Home რუბრიკები პოლიტიკა განხეთქილების ქვაშლი

განხეთქილების ქვაშლი

750

ჯონ ბასმა საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა, რიჩარდ ნორლანდი კი ჯერ კიდევ გზაშია. საგულისხმოა, რომ ქვების სროლა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხელისუფლებამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. თავდასხმები ოპოზიციასა და მედიაზე ძალზე ინტენსიური, ყოველდღიური გახდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ოპონენტებს, ვიდრე დაიწყება ოფიციალური ორთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ის იძულებული გახდება, გაცილებით ფრთხილად იმოქმედოს და პროცესებში არ ჩაერთვება აშშის ახალი ელჩი, რომელიც, იმისდა მიუხედავად, უჭერს თუ არა თეთრი სახლი მხარს ხელისუფლებაში სააკაშვილის დარჩენას, მაინც იძულებული გახდება, რეჟიმის გამორჩეულად ველური გამოხდომები გააკრიტიკოს და შეეცდება, ამ პრაქტიკაზე უარი ათქმევინოს. შესაძლოა, ამიტომ  ჩქარობს სააკაშვილი და, გამორიცხული არაა, რომ მალე ,,ქართული ოცნების» რეგიონულ ოფისებზე თავდასხმა და საშუალო რგოლების ლიდერებთან ანგარიშსწორება დაიწყოს.

პალეოლითში ჩარჩენილები

ხელისუფლების ბოლო ნაბიჯები დიდ საიმიჯო დანაკარგებს დაუკავშირდა, გასულმა კვირამ თითქოსდა «ჩააბეტონა» საზოგადოების აღქმაში სახე, რომლის დამალვას ადრე ის ნაწილობრივ მაინც ახერხებდა. აღნიშნული სახე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც წინასაარჩევნო პლაკატი, რომელზეც ორი პითეკანთოპია გამოსახული _ ქალი, რომელიც ისტერიულად კივის და მამაკაცი, რომელიც ქვას ისვრის. ეს იყო ირიბი, თუმცა წინასაარჩევნო კონტექსტში, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იმ «სპეცოპერაციისა», რომლის ფარგლებში ხელისუფლებამ შიდა ქართლის სოფლებში «ქართული ოცნებისთვის» გზის გადაღობვა გამგეობის თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრებისა და ზონდერჯგუფების მეშვეობით სცადა. ათიოდე დღეში თითქმის არავის ემახსოვრება, ჩატარდა თუ არა შეხვედრა ამა თუ იმ სოფელში, მაგრამ ამ ადამიანების სიძულვილით დამახინჯებული სახეები ელექტორატის მეხსიერებიდან ასე იოლად არ წაიშლება. ისე, ისტორიულ გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ადრე თუ გვიან შურდულები, ბოლოს კი კატაპულტები უნდა გამოიგონონ, თუმცა, როგორც ჩანს, იქამდე ჯერ კიდევ შორია, ჯერ მამონტებზე ხეირიანი ნადირობა ვერ უსწავლიათ.

რა თქმა უნდა, შიდა ქართლის სოფლებში განვითარებულ მოვლენებს აქვს სამართლებრივი ასპექტი, რომლიც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებისთვის ხელის შეშლას და უამრავ სამართალდარღვევას მოიცავს. ზოგმა ყოველივე ამის მიღმა, რეჟიმის დასუსტების ნათელი ნიშნები დაინახა, მაგალითად, ის, რომ სააკაშვილს იმდენად ცოტა აქტიური რიგითი მხარდამჭერი (ე.წ. პეხოტა) დარჩა, რომ იძულებული გახდა, ქუჩურ გარჩევებში მინისტრ ხაჩიძის ოჯახის წევრები და გამგებლები ჩაერთო («დალაგებულ დიქტატურებში» ასეთი ხალხი კადრს მიღმა რჩება). შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ეს განგებ, იმისთვის გაკეთდა, რომ ამ ადამიანებს უკან დასახევი გზა მოეჭრას, რაც თავისთავად რეჟიმის მდგრადობაზე არამც და არამც არ მიუთითებს. მაგრამ მთავარი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაინც საიმიჯო ასპექტია, მოვლენებმა ქართლში წინასაარჩევნოდ «ნაციონალური მოძრაობის» სახედ ისტერიკაში ჩავარდნილი ზონდერი აქცია.

