული პარტიების (პოლიტიკოსების) «გარღვევას». მრავალპარტიულობის პირობებში ეს საფრთხე გაცილებით დიდია.

ვან ბურენის ეპოქაში პარტიებს შორის სრულყოფილი ბალანსის მიღწევა ვერ მოხერხდა. ქვეყანამ გამოიარა ხანგძლივი პერიოდები, როდესაც ერთ-ერთი პარტია აშკარად დომინირებდა, თუმცა სისტემური ალტერნატივის არსებობის, კონკურენციის აუცილებლობის გააზრებამ აშშ ერთპარტიულობას აარიდა.

ამერიკული გამოცდილების ბრმა კოპირებამ, იმ ისტორიულკულტურული სპეციფიკის გააზრების გარეშე (მაგალითად, შტატებისა და ფედერალური მთავრობის ურთიერთობის), რომელიც ამ ქვეყანას ახასიათებს, შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს. თუმცა დაფიქრება იმაზე, როგორ შევქმნათ სისტემა, რომელიც ტირანიისგან დაგვიცავს, როგორც ეს აშშის დამაარსებლებმა გააკეთეს, ნამდვილად ღირს. აშკარაა, რომ არ შეიძლება მისი დაფუძნება, პრაქტიკულად, შემთხვევით წარმოქმნილ ორპარტიულ ბალანსზე (თუ არჩევნები შესაბამისი შედეგით დასრულდება); მას უფრო მყარი ფუნდამენტი სჭირდება.

XX საუკუნის დასაწყისში ურუგვაის პრეზიდენტმა ხოსე ბატლიე-ი-ორდონესმა შეიმუშავა პროექტი, რომლის თანახმად (საკანონმდებლო შეზღუდვების გამოყენებით) არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ორ, ტრადიციულად დაპირისპირებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას _ «ბლანკოს» და «კოლორადოს» მიეცა. ფაქტობრივად, მოხდა პარტიების ბრძოლის ტრანსფორმაცია სხვადასხვა ფრაქციის ბრძოლად ამ ორი პარტიის შიგნით; ეს, ერთის მხრივ, უზრუნველყოფდა განვითარებისთვის აუცილებელ კონკურენციას და ამავე დროს სისტემას მეტ მდგრადობას სძენდა. ამასთანავე, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დარჩნენ მხოლოდ თავდაცვის, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრები, დანარჩენები კოლეგიალური «ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის» დაქვემდებარებაში გადავიდნენ, რომელშიც ადგილების მესამედს არჩევნებში დამარცხებული პარტია იკავებდა. მთელი პროექტის აღწერას ამ ფორმატში, ცხადია, ვერ შევძლებთ, თუმცა მნიშვნელოვანია შემდეგი რამ: ბატლიე-ი-ორდონესმა მოახდინა ძველი, აშშ-ისგან გადმოღებული, მოდელის ადაპტირება მისი ქვეყნის რეალიების მიმართ, მის იდეებზე დაფუძნებული რეფორმის შედეგი კი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა. XX საუკუნეში ოდესღაც მეტად ქაოტურ ურუგვაის გადატრიალებებთან და დიქტატურებთან გაცილებით ნაკლები პრობლემა ჰქონდა, ვიდრე მის ლათინოამერიკულ მეზობლებს. საბოლოოდ, 70-იანებში ეს სისტემა დაიმსხვრა, რადგან საკუთარ თავში ახალი მემარცხენე ელემენტების ინტეგრირება ვერ შეძლო, მაგრამ თავისი ისტორიული როლი მან უდავოდ შეასრულა.

მზა რეცეპტი საქართველოსთვის არ არსებობს, უცხო ქვეყნების გამოცდილების გაცნობა სასარგებლოა, თუმცა დამოუკიდებელ შემოქმედებას გვერდს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ავუვლით. ორპარტიულობა ერთერთი ვარიანტია, რომელსაც თავისი პლიუსები და მინუსები აქვს (ლათინურ ამერიკაში ეს ყოვლისმომცველი პოლარიზაციის საფრთხეა, რომელიც ხშირად სამოქალაქო დაპირისპირებით სრულდება), მსჯელობა მასზე ცალკე არ შეიძლება, არამედ მხოლოდ მთელ სისტემასთან ერთად, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას უზრუნველყოფს და, უხეშად რომ ვთქვათ, შექმნის წინაპირობებს, რომ «სააკაშვილი არ განმეორდეს».

რაც შეეხება ორპარტიული სისტემის ფორმირებისთვის «ნაციონალური მოძრაობის» ან მისი ნარჩენების გამოყენებას (თუ ამ მიმართულებით წავალთ), ეს წამოწყება ყოვლად უპერსპექტივო ჩანს. ეს ადამიანები საკუთარ თავში დიქტატურის სულისკვეთებას ატარებენ, დემოკრატიის მნიშვნელობა არ ესმით და ყოველთვის ორიენტირებულები იქნებიან ავტორიტარული რეჟიმის ფორმირებაზე. მათი წასვლა ქართული პოლიტიკიდან, სავარაუდოდ, «ცუდი დროის» დასრულების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here