Home რუბრიკები სამართალი არჩილ კაიკაციშვილი: აჭარაში ძირითადად ყაზახი, უზბეკი, ტაჯიკი, დაღესტნელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი ქალბატონების ტრეფიკინგი...

არჩილ კაიკაციშვილი: აჭარაში ძირითადად ყაზახი, უზბეკი, ტაჯიკი, დაღესტნელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი ქალბატონების ტრეფიკინგი ხორციელდება

631

საქართველოს შავიზღვისპირეთის ზოლში არსებულ პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის ფაქტებზე ინფორმაციას ორგანიზაცია «ახალგაზრდა ადვოკატების» წარმომადგენლები ავრცელებენ და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ. თუ რა შედეგი მოჰყვა «ახალგაზრდა ადვოკატების» საგანგებო პრესკონფერენციას და ხელისუფლებისადმი მიმართვას, ასევე ამჟამად აჭარაში შექმნილ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» ორგანიზაცია «ახალგაზრდა ადვოკატების» ერთერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრა.

_ რა რეაგირება მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თქვენს მოწოდებას და თუ მიაღწიეთ რაიმე შედეგს?

 _ შედეგი ის სასურველი მდგომარეობა იქნებოდა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობაც მოიგებდა და ქვეყანაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს მოწოდებას რეაგირება არ მოჰყოლია, რეგიონში ვითარება კვლავ უცვლელია. საქართველოს შავიზღვისპირეთში ტრეფიკინგის ფაქტები რეალურია. თუ პრობლემას განვაზოგადებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ქმნის დამატებით საფრთხეს და წინაპირობას, რომ საქართველოში საუბარი პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე დაიწყოს. ჩემი დამოკიდებულება აჭარაში შექმნილი რეალობისადმი ასეთია: თუკი საქართველოს სახელმწიფო დროულად არ გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას და არ გამოიძიებს აღნიშნულ ფაქტებს, მედიით გაშუქებულ და ადგილობრივი მოქალაქეების ჩვენებების საფუძველზე, საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინაპირობების შექმნის შესახებ რეალური იქნება.

ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება. მოსახლეობამ არაერთი საჩივარი დაწერა, მაგრამ ხალხთან საკომუნიკაციოდ მხოლოდ ბათუმის მერი გამოუშვეს. სხვათა შორის, თემას რატომღაც გვერდს უვლიან როგორც აჭარის ტელევიზია, ასევე სხვა ცენტრალური არხები. ყოველივე ამის ფონზე, მით უფრო მაინტერესებს საქართველოში საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციები. სახელდება კონკრეტული ეროვნების ადამიანები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ. ნუთუ მათი სახელმწიფოების საელჩოებს საქართველოში არ ადარდებთ საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლება და დახსნა? ნუთუ მხოლოდ ანგარიშებისა და რეკომენდაციებისთვის ჭირდებათ შექმნილი ვითარება საერთაშორისო ორგანიზაციებს?!

_ საიდან გახდა ცნობილი აღნიშნული ინფორმაცია თქვენთვის და რა ვითარება დაგხვდათ რეგიონში?

