Home რუბრიკები პოლიტიკა ბობ უოლში: ამერიკა საქართველოს მოსახლეობაში პოპულარული არ არის

ბობ უოლში: ამერიკა საქართველოს მოსახლეობაში პოპულარული არ არის

2455

ჩვენი ძველი მეგობარი _ ამერიკის მოქალაქე, ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე ბობ უოლში საქართველოს ჰორიზონტზე შორეული ოთხმოციანი წლების შუაწელს გამოჩნდა.

მანამდე იყო მოსკოვი.

ბატონი უოლში ამერიკელი ნავთობის მაგნატის, «წითელი მილიარდერის», ლეგენდარული არმანდ ჰამერის სახეშეცვლილი ვარიანტია, იმ ჰამერისა, რომელმაც 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ სახელმწიფო წყობილებაში დაინახა ის მარცვლები, რომელთა განვითარებისთვის ხელშეწყობა მომგებიანი იქნებოდა მისი პირადი ბიზნესისთვის, ამერიკისთვის და, რა თქმა უნდა, საბჭოთა რუსეთისთვისაც.

ისტორიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი პიროვნებებშიც მეორდება. ოღონდ ამისთვის დროა საჭირო

ბობ უოლში უფრო საზოგადო საქმით არის გამორჩეული, უნიჭიერესი და მასშტაბური მენეჯერია.

_ საბჭოთა კავშირში სი-ენ-ენის მფლობელ ტედ ტერნერთან ერთად 1986 წელს ჩამოვედი, როგორც მისი პარტნიორი და როგორც «კეთილი ნების თამაშების» ოთხი ორგანიზატორიდან ერთ-ერთი: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტი, სახელმწიფო სპორტკომიტეტი, ტედ ტერნერი და მე _ ბობ უოლში. ეს თამაშები მოსკოვსა და სიეტლში გაიმართა, როგორც აშშ-ისა და მოსკოვის მიერ ერთმანეთის ჯინაზე ბოიკოტირებული ლოს ანჟელესისა და მოსკოვის ოლიმპიური თამაშების (1980 და 1984 წლები) ალტერნატივა და დიდი მნიშვნელობა შეიძინა ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების შერბილების თვალსაზრისით.

ამ ტალღაზე ბობ უოლში საქართველოში ჩამოყავს მის მეგობარს _ ვასილ მარგველაშვილს, უკავშირდება საქტელერადიო კომიტეტს და იწყება უოლშის მოღვაწეობის ქართული ეტაპი. უმძიმეს და ურთულეს წლებში მის მიერ გაწეულ ქვემოქმედებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ქართველი და ამერიკელი ჟურნალისტების გაცვლის დაწყებაზე, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების უშურველ მოწოდებაზე, ქართველი ბავშვების ამერიკაში მკურნალობაზე სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ მოვჭრი: ამ ყველაფრის გამო მას საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

მაგრამ დღეს ამაზე არ ვისაუბრებთ.

დღეს სხვა პრობლემები აწუხებს ჩვენს საზოგადოებრიობას.

_ რამ ჩამოგიყვანათ, ბატონო ბობ, დაულაგებელ, პრობლემებით დატვირთულ  საქართველოში?

_ წლების განმავლობაში საქართველოს ხშირად ვსტუმრობდი. ერთი პერიოდი, პაუზა მქონდა, არა ჩემი მიზეზით. დღეს იმიტომ ჩამოვედი, რომ მსურს, საკუთარი თვალით ვნახო, რა ხდება ამ ქვეყანაში, დავუკვირდე მიმდინარე პროცესებს და მხარში ამოვუდგე საქართველოს.

_ რა დაინახეთ?

_ დავინახე გარკვეული სიძნელეები, რომლებიც პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეობს. პირველი დასკვნა ისაა, რომ არ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ამჯერად, აი ახლა, ამ პერიოდისთვის არის ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა, განსაკუთრებით, რთულ წინასაარჩევნო პერიოდში.

_ როგორ ფიქრობთ, ამ რთულ პერიოდს დაძლევს, გაარღვევს ის პოლიტიკური ოპოზიცია, ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში აპირებს მოსვლას?

_ მჯერა ამისი, თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება.

_ ეს «თუ» ვის ხელშია?

_ რეალური ძალა აქვს მთავრობას.

