Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის დალაქის საიდუმლო

სააკაშვილის დალაქის საიდუმლო

767

მიხეილ სააკაშვილი მაზოხისტია, _ ამ დასკვნამდე შეიძლება არაერთი კომენტატორი მივიდეს, რადგან ქართულ პოლიტიკას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც ადამიანმა თვენახევრის განმავლობაში ერთი და იგივე შეცდომა სამჯერ დაუშვა, ამდენჯერვე ჩავარდა ორმოში და, დამამცირებელი მარცხის მიუხედავად, იმავე ორმოსკენ მიმავალი გზა მეოთხედ გაიარა. ხელისუფლებამ სამჯერ სცადა, დაეშინებია რეგიონების მოსახლეობა, რათა «ქართული ოცნების» ხალხმრავალი აქციების ჩატარებისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ სამივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. გორის აქციის წინ მან აბსოლუტურად იგივე გაიმეორა, თანაც ისეთი მონდომებით, თითქოსდა მას არა პოლიტიკური, არამედ მართლაც რომ მაზოხისტური მოტივები ამოძრავებდა.

გონიერი პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ, რომ მათთვის არასასურველ მოვლენებს ნაკლები ყურადღება მიექცეს, ხოლო საზოგადოების დამოკიდებულება მათდამი, როგორც მინიმუმი, ორაზროვანი გახდეს. სააკაშვილი საპირისპიროს აკეთებს, თავისი კონტრქმედებებით ის ახდენს საყოველთაო ყურადღების მობილიზებას და მის მიმართვას მომავალი თავყრილობის მიმართ. ასე მაგალითად, კარალეთის შეტაკებამ და წინმსწრები ინციდენტების სერიამ გორის მიტინგისთვის ერთგვარი პრომოაქციის როლი შეასრულა. ამის გამო აქციამდე 3-4 დღით ადრე, თითოეული ცნობა შიდა ქართლიდან, დამოუკიდებელ მედიასა და სოციალურ ქსელებში განსახილველი საკითხების ტოპხუთეულში ლამის ავტომატურ რეჟიმში ხვდებოდა; საზოგადოება დაინტერესდა, _ რა კულმინაცია ექნება ამ დაპირისპირებას. ბოლოს ყველაფერი ისე დასრულდა, რომ მომხდარისთვის სხვა შეფასების მიცემა, სააკაშვილის მორიგი მარცხის გარდა, პრაქტიკულად შეუძლებელი შეიქნა. მართალია, დაშინებამ გარკვეული შედეგი გამოიღო და გურიაში დამყარებული რეკორდის მოხსნას ადგილი არ ჰქონია (იმათ ვინ აჯობებს…), თუმცა მომიტინგეთა რაოდენობა, ნებისმიერ შემთხვევაში, შთამბეჭდავი იყო;  გააფთრებული წინააღმდეგობის, მიტინგის სავარაუდო დარბევაზე ჭორების მიზანმიმართული გავრცელების მიუხედავად, აქცია შედგა.

ყოველივე ეს სააკაშვილმა საკუთარ თავს თვითონ დამართა, ზედიზედ მეოთხედ, ყოველგვარი იძულებისა და ძალდატანების გარეშე. იმის ნაცვლად, რომ ეცადა, ჩაეჩოჩებინა ეს მიტინგი საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზე, მან, თავისი  ნაბიჯებით, მას ლამის სიკეთისა და ბოროტების გადამწყვეტი შერკინების დატვირთვა შესძინა, რომელშიც, ტრადიციისამებრ, დამარცხდა. 

სააკაშვილი, როგორც ჩანს, მართლა ჩაიციკლა ივანიშვილზე და ამაზე უკვე ანეგდოტები დადის: ვანო მერაბიშვილი შედის საპარიკმახეროში და ხედავს, რომ დალაქი სააკაშვილს ყურში ჩასჩუჩულებს: «ბიძინა, ბიძინა, ბიძინა…». «რას შვები?!» _ ეკითხება გაკვირვებული მერაბიშვილი. «ასე თმები ყალყზე უდგება და კარგად ვჭრი», _ პასუხობს დალაქი.

დროებით დავტოვოთ «ნაცმოძრაობის» ბელადი გამოცდილი დალაქის ხელში; ამით არაფერი დაუშავდება, ბოლო-ბოლო ეს პარიკმახერია და არა სანიტარი და «ქართული ოცნების» გორის აქციას დავუბრუნდეთ. იყო ერთი გარემოება, რომელიც მას თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთისა და მცხეთის თავყრილობებისგან განასხვავებდა. გორში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, მომიტინგეები აპროტესტებდნენ უსამართლობას, სიღარიბეს, ტერიტორიების დაკარგვას, უმუშევრობას და ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას, მაგრამ, ამასთანავე, გორის ქუჩებში გამოსულმა ქართლელებმა უთხრეს ხელისუფლებას  ის, რასაც აგვისტოს ომის შემდეგ ოთხი წელი გულით დაატარებდნენ. ეს იყო მათი პასუხი იმაზე, რაც სააკაშვილმა ამ კუთხეს დამართა, პასუხი ომზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მიტოვებაზე, ღალატზე, ქვეყნის დანაწევრებაზე, ტკივილსა და სირცხვილზე, რომელიც მან საქართველოს 2008-ში მოუტანა.

