Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკა კურტანიძე: კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ

ლუკა კურტანიძე: კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ

1176

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების მიერ «ქართული ოცნების» წინააღმდეგ დაწყებულ პიარკამპანიასა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «სახალხო კრების» აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე.

 

_ ბატონო ლუკა, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება უფრო მკაცრი მეთოდებით მოქმედებს. დღე ისე არ გავა, რომ სააკაშვილის ზონდერრაზმებმა სადმე შეკრება არ დაარბიონ, ვინმე არ დააკავონ ან ვინმეს ქონება არ დაუყადაღონ. ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება საშიშროება, რომ პოლიტიკური ტემპერატურის აწევასთან ერთად, მომავალში მმართველი გუნდისგან ბევრად უფრო ფართომასშტაბიან რეპრესიებს უნდა ველოდოთ. პირადად თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და საერთოდ, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

_ უწინარესად, დიდი მადლობა თქვენ და თქვენს გაზეთს, რომ ჩემი აზრი გაინტერესებთ, რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ ვაფასებ ხელისუფლების მოქმედებებს, გეტყვით, რომ შემოდგომა ახლოვდება და, მოგეხსენებათ, შემოდგომაზე ბუზები მწარედ იკბინებიან. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, დასასრულის დასაწყისი. ამას ძალიან კარგად ხედავს თვითონ ხელისუფლებაც, ამიტომ არიან ასეთი გამწარებულები…

_ ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა გაყალბების მთელი რიგი მექანიზმებისა. განიხილავთ თუ არა იმ შესაძლებლობას, რომ არჩევნების შემდეგ რამე ძალისმიერი გზით, თუნდაც ქუჩის აქციებით, მოგიხდებათ მიღებული ხმების დაცვა?

_ წინასწარ არ მინდა საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, მაგრამ თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართავ სრულიად ქართველ ხალხს: თუ არ გვინდა, რომ ამ ე. წ. ვარდოსნების პარპაში უსასრულოდ გაგრძელდეს ქვეყნის სათავეში და იმის მინიმალური შანსიც კი, რაც დარჩენილი გვაქვს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შენარჩუნდეს მსოფლიო რუკაზე, საბოლოოდ არ დავკარგოთ, მაშინ ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ამას თუ მივაღწევთ, მერწმუნეთ, ძალიან უმტკივნეულოდ მოხდება ამათი შეცვლა, იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა უკვე ამოწურა ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა. ახლა ესენი არიან ერთი მუჭა ავადმყოფი, უკვე მასხარადქცეული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ძალიან აშინებს დიდი ერთობა. ამიტომაც არბევენ ყველა შეკრებას, ჩვენ მიერ გამართულ ნებისმიერ ღონისძიებას, ვინაიდან მათ იციან, რომ, თუ ეს ნაკადულები შეერთდება, ვერაფერი უშველით. წარმოუდგენელი შიშითაა დღეს ხელისუფლება შეპყრობილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნაკადული კი არა, უკვე მდინარეებია დაძრული. ამ მდინარეებს კი აქვთ ერთი შესართავი, რომელსაც ჰქვია ერთობა…

_ ე.ი. ერთიანობის შემთხვევაში თქვენ გამორიცხავთ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ძალის გამოყენების მცდელობას?

_ არა, მცდელობა, რა თქმა უნდა, იქნება, თუ ხალხი და პოლიტიკური სპექტრი დაიქსაქსება. ამიტომაც მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ სუბიექტს, რომ გადადონ განზე თავიანთი ამბიციები და დავდგეთ ერთად. ვიმეორებ, ამას თუ შევძლებთ, ერთი ლაჩარი ადამიანი და მისი გუნდი ვერაფერს გახდება, ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც ხალხის ნება-სურვილია.

თქვენ ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე მკითხეთ და ყველამ ვიცით, 2008 წლის აგვისტოში რას აკეთებდნენ ეს ლაჩრები, სად იყვნენ გასაძრომად მზად. აი, ზუსტად ასე მოუწევთ მათ ძალიან მალე აქედან გაძრომა.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ხელისუფლება ინტენსიურად ამზადებს ახალ-ახალ ე. წ. ზონდერ ჯგუფებს. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა გუნდმა კარგად იცის, ობიექტური არჩევნების პირობებში ოპოზიცია მას, დიდი ალბათობით, ბეჭებზე დადებს, დათმობს რეჟიმი ძალაუფლებას უმტკივნეულოდ, თუნდაც საზოგადოება ერთიანი იყოს, როგორ ფიქრობთ?

