Home რუბრიკები საზოგადოება მანანა ნიკოლეიშვილი: მალე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაგვჭირდება

მანანა ნიკოლეიშვილი: მალე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაგვჭირდება

1007

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მის სამომავლო შედეგებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება განათლების ლიგის ხელმძღვანელი მანანა ნიკოლეიშვილი.

_ ქალბატონო მანანა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  განათლების პროგრამებისთვის საქართველოს 2,7 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო, რომელიც ქვეყანაში ზოგადი განათლების დონის ზრდას უნდა მოხმარდეს. თქვენი აზრით, რაში იხარჯება რეალურად ეს თანხები? რა მიზანს ემსახურება აღნიშნული დაფინანსება?

_ მსგავსი გრანტები რა მიმართულებით გამოიყოფა ხოლმე და რა მიზნებისთვის იხარჯება, საყოველთაოდ ცნობილია. მაგალითად, ადრე თავისუფლების ინსტიტუტს მიეცა საკმაოდ სოლიდური გრანტი, რომელიც სკოლის დეცენტრალიზაციის პროექტზე უნდა დახარჯულიყო და მოგეხსენებათ, მაშინ მიღებულ იქნა აბსურდული კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომელმაც მთლიანად დაანგრია სკოლის სისტემა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მართვის მოდელი საერთოდ არ არსებობს მსოფლიოში და საქართველო, ფაქტობრივად, იყო ერთგვარი საცდელი ლაბორატორია, რომელშიც დღემდე ხდება ანალოგიური პროგრამების გამოცდა. რაც შეეხება, კერძოდ, ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილ გრანტებს, პირველივე დღიდან, რაც ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, სწორედ ეს გრანტები ასაზრდოებდა სააკაშვილის ე. წ. რეფორმებს, ამიტომ ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ბოლოსდაბოლოს უნდა გაიგონ ამერიკელებმა, ფულს რაში ხარჯავენ. ეს ზოგადი განათლების კანონი არის რაღაც აბდაუბდა, დანაშაულებრივი და ანტიმეცნიერული პროექტი, რომელიც პედაგოგიკის ძირითად დებულებებს ეწინააღმდეგება.

_ კონკრეტულად რა არის ამ კანონში ცუდი და მიუღებელი?

_ ამაზე არაერთხელ მისაუბრია და ბევრჯერ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ეს ე. წ. კანონი თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივია. მეტიც, იქიდან ერთი თავიც, მუხლიც კი არ შეიძლება დატოვო, იმდენად აბსურდულია. მიმაჩნია, რომ პასუხი უნდა აგებინონ ამ კანონმდებლობის ავტორებს, როგორც განათლების დამანგრევლებსა და მომსპობებს.

_ ერთის მხრივ, როცა ამერიკის მხრიდან სხვადასხვა პროექტში ამხელა თანხები იხარჯება, რამდენად აკონტროლებენ ისინი ხარჯვის პროცესს? იქნებ არ აქვთ ინფორმაცია, რას ხმარდება ეს გრანტები?

 _ პირადად მე არაერთხელ მქონია ამერიკელ სპეციალისტებთან საუბარი და ისინი ზუსტად იმავე აზრის არიან განათლების კუთხით აქ არსებულ მდგომარეობაზე, რა აზრიც ჩვენ გაგვაჩნია. იმის თქმა მინდა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში, მაგრამ ცხადია, ისინი ოფიციალურ დასკვნას ვერ დადებენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავიანთი მთავრობის წინააღმდეგ ვერ წავლენ და მეორეც, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ფონზე, როცა საქართველო ფაქტობრივად სატელიტია ამერიკის, რა თქმა უნდა, არც ერთი სპეციალისტი ამაზე არ წავა.

_ ამერიკის საელჩოს პოზიციაზე რა აზრის ხართ? ისინი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ განათლების რეფორმებს და ეს 2,7-მილიონიანი გრანტიც ამის ნათელი დასტურია.

