Home რუბრიკები პოლიტიკა მერაბ შათირიშვილი: თუ ამ არჩევნებში «ნაცმოძრაობა» გაიმარჯვებს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს

მერაბ შათირიშვილი: თუ ამ არჩევნებში «ნაცმოძრაობა» გაიმარჯვებს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს

647

მოახლოებულ არჩევნებზე, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საკადრო გადაადგილებებსა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მწერალი მერაბ შათირიშვილი.

_ ბატონო მერაბ, რამდენიმე დღის წინ «ნაცმოძრაობის» ზონდერბრიგადების მიერ სოფელ კარალეთში გამოჩენილმა «თავდადებამ» კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება არჩევნებს ცოცხალი თავით არ დათმობს. მეორე მხრივ, საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ არჩევნებზე ამყარებს იმედებს. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ და, საერთოდ, როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?

_ ის, რაც კარალეთში მოხდა, მხოლოდ დასაწყისია იმ უმძიმესი და უსასტიკესი რეპრესიებისა, რომელსაც ახალაიას გამინისტრების შედეგად უნდა ველოდეთ მომავალში. ერთის მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აპირებს დათმობას და, მეორე მხრივ, მიანიშნებს იმაზე, თუ რა გზით ეცდებიან გამარჯვების მოპოვებას. მიხეილ სააკაშვილს უკვე აღარ აინტერესებს ელექტორატი და ეს მის ყოველ გამოსვლაში იგრძნობა. ის, უბრალოდ, დარწმუნებულია, რომ ძალოვანი უწყებები ბოლომდე მიჰყვება, ჰყავს რამდენიმე საიმედო ადამიანი გარემოცვაში, რომლებიც, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ განუდგება «ნაცმოძრაობას», ვინაიდან თავიდან ბოლომდე სიბინძურეშია ჩაფლული, და ჰყავს საკმაოდ გავლენიანი ლობისტური ჯგუფები სხვადასხვა დასავლურ სტრუქტურაში. სხვა დანარჩენი _ ხალხი რას ფიქრობს, სააკაშვილს არ აინტერესებს, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, მას ამომრჩეველთან უკვე, ფაქტობრივად, შანსი არ აქვს და მეორეც, მან იცის, რომ არჩევნების მოსაგებად ხალხის მხარდაჭერა არ არის აუცილებელი. ამისთვის სხვა გზაც არსებობს, მაგალითად: დაშინება, დატერორება, ქვების სროლა და ა. შ. ეს ბევრად უფრო იოლი და ეფექტიანი გზაა გამარჯვებისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გამორიცხულია, ხელისუფლებამ ეს არჩევნები დათმოს და, რა მხარდაჭერაც უნდა ჰქონდეს მის რომელიმე კონკურენტს, ვინმეს მოაგებინოს. ეს, როგორც ორჯერ ორი ოთხი, ისეა, რაც შეეხება ოპოზიციას, კერძოდ ქართულ ოცნებას, როცა ხელისუფლება პირდაპირ გეუბნება, მე ვარ ყაჩაღი, არ მაინტერესებს ნამდვილი, ჭეშმარიტი პოლიტიკა, მხოლოდ პოლიტიკის ფასადს ვქმნიო, და მთელ ძალისხმევას გადაგატანინებს ამ ფასადზე, გამოდის, რომ უკვე შენი მხრიდანაც ფასადურია ეს ბრძოლა. ამ დროს შიგნით, საზოგადოებაში, სადაც მთელი შენი ყურადღება და აქცენტი უნდა გადაიტანო, ბევრი რაღაც გრჩება უყურადღებოდ. ამით რის თქმა მინდა: ჩემი აზრით, უკვე დროა, მთლიანად ოპოზიციამ და კერძოდ ბიძინა ივანიშვილმა, «ქართული ოცნების» სხვა ხელმძღვანელობასთან ერთად, მთავარ პრიორიტეტად დაისახოს შიდარესურსთან მუშაობა. ერთადერთი, ვინც ამ უბედურებისგან გვიხსნის და გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, არის ქართველი ხალხი, ამიტომ არ შეიძლება მხოლოდ ამერიკისა და ევროპის იმედზე არჩევნები ჩაატარო ან გამარჯვებაზე იფიქრო. აქამდე ამან რა შედეგიც მოიტანა, ყველამ ვნახეთ და ახლაც თუ იგივე განმეორდა, ჩავთვალოთ, რომ დამთავრებულია ყველაფერი _ ქვეყანა დაიღუპება…

_ გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. რამდენად სწორადაა ეს ადამიანები შერჩეული, როგორ ფიქრობთ?