_ ივნისის ბოლოს ორგანიზაციამ აჭარაში, გონიოსა და ბათუმში, შეხვედრები გამართა ადგილობრივ მცხოვრებლებთან. ყველა შექმნილ, გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობს. ადგილობრივების განცხადებით, საღამოს 8 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში მათი გადაადგილების უსაფრთხოება დაუცველია. აჭარაში შექმნილი ვითარება უზნეობის გაუგონარ მაგალითს წარმოადგენს. ყოველდღიური ხასიათი აქვს ღრეობას, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცემას. ცოტა ხნის წინ ტრეფიკინგში ჩაბმული მსხვერპლთა მკვლელობისა და თვითმკვლელობის შემთხვევებიც დაფიქსირდა. ორგანიზაციის ადვოკატმა აჭარაში _ ლელა ბჟალავამ უშუალოდ შეისწავლა ბათუმში არსებული ვითარება. განსაკუთრებით კრიტიკული ვითარებაა შექმნილი ჭავჭავაძისა და ქუთაისის ქუჩებზე. აღნიშნულ ტერიტორიებზე მრავლადაა ე. წ. ლოკონტები – თურქული სასადილოები, სადაც საღამოს 10 საათის შემდეგ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ და დილამდე დისკოთეკაა. ერთი ასეთი ღამის გასართობი – ჰარამხანა _ ჭავჭავაძის ქუჩაზე ცნობილი რესტორანი «აფსაროსია», ქუთაისის ქუჩაზე კი ათეულობით ღამის გასართობია. მათი სტუმარი მხოლოდ თურქი ეროვნების მამაკაცები არიან. მოსახლეობა ბათუმშიც და გონიოშიც იმაზე წუხს, რომ მათ  განცხადებებს შედეგი არ მოჰყოლია. საქმეში ბათუმის მერი კი ჩაერთო, მაგრამ მისი მისვლა მოსახლეობასთან, ხალხის დაშოშმინების მცდელობას უფრო ჰგავდა. კვარიათში თვალს მოჰკრავთ ასეთ წარწერა-ტრაფარეტსაც: «უზბეკისტანი». თუნდაც ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ვითარება საგანგაშოა.

ტრეფიკინგის კერის ბოლო ასეთი შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილი მედიაჰოლდინგ «აჭარა PS»-ის ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად გახდა ცნობილი. გაზეთმა ამხილა ჩოლოქთან მდებარე, თურქის მფლობელობაში არსებული ობიექტის _ «ვიქტორიას» ფარული დანიშნულება და ჟურნალისტმა სულხან მესხიძემ ფაქტის დასაზუსტებლად ადგილობრივების მოსაზრებებიც მოიშველია, რომელთა თანახმადაც, შენობის მეორე სართულზე ტრეფიკინგის მსხვერპლნი ჰყავთ. ობიექტის პირველ სართულზე ბენზინგასამართი სადგურია, მეორე სართული კი სასტუმროს ეთმობა, სადაც თურქი მძღოლები მუდმივად ჩერდებიან და «აკრძალული სერვისითაც» სარგებლობენ.

_ როგორ ფიქრობთ, ვინ არის დაინტერესებული აჭარაში მსგავსი ვითარების არსებობით და, მიუხედავად ცალკეული ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკოსების პროტესტისა, რატომ არ ხდება შესაბამისი რეაგირება?

_ ცხადია, ეს ყველაფერი ვიღაცის კერძო ინტერესშია, მაგრამ არა მგონია, სახელმწიფოების მიერ იყოს წახალისებული. ეს ბიზნესია, ოღონდ შავი ბიზნესი. ფაქტია ისიც, რომ SMILING TRAFFICKING-მა თურქეთიდან ახლა საქართველოში გადმოინაცვლა. ჯერ კიდევ 1998 წელს თურქეთში კაზინოები მასობრივად მხოლოდ იმიტომ დაიხურა, რომ არალეგალურად ნაშოვნი ფულის გათეთრების საშუალება იყო და მასში პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართულნი. ახლა თურქეთის პოლიციამ მასობრივი ბრძოლა გამოუცხადა პროსტიტუციას. ყველაზე მეტად ეს კრიმინალური ბიზნესი ტრაპიზონში იყო ფეხმოდგმული, მაგრამ ახლადდანიშნულმა ქალაქის პოლიციის უფროსმა კანონი მთელი სიმკაცრით აამოქმედა და ტრეფიკინგმა და პროსტიტუციამ გეოგრაფიული არეალი შეიცვალა _ აჭარა ამისთვის საუკეთესო ადგილად იქცა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ისევ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ მომსახურება გაუწია ტრაპიზონის მერს. გონიოში ყვებიან, რომ თურქი მაღალჩინოსნები ამ მიზნით ხშირად ჩამოდიან და სასტუმროებშის ჩერდებიან. ვფიქრობ, გამოსავალი მხოლოდ ის იქნება, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყონ დროული მოქმედება და გამოძიება. საქართველო წარმოადგენს ტრეფიკინგის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთანხმებების მონაწილე ქვეყანას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 143-1, მუხლი 143-2, მუხლი 143-3) სანქცირებას უკეთებს დანაშაულს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ უკვე ვართ სამწუხარო რეალობის წინაშე, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 2012 წლის ანგარიშის მიხედვით (მოიცავს 186 ქვეყანას), საქართველო დასახელდა ტრეფიკინგის წყაროდ და ტრანზიტ ქვეყნად, რაც 2011 წლის მონაცემთან შედარებით განსხვავებული შეფასებაა, რა დროსაც, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ კალათაში ინარჩუნებდა პოზიციებს (ქვეყანა სრულად აკმაყოფილებდა ტრეფიკინგის მძიმე ფორმების აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს). საქართველოს მიმართ ცოტა ხნის წინ ევროპული კონვენციის მონიტორინგის ჯგუფმაც კრიტიკული რეკომენდაცია შეიმუშავა.

_ ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალბატონები ძირითადად საიდან ჩამოჰყავთ?

_ მოსახლეობა გვატყობინებდა, რომ გონიოს სასტუმროებში ცხოვრობენ ქალები, რომლებსაც ფიზიკურად შეურაცხყოფენ და კლიენტების უფასოდ მომსახურებას აიძულებენ. დღისით ისეთი სიტუაციაა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სამაგიეროდ, ადგილობრივები გვატყობინებდნენ, რომ დაახლოებით 30-მდე სასტუმრო, რომელთა მფლობელებიც თურქი ეროვნების მოქალაქეები არიან, არაოფიციალურ ბორდელებს წარმოადგენს, რომლებშიც შუა აზიის ქვეყნებიდან, უმეტესწილად კი უზბეკეთიდან, ჩამოსული 500-მდე ქალბატონი მუშაობს. ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის არიან თურქეთიდან დეპორტირებული ყაზახი, უზბეკი, ტაჯიკი, დაღესტნელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი ქალბატონები.

 მათ აიძულებენ, მომსახურება მხოლოდ თურქი ეროვნების მოქალაქეებს გაუწიონ, რომლებიც აღნიშნულ სასტუმროებს მოსასვენებელ ადგილად იყენებენ. აჭარაში თითქოს სამუშაოდ ჩამოსულ შუააზიელ ქალბატონებს სასტუმროს თურქი მეპატრონეები პასპორტს ართმევენ და დოკუმენტების უკან დაბრუნებისთვის კონკრეტულ თანხებს უწესებენ, საუბარია კლიენტთან მომსახურებიდან შემოსული თანხის გაყოფაზეც. ამიტომაც ცემა, იძულება და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენაა. ადგილობრივები საუბრობენ, რომ არაერთმა ქალბატონმა თვითმკვლელობაც კი სცადა, იყო თვითმკვლელობის ერთი კონკრეტული ფაქტიც.

_ ტრეფიკინგის ფაქტები რა ზიანს მოუტანს აჭარას ტურიზმის კუთხით?

_ სწორი შეკითხვაა. გონიოს მაგალითზე წარმოჩენილმა ფაქტებმა აჭარის ტურისტული მიმზიდველობა, შესაძლებელია, დარტყმის ქვეშ დააყენოს, რაც ეკონომიკურ ზარალში გამოიხატება. ეს ცალსახაა.

_ კიდევ ერთი თემა, რომელსაც თქვენ შეეხეთ, სასჯელაღსრულების სისტემაა. ქართველი უფლებადამცველები გამუდმებით აპროტესტებთ სასჯელაღსულების დაწესებულებებში პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტებს. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა.

