Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი: მეუფე იობს უნდა დაუბრუნდეს ქორეპისკოპოსის ტიტული

მამა ელიზბარი: მეუფე იობს უნდა დაუბრუნდეს ქორეპისკოპოსის ტიტული

951

რატომ აკრიტიკებს სინოდის გადაწყვეტილებებს, რატომ მიაჩნია, რომ საეკლესიო ელიტა ფეოდალური ტიპის ახალ კლანად ჩამოყალიბდა და უნდა  მონაწილეობდეს თუ არა სასულიერო პირი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში _ ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა სამების ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარი (დიაკონიძე) ესაუბრება.

_ მამაო ელიზბარ, ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის შენობასთან გამართულ მეუფე იობის მხარდასაჭერ აქციაში, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მონაწილეობდით. მაშინ განაცხადეთ, რომ მეუფე იობს საფრთხე ემუქრება. რა საფრთხეზე საუბრობდით?

_ ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ მეუფეს საფრთხე ემუქრებოდა. მზადდებოდა მეუფე იობის მაკომპრომეტირებელი ვიდეოფირი. მოგეხსენებათ, შარშან, 26 მაისის აქციის შემდეგ, ყინწვისში რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა შორის ნამდვილად იყო რამდენიმე მოსყიდული, რომლებსაც მეუფე იობის დისკრედიტაცია უნდა მოეხდინათ. მეუფე მობრძანდებოდა თუ არა, უკან იარაღით სავსე მანქანა მოჰყვებოდა, ამას გადაიღებდნენ და აჩვენებდნენ, თითქოს მეუფე ხალხს აიარაღებდა, მაგრამ, მადლობა უფალს, «წმინდა გიორგის სადროშოსა» და ჩვენი მონარქისტული კავშირის ძალისხმევით, გეგმა ჩაეშალათ. მე პირადად ვეახელი მეუფეს და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოვახსენე.

მომიტევოს მეუფემ, რომ მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, მაგრამ ერთი რამ მანუგეშებს _ დიდი პიროვნებისა და წესიერების სადარაჯოზე მდგომი მაღალი იერარქის დაცვას ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება. შევაკვდები და მეუფე იობს ბოლომდე დავიცავ, ვინაიდან მეუფე მართალი კაცია, უსამართლობას ვერ იტანს და მას უნდა გავუფრთხილდეთ. მეუფე იობს უნდა დაუბრუნდეს ქორეპისკოპოსის ტიტული, რომელიც მას უზნეობის ხელშემწყობმა ადამიანებმა წლების წინ ჩამოართვეს, ვინაიდან ის ვერ იტანდა საერო პირთა ეკლესიის საქმეებში უკანონო ჩარევას და წინ აღუდგა მსგავს ქმედებებს.

_ «თუ ეს ხელისუფლება ოქტომბრის შემდეგაც დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს», _ განაცხადა მეუფე იობმა და ამის გამო საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკაც დაიმსახურა. მართლაც, რამდენად სწორია, როცა სასულიერო პირი ასე ღიად აფიქსირებს საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებას?

_ მეუფე იობი მიბრძანდა მცხეთაში აქციაზე და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუჭირა მხარი. მანამდე რამდენიმე სასულიერო პირი სხვადასხვა აქციაში ვმონაწილეობდით, მაგრამ მაღალი იერაქრის გამოჩენა აქციაზე ხელისუფლებისთვის და მისი მხარდამჭერი სინოდის წევრებისთვის უკვე საგანგაშო აღმოჩნდა.

ჩვენი ერის განვითარების პროცესში ქრისტიანობა ნაციონალურ იდეოლოგიად, ეროვნულ მსოფლმხედველობად და ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელ კონცეფციად იქცა. მართალია, საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ქართული ეკლესიის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე, მაგრამ ეს მუხლი მხოლოდ ისტორიულ ფაქტს აღნიშნავს. კონკორდატი ეკლესიას არანაირ პრივილეგიას არ ანიჭებს, პირიქით _ მის როლს აკნინებს.

ჩვენი ქვეყნის სასულიერო და საერო ცხოვრება მუდმივად მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. გრიგოლ ხანძთელმა მეფე ამხილა, ვახტანგ გორგასალს მაღალმა სასულიერო იერარქმა წიხლი ჩაარტყა, დავით აღმაშენებელმა გიორგი ჭყონდიდელს მინისტრის პორტფელი ჩააბარა. ასე რომ, მეუფე იობი ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით მოქმედებს.

_ იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქოც ღიად დაუჭერს მხარს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტს, ეს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს არ გამოიწვევს?

_ რატომ გამოიწვევს დაპირისპირებას? სასულიერო პირმა არასდროს არ უნდა უთხრას ხალხს, რომ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილს ან ნინო ბურჯანაძესო. რა თქმა უნდა, ამბიონი საარჩევნო კამპანიის ადგილად არ უნდა იქცეს. ჩვენ ზუსტად უნდა მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, რომელ პოლიტიკოსს აქვს ეროვნული კონცეფცია და ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვის დაუჭიროს მხარი. თუმცა ისიც ვიცი, რამდენიმე მაღალი იერარქი, თავის ეპარქიაში როგორ მოუწოდებს მრევლს, მხარი დაუჭიროს არსებულ ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხს აშინებენ, რომ ქვეყანა დაიღუპება.

ასე ხდება ქუთაისის, მარტვილის, ვანი-ბაღდათის, ხონი-სამტრედიის, ჭიათურის, ახალციხე-ადიგენის ეპარქიებში და ა. შ. მარტვილში ერთმა მღვდელმა ისიც კი იკადრა, მრევლს ზოგიერთი გაზეთის კითხვა აუკრძალა, მკრეხელური, ოპოზიციური აზრები წერიაო. რამდენიმე ხნის წინ კი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა ისიც ბრძანა, უმრავლესობას უნდა დავუჯეროთო.

_ მამაო ელიზბარ, თქვენმა განცხადებამ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება ის ჟურნალისტი, რომელმაც მეუფე იობზე სიუჟეტი მოამზადა, სოციალურ ქსელებში ქილიკი დაიმსახურა.

_ ერის ბედზე ზრუნვის ხელყოფას ყოველთვის ემუქრება ჯოჯოხეთის ცეცხლი. ის ადამიანი ისედაც შეჩვენებულია, ჩემი ნათქვამი რას უზამს ადამიანს, რომელმაც უკვე უფალი  განარისხა და ერის ღირებულებისთვის მებრძოლ ადამიანზე მკრეხელური სიუჟეტი მოამზადა? მე არ მითქვამს ეს რომელიმე კონკრეტულ ჟურნალისტზე. აქციაზე, მართალია, ვთქვი, «გამარჯვებული ხალხის ტელევიზია» ტრიუმფით ხომ არ შეუძღვება ჯოჯოხეთში თავის მსმენელებს-თქო, მაგრამ არც ერთმა ტელეკომპანიამ ეთერში არ გაუშვა, როგორც ჩანს, «სოლიდარობა» გამოუცხადეს «რუსთავი 2»-ს.

_ სინოდმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ «სადღეისოდ წაარმოდგენილი ID ბარათების ვერსია არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი». მიუხედავად ამისა, სიონისა და ყორანთის წმინდა გიორგის ეკლესიის დეკანოზმა ბასილმა,  ID  ბარათების მფლობელები ერთწლიანი უზიარებლობით დასაჯა. რამდენად აქვს უფლება რიგით სასულიერო პირს, თვითნებურად მიიღოს გადაწყვეტილება?

_ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს ანტიქრისტეს ბეჭედია და მისი მიღება გამორიცხულია. ჩვენი საეკლესიო მაღალი იერარქია და ეკლესია ერს არ ამზადებს ანტიქრისტეს ბეჭედთან შესახვედრად. სინოდის ზოგიერთი წევრის მოსაზრება ID ბარათების უვნებლობის შესახებ ხელისუფლებისადმი მაამებლური დამოკიდებულების შედეგია. ვინაიდან ზოგიერთები დიდად «დავალებულები» არიან ხელისუფლებისგან, სამონასტრო კომპლექსების ხელისუფლების ჯიბიდან გარემონტებითა თუ მათთვის ღიად ნაჩუქარი სხვადასხვა ნივთით და რა ქნან, იქნებ რომელიმე მათგანს საწინააღმდგო აზრი აქვს კიდეც, მაგრამ ვერაფერს ამბობენ.

_ საზოგადოებას ავუხსნათ, რა საფრთხეს ხედავთ სასულიერო პირები ამ ბარათებში და როგორ მოიქცეს რიგითი მოკვდავი, რომელსაც საერო ცხოვრებაში სჭირდება ID ბარათით სარგებლობა?

