Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ ჩარაშვილი: ვადანაშაულებ სააკაშვილს სიმხდალეში! ფრონტზე ასეთ ლაჩრებსა და პანიკიორებს ადგილზე ვხვრეტდით!

ნიკოლოზ ჩარაშვილი: ვადანაშაულებ სააკაშვილს სიმხდალეში! ფრონტზე ასეთ ლაჩრებსა და პანიკიორებს ადგილზე ვხვრეტდით!

1151

ნეტავ, რომელია ჩვენში 90 წლის _ მე თუ მოპირდაპირე მხარეს მჯომი ხმელი აღნაგობის მამაკაცი, გამჭოლი მზერით?! ჩვენი საუბრის უკვე მესამე საათი იწურება: გამიშეშდა კისერი, დამიმძიმდა ზურგი, გაუჩერებლივ ვცქმუტავ სკამზე, ეს კი ზის ურყევად, ვითარცა ქვის კერპი ბომონში! თუმცა რატომ მიკვირს? სამამულო ომის მონაწილე, თადარიგის მაიორი ნიკოლოზ ჩარაშვილი იმ დიდი თაობის წარმომადგენელია, რომელიც გენიალურმა რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ უკვდავყო «ღიმილის ბიჭებში»!

_ მე ძირძველი თბილისელი ვარ, _ მიყვება ბატონი ნიკოლოზი. _ აქ დავიბადე, ნახალოვკაში, 1922 წლის 16 აგვისტოს. მამაჩემი _ ილარიონი ზეინკლად მუშაობდა სტალინის სახელობის ორთქლმავალ ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, ხოლო დედა, ლუბა ბაგულაშვილი,  ქსნის ხეობიდან იყო, სოფელ ქვემო ბოლიდან. აცხონოს ღმერთმა! როგორც ყველა ჭეშმარიტად ქართველი ქალი, ოჯახის ბურჯი გახლდათ. ხუთი შვილი გაგვზარდა _ სამი ძმა და ორი და.

ჩემი მშობლები არათუ მორწმუნეები, არამედ ღრმად მორწმუნეები იყვნენ და ჩვენც ასევე გვზრდიდნენ!

_ მათ სარწმუნოებისათვის არ დევნიდნენ?

_ ოცდაათიანი წლების დასაწყისში, სტალინის ბრძანებით, გაუქმდა ლენინის მიერ შემუშავებული ანტირელიგიური კანონი და ხრუშჩოვის მმართველობის დაწყებამდე მკაცრად იკრძალებოდა სასულიერო პირებისა და მორწმუნეების დევნა-შევიწროება! მამაჩემი პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სანამ მუშაობდა, ქარხნის «საპატიო დაფიდან» მისი პორტრეტი არ ჩამოუხსნიათ!

1929 წლის პირველ სექტემბერს პატარა კოლა მშობლებმა მიიყვანეს მათ სახლთან ახლოს, საბჭოს ქუჩაზე მდებარე თბილისის  რკინიგზის პირველ საშუალო სკოლაში. ჩემი წინა ოთხი რესპონდენტისგან განსხვავებით, კოლას სწავლა არ უყვარდა.

_ როგორც აკადემიურად ჩამორჩენილი მოწაფე, ორჯერ ჩავრჩი _ ერთხელ მეექვსე კლასში, მეორეჯერ კი _ მერვეში, _ ღიმილით იხსენებს ბატონი ნიკოლოზი, _ ხოლო მოგვიანებით, როცა მეკითხებოდნენ: ასეთ გონებამახვილ ბიჭს ეს როგორ დაგემართაო, თავს «ვიმართლებდი» _ საგნების უფრო საფუძვლიანი შესწავლის გამო-მეთქი!

1942 წლის 10 იანვარს 19 წლის მეათეკლასელი კოლა ჩარაშვილი გამოცხადდა ლენინის რაიონის სამხედრო კომისარიატში და იქ მდგარ მოხალისეთა გრძელ რიგში ჩადგა.

_ თავდაპირველად კომისარს არაფრის გაგება არ სურდა, _ მეუბნება ვეტერანი. _ ჯერ სკოლა დაამთავრეო; მაგრამ, ისე შევუჩნდი, რომ ბოლოს ხელი ჩაიქნია და თბილისის ფეხოსანთა სასწავლებელში გამამწესა.

