Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია: სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» უპირობოდ და ბრმად მხარს არავის დაუჭერს

ზურაბ კვარაცხელია: სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» უპირობოდ და ბრმად მხარს არავის დაუჭერს

771

საზოგადოების დიდმა ნაწილმა მშვენივრად უწყის, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს ცნობილი პოლიტოლოგის, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ინიციატივითა და ძალისხმევით დაფუძნდა სახალხო მოძრაობა «სამეგრელო». ამ მოძრაობის მთავარ ამოცანად დღემდე რჩება ამ კუთხის ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის განვითარება, მისი სახალხო მეურნეობის აღორძინება, ქვეყნის გამთლიანების პროცესში მისი პოტენციალის სრული გამოყენება. შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელი გახდა, მაგრამ, ახალი ძალის მოსვლის შემთხვევაში, თუ როგორ იქნება ეს შესაძლებელი, თავის მოსაზრებას გვიზიარებს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ კვარაცხელია.

_ კარგად მაქვს შეგნებული, რომ, თუ მომავალი ხელისუფლების 2/3  კვლავ «ნაცმოძრაობის» წარმომადგენლებითა და სატელიტი პარტიებით დაკომპლექტდა, ჩვენი საქმე წასულია. არ ვაჭარბებ, ასე თუ მოხდა, ჩვენს ქვეყანას ბედნიერი მომავალი არ უწერია. არადა, არსებული ხელისუფლების თითქოსდა საპირწონედ გამოჩენილი ძალა, ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნების» სახით, რაღა დაგიმალოთ და დიდი ოპტიმიზმის საფუძველს აღარ მიტოვებს. არ ვიცი, რამდენად მოულოდნელი იყო სხვებისთვის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა. მოკლედ რომ გითხრათ, ქვეყანაში ჩამოყალიბდა ორი პოლიტიკური პოლუსი და, რაც დრო გადის, სულ უფრო მიღრმავდება ეჭვი, რომ ამით ვიღაც არის დაინტერესებული და თანაც აქ კი არა, შორს _ ოკეანის გაღმა.

_ ბატონო ზურაბ, რა გაძლევთ ასეთი ეჭვის საფუძველს?

_ ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, პატრიოტი ადამიანი თუ ხარ, უნდა დაფიქრდე, ყველაფერი აწონ-დაწონო, იყო ობიექტური და სამართლიანი, ასეთ შემთხვევაში გაქვს უფლება, «მოყვარეს პირში უძრახე» პრინციპით იმოქმედო და გულწრფელად გამოხატო საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება ჩემს ეჭვს, თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის «ქართულ ოცნებაში» ეროვნულ-პატრიოტული ძალების ძალიან დიდი დეფიციტი? სათოფეზე რატომ არ გაიკარა «ქართული ოცნების» ხელმძღვანელობამ ძალიან ბევრი პატრიოტი და ჭეშმარიტად ეროვნულ პოზიციაზე მდგომი ღირსეული მამულიშვილი? რატომ არის, რომ კოალიცია დაკომპლექტებულია ძირითადად დასავლურ-ლიბერალური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალებით? თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს დასავლეთისთვის, ამერიკისთვის სჭირდება, მაშინ მე მას ასე ვუპასუხებ: სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ «ქართული ოცნებაც», ჩვენდა სავალალოდ, ოკეანის გაღმიდან იქნება მართული. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამერიკიდან მართული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ მე ვერ ვიქნები ოპტიმისტურად და სიმპათიით განწყობილი. ცხადია, მაინტერესებს, თუ როგორ აპირებს ის ევროატლანტიკურ სრუქტურებში გაწევრიანებას და ამავე დროს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის _ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარებას.

_ ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის თუ არის ცნობილი თქვენი მოძრაობის პოზიცია?