_ მე ვიცი, რომ საზოგადოებაში ამან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ ესენი არ არიან ის სახეები, ის ადამიანები, რომლებიც  საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მობილიზებას მოახდენენ. არ ვიცი, რა ნიშნით მოხდა მათი შერჩევა, მაგრამ ფაქტია, რომ «ქართულმა ოცნებამ», ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჯერჯერობით ვერსად ვერ წარმოადგინა სერიოზული, ანგარიშგასაწევი კანდიდატები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კოალიცია კადრების კუთხით კრიზისს განიცდის. სხვათა შორის, ამ მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს «ნაცმოძრაობას» _ სულ 75 მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა იყოს და აბსოლუტურად ყველგან, ყველა რაიონში, ასახელებენ მაქსიმალურად წონად ფიგურებს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების კანდიდატებს მოსახლეობა მეტ-ნაკლებად იცნობს და, თავის მხრივ, კანდიდატსაც აქვს გარკვეული წარმოდგენა თავის რაიონზე. «ქართული ოცნების» შემთხვევაში კი თითქოს არც ფიქრობენ ამაზე, ხალხი ისე ინიშნება და საქმეს ისე იბარებენ, რომ გაგებაში არ არიან, რა ხდება. იმ კანდიდატებიდან, რომლებიც გასულ კვირას წარადგინა ივანიშვილმა, ერთ-ერთმა განაცხადა, ჯერ არ ვიცი, რა პრობლემებია ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, მაგრამ ჩავალ, გავეცნობი, დავბრუნდები და ყველაფერს შევისწავლიო. დალოცვილო, ორი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, ახლა გინდა მოსახლეობის პრობლემები შეისწავლო?! მაპატიეთ, მაგრამ, კაცი რომ ასეთ სისულელეს წამოროშავს, მერე არ უნდა გიკვირდეს,  ქვებს თუ დაგიშენენ და ჯოხით გამოგიდგებიან…

_ მოკლედ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ, კანდიდატების შერჩევის მხრივ, ივანიშვილი იმდენად სერიოზულ შეცდომებს უშვებს, რომ ამის გამო მან შეიძლება არჩევნები წააგოს?

_ საბოლოო შედეგებზე ახლა ნუ ვისაუბრებთ, თუმცა კოალიციამ რომ არაერთი შეცდომა დაუშვა, მე მგონი, ამაში ყველა დამეთანხმება. ჩემი აზრით, შეცდომაა ის იგნორირების პოლიტიკაც, რომელსაც ივანიშვილი თავიდანვე ატარებდა ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებების მიმართ. ამან რეალურად არა თუ ვერ განმუხტა სიტუაცია, პირიქით, კიდევ უფრო დაძაბა ვითარება, ვინაიდან, რეჟიმს მიეცა სრული თავისუფლება და დღეს იგი ყოველგვარი შეზღუდვის, დაბრკოლების გარეშე აკეთებს ყველაფერს, რაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება.

_ იქნებ დააკონკრეტოთ: ხელისუფლების პროვოკაციაზე არწამოგების პოლიტიკა თუ შეცდომა იყო, მაშინ რა მოქმედება იქნებოდა უფრო სწორი კოალიციის მხრიდან?

_ მე მიმაჩნია, რომ, თუ რეალურად რამე შედეგის მიღწევა უნდა, ივანიშვილმა უფრო ქმედითი და მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ ხედავთ, ხელისუფლება რას აკეთებს? _ შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ კონკურენტები მიწასთან გაასწოროს. აგერ კარალეთში რა მოხდა, ახლა კიდევ რას ელოდები? უფრო დიდი რაღაც უნდა მოხდეს?! ეს გამორიცხულია, უფრო ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე არ წავა ხელისუფლება; უბრალოდ, მუდმივად იქნება წერტილოვანი, ლოკალური შეტევები და ამით მიაღწევს კიდეც დასახულ მიზანს. სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ასეთი ლოკალიზებული პროვოკაციებით გაანეიტრალა ხელისუფლებამ 2009 წლის აპრილის აქციები, ასე რომ, რა თქმა უნდა, კი, ერთის მხრივ კარგია, როცა ოპოზიციური სპექტრი ინარჩუნებს სიმშვიდეს და არ არის იოლად ფეთქებადი, მაგრამ რეალურად ოპოზიციას ასევე უნდა შეეძლოს საკუთარი ძალის დემონსტრირებაც; არ შეიძლება, მუდმივად ჩვენ ვიყოთ გალახულები და დამცირებულები. როცა ის ლოკალურად გიტევს და ეს გრძელდება თვეობით, წლობით, შენ უნდა შეუტიო უკვე მასობრივად. სხვანაირად ძალადობას დასასრული არ ექნება და სამართლიანობის განცდა ვერ დამკვიდრდება ქვეყანაში.

_ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ გამორიცხულია, ხელისუფლებამ არჩევნები დათმოს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში მორიგი არეულობა და საზოგადოებრივი მღელვარებაა მოსალოდნელი?

_ არა თუ მოსალოდნელია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ «ნაცმოძრაობა» არჩევნებს წააგებს და რეალურ საფრთხეს იგრძნობს საზოგადოებისგან, ქვეყანა სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება. ვიღაცას ეს შეიძლება აბსურდად მოეჩვენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაში არარეალური არაფერია. ნუ დაგვავიწყდება, რომ აქ საუბარია ხელისუფლებაზე, რომელსაც უკვე ჭკუა აღარ მოეკითხება, ამიტომ დღესდღეობით საქართველოში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება…

_ და თუ ხელისუფლება მოიგებს არჩევნებს, ამ შემთხვევაში რა მიმართულებით უნდა ველოდეთ მოვლენების განვითარებას?

_ ამ ხელისუფლების გამარჯვება, მითუმეტეს, თუ ეს საზოგადოებამ დათმო, ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, საბოლოოდ განწირულია. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, აზრს კარგავს ყველაფერი და ხალხსაც აღარ ექნება მოტივაცია. მე პირადად, თქვენი გაზეთის მეშვეობით, ვაცხადებ, რომ, თუ ამ არჩევნებში «ნაცმოძრაობა» გაიმარჯვებს, რამდენიმე დღეში საქართველოს დავტოვებ. ასე მოიქცევა კიდევ უამრავი ადამიანი და ქვეყანა დაიცლება.

ესაა ამათი მიზანიც და ამისთვის იბრძვის ეს ხალხი,  მათ კარგად იციან ერთი რამ, თუ მე არ ვიქნები, თქვენ არ იქნებით, მეორე და მესამე, ვისაც სამშობლოზე გული შესტკივა, მოწინააღმდეგეც აღარ ეყოლებათ და რასაც მოინდომებენ, დაუბრკოლებლად განახორციელებენ. აი, ამაზე ოცნებობს სააკაშვილის რეჟიმი და ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მე არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, ამიტომ ახლა თუ დავმარცხდებით, ეს არ იქნება მორიგი, ჩვეულებრივი დამარცხება, რაც აქამდე არაერთხელ გამოგვიცდია, ამით საბოლოოდ დასრულდება და დასამარდება ყველაფერი. ხაზგასმით ვამბობ, ვაფრთხილებ ყველას _ თუ ამ არჩევნებში «ნაცმოძრაობა» გაიმარჯვებს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს…

_ ყოველთვის, როცა საუბარია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე, ოპოზიციის ერთი ნაწილი მუდმივად აცხადებს, რომ მოცემულ ვითარებაში გადამწყვეტი მაინც დასავლეთის ფაქტორია. კერძოდ, ლაპარაკია შეერთებული შტატების როლზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს იგი. თქვენი აზრით, იმ პირობებში, როცა ამერიკის სენატი ჯონ ბასის პირით თითქმის ყოველდღე გვახსენებს, რომ სააკაშვილი და მთლიანად «ნაცმოძრაობა» მათი ფავორიტია, ხალხის ნებას რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა?

_ სააკაშვილის რეჟიმი მუდმივად ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ის არასოდეს მიგვატოვებს. ამასთან, «ნაცპროპაგანდაც» 24-საათიან რეჟიმში გვიჩიჩინებს, ვაშინგტონი აღფრთოვანებულია აქ მიმდინარე რეფორმებითო. ამით ხელისუფლებას ორი რამის დამტკიცება უნდა, ერთი იმის, რომ თურმე ეს ქვეყანა თეთრი სახლის გეოპოლიტიკურ ინტერესებშია მოქცეული და მეორე იმის, რომ «ნაცმოძრაობა» ამერიკის რჩეულია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ერთგვარი ზეწოლა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება საზოგადოებაზე, რომელიც მოსახლეობაში შიშისა და უიმედობის გაჩენაზეა გამიზნული; სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსურდია, საქართველო და მთლიანად კავკასია, ისტორიული განვითარების არც ერთ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც მსოფლიო რუკაზე რუსეთი, როგორც ერთ-ერთი ზესახელმწიფო, გაჩნდა, დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში რეალურად არასოდეს მოქცეულა.