ეს სამხედრო სასწავლებელი იყო ვერაზე, ახლანდელ  51-ე სკოლის შენობის ნაწილში. აქ უმცროს ოფიცრებს ამზადებდნენ.

სწავლა ექვს თვეზე იყო გათვლილი, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ გაგრაში გადაგვისროლეს, რადგან გაჩნდა საფრთხე ზღვიდან გერმანელების დესანტის შემოჭრისა.

გაგრაში, სადგურთან განლაგდა მეზღვაურთა ჰოსპიტალი, რომლის წინ დავიწყეთ სანგრების გათხრა. სანგრების კედლებს ლერწმით ვამაგრებდით, რადგან იქ მიწის მაგივრად ქვიშა იყო.

ნიკოლოზ ჩარაშვილმა სასწავლებელი გაგრაშივე დაამთავრა და სამხედრო წოდების მინიჭებისთანავე, ბრიანსკის ფრონტის რეზერვში გაანაწილეს.

_ ამ რეზერვის მეთაური გახლდათ გენერალი პავლე გილაშვილი, _ აგრძელებს თხრობას ჩემი მოსაუბრე. _ ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, რადგან მან მიმიღო კომკავშირის რიგებში! მივედი და ვანახე ჩემი კომკავშირული ბილეთი, მისი ხელმოწერით. გადამეხვია, გადამკოცნა და მითხრა: კარგ ადგილას გაგიშვებო!

«კარგი ადგილი» სტალინგრადის ფრონტზე 164-ე ცალკეული სატანკო ბრიგადის მოტომსროლელთა ბატალიონი აღმოჩნდა!

როგორ შეიცვალა ფასეულობები! ყველაფერი ყირაზე დადგა! თუ «პირსისხლიანი ტირანი» სტალინის ხელში გაზრდილი «მონების» თაობისათვის საპროტექციო «კარგი ადგილი» ფრონტის ყველაზე სახიფათო მონაკვეთი იყო, დღეს, მშვიდობიან დროში, «დემოკრატიის შუქურის» _ მიშიკო სააკანტროპის «პატრიოტტროპების» სანუკვარი ოცნებაა «თავისუფლების ინსტიტუტი», «არასამთავრობო ორგანიზაცია», სამინისტრო, პარლამენტი «ოპციებით» _ დოლარიანი «საკენკავით», «ჯიპით», რესტორნითა და «ბუჩქით», ხოლო ომიანობისას _ «წითელი ხიდის» მისადგომები!..

_ გავხდი თუ არა 20 წლის, მეორე დღიდანვე, 1942 წლის 17 აგვისტოდან, ბრძოლაში ჩავები. 156 დღე ვიცავდით სტალინგრადს. ეს ქალაქი, ფაქტობრივად, ორი ქარხნისგან შედგებოდა და მდინარე ვოლგის ნაპირზე დაახლოებით 60 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. იბომბებოდა ლამის ყოველი კვადრატული მეტრი! მე და ჩემი ოცეული ვიცავდით სატრაქტორო ქარხანას, რომელმაც ომის დაწყებისთანავე ტანკების გამოშვება დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადი ჯოჯოხეთად იქცა, არც ერთ მის ქარხანას მუშაობა არ შეუწყვეტია!

 ვერაფრით გავახარებ დღევანდელი «დემოკრატიის» მშენებლებს, რადგან ეს სიმართლეა! მეჩვიდმეტე საამქროში დაზგები გაუჩერებლივ მუშაობდა. მუშა-მოლაშქრეებს იქვე ეწყოთ ტყვიამფრქვევები, შაშხანები, ყუთები ტყვიით და ხელყუმბარებით. გერმანელები შეტევაზე დღეში, სულ ცოტა, ათჯერ გადმოდიოდნენ. ამ დროს მუშები დაზგებს აჩერებდნენ, იღებდნენ იარაღს და ჩვენთან ერთად იგერიებდნენ მტერს! ჭეშმარიტებაა ისიც, როცა შეტევაზე გადასვლისას ჩვენი საბრძოლო ყიჟინი ისმოდა: «За Родину, за Сталина!»…

უცებ ვეტერანი წყვეტს თხრობას და გაოცებული მეკითხება: _ რატომ იცინით, რაა აქ სასაცილო?!