_ ამერიკის საელჩო ამბობს იმას, რასაც ეუბნებიან, მათ არ აინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. ელემენტარული ამბავია, მათ რომ რეალური სურათის დანახვა უნდოდეთ, პრობლემა არ ექნებოდათ, იმიტომ, რომ ამ მხრივ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შედარებით მეტია.

ის, რომ განათლების ზოგადი დონე წლიდან წლამდე კატასტროფულად ეცემა, ამაზე უამრავი კონკრეტული ფაქტი მეტყველებს. არაერთი დოკუმენტი და კვლევის შედეგი არსებობს. ასე რომ, ეს არ არის ისეთი საკითხი, რაზეც შეიძლება, პოლემიკა გამართო, ეს არის რეალობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ქვეყანაში განათლების დონე პრაქტიკულად ნულია, ეს სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს…

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ მისაღები გამოცდები ავიღოთ. ამათი შეფასების სისტემის მიხედვით, იღებ ორიანს ყველა საგანში და ხდები სტუდენტი. ეს არის მინიმალური ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც გამოცდა ჩაბარებული გაქვს. ხვდებით, რა დონეზეა საუბარი? ანუ, იმდენად დაბალია სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც ზოგადი განათლების მაჩვენებელი, რომ ქვედა ზღვარი ორ ქულამდეა დაწეული. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ, უფრო მაღალი ბარიერის შემთხვევაში, უბრალოდ, ყველა ჩაიჭრებოდა და შესაბამისად რეფორმა ჩავარდებოდა… აი, ესაა ამ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ე. წ. პროგრამებისა და ამერიკის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგი.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ეს პოლიტიკა?

_ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებამ არ იცის და ვერ ხედავს, რა შედეგი მოიტანა ქვეყანაში მისმა ე. წ. რეფორმებმა. ძალიან კარგად იციან ყველაფერი. ასე რომ, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ხორციელდება ეს პროგრამებიც და მიზანმიმართულად მოქმედებს განათლების სამინისტროც. ნახეთ,  სკოლებში რა ხდება: წელს ორჯერ უფრო მეტ მოსწავლეს არ მისცეს საატესტატო გამოცდების ჩაბარების უფლება, ვიდრე შარშან. მაგალითად,  მეთვრამეტე სკოლაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატარა სკოლაა თბილისში, 21 ბავშვი არ დაუშვეს გამოცდაზე. იგივე მდგომარეობა იყო სხვა სკოლებშიც. ერთი სიტყვით, ხელისუფლება ებრძვის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს, რაც არის განათლების მასობრიობა. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა: ნულოვანი ცოდნა გააჩნია დღესდღეობით მოსწავლეებისა და აბიტურიენტების 99%-ს. ამაზე უარესი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა მე დღეს მსოფლიოში არ მეგულება, მითუმეტეს ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სახელმწიფოებს დემოკრატიულ განვითარებაზე აქვთ პრეტენზია.

_ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე რა აზრის ხართ, რომელიც ახლა ტარდება?

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რითაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელყოფილია დიპლომის სტატუსი, ანუ, გასაგებ ენაზე თუ ვიტყვით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველას გაუუქმა დიპლომი, არა მარტო მოქმედ მასწავლებლებს, ნებისმიერ ქვეყანაში, პროფესორია ეს, აკადემიკოსი თუ სხვა. გარდა ამისა, ამგვარი გამოცდები არის კორუმპირებული და მოძველებული მეთოდი მსოფლიოში, რომელიც უკვე არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის განათლების სისტემაში არ გამოიყენება. აქედან გამომდინარე, როცა საუბარია ამ გამოცდების შედეგიანობაზე, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ფული, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ხმარდება, ფაქტობრივად წყალში იყრება…

_ რამდენიმე დღის წინ, როცა დიმიტრი შაშკინი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრის პოსტზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად გაართვაო. თავის მხრივ, შაშკინი  მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ პედაგოგებს უფრო მეტი მოტივაცია უნდა მიეცეთ, რათა სწავლების დონე ამაღლდეს. თქვენი აზრით, სასერთიფიკატო გამოცდები საპირისპირო შედეგს მოიტანს?