_ ვინაიდან მას ჰყავს პრესსამსახურიც და ანალიტიკური ჯგუფიც, წესით, უნდა იცოდეს. არაფერს ვამბობ ჩემ მიერ წინა თვეებში პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებზე, მაგრამ როგორ შეიძლება მან არ იცოდეს ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებები ეროვნულ-სახელმწიფოებრივ, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ საკითხებზე. გამორიცხულია, ამის თაობაზე მას არაფერი სმენოდეს. ამას ვერ დავიჯერებ. გამორიცხულია, ამაზე კოალიციის სხვა ლიდერებმაც არ იცოდნენ არაფერი. საქმეც ისაა, რომ ყველაფერი იციან, მაგრამ ეს პოზიციაა მათთვის მიუღებელი. იმ დასავლეთს კი ჩვენი ბედკრული სამშობლოს ინტერესები, უკაცრავად და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. იმ დასავლეთის ინტერესშია, რომ ჩვენი სამშობლო რუსეთთან მუდმივად კონფლიქტისა და კონფრონტაციის რეჟიმში იყოს. ჰოდა, უდიდესი ერისკაცის _ ზვიად გამსახურდიას ძეგლის დამდგმელ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებებს «ქართული ოცნება» როგორ გაიზიარებს, როცა თავის სახეებად, იდეოლოგებად ჰყავს ბერძენიშვილები და ზაქარეიშვილი?! ის  ზაქარეიშვილი, რომელიც ზვიად გამსახურდიას არადემოკრატს უწოდებს, გამსახურდიას, რომელსაც ტყვიას ესროდნენ, ის კი, ყვავილები ვესროლოთო, ამბობდა. ზაქარეიშილი ცინიკურად აცხადებს, რესპუბლიკური პარტია ჰყველაზე ერთგული იყო ზვიად გამსახურდიასიო. მინდა შევახსენო ზაქარეიშვილს და მის თანამოაზრეებს: რაც თქვენ თავის დროზე გაუკეთეთ ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს, ერთგულება კი არა, ორგულობა და ღალატი ჰქვია. არ მინდა «ქართული ოცნების» კიდევ ერთი სახე დავით ზურაბიშვილი გამომრჩეს, რომელსაც, როგორ ჩანს, ასევე არ ეზარება ზვიად გამსახურდიას განქიქება.  ზაქარეიშვილიც და ზურაბიშვილიც, ჩემდა სამწუხაროდ, ბერძენიშვილებზე წესიერი ხალხი მეგონა, მაგრამ ჩემს მიამიტობას რა ვუთხარი, თორემ წესიერიც იყო და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრიც _  ეს ხომ სრული ნონსესია.

_ ბატონო ზურაბ, თქვენ, როგორც სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» წარმომადგენელი, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პროცესს სამეგრელოში და რას ურჩევთ კოალიცია «ქართულ ოცნებას»?

_ მე ახლა ბევრი კრიტიკული შენიშვნა გამოვთქვი კოალიციის მისამართით, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მისი ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლის შემდეგ ის არსებულ ხელისუფლებაზე უარესი გამოდგება. გულწრფელად ვარ დაინტერესებული, რომ ეს რეჟიმი დამთავრდეს და ქვეყანას მიეცეს გადარჩენის შანსი. ამ თვალსაზრისით, კოალიციის ხელისუფლებაში ყოფნა ნამდვილად არ იქნება უფსკრულისკენ გადადგმული ნაბიჯი. «ქართული ოცნება» თითქოსდა ჩამოყალიბდა არსებული ხელისუფლების საპირწონედ, მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს რეჟიმი გაუშვას მოუსავლეთში, თუმცა არის ერთი «მაგრამ» _ თავისი მოქმედებით «ქართული ოცნება» ჩვენს რეგიონში ამზადებს სერიოზულ საფუძველს კრახისთვის. ღმერთო შეგცოდე, იმასაც ვფიქრობ, ხელისუფლებასთან ხომ არაა ფარულად გარიგებული და მეორე ადგილსაც ხომ არ დაყაბულდებათქო. არ ვიცი. ეს ეჭვი ნამდვილად არ არის უსაფუძვლო და მერე, ალბათ, იტყვიან, აი მეგრელებმა არ მოგვცეს ხმა, თორემ ხომ გავიდოდით პირველ ადგილზეო. მითუმეტეს, რომ გია ბურჯანაძისნაირი ვაიერისკაცები საამისოდ უკვე ამზადებენ საფუძველს. აქვე უპრიანია, შევახსენო მათ, სანამ მეგრელებს პრეტენზიებს წაუყენებენ: ხომ არ აჯობებს, ჩემი მრავალტანჯული კუთხის მოსახლეობის ჭირვარამიც გულწრფელად გაიზიარონმათთანაც იყვნენ ჭირშიც და ლხინშიც, დარშიც და ავდარშიც. მინდა შევახსენო მათ, რომ სტიქიური უბედურება სამეგრელოს მოსახლეობისთვისაც უბედურებაა… 

