Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი გელბახიანი: ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მომიხადოს

ვალერი გელბახიანი: ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მომიხადოს

1462

ვალერი გელბახიანი ბიძინა ივანიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღირსების შელახვისთვის მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს. «საქართველო და მსოფლიოს» საზოგადოებრივი მოძრაობა «ჩემი საქართველოს» ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი ესაუბრება.

_ ბატონო ვალერი, «ქართული ოცნების» გორის აქციაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ თითქოს ხუმრობით ნათქვამმა ფრაზამ თქვენი აღშფოთება გამოიწვია. მეტიც, ბრძოლაშიც კი გამოიწვიეთ. რას აპირებთ?

_ ბიძინა ივანიშვილს ხუმრობით არაფერი უთქვამს. ნათქვამის კონტექსტი ჩემთვის ძალიან გასაგები იყო. მან მოიყვანა შედარება, თითქოს ვალერი გელაშვილს ჩაესვლება ხაშურსა და საჩხერეში და მე _ არა. მისი გამონათქვამი ცინიკური და დამამცირებელი იყო ჩემთვის. ეს იყო ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის  შელახვის მცდელობა. ხოლო, როცა სერიოზული ტრიბუნიდან სერიოზული განცხადება კეთდება, იქ შეცდომაზე საუბარიც არ უნდა იყოს. თუ ივანიშვილი შეცდომებს ასე ადვილად უშვებს, მაშინ მას ამდენი პრეტენზია და ამბიცია არ უნდა ჰქონდეს.

მე ბიძინა ივანიშვილის შესახებ დამამცირებელი და ღირსების შემლახველი არასდროს არაფერი მითქვამს. როცა კაცთან არ გაქვს ურთიერთობა, არაფერი იცი მის შესახებ, არ უნდა ჩათვალო, რომ უფლება გაქვს, მასზე ყველაფერი ილაპარაკო, რადგან გამოდის, რომ სხვებს უჯერებ და რაღაც ჭორების მიხედვით აკეთებ შეფასებებს. თუ ასე არ არის, მაშინ გამოვიდეს და თქვას, რის საფუძველზე განაცხადა, რომ საჩხერეში არ ჩამესვლება. რამდენიმე დღეში, ბიძინა ივანიშვილისგან ახსნა-განმარტებას საჯაროდ მოვითხოვ.

_ აღნიშნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენ შესახებ ჭორებს დაუჯერა. რას გულისხმობთ?

_ არ ვიცი, უამრავი პარტია ჰყავს კოალიციაში, ჭრელი კონგლომერატია. თუმცა ჩემ მიმართ კოალიციის წევრების დამოკიდებულება, დიდი ხანია, ცხადი იყო. მაგალითად, როცა რამდენიმე ხნის წინ კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩემზე თქვა, მოსიარულე კომპრომატიაო (მაგრამ რა იგულისხმა კომპრომატში, არ დაუკონკრეტებია), არ მივაქციე ყურადღება და ჩავთვალე, რომ ეს აზრი ამ ადამიანის ჩემდამი პიროვნული დამოკიდებულების შედეგი იყო, მაგრამ დღეს ასე აღარ მოვიქცევი, რადგან უკვე მათმა ლიდერმა იგივე საჯარო ტრიბუნიდან განაცხადა.

საინტერესოა, რას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ საჩხერეში არ ჩამესვლება. ამით საჯაროდ ხომ არ აცხადებს, რომ არ ჩამიშვებს, ან გამაძევებს, ან დამიჭერს? ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ჯერ არ მოსულა და უკვე ასეთ განცხადებებს აკეთებს. კაცი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს იწუნებს და ამბობს, რომ უზნეოდ ექცევიან, თავად ზნეობრივად მომექცა? ან დავიჯერო, მისი განცხადება დემოკრატიული და სამართლიანია? ბიძინა ივანიშვილი უზნეოდ მომექცა. მას არ აქვს უფლება, ყველას ტალახი ესროლოს. თუ არის ზეკაცი და ღმერთი, სხვა საქმეა, მაგრამ მე ივანიშვილიც ჩვეულებრივი ადამიანი მგონია და ვინ მისცა მას უფლება, დამამცირებელ კონტექსტში ისაუბროს ჩემზე საჯარო ტრიბუნიდან? ივანიშვილი გვპირდება, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღარ იქნება ხელისუფლების მხრიდან ხალხისადმი დამამცირებელი დამოკიდებულება, მაგრამ ამაზე მეტი დამცირება რა გინდათ, როგორც მე დამამცირა? იმას, რასაც სხვებს ჰპირდება, იმავე ტრიბუნიდან თავად არღვევს.

_ რას გულისხმობდით, როცა განაცხადეთ, რომ ბრძოლას უცხადებთ ბიძინა ივანიშვილს?