იმდენი მოახერხეს, რომ საქმეში პატრიარქი ჩაერია და ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა: «ეს არის სირცხვილი თქვენი და ქართველი ერისა. როგორ ბედავს ადამიანი, რომ იღებს ქვას და მეორეს ესვრის, სად არის თქვენი სარწმუნოება და სიკეთე?!»

არადა, ბოლო საკადრო ცვლილებებმა თითქოსდა მისცა ხელისუფლებას შანსი, თავისი კამპანია, რომელსაც ძალზე უხეირო სტარტი ჰქონდა, სუფთა ფურცლიდან დაეწყო, თუმცა ამას ხელი ორმა ფაქტორმა შეუშალა. ჯერ ერთი, სააკაშვილმა, როგორც ჩანს, ვერ დაძლია თავისი, შიშებით დამძიმებული, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ოპონენტზე (შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის ივანიშვილის გარდა ვერაფერს ხედავს) და შესაბამისად, ვერ იპოვა უკეთესი გადაწყვეტილება მისი პროგრამის კოპირებისა და მისთვის ხელის შეშლის გარდა, რამაც მმართველი პარტიის კამპანია მეორადი ტანსაცმელივით არამიმზიდველი, ივანიშვილის კამპანიაზე დამოკიდებული გახადა. ამასთანავე, ნათლად გამოჩნდა, რომ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც, იდეაში, შესამჩნევად ანერვიულებული «ნაციონალები» უნდა დაემშვიდებია და განახლებული კამპანიის ლოკომოტივის როლი შეესრულებია, არ ჰყოფნის უნარჩვევები საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობისთვის. მაგალითად, ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია «მაესტროს» მისცა, საინფორმაციო თვითმკვლელობის აქტს მოგაგონებდათ. მერაბიშვილის ფონზე პავლე კუბლაშვილი და ნუგზარ წიკლაური შეიძლება დემოსთენედ და ციცერონად წარმოჩინდნენ, ის წარმოუდგენლად სუსტი ჩანდა.

შედარებით პერსპექტიულია ძველი შეცდომების გამოსწორების მიმართულება, მაგალითად, ბენზინზე ფასის შემცირება ან ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რის შესაძლებლობასაც ხელისუფლების წარმომადგენელბი არ გამორიცხავენ. თუმცა, იმის გარდა, რომ ასეთ ნაბიჯს აშკარა წინასაარჩევნო-პოპულისტური შეფერილობა ექნება, საჭირო გახდება «განტევების ვაცის» მოძებნა, რომელმაც ხელისუფლებას ეს შეცდომა «დააშვებინა», რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახადების ასეთი სწრაფი შემოღება-გაუქმება სრული იდიოტიზმის შთაბეჭდილებას დატოვებს. ხელისუფლება ორჭოფობს, მას, სავარაუდოდ, არ სურს წვალებით დაკავებული პოზიციების დატოვება და დამატებითი შემოსავლის დაკარგვა, თუმცა, თუ გარისკავს და ამ ნაბიჯს გადადგამს, ნეგატიური ემოციების გადამისამართება, ლოგიკურად თუ მივუდგებით, ქალაქის ხელისუფლებისკენ და გიგი უგულავასკენ მოხდება.

 მას საკმაოდ ცუდი პერიოდი დაუდგა: კობა სუბელიანი, რომელიც მის კადრად მოიაზრებოდა, უცერემონიოდ გაუშვეს მინისტრობიდან და პარალელურად დაიწყო უგულავას რეპუტაციისთვის გამანადგურებელი სკანდალი, რომელიც წმინდა სინოდის წევრებთან ურთიერთობაში მის არაკორექტულ ქცევას ეხება. ახლა კი შეიძლება დენი და ნაგავი შეახსენონ, ხატოვნად რომ ვთქვათ, მას «თბილისელი მეეზოვე კილოვატ საათოვი» უახლოვდება.

