Home რუბრიკები საზოგადოება მხოლოდ ხალხის აზვირთება გადაარჩენს ქვეყანას!

მხოლოდ ხალხის აზვირთება გადაარჩენს ქვეყანას!

709

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას

მე გახლავართ ქრისტიანი მართლმადიდებელი, ცამეტ დედმამიშვილთაგან რიგით მეთერთმეტე, გავლილი მაქვს ცხოვრების მძიმე გზა, მაგრამ ერთხელ ვიყავი უკვე ამქვეყნიურ სამოთხეში. ეს იყო სამხედროსავალდებულო სამსახურის დროს _ 1957-60 წლებში. მას შემდეგ, რაც სამჯერ ვცადე ბედი უმაღლეს სასწავლებელში და სულ «გამსვლელი ქულა მაკლდებოდა», გუშაგი მილიციელიდან ლეგიონის მეთაური გავხდი _ რიგითი მილიციელი პოლკოვნიკი გავხდი, დავამთავრე მილიციის ორწლიანი სკოლა, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჩაბარებული მაქვს საკანდიდატო მინიმუმის საგნები. ათი წელი ვასწავლიდი უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1990 წლიდან პოლიციის აკადემიაში ვიყავი, საიდანაც კათედრის უფროსის თანამდებობიდან გამიშვეს პენსიაზე, მაშინ, როცა ქართულ ენაზე პირველად მე მოვამზადე სახელმძღვანელო «სამხედრო მომზადებისა და ექსტრემალურ სიტუაციებში შეიარაღებულ ბოროტმოქმედთა გაუვნებლობისა და შეპყრობის «სპეციალური ტაქტიკა».

ვარ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ყველა ღონისძიების მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი. აი ჩემი მოკლე ბიოგრაფია.

პირველ ყოვლისა, მე, ერთ-ერთ რიგით ქართველს, მინდა, უდიდესი მადლიერების გრძნობა გამოვხატო დღევანდელი მდგომარეობისათვის მეტად საჭირო გაზეთის _ «საქართველო და მსოფლიოს» მთავარი რედაქტორის, ბატონ ირაკლი თოდუასა და გაზეთის მთელი შემოქმედებითი ჯგუფისადმი, რომელთა მთელი ძალისხმევა მიმართულია ქართველი ერის გამოღვიძება-გამოფხიზლებისკენ, ქართველი ერისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.

ამ წერილის დაწერისაკენ მიბიძგა ამა წლის 4-10 ივლისის გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნებულმა ბატონ დიმიტრი მონიავას ძალზედ საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანმა წერილმა «ბოიდის «დოგმა» და გამარჯვების ალგორითმი». ეს დროული შეხსენებაა მათთვის, ვინც სერიოზული ღონისძიებების განსახორციელებლად ემზადება ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მომიტევეთ ჩემი სუბიექტური აზრის გამოხატვისათვის და ვიტყვი, რომ ნებისმიერ დროში, ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ სიტუაციაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მოწინააღმდეგის დაძლევისა და წარმატების მისაღწევად აუცილებელია შემდეგი ოთხი პირობა: 1. ქრისტესმიერი სიყვარული; 2. გონიერება; 3. ფიზიკური ძალა და 4. მატერიალური შესაძლებლობა.

ადამიანი, რომელიც განუდგა ღმერთის მიერ ადამიანისათვის დადგენილი ზნეობრივი კანონების შესრულებას, იგი ამქვეყნად ნებისმიერ ძლიერ მტაცებელ ცხოველზე საშიშია, თუ სახელმწიფოს სამართლიანი კანონების ჩარჩოში არ არის მოქცეული;

გონიერება _ ღვთის მიერ ბოძებული ნიჭია, რომელიც დადებით შედეგს მხოლოდ მაშინ იძლევა, თუ იგი გაჯერებულია ქრისტესმიერი სიყვარულითა და ბუნებასთან განუშორებელი სიახლოვით. მსოფლიოში დიდ მოაზროვნეთა აბსოლუტური უმრავლესობა სოფელში დაბადებული და გაზრდილია;

ფიზიკური ძალის გარეშე რაიმე წარმატების მიღწევაზე საუბარი ზედმეტია;

მატერიალური შესაძლებლობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ საკმარისია, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი დიდი აკაკის ლექსს «ცხოვრება».  