მხიარული განწყობის მიზეზს ვუხსნი: _ ბოდიში, ბატონო ნიკოლოზ! ცეცხლში და შავ კვამლში გახვეული სტალინგრადის ქუჩებში რატომღაც მებრძოლი შაშკინი და ძმები ახალაიები წარმოვიდგინე; მთავარსარდალი სააკაშვილი კი, ფაშისტების განუწყვეტელი საარტილერიო ჭურვების დაშენის მიუხედავად, პაპიროსით ხელში მშვიდად მდგარი სანგრის თავზე _ ჯარისკაცებისათვის სიკვდილის აბუჩად აგდების მაგალითის მიმცემად «დამეხატა» გონებაში».

_ აჰაჰაჰაჰააააა! _ ხარხარებს ბატონი ნიკოლოზი. _ შეადარე, არა, მიშა მარშალ როკოსოვსკის _ «წითელ სუვოროვს», როგორც მას სტალინმა უწოდა?! ოჰ, არ შემიძლია! ძაან მახალისე! არადა, დარწმუნებული ვარ, შენ მიერ  ჩამოთვლილი ადამიანები სტალინის დროს რომ გაზრდილიყვნენ, დევგმირები იქნებოდნენ!

_ რატომ, ვითომ, ბატონო ნიკოლოზ?

_ რატომ და ადამიანს აყალიბებს ის გარემო, რომელშიც იმყოფება. დღეს, მაგალითად, მარქსი აბუჩად ჰყავთ აგდებული, არადა, ის არა მხოლოდ გენიალური ეკონომისტი, გენიალური ფილოსოფოსიც იყო. ჰოდა, მარქსმა თქვა: მმართველი პარტიის იდეოლოგია სახელმწიფოს იდეოლოგია ხდებაო, ანუ ჩვენებურად: რაც ერიო, ის ბერიო. სტალინის მტრებიც ვერ უარყოფენ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, შვილებს დარჩათ მამისგან მხოლოდ ძველი შინელი, გაცვეთილი ჩექმები და სამი თვის ხელფასი _ 9 ათასი მანეთი, რაც მერე, 1961 წლის კურსით, ცხრაას მანეთს შეადგენდა. სტალინი არამარტო სიტყვით ქადაგებდა პატიოსნებას, სამშობლოსადმი სიყვარულს, თავდადებას, მშრომელ ადამიანზე ზრუნვას, არამედ საქმით ადასტურებდა ამას. მისი ვაჟიშვილების ერთადერთი პრივილეგია ის იყო, რომ მამის «პროტექციით» ორივენი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს! ხალხმა ეს იცოდა. აბა, ამის შემდეგ ვინმეს გაებედა და საკუთარი შვილი «გადაემალა»! აი, ასეთი მაგალითები ხდიდა ჩემს თაობას სამშობლოსათვის თავდადებულ გმირად! სტალინი ჩვენთვის  უსულო კერპი კი არ იყო, არამედ სამშობლოს განასახიერებდა; და მხოლოდ ამიტომ ჩვენ, მებრძოლები, მისი სახელით სიკვდილზე მივდიოდით!.. აი, ახლა რა მაგალითს იძლევა სააკაშვილი?! კი, იტყვი _ როგორ შეიძლება სპილოს და ამების შედარებაო, მაგრამ ეს კაცი ხომ ჩვენი სამშობლოს ხელმძღვანელია?! არგაგონილი სიცრუე, საკუთარი პერსონის განდიდება, აღვირახსნილობა, ცუდად დაფარული ზიზღი ყველაფერი ქართულისადმი, საზოგადოების უპატივცემულობა… ამის შემდეგ, კიდევაც სწყინს, რომ ხალხს იგი არ უყვარს! როგორღა უნდა შეიყვარო პიროვნება, რომელიც ქვეყნის მომავალს, ახალგაზრდობას, ათახსირებს?! როგორ უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე ადამიანს, რომელიც საქართველოს ქართველებისგან ცლის, სამაგიეროდ, თურქებით, ზანგებით, ჩინელებითა და კიდევ, ღმერთმა იცის, ვისით ანაცვლებს მათ?! ამის შემდეგ რომელი ჭკუათმყოფელი იყვირებს: «სამშობლოსათვის, სააკაშვილისთვის»?! ვისარგებლებ და სააკაშვილს ერთ რჩევას მივცემ: მიშა, შვილო, 1945 წლის 4 მაისს მდინარე ელბაზე ამერიკელებს შევხვდი. მერე ორი წელი, სანამ გერმანიაში ვმსახურობდი, დროდადრო, მიხდებოდა მათთან ურთიერთობა და აი რა აზრი ჩამომიყალიბდა მათზე: ამერიკელები საკმაოდ თავისებური ხალხია. სანამ მოღალატეები სჭირდებათ, ისინი ოქროს მთებს ჰპირდებიან, მაგრამ, როცა მოღალატეები აღარ სჭირდებათ, თავხედურად «აგდებენ». თუმცა ამაში ამერიკელებს ვერ გავამტყუნებ. სანამ დროა, ჭკუას მოუხმე, რადგან დამღუპველია ერთდროულად ქვეყნის მართვა (რომლის მოსახლეობას ღიად თუ ფარულად ეზიზღები) და ბოზებში გრიალი!..