_ სხვა ქვეყნებმა თუ დაუშვეს ალტერნატიული საშუალებები, აქ რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს? პატრიარქმა მიუთითა ხელისუფლებას, მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიყვანოს ხალხი ალტერნატიულ ბარათებზე, მაგრამ სინოდმა პატრიარქის  სიტყვები ამოიღო და ჩასწორებული ვარიანტი გამოაქვეყნა, რომელშიც პატრიარქის ტონი შერბილებული იყო.

შეცვალეს პატრიარქის სიტყვები, რა, ეს პირველად მოხდა? ხლახან არ იყო, სააღდგომო ეპისტოლედან რომ ამოიღეს პატრიარქის ქადაგებიდან სიტყვები? ალბათ, საეკლესიო იერაქრიაშიც არ მოეწონათ, მამათმავლებს რომ შეეხო მისი უწმინდესობა.

_ ანუ ამბობთ, რომ მამათმავლებს საპატრიარქოდან მფარველობენ?

_ როგორც წესი, თავისნაირი თავისნაირს მფარველობს. რა გაგიკვირდათ, ახლა, გამძვინვარებული ეშმაკის მმართველობაში კი არა, ჯერ კიდევ რუის-ურბნისის ძეგლისწერაში ამოქმედდა სპეციალური მუხლი მამათმავლობისა და სოდომური ცოდვის შესახებ. წუხდნენ, არ ვიცით, საიდან შემოგვეპარა ეს ცოდვა ეკლესიაშიო, და რა გასაკვირია, რომ მამათმავლები დღესაც არიან ეკლესიაში? სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეკლესიაშიც ხდება ასეთი ფაქტები.

_ ტელეკომპანია «მაესტროს» მიერ გადაღებული ფარული კადრების შემდეგ, როცა მეუფე სერაფიმე დედაქალაქის მერზე _ გიგი უგულავაზე საუბრობს, სასწრაფოდ შეიკრიბა სინოდი. ყველა ელოდა სინოდის რეაქციას აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ საპატრიარქომ დუმილი ამჯობინა, რატომ?

_ როდესაც ჩვენ დავიწყეთ საპატრიარქოს ქმედებების დაგმობა, საპატრიარქოდან გვთხოვეს, რომ გავჩუმებულიყავით. უფალს არსად არ უთქვამს, მე მემსახურეთო. უფალმა პირიქით _ ფეხები დაბანა მოციქულებს. ეკლესიამ კი არ უნდა იმსახუროს მრევლი, ეკლესია უნდა ემსახურებოდეს მრევლს. მე არ ვარ რიტუალების სასახლის ერთ-ერთი მენეჯერი, რომელმაც ჯვარი უნდა დავწერო ან წესი ავუგო მიცვალებულს და ადამიანის შემდგომი ბედი არ მაინტერესებდეს. როგორ მიკრძალავენ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას, როდესაც ერთ-ერთი წმინდა მამა გვასწავლის: ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ სამყაროში ვცხოვრობთ და ესა თუ ის პოლიტიკური მოწყობა ან ხელს უშლის, ან ხელს უწყობს ჩვენს შემდგომ ცხონებასო?.. ამიტომ ნურავინ დაუგდებს მაცდურთა სისინს ყურს, თითქოს მართლმადიდებლებისთვის სულ ერთი იყოს, რომელ პოლიტიკურ წყობაში იცხოვრებენ. როდესაც ჩემი სულიერი შვილი სიკვდილზე მიდის, მე უფლება არ მაქვს, თუ მას წინ არ გადავეფარები, გვერდით მაინც არ დავუდგე.

მაშინ უნდა გამოსულიყო და ეთქვა სინოდს, რომ ტყუილი იყო, რაც მეუფემ ისაუბრა, მაგრამ სინოდი სიმართლეს ვერ უარყოფდა. ვერც აღიარეს, ეს უგულავაზე დარტყმას ნიშნავდა და ვერ გაბედეს.

ახლახან მარტვილში ვიყავი, მარტვილის ეპარქიაში… მოკლედ, მარტვილის ეპისკოპოსის სარეზიდენციო ოთახში მიხეილ სააკაშვილის იმოდენა ფოტოა ჩამოკიდებული, იქ იმხელა ხატი არ აქვთ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომ ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში ხატებთან იმ ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას გადიდებული, ჩარჩოში ჩასმული ფოტოც არის დაკიდებული. ეს უდიდესი მკრეხელობაა.