_ მოდი, ამ შემთხვევაში ფაქტებით ვიმსჯელოთ, ხელისუფლებას თითქოს პრიორიტეტად ჰქონდა მასწავლებელთა პირობების გაუმჯობესება დასახული და მუდმივად ამით მანიპულირებდა, რა გაკეთდა კონკრეტულად, ვინმეს შეუძლია, ამიხსნას?! კომფორტი უნდა შევქმნათო, რომ იძახდნენ, წარმოიდგინეთ, ელემენტარული პროცედურული პირობები ისეა გართულებული, მასწავლებელი რომ გავიდეს ამ უკანონო, დამანგრეველ, ღირსებისშემლახველ გამოცდაზე, რეგისტრაცია არის სამ საფეხურიანი. ამასაც თავი დავანებოთ, 9 ათასი მასწავლებელი საერთოდ არ გაატარეს რეგისტრაციაზე და არც კი აკეთებენ განმარტებებს, რა არის მიზეზი. კულუარულად გაავრცელეს ინფორმაცია, საბუთები არ ჰქონდათ წესრიგშიო, ეს ხომ აბსურდია?! სინამდვილეში ყველამ ვიცით, რაც ხდება, _ ხელს არ აძლევთ 41 ათასი მასწავლებელი, ვინაიდან ბიუჯეტში ფინანსური კრიზისია და საჭირო იყო შემცირება. რაც შეეხება გამოცდების შინაარსობრივ მხარეს, ტესტები, რომლებიც მანამდე იყო უხარისხო და ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარი, კიდევ უფრო გაართულეს, უფრო მეტი არაპროგრამული მასალები შეიტანეს მასში და, ფაქტობრივად, შექმნეს ისეთი გარემო, რომ პედაგოგი, რომელიც გადის გამოცდაზე, ფსიქოლოგიურად უკვე დათრგუნულია. აი, ასე უმასპინძლდება ხელისუფლება მასწავლებლებს და ამას გულისხმობენ ესენი კომფორტში.

_ თქვენი აზრით, ის ვითარება, რაც დღეს გვაქვს, რეფორმების მაქსიმალური შედეგია თუ მომავალში უარესს უნდა ველოდეთ?

_ მე არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ ნგრევა ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომაც აგორებს ეს რეჟიმი რეფორმების ახალ-ახალ ტალღებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ მთლიანად არ მოსპობენ განათლებას. რა იქნება საბოლოო შედეგი, ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე და არ მინდა ერთი და იგივე ვიმეორო, მაგრამ რეალურად ამ ყველაფრის მიზანი ნათელია: ხალხს ნელ-ნელა უნდა წაართვან განათლების უფლება და მოსახლეობა ნახირს დაამსგავსონ. ეს არის საზოგადოებრივი მოწყობის რაღაც ფსევდოლიბერალური, ვითომ ამერიკული მოდელი, რისკენაც სააკაშვილი ისწრაფვის. ასე რომ, დასაკარგი ჯერ ბევრია და ხალხმა ეს არ უნდა დათმოს, თორემ შედეგი იქნება ბევრად უფრო მძიმე. ადრეც განვაცხადე თქვენი გაზეთის მეშვეობით და ახლაც ვიტყვი, რომ მალე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დასჭირდება საქართველოს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. შესანიშნავი ინტერვიუა. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას. არ მეგონა, თუ დღეს კიდევ ვინმე აზროვნებდა ასე საქართველოში. სასაცილოა, და ამავდროულად ძალიან ტრაგიკული, როცა ქვეყანას განათლების მინისტრად შაშკინი ჰყავდა და მის მოადგილედ ვინმე სეფერთელაძე, და არა ასეთი ქალბატონი.ეს რა უბედურ დღეში ჩავცვივდით,ასეთი, ნეტავ, რა ცოდვა გვაწევს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here