აქ, ალბათ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართლელები გამორჩეულად მედგარი ადამიანები არიან, ტკივილის გადატანა ზედმეტი ისტერიკის, სპეკულაციებისა და თეატრალური ჟესტების გარეშე შეუძლიათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას საერთოდ ვერ გრძნობენ, ან იმას, რომ რაიმე დაავიწყდათ. აგვისტოს ომმა თავისი პროლოგითა და ეპილოგით, რომელიც დღემდე გრძელდება, ამ რეგიონის ცხოვრებაზე განმსაზღვრელი ზემოქმედება მოახდინა და გასაკვირი არაა, რომ თემები, რომლებიც მას პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებოდა, გორის მიტინგზე დომინანტური იყო.

კაცი, რომელიც მეხუთე აბზაცში საპარიკმახეროში ყალყზე დამდგარი თმებით დავტოვეთ, 2008 წლის მოვლენებს ისე აღწერს, თითქოს თითოეულ ეპიზოდში, უმძიმესი ფაქტორების ზეწოლის ქვეშ, ის შესაძლებელთაგან მოქმედების საუკეთესო ვარიანტს ირჩევდა. არც ერთ, თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვან, ეპიზოდზე მას არ უთქვამს «აქ შევცდი» ან «მინდა პატიება გთხოვოთ». ამდენი «სწორი» გადაწყვეტილება და კატასტროფული შედეგი ერთმანეთთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდის. საბოლოოდ, «სააკაშვილის უცოდველობის დოგმატის» დაცვის ჟინით შეპყრობილმა სახელისუფლო პროპაგანდამ აგვისტოს ომის პოლიტიკური ისტორია ურთიერთწინააღმდეგობრივი, ხშირ შემთხვევაში, აბსურდული მითების კრებულად აქცია. სააკაშვილის ყმაწვილკაცობიდან მოყოლებულმა სურვილმა (კომპლექსმა?) _ მუდამ ხუთოსნად წარმოჩინდეს, ხელი შეუშალა მას, საზოგადოებისთვის 2008 წლის მოვლენების დამაჯერებელი, სიმართლესთან ასე თუ ისე ახლოს მდგომი ინტერპრეტაცია შეეთავაზებია. ამის გამო ჩვენ მუდამ ვუბრუნდებით აგვისტოს ომის ბურუსით მოცულ ეპიზოდებს, ვეძებთ პასუხებს და ამ პროცესში სააკაშვილი უამრავ ქულას კარგავს. გორი იყო ის ადგილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი ამ ომზე და მისი უმძიმესი შედეგების აღმოფხვრაზე; აუდიტორია ამას ელოდა.

«ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის შემდეგ სამხედრო მოქმედებები ისე დაიწყო, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები. ხელისუფლების მოქმედებები იმ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. მაღალი თანამდებობის პირები სრულიად სამარცხვინოდ იქცეოდნენ. უზნეობაა, ლამის გამარჯვებულად გამოაცხადო ომი, რომელსაც 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია მოჰყვა», _ განაცხადა «ქართული ოცნების» ლიდერმა, თუმცა გაცილებით მეტი დრო მომავალს, კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე საუბარს დაუთმო. ნორმალიზაციას, მისი აზრით, საფუძვლად ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა უნდა დაედოს; გაიხსნება ერგნეთის ბაზრობა, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს სივრცეს სახალხო დიპლომატიისთვის; ცხინვალელ ოსებთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყება.

ცხადია, არ შეიძლება ერგნეთის ძველი ბაზრობა მიწიერ სამოთხედ წარმოვაჩინოთ, მიუხედავად იმისა, რომ ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქართველებსა და ოსებს შორის დაახლოების საქმეში, მას კონტრაბანდა, კორუფცია და უკანონო გარიგებები უკავშირდებოდა. დღეს, სახელისუფლო მედიასაშუალებები ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ივანიშვილი ძველი ბაზრობის აღდგენას აპირებს, «ქართული ოცნების» ლიდერი, ალბათ, უნდა დაკონკრეტდეს და დაამტკიცოს, რომ ახალ პროექტზე საუბრობს, რომელიც წარსულიდან მხოლოდ კარგს აიღებს. თუმცა უკვე დღეს, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოდ, რომ ქართლში მის ინიციატივას დადებითი რეაქცია მოჰყვება, იქ ერგნეთის ბაზრობა დამატებით შემოსავალთან და, რაც მთავარია, მშვიდობასთან ასოცირდება. ივანიშვილი ქართლელებს რუსული ბაზრის გახსნასაც დაჰპირდა, რაც ამ რეგიონს ჰაერივით სჭირდება.