_ 2012 წლის მაისის მონაცემებით, ქართულ ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა ძალიან მაღალია. გარდაცვლილია დაახლოებით 40-მდე პატიმარი, რაც წინა წლებთან შედარებით, შესაბამისი პერიოდის მონაცემით, საგანგაშოა. სასჯელაღსრულების სისტემა, ფაქტობრივად, არასამთავრობო სექტორისთვის დაკეტილი უწყებაა. თითქმის მიუღწეველია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ყველა ფაქტი, რომელიც წარმოადგენს ციხეებში პატიმართა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, უნდა გახდეს საჯარო და დაიწყოს სათანადო მოკვლევა.

_ უმძიმესი პირობების მიუხედავად, თანამდებობა არ დატოვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, რომლის მიმართაც უფლებადამცველებს საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ

_ საზოგადოება მართლაც ელოდა, რომ განახლებული მთავრობა მინისტრად ახალ კანდიდატურას განიხილავდა, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო სისტემაში არსებული კრიტიკული მდგომარეობით, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და მისიების მკაცრი შეფასებებითა და ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ციხეებში სადღეისოდ პატიმართა მდგომარეობას გაუსაძლისს, არასათანადოს, შეუფერებელსა და ადამიანის ღირსების შემლახველს ხდის. მაგრამ მოქმედი მინისტრის მიმართ გამოჩენილმა ერთგულებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს არ სურს სასჯელაღსრულების სისტემაში გადახედოს საკუთარ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას და «ნულოვანი ტოლერანტობა» კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

_ თქვენ ხუთი კითხვით მიმართეთ ხათუნა კალმახელიძეს, ერთი კითხვა ეხებოდა პოლიტპატიმრებს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს არ ჰყავს პოლიტპატიმრები. რა ინფორმაციას ფლობთ და რით ადასტურებთ მათ არსებობას?

_ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) კვლევით, საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენი კითხვა უფლებამოსილების ახალ მანდატში მყოფი მინისტრის მიმართ იყო ის, რომ აპირებს თუ არა, გადახედოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა საქმეებს და მიიღოს მათი ვადამდე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ამას გარდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ინფორმატიზაციის განყოფილების ცნობით, «ვარდების რევოლუციიდან» დღემდე ციხეებში 113 ადვოკატი იხდის სასჯელს. არაერთი ორგანიზაცია და უფლებადამცველი მიუთითებს, რომ ადვოკატების პასუხისგება ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური დევნის გამო ხდება. თუ აპირებს მინისტრი, გადახედოს დაკავებული ადვოკატების საქმეებს და მიიღოს მათი ვადამდე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება? ემხრობა თუ არა მინისტრი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტიის იდეას ან ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ ფართომასშტაბიანი გათავისუფლების წინადადებას?

აგრეთვე, გვაინტერესებს იქნება მინისტრის ახალი უფლებამოსილების მანდატში ახალი პრიორიტეტები ან არის თუ არა მიმდინარე ცვლილებებში რაიმე სიახლე, რომელიც უკვე რეფორმის სახით გაგრძელდება?

_ რამდენადაც ვიცი, «ახალგაზრდა ადვოკატები» ციხეში მომავალი საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობასაც მოითხოვთ

_ დიახ,  მინისტრისადმი ჩვენს მიმართვაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო: საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, 2012 წლის არჩევნებისთვის მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირები თუ ისარგებლებენ საარჩევნო ხმის უფლებით? რას აპირებს სამინისტრო, რათა არჩევნები ციხეებში იყოს გამჭვირვალე, წინასაარჩევნო კამპანია იყოს დაშვებული და არასამთავრობო სექტორს  მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი? ჩვენ ეს მიმართვა სამინისტროს 5 ივლისს გავუგზავნეთ და პასუხი საჯარო ინფორმაციისთვის დადგენილ 10-დღიან ვადაში მოვითხოვეთ, მაგრამ  უწყება საჯარო ინფორმაციაზე ჯერჯერობით უარს გვეუბნება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here