პირველი სისხლის წინათგრძნობა

კრიზისის პირობებში იჩინა თავი პრობლემამ, რომელიც მმართველი პარტიისთვის დიდად აქტუალური არ იყო მაშინ, როდესაც პოლიტიკური ვაკუუმის პირობებში მოქმედებდა. კონკურენციის შიშით, სააკაშვილმა, ფაქტობრივად, სრულად გაწმინდა მისი რიგები ქარიზმატული პიროვნებებისგან, რომელთაც იოლად შესამჩნევი ნაკლი არ ჰქონდათ; თან საქმის კეთება და თან ამომრჩეველთან დაუბრკოლებელი საუბარი, მისი მოსმენა შეეძლოთ. ამ პროცესს შეიძლება «არაბუნებრივი გადარჩევა» ვუწოდოთ. შედეგად, მის გვერდით დარჩნენ ადამიანები, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, არც აზრის მწყობრი გადმოცემა, არც ამა თუ იმ ფენისთვის გასაგებ ენაზე საუბარი ძალუძთ. მათი გამოსვლები გადატვირთულია მკვდრადშობილი შტამპებით, ხოლო განათლება, ხშირ შემთხვევაში, საეჭვოა. ისინი სადღაც შუაში, ტრანზიტულ მდგომარეობაში გაიჭედნენ; მათ უმრავლესობას «თავისიანებად» არც ერთი ფენა არ თვლის და მათ პრეტენზიებს ირონიულად უყურებს. მარჯვნიდან მათ ჩაესმით გამწარებული «გლეხი კაცითვინ მაინც არავინაა», ხოლო მარცხნიდან მედიდური _ «ნუ ლაპარაკობ ასე, ნუ შეურაცხყოფ ჩემს ინტელექტს» და დალაგებული პასუხის გაცემა არც ერთისთვის შეუძლიათ. ქვების სროლა (ფართო გაგებით), სავარაუდოდ, იმის გააზრებიდან დაიწყო, რომ ნაყოფიერი კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა.

კაცმა რომ თქვას, თემურლენგიც კი ვერ დააზარალებდა «ნაციონალურ მოძრაობას» ისე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა. ის აიძულებდა მის გვერდით აღმოჩენილ მოლიბერალო ინტელექტუალებს, გაემართლებიათ ათასი საზიზღრობა ლტოლვილების გასახლებისა და მიტინგების დარბევის ჩათვლით, რამაც ისინი თავის წრეში მარგინალურ, მიუღებელ ფიგურებად აქცია. არადა, ნებისმიერი «ნორმალური დიქტატორი» ასეთ ვითარებაში მათ ზომიერი ოპონირების, უკმაყოფილო ბუზღუნის ნებას დართავდა. იმ ადამიანებს, რომელთაც პოტენციურად შეეძლოთ სოფლებსა და რეგიონულ ცენტრებში ავტორიტეტულ ფიგურებად ჩამოყალიბებულიყვნენ, ამა თუ იმ ძალისმიერი აქციით ფეხქვეშ სამართლიანობის იდეა გაათელინა, ანუ გააკეთებინა ის, რის გაკეთებაც რეგიონებში არამც და არამც არ შეიძლება (იქ, იდეაში, მრავალფეროვანი პოლიტიკის გატარებაა შესაძლებელი, მათ შორის საკმაოდ ხისტის, მაგრამ სამართლიანობის იდეის ხელყოფა და შეუზღუდავ ძალადობაზე გადასვლა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია). მოკლედ, სააკაშვილი აკეთებდა ყველაფერს, რათა ეს ადამიანები გარშემომყოფებთან გადაულახავ კონფლიქტში შეეყვანა და საკუთარ თავზე მიება. მაგრამ ვის რაში სჭირდება ისინი დღეს, წინასაარჩევნოდ? რამდენი ამომრჩევლის მოზიდვა შეუძლია თითოეულ მათგანს?

დღევანდელი ძალადობა ხელისუფლების სისუსტიდან მოდის, მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მორბენალი, რომელიც დისტანციაზე ჩამორჩა, ქვას სწვდა და ახლა ცდილობს, ლიდერს როგორმე კეფაში მოარტყას. ამას არაფერი აქვს საერთო  სპორტთან და არჩევნებთან, ეს ყოვლისმომცველი სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყისს ჰგავს.