ომის პატარა კურიოზები

კურიოზი პირველი

სტალინგრადის ოლქში, ქალაქ კალაჩთან, რამდენიმე გერმანულ დივიზიას ალყა შემოვარტყით. როგორც კი რკალი შეიკრა, მათ ავიაციის მეშვეობით სურსათით ამარაგებდნენ. ერთხელ «ენა» ავიყვანეთ, რომელმაც გვითხრა: ალყაში მყოფნი «ფოკევულფებს» შუქსიგნალს აწვდიან ჯიბის ფარნებითო. ამ მონაცემის გადამოწმება გადავწყვიტეთ. ღამით ჩემი ოცეულით ტიალ მინდორში გავედით და ნიშნის მიცემა დავიწყეთ. უცებ ჩემ ახლოს მიწაზე ყრუ დარტყმა მომესმა. ერთი მებრძოლი მომიცოცდა და მეუბნება: ამხანაგო მეთაურო, გერმანელები ციდან დაფებს ყრიანო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შოკოლადით გატენილი ყუთები, თითოეულის წონა დაახლოებით 70 კილოგრამს აღწევდა. სამი დღე მთელი პოლკი ამ  უგემრიელესი «დაფებით» ვიკვებებოდით!

კურიოზი მეორე

_ «მოენეა» ასაყვანი, _ მიბრძანა პოლკის მეთაურმა. შევარჩიე სამი ჯარისკაცი, შევიმოსეთ თეთრი შესანიღბავი ხალათით და დავალების შესრულებას შევუდექით.

მოწინააღმდეგეს რომ მივუახლოვდით, შუბლსა და ქუდს შორის არსებული დოლბანდი ჩამოვიფარეთ სახეზე. ამ დროს შენ ხედავ, მტრისათვის კი საერთოდ უხილავი ხდები. ვუყურებ, ჩვენ წინ საველე სამზარეულოა. დგას უზარმაზარი რკინის კასრი, იქვეა მზარეული და ჩამჩით ურევს საჭმელს.

გავკეთდი შავი დედალივითმეთქი, გავიფიქრე, რადგან ყველაზე ინფორმირებული «მოენეებია» ან მეთაური, ან მზარეული. მზარეულმა იცის, ვისთვის ამზადებს კერძს და რამდენს. ასევე ინფორმირებულია, როდის და რომელი ნაწილი გადადის შეტევაზე. ის ხომ თავის სამზარეულოთი მას ფეხდაფეხ მისდევს. გადის დრო. მართალია, თბილად გვაცვია, მაგრამ როგორია, სამი საათი გაუნძრევლად თოვლზე იწვე ბრიანსკის ტყისპირა მინდორზე?! და, ღმერთო, როგორც იქნა, მზარეულმა ჩამჩა მიატოვა, წამოვიდა და, ბოდიში, მოსასაქმებლად ზუსტად სამ მეტრში ჩემს წინ ჩაიხადა შარვალი!..

ამ ოპერაციის ჩატარებისთვის, ჩემი სერჟანტი დააჯილდოეს მეორე ხარისხის «სამამულო ომის» ორდენით, ორი ჯარისკაცი კი _ მესამე ხარისხის «დიდების» ორდენებით. მე, ოპერაციის მეთაური, «ჩალაგამოვლებული» დამტოვეს. მეწყინა, მაგრამ ჩივილს ხომ არ დავიწყებდი? ხომ შემარქმევდნენ მაშინ თანამებრძოლები «ორდენის მათხოვარს»?!