_ ბეჭებზე დადება თუ არის, ეს ნამდვილად კარგად ვიცი და საჭიროების შემთხვევაში ამას მთელი შემართებით, სიცოცხლის ფასად შევასრულებ. რაც შეეხება ზონდერრაზმების მზადებას, დამერწმუნეთ, კრიმინალსაც, ბანჯგვლიანსაც, კუნთმაგარსაც, გონებაჩლუნგსაც _ ყველას ჰყავს ნათესავები. ამიტომ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების დიდი ნაწილი თავს შეიკავებს. რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთებიც, რომლებიც თვალს დახუჭავენ და, თუ უბრძანეს, საკუთარ დედასაც არ დაინდობენ, მაგრამ ასეთი ხალხი იმდენად ცოტაა, რომ მათი ძალა საზოგადოების ძალასთან შედარებით უმნიშვნელოა. გადაუვლის სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამწარებული მოსახლეობა ამ მცირერიცხოვან ზონდერჯგუფებს და მინდა, მივმართო მათ, რომ ნუ გაწირავენ თავს, ერთი ლაჩარი კაცის ამბიციებს ნუ გადაჰყვებიან.

_ დღემდე ქართულმა ოცნებამ ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში გამართა შეხვედრები. სერიოზული მოლოდინია ზუგდიდში გასამართ აქციასთან დაკავშირებითაც; არის საუბარი იმაზეც, რომ სამეგრელოში ყველაზე მძლავრ წინააღმდეგობას წააწყდება კოალიცია…

_ ერთი რამ მინდა ვთქვა იმ ხალხის გასაგონად, ვინც რაღაც პროვოკაციისთვის ემზადება, ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც მათი ბინძური ხრიკები და ჩანაფიქრი კარგად აქვთ შესწავლილი, ამიტომ არავის ეშინია ამ აღვირახსნილი, ზომბირებული მოქალაქეებისაგან შექმნილი რაღაც უსახური ჯგუფების. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი რომ მორჩება, კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სამშობლოს განვითარებას ხელს შეუშლიან. ხელს შეუშლიან იმ ავადმყოფი გონებით, რომლითაც ჰგონიათ, რომ ერთმა მათნაირმა ავადმყოფმა, ლაჩარმა პიროვნებამ უნდა მართოს ქვეყანა. საერთოდ, თევზი თავიდან ლპება და, როცა ხდება მისი დამზადება, პირველ რიგში, თავი უნდა მოაშორო. გახრწნილია დღეს ჩვენი ხელისუფლების თავიც და სასწრაფოდ მოსაშორებელი, რომ მთელი ორგანიზმი არ დალპეს. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება, უმტკივნეულოდ კი ამის გაკეთება შეუძლია სრულიად საქართველოს. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს თითოეული ადამიანი წყვეტს, რამდენად მარტივად ან რთულად დასრულდება რეჟიმის არსებობა. აი, ესაა მთავარი, ხოლო როცა საუბარია იმაზე, რატომაა სამეგრელო ასე დაჩაჩანაკებული სულიერად, მე ვამბობ, ეს კუთხე ყოველთვის ძახილის ნიშანს უსვამდა საქართველოს მთიანობას და დღესაც მჯერა, რომ ამ ღირსეულ სიტყვას სამეგრელო იტყვის მაშინ, როცა მთელი საქართველო იქ ჩავა.

_ დაახლოებით ერთი თვის წინ «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, «ქართულ ოცნებას» 30%-ზე მეტს არ დაუწერენო. იგივე გვითხრა პეტრე მამრაძემაც. ფაქტია, რომ ეს ციფრი დომინირებს, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს ხელისუფლების განზრახვაზე.