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს იმის თაობაზე, რომ «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერებს, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომელთაც დანაშაული ჩადენილი არ აქვთ, არაფერი ემუქრებათ და მუშაობის უპრობლემო გაგრძელება შეეძლებათ, ორმაგი ეფექტი მოჰყვა. საშუალო რგოლში ეს, სავარაუდოდ, ისე გაიგეს, როგორც ივანიშვილს ჰქონდა ჩაფიქრებული, და გამორიცხული არაა, რომ საარჩევნოდ, არცთუ ცოტა ჩინოვნიკი სააკაშვილის გემის დატოვებას დაიწყებს. მაგრამ ქვედა რგოლში, იქ, სადაც ზონდერების ძირითადი მასა ბუდობს, ზოგიერთმა მისი სიტყვები თავისებურად გაიგო და, როგორც ამ რგოლში ხდება ხოლმე, საკუთარი თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცა (ეს კერძო საუბრებშიც დასტურდება). მათ ჩათვალეს, რომ შეიძლება გააგრძელონ დღევანდელი პრაქტიკა, ხოლო, თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს, ისინი «მსუბუქად მოინანიებენ», რის შემდეგაც განსაკუთრებული პრობლემა არ შეექმნებათ. დღეს მათ, სხვა ყველაფერთან ერთად, დაუსჯელობის ეს წარმოსახვითი გარანტია აგულიანებთ და ივანიშვილმა, ალბათ, საგანგებოდ უნდა გააჟღეროს ახალი, კონკრეტული და არაორაზროვანი გზავნილი, რომელიც მათ ყურამდე მივა.

სიტუაცია კონტროლიდან გადის; სავსებით შესაძლებელი იყო კარალეთში ქვების სროლას მსხვერპლი მოჰყოლოდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე ზონდერები ოპოზიციონერებზე თავდასხმის დროს ცივ, შემდეგ კი ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებენ, მითუმეტეს, რომ ესკალაცია ამ ალგორითმით «მესამე სამყაროს» არაერთ ქვეყანაში არაერთგზის განვითარდა. საქართველოში ძალზე დაძაბული ატმოსფეროა, რომელსაც შეიძლება «პირველი სისხლის წინათგრძნობა» ვუწოდოთ.

თეფშოფობია: უკანასკნელი სტადია

ის გააფთრება, რომლითაც ხელისუფლება გასულ კვირას სატელიტურ თეფშებს ებრძოდა, ჰანიბალის ნაგიჟარ საბრძოლო სპილოებსაც შეშურდებოდა. მათი შეძენა და დამონტაჟება ერთობ პრობლემური გახდა (თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ანტენის ყიდვას  სააკაშვილის ჯინაზე აპირებენ), როგორც ჩანს, ხმები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ მაღაზიების მეპატრონეები და ხელოსნები დაამუშავა, უსაფუძვლო არ არის. დაყადაღებულია «მაესტროს» კუთვნილი ანტენები, ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებში შედიან, ტელევიზორს რთავენ და თუ რომელიმე, მათი აზრით, «ოპოზიციურ არხს» აღმოაჩენენ, მის ყურებას კრძალავენ. ამას, ცხადია, პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ეს ალალი შიზოფრენიაა, მის უკიდურეს, თეფშოფობიურ ფორმაში; არც ერთი ხელისუფლება, რომელსაც არათუ დემოკრატიულობის, არამედ ფარდობითი ცივილიზებულობის პრეტენზია აქვს, ასეთ რამეს არ სჩადის, რადგან მშვენივრად იცის, რომ XXI საუკუნეში ინფორმაციისთვის გზის გადაღობვა გამორიცხულია.

ქართველმა კომენტატორებმა არაერთი საათი დახარჯეს იმის გასარკვევად, თუ რატომ ეშინია სააკაშვილს კონკურენტების, წარმოსახვითი თვითმფრინავების, სხეულის გარკვეული ნაწილების ამპუტაციის და . . ალბათ, დროა, იმის დადგენა ვცადოთ, რა საფრთხეს ხედავს ადამიანი, რომლის მმართველობის წლებს მომავლის ისტორიკოსებმა, გამორიცხული არაა, «დიდი შიშიანობა» უწოდონ, სატელიტური ანტენების უკან?