საოცარი რამ ხდება მარტვილის ეპარქიაში. მარტვილელები ხუმრობენ ხოლმე, ადრე გეგეჭკორი დაარქვეს მარტვილს და მალე, ალბათ, გოროზიას ან ახალაიას დაარქმევენო. მარტვილის მოსახლეობა წელშია გაწყვეტილი. ხალხს მასობრივად ართმევენ მიწებს და ჩინელებს აძლევენ. მარტო მე ორი-სამი მაგალითი ვიცი, როცა ადამიანს საჯარო რეესტრში გატარებული, დამტკიცებული მიწა მხოლოდ იმიტომ ჩამოართვეს, რომ ელექტრონულ რეესტრში არ ჰქონდათ გატარებული და ჩინელებს გადაულოცეს ან მათ მაამებელ მარტვილის ეპარქიას დაუმტკიცეს.

ქვეყნის აშკარა ღალატია, როცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უცხოტომელთა მასობრივი ჩამოსახლება მიმდინარეობს. ასე იქცეოდა თურქი, სპარსი და ყველა, ვისაც საქართველოს დაქცევა ჰქონდა განზრახული. ტრაგიკულია ისიც, რომ ამ ვითარებაში ეკლესია მორწმუნე საზოგადოებას პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას უკრძალავს. უფლის სახლი უფლის სადიდებლად და უზენაეს ღირებულებათა დასამკვიდრებლად არის შექმნილი და, თუ სულით მოვაჭრეთა, მედროვეთა თავშესაფრად გადაიქცევა, იგი უნდა დაიქცეს. ახალი რუის-ურბნისის კრებაა მოსაწვევი. უფალი ბრძანებს: ხე, რომელიც არ გამოიღებს ნაყოფსა კეთილსა, იგი უნდა მოიჭრას და ცეცხლზე დაედვას.

ეკლესიას საზოგადოებრივი ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ დაგვჭირდება ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომლის ორიენტირიც იქნება სამართლიანობა, ზნეობრივი ცხოვრების წესი და ადამიანის უფლება-მოვალეობათა დაცვა. ასეთი ჩვენში ტრადიციულად მონარქია იყო. ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ფეოდალიზმის აღდგენას ვცდილობთ საქართველოში. ნამდვილად არა. თავადის ტიტულიც თუ ვინმეს მიენიჭება, პატიოსნებისა და ერის წინაშე ჩადენილი ღირსების გამო უნდა მიენიჭოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს მემკვიდრეობით. უნდა დაინერგოს კანონის უზენაესობა, რათა კანონი მხოლოდ დასჯის საშუალებად კი არ იქცეს, არამედ ის ადამიანური ურთიერთობების განმსაზღვრელ მექანიზმად ჩამოყალიბდეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. სრული ჭეშმარიტებაა, რასაც მამა ელიზბარი ამბობს… ეკლესიიდან უნდა დაიწყოს წმენდა მუცელამოყორილი, ეკლესიას მიტმასნილი ე.წ. მამაოებისგან. არც ვიცოდი თუ მეუფეს ქორეპისკოპოსის ტიტული წართმეული ჰქონდა …. ვინ წაართვა თუ არა ეკლესიის საჭეთმპყრობელმა?

  2. შუბი გუდაში არ დაიმალება!ვინც იცის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების მანკიერება-უნდა ამხილოს,რადგან ეკლესია არის სულიერი საყრდენი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.ღვთის წყალობას ვუსურვებ მეუფე იობს,მამა ელიზბარს და ყველას,ვინც უფლისადმი რწმენაში გვაძლიერებს!

  3. ადრე კომენტარში გაგაკრიტიკეთ რობაქიძის მსგავსი მისტიკისკენ მიდრეკილების გამო. მაპატიეთ. თქვენისთანა პრინციპული ღვთისმსახურები გადაარჩენენ საქართველოს!

  4. ეს კაცი გაგდებულია სამების ტაძრიდან და რატომ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის ისევ სამების დიაკონია?

    ეს კაცი არ ემორჩილება პატრიარქს და წმინდა სინოდს, თვითნებობს და არ ააქვს უფლება ეკლესიის სახელით ილაპარაკოს!

  5. სინამდვილეშI ეს კაცი არის უბრალოდ ნეონაცისტი და შოვინისტი და არის გაგდებული ეკლესიიდან, მარა ეს რათქმაუნდა დამალეთ…

  6. ეს კაცი, დღემდე ვერ გაგვიგია საეკლესიო პირია, საერო თუ პოლიტიკოსი, იქნებ ჯერ მიმართულება აირჩია მას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here