_ საერთოდ ბევრი რამ აქვს განზრახული ამ ხელისუფლებას და მის სატელიტებს, რომელთაგან ზოგი ეროვნულ-დემოკრატიულობას იბრალებს, ზოგი _ ქრისტიანობას და ზოგი კიდევ, კაცმა არ იცის, _ რას, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ მალე სრულიად საქართველოს მოსახლეობა დაუწერს რეჟიმს იმ ციფრს, იმ მაჩვენებელს, რომელიც იქნება ამათთვის დამანგრეველი. რაც უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა, ათჯერ და ოცჯერ უფრო მეტი პროვოკატორებიც რომ არბენინოს ქუჩებში, ამ განაჩენს ის ვერ ასცდება, იმიტომ, რომ ეს არის ხალხის განაჩენი, რომლის ოფიციალური გამოტანაც მოხდება სწორედ ოქტომბერში.

_ განაჩენს რაც შეეხება, გასულ კვირას სოსო ჯაჭვლიანმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მომავალი ხელისუფლება, უწინარესად, დამნაშავეთა დასჯით თუ არ დაიწყებს, პირველი მე გადავალ ოპოზიციაშიო. თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს _ უნდა დადგეს თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი?

_ ადამიანი, რომელიც დანაშაულზე პასუხს არ აგებს, თავისივე დანაშაულის ტყვე ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს მკურნალობის უამრავი ფორმა, მეთოდი და ამ ადამიანების მიმართ სწორედ ის მეთოდები უნდა იქნეს გამოყენებული, რომლებიც მოცემულ ვითარებაში ყველაზე ოპტიმალურია. ლაპარაკია იმაზე, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ეს ხალხი საზოგადოებას დაუბრუნდეს არა გამწარებული, არამედ სინანულითა და შინაგანი სირცხვილის, სინდისის ქენჯნის განცდით იმის გამო, რომ ერთ დროს ემსახურებოდნენ პირსისხლიან რეჟიმს. საზოგადოებისთვისაც და ქვეყნისთვისაც გაცილებით უკეთესი იქნება, ამ ფორმით მოხდეს მათი რეაბილიტაცია, თორემ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქ ყველა კუთხესა და ორღობეში ადამიანთა ჯგუფებს შორის ანგარიშსწორება თუ დაიწყო, უსასრულო ქაოსი გარდაუვალია.

_ რეაბილიტაციაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? თანამდებობის პირი, პოლიციელი თუ სპეცრაზმელი, რომელმაც უკანონო ქმედება განახორციელა, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რა ფორმით უნდა მიეცეს პასუხისგებაში?

_ მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე როცა ვსაუბრობ, მძიმე დამნაშავეებს არ ვგულისხმობ. არავინ დავობს იმაზე, რომ მათ მიმართ სულ სხვა ღონისძიებები უნდა გატარდეს. 7 ნოემბერიც კარგად გვახსოვს და 26 მაისის უბედურებაც. ასე რომ, ყველა, ვის კისერზეცაა ეს საშინელი ტრაგედია, ცხადია, სასტიკად აგებს პასუხს კანონის წინაშე… ამის შემდეგ კი, ვინც სინამდვილეში ჩაბარდება და მიხვდება თავის დანაშაულს, ისინი იქნებიან რეაბილიტირებულნი სამკურნალო დაწესებულებებიდან.

_ ვისი «განკურნებაც» ვერ მოხერხდება, მათ რა ბედი ელით?

_ ვინც ზომბირებიდან ვერ გამოვა და ისევ მრისხანებას გააგრძელებს, სამკურნალო დაწესებულება იმისთვის არსებობს, რომ ავადმყოფს უშველოს. ბევრს შეიძლება მთელი ცხოვრება მოუხდეს ამ დაწესებულებაში ყოფნა; ზოგი ნაპოლეონი გახდება, ზოგი _ ფაშისტი და ასე გაგრძელდება მათი მკურნალობა იმ იმედით, რომ ოდესმე შეძლებენ საზოგადოებაში დაბრუნებას.

_ ექსპერტები ხშირად საუბრობენ ხოლმე დასავლეთის ფაქტორზე, ბევრი თვლის, რომ სააკაშვილი მათთვის იდეალური ვარიანტია და მის შეცვლას მხარს არ დაუჭერენ. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს შეხედულება?