მთავარი, რაც სააკაშვილს აშინებს, სავარაუდოდ, ტელევიზიის სამობილიზაციო პოტენციალია, ის, რომ მისი გამოყენებით ქუჩაში ასიათასობით ადამინის გამოყვანა, მეტიც, მათი მოქმედების კოორდინირებაა შესაძლებელი. მოვლენების განსხვავებული ინტერპრეტაციის შეზღუდვა ამ შემთხვევაში, ალბათ, მხოლოდ თანმდევი ამოცანაა, რადგან ადამიანი, რომელიც მსგავს აკრძალვას ეჯახება, არა მხოლოდ უკიდურესად ღიზიანდება, არამედ მყისიერად პოულობს ცენზურისგან თავისუფალი ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროს, გაზეთი იქნება ეს, ინტერნეტ-საიტი თუ რადიოსადგური, თუმცა ტელევიზიის პლუსი ისაა, რომ მას დროის ძალიან მცირე მონაკვეთში საზოგადოებრივ აზრზე განმსაზღვრელი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, მაყურებელთა განწყობის ერთგვარი სინქრონიზაცია და, როგორც უკვე ვთქვით, მათი გარეთ გამოყვანა. იმავეს გაკეთება სხვა საშუალებებითაც შეიძლება და «ტვიტერული რევოლუციები» ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, თუმცა ტელევიზია დღევანდელ საქართველოში მაინც გამორჩეულად ეფექტურია.

ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ხელისუფლება აპირებს «მასთ ქერის» პრინციპზე უარი არჩევნების დასრულებისთანავე თქვას, რაც იმას ნიშნავს, რომ საკაბელოები ე. წ. ოპოზიციურ არხებს პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გათიშავენ. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამავე დროს ინტერნეტთან ან სულაც ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნება.

ხელისუფლების ყველაზე დიდი კოშმარი ქუჩაში გამოსული ასიათასობით ადამიანია, რომლებიც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ. იმისათვის, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, მან შეიძლება არა მხოლოდ მაქსიმალურად შეზღუდოს ამა თუ იმ ტელევიზიის ხელმისაწვდომობა, რასაც დღეს ცდილობს, არამედ შენობებშიც შეუვარდეს და მაუწყებლობა შეუჩეროს, როგორც ეს 2007-ში «იმედთან» მიმართებაში გააკეთა. ასევე უშუალოდ არჩევნების შემდეგ შეიძლება დააკავონ ოპოზიციის ის ლიდერები, რომელთაც ხელისუფლება განსაკუთრებით საშიშად აღიქვამს.

მოკლედ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თბილისის (და სხვა ქალაქების) ცენტრში უზარმაზარი გამძვინვარებული მასა არ გამოვიდეს, რომლის დაშლა ხელკეტებითა და სპეცსაშუალებებით შეუძლებელი გახდება და ხელისუფლება საბედისწერო არჩევანის წინაშე დადგება _ ისროლოს თუ არა ტყვია.

 ეს კი საკუთარი სიცოცხლის სასწორზე შეგდებას ნიშნავს, რაც სააკაშვილს ყველაზე ნაკლებად სურს. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მას ამ მომენტში რაიმე ზნეობრივი წინაღობა დააბრკოლებს, თუმცა შიშმა ნამდვილად შეიძლება შეაჩეროს. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის შიში ქართული ოპოზიციის საუკეთესო მოკავშირეა, უბრალოდ, მას მართებული გამოყენება უნდა.

თუმცა, მთავარი ამ სიტუაციაში ისაა, რომ ხელისუფლება (სავარაუდოდ) ემზადება პოსტ-საარჩევნო დღეებისთვის იმ შაბლონების მიხედვით, რომლებიც «ვარდების რევოლუციის» და «არაბული გაზაფხულის» გამოცდილების გააზრების შემდეგ შეიმუშავა. თუ ოპოზიციის ტაქტიკა პრინციპულად განსხვავებული, ორიგინალური იქნება, სააკაშვილი, 99%-იანი ალბათობით, დაიბნევა და მართვის სადავეებს ხელიდან გაუშვებს. შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ საზოგადოებას მსგავსი ტაქტიკა შესთავაზოს? თუმცა, ვიდრე ამ კითხვაზე პასუხის ძებნას დავიწყებთ, ალბათ, მიზანშეწონილია, სხვა კითხვას ვუპასუხოთ: მივალთ თუ არა არჩევნებამდე საერთოდ? დღეს, ძალადობის სწრაფი ესკალაციის ფონზე, ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები გაჩნდა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here