_ საერთაშორისო ასპარეზზე აშშ და რუსეთი . . გადატვირთვის პოლიტიკას განახორციელებენ, . . არა კონფრონტაცია, არამედ _ კონსესუსი, საერთო ენის გამონახვა. ამ სიტუაციაში რუსეთი საქართველოში უპირველეს მტრად არის გამოცხადებული, «ოკუპანტების» ვერსია ამერიკამაც გაიზიარა, მაგრამ აქედან არავითარი მოგება არ ჩანს.

უნდა დავრჩეთ «ფეხზე შეყენებული ჩახმახის» პოლიტიკის იმედად?

_ ჩემი პირადი შეხედულება ასეთია: საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიანი გზით რეგულირებაზე.

მხოლოდ ერთ მაგალითზე ვილაპარაკებ ჩემი პირადი გამოცდილებიდან. საბჭოთა კავშირში პირველად რომ ჩამოვედი, მოსკოვსა და ლენინგრადში ვნახე ქართული ღვინოები, რომლებიც თავისუფლად იყიდებოდა. იმ პოლიტიკით, რომელსაც დღეს საქართველო განახორციელებს, იმ პოზიციით, რომელიც დღეს საქართველოს რუსეთის მიმართ აქვს, მან პირველმა გადაკეტა რუსეთიდან ინვესტირების გზები, მეორე მხრივ, დაკარგა რუსეთის ბაზარი, საერთოდ და, კერძოდ, ქართული ღვინისთვის.

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, თქვენი უდიდესი მეზობელია, რომელიც, თუ კარგად წაიყვანთ საქმეს, ბევრ რამეში გამოგადგებათ, ბევრ სიკეთეს მოგიტანთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენი ურთიერთობა აეწყობა. დღეს თქვენ ამაზე უარს ამბობთ.

მაგალითებს დაგისახელებთ ისტორიიდან და კარგად გამოჩნდება _ კი თუ   არა.

ყველას ახსოვს, რომ იაპონიამ ამერიკას ომი გამოუცხადა და ბევრი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დახოცა…

_ პერლჰარბორი

_ დიახ. ფაშისტური გერმანია ეომებოდა ინგლისს, მთელ ანტიფაშისტურ კოალიციას. ადამიანური მსხვერპლი უდიდესი იყო.

მიუხედავად ამ პლანეტარული ტრაგედიისა, დღეს აშშ, იაპონია, გერმანია, ინგლისი, რუსეთი ნორმალურად ურთიერთობენ, ვაჭრობენ, იმდენად არიან ურთიერთგადაჯაჭვულნი, რომ ბევრად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი. ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკურ ურთიერთობებს, არა პოლიტიკას.

_ ურთიერთობათა ამ სფეროში უნდა ვეძებოთ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის გზა?

_ ასეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა, რომლითაც გადაწყვეტთ პრობლემას. თორემ დღეს რაც არის, არაფერი არის. არ წყდება ეს პრობლემა არც ისე, არც ასე.

_ ხედავთ, ბატონო უოლშ, ამერიკის ადგილს ამ სიტუაციაში? რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ იმ რეალობაში, რომელიც თქვენ დაახასიათეთ როგორც უმოქმედობა _ პრობლემა არ წყდება არც ისე, არც  _ ასე.

_ მე ვერ ვხედავ ამერიკის ადმინისტრაციის პრაქტიკულ ნაბიჯებს. ამერიკის მთავრობა არ არის მართალი, როცა აცხადებს, რომ გეხმარებათ. რადგან დე ფაქტო არაფერს აკეთებს. ამერიკელებმა იციან, რომ მათი ქვეყნის მთავრობა მხოლოდ ენას იქავებს. მე პირადად არ ვეთანხმები ჩვენი მთავრობის ასეთ განწყობილებას.

_ ბატონო ბობ, დამეთანხმებით, რომ ამერიკა სულ რამდენიმე წლის წინათ, საბჭოთა პერიოდზე არაფერი რომ არ ვთქვათ, ძალიან პოპულარული იყო, მათ შორის, საქართველოშიც. მაგრამ დღეს ისეთი ვითარება ჩამოყალიბდა _ თუნდაც აშშის ელჩების მოღვაწეობით საქართველოში, მათი პოზიციით, შეფასებების ორმაგი სტანდარტით და . ., რომ თქვენს ქვეყანას სახელი გაუტყდა.