ახლა რა ხდება დღეს და რას წარმოვადგენთ ჩვენ ამერიკისთვის სინამდვილეში, ორი სიტყვით შეიძლება ამის ფორმულირება: მიმდინარეობს ინტერესთა მუდმივი დაპირისპირება აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. ორი დიდი სახელმწიფო, ამერიკა-რუსეთი, იბრძვის გავლენის სფეროების მოსაპოვებლად და ამ დროს მთელ ამ დაპირისპირებაში ჩვენ ვართ ერთი პატარა ეკალი, რომლითაც ამერიკა, როცა დასჭირდება, უჩქმეტს ხოლმე რუსეთს. სხვა მიზანი და ინტერესი ვაშინოტონს აქ არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს, ვინაიდან მან კარგად იცის, რომ ეს რეგიონი ვერასოდეს იქნება მისი გავლენის სფერო. მეტსაც გეტყვით, მოგეხსენებათ, ახლა რა ხდება სირიაში და ერთადერთი, რაც იქ «ნატოს» მოქმედებებს აბრკოლებს, ფაქტობრივად, რუსეთია. აქედან გამომდინარე, საკმარისია, მოსკოვმა გაეროში მწვანე შუქი აუნთოს ამერიკას ამ საკითხზე, ცხადია, ის აუცილებლად მოითხოვს ვაშინგტონისგან რაიმეს სანაცვლოდ. მე ვფიქრობ, რომ, დიდი ალბათობით, ეს მოთხოვნა იქნება სწორედ კავკასიის ხელშეუხებლობა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია კრემლისთვის და, თუ ეს შეთანხმება შედგება, ამერიკას თავისთავად მოუწევს უარის თქმა საქართველოზეც. აი, მაშინ გამოჩნდება რეალურად, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ჩვენ დასავლეთისთვის. ასე რომ, ცალსახად იმის თქმა, სააკაშვილი ამერიკის ფავორიტია და გადაყვებიან ზედ «ნაცმოძრაობასო», არ არის მთლად ახლოს რეალობასთან… სააკაშვილისთვის მაქსიმუმ, რაც შეიძლება ამერიკამ გააკეთოს, არის ის, რომ უკიდურეს შემთხვევაში პიროვნულად არ გაწიროს. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, როცა დასჭირდებათ, გაგვყიდიან, როცა დასჭირდებათ, გვიყიდიან, ესაა გეოპოლიტიკური თამაშები და, სამწუხაროდ, ჩვენც, ისევე, როგორც უამრავი ჩვენისთანა მცირერიცხოვანი სახელმწიფო, დიდი ხანია, ამ თამაშში ჩათრეული ვართ.

_ თქვენ თქვით, რომ ამერიკა პიროვნულად არ გაწირავს სააკაშვილს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ყველაფერი ხომ არ შეაფერხებს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას?

_ საერთოდ, როგორც დამნაშავეთა სამყაროში არსებობს მაფია, ასევე არსებობს მაფია პოლიტიკის სფეროშიც და იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს. ეს პოლიტიკური მაფიოზები, როგორც წესი, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან და ყოველთვის ერიდებიან პოლიტიკოსის დასჯას. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზეზი აქვს _ ისინი, უბრალოდ, დასჯის პრეცენდენტს არ ქმნიან. ამით კი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უფრთხილდებიან, იმიტომ, რომ არავინ იცის, ხვალ-ზეგ სად, როგორ და რა გზით წარიმართება პროცესები.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, ამერიკა არ იქნება მომხრე, რომ «ნაცმოძრაობის» თავკაცები საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ და, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი აგოს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, მთავარია, ხალხი რა დონეზე დააყენებს ამ მოთხოვნას. თუ საზოგადოება მთავარ აქცენტს გააკეთებს ამაზე, შედეგს აუცილებლად მივიღებთ, რა ძალებიც უნდა უჭერდეს მხარს სააკაშვილს და ვინც უნდა ჩაერიოს. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალი მმართველი გუნდის პოზიციასაც ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. ერთი რამ კი ამთავითვე, ცხადია: ვინც უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, რომელი პოლიტიკური სუბიექტიც, ვერც ერთი მომავალი ხელისუფლება ვერ მოისვენებს ქართველი ხალხისგან, თუ კი ის არ დასჯის წინამორბედს. აქ ლაპარაკია ელემენტარულ სამართლიანობაზე და, არც მეტი, არც ნაკლები, კანონის უზენაესობაზე, იმიტომ, რომ ბოლოსდაბოლოს ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს დაუსჯელობის სინდრომისგან, რომელიც ბოლო ოცწლიანი პერიოდის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ფაქტობრივად, ერთგვარ ნორმად იქცა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ესაა რუსეთის გაკოტრებული და გაბოროტებული, ბოღმისაგან გაგიჟებული აგენტურის გედის სიმღერა. ასეთები დიდი ხნის წინ იყვნენ ჩასარეცხები, მადლობა ღმერთს რომ ეხლა მაინც ისტორიის უნიტაზში ირეცხებიან და გზაც იქით ჰქონიათ. იმედია ოქტომბერში ყველა ჩასარეცხი ერთად და საბოლოოდ ჩაირეცხება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here