დედა ღვთისმშობელი

ერთხელ დავთვალე და აღმოჩნდა, რომ 977 დღე ვიომე. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, სულ ორჯერ და ისიც მსუბუქად დავიჭერი. სტალინგრადში ბრძოლების დროს ვიღაც უცნობი ფეხშიშველა ქალი, თეთრ სამოსელში ჩაცმულიდამყვებოდა და მკარნახობდა: ნიკოლოზ, სწრაფად დაწექი, სნაიპერი გიმიზნებსო. დავწვებოდი თუ არა, ტყვია ზუზუნით გადამიქროლებდა. შეტევაზე გადასვლა შეუძლებლად რომ მეჩვენებოდა, რადგან ძლიერად გვიშენდნენ ცეცხლს, მეუბნებოდა: აწიე შენი ოცეული და შეუტიე, ყველანი ცოცხლები დარჩებითო. და მართლაც, დავალება ბრწყინვალედ შევასრულეთ, ყველანი ცოცხლები გადავრჩით და «სამამულო ომის» პირველი ხარისხით ორდენიც დავიმსახურე!

ორჯერ არ დავუჯერე. მტერი შორს მეგონა, ტყესთან ვიდექი. მითხრა: დაწექი, რადგან ჭურვი შენკენ მოდისო. რა უნდა ახლა აქ ჭურვს, _ გავიფიქრე თუ არა, დაახლოებით ას მეტრში ჭურვი აფეთქდა, რომლის პატარა ნამსხვრევი სახის მარცხენა არეში მომხვდა და ღაწვის ძვალი დამიზიანა. მეორედ ბერლინის აღების დროს არ დავუჯერე და ტყვია ფეხში მომხვდა, მაგრამ ბრძოლის ველიდან არ გამოვსულვარ.

რამდენიმე წლის წინ დიდი ბედნიერება მქონდა პატრიარქთან შეხვედრისა. ავუწერე ეს უცნობი ქალი, თოვლში და ყინვაში ფეხშიშველა რომ დაიარებოდა. აღელდა მისი უწმინდესობა და მითხრა: ბატონო ნიკოლოზ, ეს ქალი თვით ღვთისმშობელი იყოო. მან შეისმინა თქვენი მშობლების ლოცვა და თავის კალთით დაგიფარაო!

***

სტალინგრადის შემდეგ, უფროსი ლეიტენანტი ნიკოლოზ ჩარაშვილი იბრძოდა კურსკის რკალზე. მერე იყო კიევი, რიგა, ვარშავა.

_ ჩვენი 23-ე გვარდიის დივიზია, მესამე დამრტყმელი არმიის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც კურსკის ბრძოლის შემდეგ «სტალინის მუშტი» უწოდეს.

_ თქვენ ვარშავასაც ათავისუფლებდით?

_ მედალიც მაქვს _ «Зთ რყვრქრდლენმე Вთპშთვძ»!

_ როგორ ომობდნენ პოლონელები?

_ სამწუხაროდ, ისე იქცეოდნენ, ვითომ არა საკუთარ დედაქალაქს ათავისუფლებდნენ,  არამედ სხვისას!.. როცა ჩამოყალიბდა ტადეუშ კოსტიუშკოს სახელობის პოლონური დივიზია, მასში მხოლოდ 30 პროცენტი იყო პოლონელი, დანარჩენები საბჭოელები იყვნენ. ექვსი წლის წინ ჩემი მეგობარი, გოგი მერაბიშვილი, გარდაიცვალა. აი, გოგის ეცვა პოლონური მუნდირი. დასანანია, რომ გოგი აღარაა, თორემ საინტერესო ამბებს მოგიყვებოდათ პოლონელ მეომრებზე…

და იყო ბერლინი!

_ როცა ქანთარია და ეგოროვი დროშით ხელში მიემართებოდნენ რაიხსტაგის გუმბათისკენ, მათ გზას უხსნიდა ჩვენი მოტომსროლელთა ბატალიონი. ორ მაისს ბერლინი ავიღეთ, მაგრამ ჩემთვის ომი 4 მაისს დამთავრდა, როცა ჩემი ასეულით მდინარე ელბაზე გავედი. ერთი უბზეკი  რიგითი ჯარისკაცი მყავდა, რომელმაც მითხრა: _ ამხანაგო კაპიტანო, მიწაც დამთავრდა და ომიცო!..