საქართველოში დატრიალებული უბედურებებისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების აშკარა საფრთხის მიზეზი უნდა ვეძებოთ 1965 წლიდან ალენ დალესის დოქტრინით შეიარაღებული «დიდი პოლიტიკოსის» ანტიეროვნულ «მოძღვაწეობაში», რომელმაც დაწყებული ბნელი საქმიანობის ბოლომდე მისაყვანად:

ნაცვლად იმისა, რომ «მეორედ მოსვლისას» ერისა და ქვეყნის გადასარჩენად შეეთავაზებინა «საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხსნისა და განვითარების საგარეო და  საშინაო პოლიტიკისა და სახალხო მეურნეობის სტრატეგიული დარგების აღორძინება-განვითარების ძირითად მიმართულებათა ისეთი მიმდინარე და პერსპექტიული გეგმის კომპლექსური პროექტი, რომელიც, ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტის გათვალისწინებით, ერთნაირად ხელსაყრელი და მისაღები იქნებოდა არამარტო მეზობელი, არამედ შორეული დაინტერესებული სახელმწიფოებისათვისაც კი, რომლის ამოსავალი წერტილი, ქვაკუთხედი იქნებოდა ის, რომ საქართველო გაეროს, ევროსაბჭოს (რომლის წევრიც ჩვენც ვარ), ფხენიანის ჯგუფისა და საქართველოს მეგობარი სხვა ქვეყნების მხარდაჭერით არ დაუშვებდა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებს (რაც თითქმის მიღწეული იყო), რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნებოდა გამოყენებული უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების მიერ მესამის საზიანოდ და რომ თვით საქართველოს სახელმწიფო არ შეუქმნიდა სხვას რაიმე საფრთხეს და ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან დაამყარებდა ურთიერთხელსაყრელ, თანასწორუფლებიან, მეგობრულ, მშვიდობისმოყვარულ ურთიერთობებს. მან, «მსოფლიო პოლიტიკოსმა», ხალხის უკეთ მართვისა და ქვეყნის განადგურების მიზნით, აირჩია ხალხის დაბრმავების გზა _ შემნახველი სალაროებიდან ხალხის ოფლით მოპოვებული ფულადი სახსრები მიიტაცა, ამასაც არ დასჯერდა: ხალხს მოუწოდა, გაეყიდათ ყველაფერი, ფული სალაროებში შეეტანათ, საიდანაც ისინი გაორმაგებულ თანხებს მიიღებდნენ. ამ თაღლითური გზით მან საქართველოს მოსახლეობას წარსტაცა ოცდაათ მილიარდამდე მანეთი, რომელიც მაშინ დოლარზე ძვირი იყო. და რაც შემდეგ ჩაიდინა და რასაც მოქმედი ხელისუფლება სჩადის, მთელმა მსოფლიომ იცის. დიახ, სწორედ მან ჩაუგდო ხელში ბრბოდქცეული ხალხი მის მოყვანილ დღევანდელ ხელისუფლებას. არავის ეგონოს, რომ იგი «სახლში წავიდა». იგი დღესაც გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს მიშას «მოღვაწეობას» და თან ცდილობს ბიძინას სხეულში «შეძრომას», როგორც შხამიანი გველი;

საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის უმეტესობა, მსოფლიო გლობალიზაციის «წყალობითა»  და ხელისუფლების დიდი მონდომებით, წიგნს მოწყვეტილი და არ სწავლობს ან ივიწყებს ჩვენი სამშობლოს ისტორიულ ქარტეხილებს, მის გმირულ ბრძოლას თავისუფლებისათვის, რაღაც ანგარების გამო უარს ამბობს ბრძნულ, ჭეშმარიტ ისტორიულ გამოცდილებაზე და არ იყენებს მას დღევანდელი მდგომარეობიდან თავდასაღწევად. თითქოს ჩვენზეა ნათქვამი: «თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა». თითქოს ჩვენ, ქართველებს არ გვყოლია: აიეტი, ფარნავაზი, გორგასალი, აღმაშენებელი, ჭყონდიდელი, თამარი, რუსთაველი, ცოტნე დადიანი, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი სააკაძე, ერეკლე მეორე, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები, იოანე პეტრიწი და სხვა მრავალი სახელოვანი ადამიანი. მათი ნაღვაწის განქიქებას და ყოველივე ქართული ეროვნული ტრადიციების, მასთან ერთად, ერისა და სახელმწიფოებრიობის მიწის პირისაგან საბოლოოდ აღსაგველად ემზადება შავ-ბნელი ძალები, ამიტომ ხალხის არა მხოლოდ გამოსვლა, არამედ ხალხის აზვირთება, მხოლოდ აზვირთება გადაარჩენს ქვეყანას!

დღეს საქართველო სამშობლოს მოღალატე, ანტიეროვნული, აშკარა დამნაშავეთა ბანდის მიერ იმართება, რომელიც, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავს «ხელისუფლებას» უწოდებს, უფსკრულშია გადაჩეხილი და ჯვარზე გაკრული უკანასკნელ დღეებს ითვლის. მხსნელი კი არსაიდან ჩანს, ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით მაინც. ამ დროს ქვეყნის «ისტორიული მეგობრებიდა «სტრატეგიული პარტნიორებიკბილებდალესილი მგლებივით ჩასაფრებულან რათა დაგლიჯონ და გაინაწილონ ერთმანეთში ჩვენი ქვეყანა და აქ გასაკვირიც არაფერია, რადგან რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის უარს მის წინ უპატრონოდ მიტოვებული უგემრიელესი ღვეზელის მისთვის საოცნებო ნაჭრის დათრევაზე?..