_ ეს რომ სამი-ოთხი წლის წინ ეთქვა ვინმეს, შეიძლება უფრო რეალური ყოფილიყო, მაგრამ შევხედოთ ამჟამინდელ ვითარებას: ხელისუფლება არის სრულიად განძარცვული, გაშიშვლებული და მას უკვე არაფრის რესურსი არ გააჩნია. დღეს როცა გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, მსოფლიო გაერთიანების ერთ-ერთი ცივილიზებული ქვეყანა, არა მგონია, დანარჩენ მსოფლიოს, საუბარი მაქვს ჭეშმარიტად დემოკრატიულ სამყაროზე, ხელს აძლევდეს მასხარა ხელისუფალი, რომელმაც უკვე საკუთარი თავი ბოლომდე ამოწურა და სჩადის სისულელეებს. მე თორმეტი წელიწადი ვიცხოვრე გერმანიაში და ვიცი ამ ქვეყნის ღირებულებები. უბრალოდ, არასერიოზული იქნება, ასეთი მასხარა ადამიანის მმართველობით ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ეს არის, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ, სამარცხვინო პოლიტიკური ფიგურა და სამარცხვინო სუბიექტები კი დასავლეთში, განსაკუთრებით კი ევროპაში, დღესდღეობით ნამდვილად არავის სჭირდება.

_ ხელისუფლების მიერ საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული პიარკამპანიის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს პრორუსულობის იარლიყი წარმოადგენს. შესაბამისად, ვინც იტყვის, რომ საქართველომ კრემლის მესვეურებთან საერთო ენა უნდა გამონახოს, მაშინვე რუსეთის აგენტად ირაცხება. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია ეს პოლიტიკა და მიგაჩნიათ თუ არა, რომ მომავალმა ხელისუფლებამ მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება პრიორიტეტად უნდა დაისახოს?

_ საქართველოს ღირსეული მეფეები, რომელთა სახელებითაც ჩვენ ვამაყობთ, რაც უნდა სასტიკი და მრისხანე მტერი ჰყოლოდათ, ყოველთვის ახერხებდნენ მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ეს იყო სპარსეთი, მონღოლეთი, ოსმალეთი თუ ბიზანტია, ქვეყნის გონიერი ხელმძღვანელობა მუდმივად ეძებდა მათთან დიალოგის გზას და ისინი ღირსეული მტრებიც იყვნენ ერთმანეთის. გიორგი ბრწყინვალე იმიტომაა გიორგი ბრწყინვალე და დემეტრე თავდადებული იმიტომაა დემეტრე თავდადებული, რომ მათ თავიანთი მეფობისთვის კი არ უნაცვალებიათ საქართველო, არამედ საქართველოს ანაცვალეს საკუთარი თავები. ეს გიჟი კი მთელ თავის კარიერას აწყობს იმაზე, რომ ჯერ მოწინააღმდეგეს დედა აგინოს, გამოიწვიოს, მოსპოს მასთან ცივილიზებულად საუბრის ყველა შანსი და შემდეგ სამარცხვინოდ დამარცხებულმა, მიწაზე მფორთხავმა თქვას, მე მაქვს უფლება, ვიყო ისევ ხელისუფლებაშიო. აი, ასეთ ლაჩარ ადამიანთან გვაქვს საქმე და ამ სილაჩრეს ხაზი უნდა გადავუსვათ, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის დამღუპველი.

რაც შეეხება კითხვას, უნდა აღვადგინოთ თუ არა ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან, თუ გნებავთ, ჩაატარეთ გამოკითხვა და დაინახავთ, რა სურს ხალხს. გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ვერ გააჩერებთ ქუჩაში საღად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არ გვჭირდება, რომ მას ძალიან მალე დედა ეტირება და ჩვენ ავშენდებით. დღეს საქართველოს წინაშე არსებობს ასეთი მოცემულობა: თუ აღვადგენთ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობას და თუ გვექნება მასთან კეთილმეზობლობა, ვიხეირებთ; ამიტომაც გვაქვს იმედი, რომ ახლო მომავალში ჩვენ დავალაგებთ სიტუაციას რუსეთთან, აღსდგება ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს ჭარბ საქონელს გახდის მომგებიანს და მნიშვნელოვნად წაწევს წინ ეკონომიკას. ამ ეტაპზე მთავარი ესაა და შემდეგ უკვე დიპლომატიურად როგორ გაგრძელდება ეს პროცესები, ცალკე საკითხია, ვინაიდან, როცა საუბარია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე, მოგეხსენებათ, ყველაფერი ემყარება ინტერესებს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here