1947 წლის მარტამდე კაპიტანი ჩარაშვილი გერმანიაში, საბჭოთა საოკუპაციო ჯარებში, მსახურობდა, ქალაქ ებერსვალდში. ოთხი საბრძოლო ორდენითსამამულო ომის» I და II ხარისხის, «წითელი დროშის», «ალექსანდრე ნეველის») და ხუთი მედლით, (მათ შორის, «За взятие берлина»), მკერდდამშვენებული ნიკოლოზი აპრილში თბილისში დაბრუნდა.

_ სიმართლეს გეტყვი, ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ მაქვს ათი მადლობის სიგელი უმაღლესი მთავარსარდლისგან _ იოსებ სტალინისგან!

იმავე 1947 წელს ახალგაზრდა ოფიცერმა იქორწინა თავის თანასკოლელზე _ როზა ოქროპირიძეზე. გაუჩნდათ ორი ქალიშვილი _ ივეტა და მარინა. უფროსმა დაამთავრა თბილისის უცხო ენების ინსტიტუტი, მუშაობდა სკოლაში. ცოლად გაჰყვა ვოკალურინსტრუმენტულ ანსამბლ «ორერას» სოლისტ ვალერი ლომსაძეს. შეეძინათ ქალიშვილი თამარი, რომელიც 1987 წელს მამასთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. თავად ივეტამ სამშობლოდან წასვლა არ მოისურვა და მონაზვნად აღიკვეცა. ახლა დედა ირინე მოღვაწეობს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში. უმცროსი ქალიშვილი _ მარინა, რომელიც ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, მუშაობს თბილისში, წმინდა ანტონ მარტყოფელის ეკლესიაში რეგენტად.

1951 წელს თადარიგში მყოფი კაპიტანი ჩარაშვილი მოსკოვში გამოიძახეს საიდუმლო ობიექტის აშენებაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ, როცა მის პირად საქმეს გადახედეს, უთხრეს: თქვენ მაგრად გიომიათ! ხომ არ გინდათკრემლში იმსახუროთო?

რა თქმა უნდა, დავთანხმდი! კრემლი, სტალინი! იყო ასეთი «Московская особая стрелковая дивизия» შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, რომლის ერთ-ერთ პოლკს საპატიო ყარაულის ფუნქცია ეკისრა; ჰოდა, მაგ დივიზიაში მომიწია ყოფნა. როცა სტალინი მოსკოვიდან გამოდიოდა, საკომენდანტო დაცვა მას ჩვენ _ სამხედრო დაცვას გვაბარებდა. ბელადს ბორჯომამდე მივყვებოდით. ის ყოველ ზაფხულს ლიკანში ისვენებდა.

_ გინახავთ ცოცხალი სტალინი?

_ აი, ისევე, როგორც ახლა შენ გხედავ! არ ველაპარაკე თუ რა?!

_ როგორი ადამიანი იყო ურთიერთობაში?

_ მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი, მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის მმართველი გახლდათ და დედამიწაზე ყველაზე ავტორიტეტული და მშრომელთა უსაყვარლესი პიროვნება, უბრალოზე უბრალო კაცი იყო! ერთხელ, ასე მივმართე: «დიდო ბელადო, ამხანაგო სტალინ!» მხიარულად გამომხედა, ხელის ქნევით შეწყვიტა ჩემი, ლამის, ბავშვური აღტაცება და მითხრა: ძია სოსო დამიძახე და შენობით მელაპარაკეო». დასკვნა თავად გააკეთე.

_ ზუსტად ოთხი წლის წინ დაიწყო აგვისტოს ომი. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ მოვლენასთან დაკავშირებით.

_ ნურავის ეწყინება, მაგრამ ნამდვილი ომი ორი-სამი დღე არ გრძელდება. ეს იყო სამხედრო ავანტიურა, რომელიც ჩვენთვის სავალალოდ დასრულდა…

ჩემი აზრით, ეს იყო ძმათამკვლელი დაპირისპირება. ორივე მხრიდან ახალგაზრდა ბიჭები დაიღუპნენ _ ქართველი და რუსი ხალხების მომავალი და, ამიტომაც ძალიან მტკივა გული.

თუ ღმერთმა ინება და სააკაშვილი ხელისუფლებას მოაშორა, აუცილებლად უნდა დაიწყოს ამ დანაშაულის გამოძიება, რომელსაც ათასობით მსხვერპლი და ათიათასობით დევნილი მოჰყვა! პირადად მე ვადანაშაულებ სააკაშვილს სიმხდალეში, რადგან რუსული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე კურდღელივით მოკურცხლა და შემდეგ შიშისგან პარალიზებული გორში მიწაზე დაემხო… ფრონტზე ასეთ ლაჩრებსა და პანიკიორებს ადგილზე ვხვრეტდით! მთავარსარდლის ამ უღირსმა საქციელმა ჯარი მორალურად გატეხა და ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინა! სააკაშვილთან შედარებით, იქ მყოფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი _ კუშნერი მითოლოგიურ გმირად მომეჩვენა!