საქართველოში მიმდინარე დამღუპველ პროცესებს ოლიმპიური სიმშვიდით უყურებს საქართველოს სამოციქულო ეკლესია და სინოდიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, აგრძელებს თავის საქმეს.

ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და ინტელიგენციის აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებასთან შეთანხმებულად აკრიტიკებს, ლანძღავს და აგინებს «ხელისუფლებას», აწყობს ხალხის თვალის ასახვევ ქუჩის აქციებს, მოძალადე ხელისუფლებას უჩვენებს აქციის მონაწილეთა უსუსურობას, მის სუსტ ადგილებს და აწრთობს დარბევის ძალოვან სტრუქტურებს ისე, როგორც მჭედელი რკინას.

ამ, უკაცრავად პასუხია, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ინტელიგენციის «აქტიურ» წარმომადგენლებს, მეცნიერებს, ექსპერტებს, პოლიტოლოგებს, რომლებიც პრესის ფურცლებზე თუ ტელეეკრანებთან თავიანთი «ერუდირებულობით კეკლუცობენ», ან წარმოდგენა არ აქვთ, როგორი სახელმწიფოს აშენება სურთ, ან არაფერი გაეგებათ სახელმწიფო მშენებლობისა და მართვის საქმეში. ამიტომ ისინი თავს გაუთავებელი უაზრო დისკუსიებით, ე. წ. ბრიფინგებითა და უთავბოლო პოლიტიკური ლაყბობით ირთობენ, ან კიდევ ისე კარგად აქვთ მოწყობილი საკუთარი ცხოვრება _ სახლკარი, აგარაკები, ძვირადღირებული ავტომანქანები, თანამდებობები, ხელფასები ოჯახის ყველა წევრისა და მეგობრების დასაქმება, პრესითა თუ ტელევიზიით კვირაში ერთი-ორჯერ ხალხის დაბოლება და თავის მოწონება,  საზღვარგარეთ შეუზღუდავი გასეირნება, და სხვა მრავალი პრივილეგია, რომ აღარ რჩებათ დრო ქვეყნის კატასტროფიდან გამოყვანისთვის, ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიანი, რეალური გზების ძიებისა. ისე იქცევიან, რომ არც მწვადი დამწვან და არც შამფური. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი უმრავლესობა ცდილობს, სიცოცხლის წლები ისე განვლონ, რომ საერო წარმომადგენლებმა სამუდამო განსასვენებელი მოიპოვონ «საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში», ხოლო სასულიერო პირებმა, თუ ეკლესიის შიგნით არა, _ ეკლესიის ეზოში მაინც.

ასეთ ვითარებაში თუ მოხდება სასწაული და გამოჩნდება ვინმე, ვინც გაბედავს და გამოთქვამს სურვილს, რომ შეუძლია ქვეყნის გადარჩენა, «ბოროტმოქმედ ხელისუფლებაზე ადრე ეს გადაგვარებული ელემენტები იშიშვლებენ ხმალს. მისი იდეის ჩანასახშივე ჩახშობისა და მის გასანადგურებლად.

თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი ქვეყნის უფსკრულიდან ამოყვანისა და გადარჩენის და არ უნდა, რომ ქვეყანა «ვაის» მდგომარეობიდან «უის» მდგომარეობაში აღმოჩნდეს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ათასწლოვანი  ისტორიის შუქჩრდილები, სტალინური ეპოქის ავი და კარგი, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოში დატრიალებული უბედურებების გამომწვევი მიზეზები და ქართველი ერის დღევანდელი მორალურზნეობრივი დეგრადაცია და ბოლოს, ქართველთა მავნე ამბიციები პირველობისათვის დაუოკებელი სწრაფვისა, რაც საუკუნეობრივი მოუშუშებელი ჭრილობაა ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.

თუ ყოველივე ეს გადავხარშეთ გონებაში, ქვეყნის გადასარჩენად მოსულ ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც, გამორიცხული არ არის, რომ ჩააყენებენ უხერხულ მდგომარეობაში _ ცილს დასწამებენ, სასაცილოდ აიგდებენ და ნაძირალად გამოაცხადებენ, სათანადოდ ვერ შევაფასებთ, დავიღუპებით ისევ იმ გადაგვარებული ელემენტების წყალობით, როგორც ეს გათვალისწინებულია წყეული ალენ დალესის საყოველთაოდ ცნობილი პროგრამით.

რევაზ კიბორძალიძე,

შრომის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი,

გადამდგარი პოლკოვნიკი, იურისტი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here