ნიშანდობლივია, რომ ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ცხინვალელ ოსებთან ურთიერთობების დალაგება პირველ ადგილზე დააყენა, რითაც საქართველოში გავრცელებული, მანკიერი ტრადიცია დაარღვია. რა დასამალია და, ჩვენში ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ მთავარია დარეგულირება მოსკოვთან, ხოლო ოსების ინტერესები და მათი პოზიცია სათვალავში   ჩასაგდები, პრინციპში, არ არის და, ფელდმარშალი ფონ შლიფენი რომ იტყოდა, «უმნიშვნელო დაბრკოლებას» წარმოადგენს. ჩვენ, ალბათ, ფატალური შეცდომა  დავუშვით, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს მოსაზრება გაიზიარა.

მთავარი გზავნილი, რომელიც «ქართული ოცნების» ლიდერმა გორში (ცხადია, არა პირდაპირი ტექსტით) გააჟღერა, ძალიან მარტივი და გასაგები იყო: ივანიშვილი უდრის მშვიდობას. თუ არ იქნება მშვიდობა, უკან დაგვრჩება სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, საყოველთაო დაზღვევა და გაზრდილი პენსიები. ეს ელემენტარული, ფუნდამენტური რამ, არცთუ იშვიათად გვავიწყდება. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ სააკაშვილი უდრის ომს, ახლა იმის დადგენაღა დაგვრჩა, მოგვიტანს თუ არა ივანიშვილი მშვიდობას, რის შემდეგაც არჩევანთან დაკავშირებით, ალბათ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით.

ორიოდე სიტყვით იმ საინტერესო თამაშზე, რომელსაც ივანიშვილი ხელისუფლების საკვანძო ფიგურებთან აწარმოებს. მიტინგზე მან მერაბიშვილს ძველი ცოდვები შეახსენა, ხოლო ჟურნალისტებთან საუბარში, «ნაციონალების» ინიციატივას «წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ ერთიანი დოკუმენტის შექმნის» თაობაზე, რომელიც ძალადობაზე და ამომრჩევლის მოსყიდვაზე უარის თქმასთან ერთად გულისხმობს «ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებას», შემდეგი კომენტარი მოაყოლა: «მათგან მოწოდებულს არაფერს სერიოზულად არ ვღებულობ». ფორმულას «ძალადობაზე უარის თქმა (ენ-დი-აი-ს მიერ «გაპრავებული») შედეგების აღიარების სანაცვლოდ», ცოტა არ იყოს, შანტაჟის ელფერი დაჰკრავს, თუმცა, ამასთანავე, ის ნაწილობრივ ზღუდავს უხეში ძალისმიერი მეთოდების მომხრეებს (ასეთებად, როგორც წესი, სააკაშვილი და ახალაია მოიაზრებიან) და წინა პლანზე გამოჰყავს ფიგურები, რომლებმაც შეიძლება, «სამშვიდობო პროცესის» მოდერატორის როლი მოირგონ, მაგალითად, გიგა ბოკერია, რომელიც სამთავრობო კარუსელის დროს, მარტივად რომ ვთქვათ, გვერდზე გაწიეს. ივანიშვილის პირველი გზავნილი, რომლის მიტანა მას მერაბიშვილის, ბოკერიასა და სხვა მმართველების ყურამდე სურდა, სავარაუდოდ, ის იყო, რომ მათ თანასწორუფლებიან პარტნიორებად არ განიხილავს და მათ მიერ შემოთავაზებული წესებით თამაშს არ აპირებს. თუ ისინი თამაშის მის წესებს მიიღებენ, ხომ კარგი, თუ არა და, ის მათ სააკაშვილთან და ახალაიასთან «ერთ ქვაბში მოხარშავს». საინტერესოა, რომ «ნაციონალების» ინიციატივაზე საუბრის დასასრულს, მისი მიწასთან გასწორების შემდეგ, ივანიშვილმა (ერთობ პარადოქსულად) თქვა: «თუ ამაზე მოწოდება იქნება, აუცილებლად შევუერთდებით», რაც შეიძლება იყოს გზავნილი დასავლელი პარტნიორებისადმი, პასუხისმგებლობა ამ ინიციატიავაზე საკუთარ თავზე აიღონ (ან არ აიღონ), რადგან მერაბიშვილის, ბოკერიას ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის თვითშემოქმედება ნაკლებად აინტერესებს. მოკლედ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილმა მიანიშნა სააკაშვილის გარემოცვის წევრებს, რომ ნებისმიერი ტაქტიკური ან სტრატეგიული ალიანსი სააკაშვილისა და ახალაიას წინააღმდეგ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ივანიშვილის პირობებს დათანხმდებიან და მის წამყვან როლს აღიარებენ.

ამდენ საუბარში სულ დაგვავიწყდა, რომ სააკაშვილი საპარიკმახეროში, ექსპერიმენტატორი დალაქის ხელში, დავტოვეთ და მის დასახსნელად, ალბათ, საგანგებო ექსპედიცია უნდა მოვაწყოთ, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება შესაბამის სურვილს დააფიქსირებს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here