მე ვადანაშაულებ სააკაშვილს, რომ მან ქართული სოფლები დაუცველი დატოვა და, მადლობა ღმერთს, რუსებს ადამიანობა და ჭკუა ეყოთ, რომ არ გაანადგურეს მშვიდობიანი მოსახლეობა!

წარმოუდგენელია, რომ სტალინი ასე მოქცეულიყო! როცა გერმანელები 25 კილომეტრზე მიუახლოვდნენ მოსკოვს და ბინოკლით უმზერდნენ კრემლის კურანტებს, სტალინს არც თავისი კიტელი დაუღეჭია და არც ჩერჩილისა და რუზველტისთვის უთხოვია, ჩამოდით და ერთობლივი მიტინგი ჩავატაროთ ეგებ გერმანელებმა არ დამბომბონო.  პირიქით, როცა სთხოვეს პირად დაცვასთან ერთად მოსკოვი დაეტოვებინა, სტალინმა ბრძანა: მოსკოვს არ დავტოვებ და, თუ გერმანელები დედაქალაქში შემოიჭრებიან, მე თავად წარვუძღვები ჩემს დაცვას შეტევაზეო! აი, ასეთი ლომი იყო! საქართველოს ჰყავდა დიდი მთავარსარდლებიც, ნიჭიერი მთავარსარდლებიც, უნიჭო მთავარსარდლებიც, მაგრამ მშიშარა მთავარსარდალი ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. აი, ჭკუამხიარული მიშიკო  საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთადერთი და იმედი მაქვს, უკანასკნელი მხდალი მთავარსარდალი!..

ვიმედოვნებ, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთთან აღადგენს ტრადიციულ, ძმურ ურთიერთობას!

სახალხო ბელადის გარდაცვალების შემდეგ, ნიკოლოზ ჩარაშვილმა შინაგან საქმეთა ჯარებში კიდევ ორი წელი დაჰყო. 1955-ში სამშობლოში დაბრუნდა. მუშაობდა ვაჭრობის სფეროში. 1984 წლიდან გადავიდა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატში. თემქის დასახლების «სავაჭრო ცენტრში» ჰქონდა პატარა სახელოსნო, რომელიც საგალანტერეო ნაწარმს ქმნიდა და არემონტებდა: ღილებს, ქამრებს, ქოლგებსმის აქტიურ შრომით მოღვაწეობას ბოლო მოეღო 1991 წელს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს «ეროვნულმა გვარდიამ», სარდალ კიტოვანის ხელმძღვანელობით, მძლავრად შეუტია «სავაჭრო ცენტრს», დაარბია იგი და პირწმინდად გაძარცვა

_ ერთადერთი, რაც დამენანა, _ იხსენებს იმ დღეს ვეტერანი, _ იქ დარჩენილი ჩემი სამუშაო ინსტრუმენტები იყო. თუმცა, ვმადლობ ღმერთს, რომ ცემით არ მომკლეს!

დღეს ნიკოლოზ ჩარაშვილი მოღვაწეობს გლდანი-ნაძალადევის ვეტერანთა საბჭოში.

_ წელს, 9 მაისს, «გამარჯვების პარკში» ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და განვუცხადე: თუ გინდათ, რომ თქვენი ქომაგი გავხდე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ომის ვეტერანებს შეღავათები აღგვიდგინეთ, რომელიც რატომღაც სააკაშვილმა გაგვიუქმა-მეთქი. სიტყვა მომცა. რა ვიცი, ჩემი ინტუიცია მიკარნახებს, რომ ივანიშვილი სიტყვის კაცია!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ძალიან მაგარი კაცი . მქონდა ბედნიერება გამეცნო. ვერ ვიჯერებდი, რომ 90 წლის იყო. ნათელი გახსნილი გონება და ძალიან საინტერესო მოსაუბრე.. მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება დაამაცხოს ადამიანმა ასაკი.საოცარი მხნე და ყსაყვარლესი პიროვნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here