ანტიამერიკული განწყობილება დღეს საქართველოში ფაქტია, სამწუხაროდტენდენცია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უკვე ყოფილი ელჩი ჯონ ბასი შეეცადა, გაემართლებია 26 მაისის თბილისის აქციის სისხლიანი დარბევა. ექსპერტებმა, საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა, შეიძლება ითქვას, ხალხმაც მიიჩნია, რომ მან თავისი პოზიციით მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას. ამის გამოძახილს დღესაც ვხედავთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში _ მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრების ძალადობრივი გზით ჩაშლის, დარბევის მცდელობას _ ქვების სროლა, ფიზიკური დაპირისპირება, ცემატყეპა.

_ არ ვეთანხმები ბატონ ელჩს. არა მგონია, ჯონ ბასმა იცოდა, რაზე ლაპარაკობდა. მე მაქვს საქართველოსთან მეგობრული კავშირის 25-წლიანი პრაქტიკა და დაგეთანხმებით, რომ უწინ ამერიკისადმი სულ სხვა განწყობილება იყო. დღეს ვხედავ, რომ ამერიკა საქართველოს მოსახლეობაში პოპულარული არ არის. მესმის რატომაც, მაგრამ ამაზე, ნება მიბოძეთ, სიტყვა არ გავაგრძელო, თუნდაც იმიტომ, რომ… თქვენც კარგად იცით, რატომაც.

თქვენთვის, ჩემი აზრით, უფრო აქტუალურია ის, რასაც აკეთებს თქვენი ხელისუფლება.

ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, როცა ოპოზიციისთვის მხარდაჭერის ბრალდებით, თქვენი მთავრობა ახდენს ანტენების _ «თეფშების» ექსპოპრიაციას იმ ფირმისგან, რომელიც განვადებით უდგამდა ამ «თეფშებს» მოქალაქეებს, რომელთაც შესაძლებლობა მიეცემოდათ მიეღოთ იმ ტელეარხების გადაცემები, რომლებიც მაინც და მაინც პროსახელისუფლო არ არის.

ასევე გაუგებარი და მიუღებელია ჩემთვის, როცა თქვენი მთავრობა «პოტიომკინის სოფელს» აშენებს.

რატომ ვერ ხედავს ამერიკის მთავრობა, რომ თქვენი ხელისუფლება «პოტიომკინის სოფელს» აშენებს, ობიექტურად ვერ აფასებს რეალობას, არ ვიცი.

აქ, საქართველოში ვისაც კი ველაპარაკე _ ისინი იყვნენ უბრალო ადამიანები, ტაქსისტები თუ სასტუმროების მომსახურე პერსონალი, მიმტანები თუ თქვენი ელიტის წარმომადგენლები, ყველა მეუბნებოდა, რომ უნდა შეიცვალოს პარლამენტი, ყველა! ამ ხალხისთვის მე ვიყავი აბსოლუტურად უცნობი ადამიანი, ამერიკის უბრალო მოქალაქე, სხვა ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლიდა, უცხო კაცისთვის თავიანთი სიმპათია-ანტიპათია გაემჟღავნებიათ.

ვეუბნებოდი, რომ ეს მათი გადასაწყვეტია ხმის მიცემა-არმიცემის გზით.

იცით, რას მიპასუხებდნენ?

_ ვხვდები.

_ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენი ხმა მოპარული იქნება.

_ მაგრამ ხალხი არ დათმობს ასე იოლად

_ მე ვნახე ფილმი 26 მაისის შესახებ. ხალხის დარბევა _ ხანდაზმულების, ქალების, ყმაწვილების უმოწყალოდ ცემა, სროლები.

შემაძრწუნა.

თუ არჩევნების დროს თქვენი ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ეს მიგიყვანთ ახალ 26 მაისამდე და უარეს სისხლისღვრამდეც. ამის აღკვეთა კი არჩევნების მხოლოდ დემოკრატიულად ჩატარებით შეიძლება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ამ ინტერვიუს ბატონი ბობ უოლში უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიკითხავს. არ გეგონოთ, რომ ის კაცია, სიტყვა დააგდო და გაგვეცალა.

ჩამოვა. მალე. ყველა გარდატეხის ჟამს საქართველოში იყო და, დარწმუნებული ვარ, ტრადიციას არც ამჯერად უღალატებს.

_ Wellcome, Bob!

 

1 COMMENT

  1. ამერიკელთა შორისაც არიან ეტყობა (თუმცა ალბათ ცოტა) ვისაც შერჩა ნამუსი, სინისი, კაცობა, თავმოყვარეობა, სხვისი გაჭირვების გაზიარების უნარი…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here