_ ასეთ სიტუაციაში როგორ მოიქცევა სახალხო მოძრაობა «სამეგრელო»?

_ არავის ეგონოს, რომ ჩვენს მოძრაობას გავლენა მარტო სამეგრელოში აქვს, ჩვენი პოზიციები ცნობილი, მისაღები და ანგარიშგასაწევია ეროვნულ-პატრიოტული ძალებისთვის მთელ ქვეყანაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა იმ ოპოზიციურ ძალას, რომლებსაც შეუძლიათ ამ რეჟიმისათვის რეალური კონკურენციის გაწევა და ძალუძთ ხალხს რეალურად შესთავაზონ ალტერნატიული, მისაღები პოლიტიკა. აქვე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ არის პოლიტიკური და შესაბამისად ჩვენს წევრებს არ ვავალდებულებთ, ამა თუ იმ პოლიტიკური  საკითხის მიმდევრები იყვნენ, ამდენად მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სამეგრელოს რეგიონში და სხვაგანაც, მხარს დავუჭერთ იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც ჩვენი ნდობით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვა, რომ «ოცნების» მიერ საქართველოს რაიონებში წამოყენებული მაჟორიტარი კანდიდატები ბევრ არასასიამოვნო კითხვას ბადებენ და, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებარია, თუ რა ნიშნით შეარჩია კოალიციის ხელმძღვანელობამ ბევრი მათგანი. გამონაკლისი ამ მხრივ არც სამეგრელოა. მაგალითად, ამასწინათ წალენჯიხაში გახლდით და იქ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ, ჩემგან გაეგოთ რამე «ქართული ოცნების» მიერ მათ რაიონში დასახელებული დეპუტატობის კანდიდატის შესახებ. ასე რომ, ჩვენი მოძრაობა, როგორც უკვე აღვნიშნე, როგორც სამეგრელოში, ასევე სხვა რეგიონებში, მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც ხალხის ნდობას იმსახურებენ. ყველას აქვს უფლება, არჩევანი თვითონვე გააკეთოს, მაგრამ არავის აქვს უპასუხისმგებლობის უფლება და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა მხარი არავითარ შემთხვევაში არ დაუჭირონ: «ნაციონალურ მოძრაობას», «ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას», ეროვნულ- დემოკრატიულ პარტიას, «ახალ მემარჯვენეებს», «ევროპელ დემოკრატებს» და  მათ მონათესავე პარტიებს. იყვნენ ფხიზლად და არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, მომავალ არჩევნებში აირჩიონ ის პარტიები და ის კანდიდატები, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების ჭეშმარიტი დამცველები, რომლებიც იქნებიან ჩვენი კუთხის და სრულიად საქართველოს ინტერესების გამომხატველნი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

ესაუბრა ლადო ქირია,

ზუგდიდი

P.S. ზუგდიდში ჩასახლებული დევნილები, დიდი ხანია, ითხოვენ აქტიურად ჩაერთონ წინასაარჩევნო კამპანიაში «ქართული ოცნების» სასარგებლოდ. მათ მიმართეს ცნობილ ნეიროქირურგს, სოხუმის მკვიდრს, ამჟამად ზუგდიდში მცხოვრებ ნაპო მესხიას და ისიც მზადააუხელმძღვანელოს დევნილებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ჯერჯერობით «ქართული ოცნებიდან» არანაირი გამოხმაურება არ ჩანს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here