 _ რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართლებრივ ბრძოლას ვგულისხმობდი. გავაკეთებ იმას, რასაც ჩემი მოქალაქეობრივი და პროფესიული ეთიკა მოითხოვს. ჯერ საჯაროდ მოვითხოვ, ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მომიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაასახელოს რის საფუძველზე აკეთებს ასეთ განცხადებას და რა აქვს მხედველობაში, როცა ამბობს, რომ საჩხერეში არ ჩამესვლება. რაიმე დანაშაული ან უწესო საქციელი მაქვს ჩადენილი? თუ ჩემი დეპუტატობის პერიოდში უსამართლოდ ვიქცეოდი? პირიქით, საჩხერეში ხალხს რომ უსამართლოდ იჭერდნენ, როცა დეპუტატი ვიყავი, ყველას ვეხმარებოდი.

_ ბიძინა ივანიშვილს ბრძოლა გამოუცხადეთ. არ ფიქრობთ, რომ მასთან ბრძოლაში დამარცხდებით? საზოგადოების მხარდაჭერა რამდენად გექნებათ მაშინ, როცა ივანიშვილს ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს…

_ არ არის ასე. მოდი ასე ვთქვათ, ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილს კი არ უჭერს მხარს, დღეს ეს ხალხი ამ ხელისუფლების სიძულვილით არის ივანიშვილთან მისული, რადგან იმედი აქვს, რომ ის ხელისუფლებას შეცვლის. ამიტომ ის, რომ ხალხს უყვარს ივანიშვილი, ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე თუ მიხეილ სააკაშვილი, თავის დროზე, ხელისუფლებაში ხალხის მხარდაჭერით მოსული ლიდერები იყვნენ. პოლიტიკური ამბიციების მქონე ადამიანებისთვის კი ხალხის განწყობა სპეკულაციის საგანია, მაგრამ, როცა პოლიტიკოსი არჩევნებს იგებს და მოდის ხელისუფლებაში, უკვე ისიც მიუღებელი პერსონა ხდება იმავე საზოგადოებისთვის, რომელიც ერთ დროს მხარს უჭერდა.

_ ანუ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილიც «სააკაშვილად იქცევა», როცა ხელისუფლებაში მოვა?

_ ჯერ არ მოსულა და ხომ ხედავთ, უკვე რა უაპელაციო განცხადებებს აკეთებს?! ვიღაც ენას მიუტანს და მერე ყოვლად უსაფუძვლო ინფორმაციას ახმოვანებს. თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა ჩემ მიმართ, ელემენტარულად, სხვაგვარად შეეძლო ეთქვა ან დიპლომატიურად დაერეგულირებინა ურთიერთობა, მაგრამ ადგა და ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური ტრიბუნა გამოიყენა. ივანიშვილს, ალბათ, ეგონა, რომ მისი ნათქვამი რაიმეს დამაკლებდა. ვერაფერს დამაკლებენ, იცოდეს მაგანაც და სხვებმაც, იმიტომ, რომ ჩემთვის პოლიტიკური ბრძოლა «ახალი ხილი» არ არის. რაც პოლიტიკაში ვარ, ყველა ხელისუფლებასთან ბრძოლა მიწევდა. დამაკლეს რამე? ვერ შემაშინეს, რადგან ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიდექი და მუდამ ვიდგები.

კაცი, რომელსაც სახელმწიფოს მესაჭეობაზე აქვს პრეტენზია, ჭორებს აყოლილი არ უნდა იყოს.

_ როცა უპირისპირდებით და აკრიტიკებთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი იმედია, თქვენ რა გამოსავალს, რა ალტერნატივას სთავაზობთ იმ საზოგადოებას, რომელსაც აღარ სურს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება?

_ ალტერნატივა იყო ოპოზიციის გაერთიანება, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ. ამიტომ, როცა ალტერნატივას აღარ ტოვებ და საზოგადოებას დამარცხებისთვის წირავ, მე მგონი, ეს საზოგადოების წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაულია, რადან ამომრჩეველი შეცდომაში შეგყავს და ამ შემთხვევაში მხოლოდ შედეგით კმაყოფილდები. ამასაც ვნახავთ, თუ არ იქნება შედეგით კმაყოფილი და თუ არ შევა პარლამენტში არჩევნების წაგების შემთხვევაშიც კი…

_ როდესაც «ქართული ოცნების» ან ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები გაკრიტიკებენ, თქვენ მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია ის არის, რომ საქართველოში თქვენს ჩამოსვლას ხელისუფლებასთან გარიგებას უკავშირებენ.

_ მაგათი შიშით დედა არ მენახა და აღარ ჩამოსვულიყავი? მათი უზნეო აზრით, მომაკვდავი მშობელი და შვილი ნახავენ თუ არა ერთმანეთს, სააკაშვილზე ყოფილა თურმე დამოკიდებული. მე ჩემი გადასადგმელი ნაბიჯი გადავდგი და, თუ დამიჭერდნენ, ამისთვისაც მზად ვიყავი. არც ერთ მათგანს არ ვუსურვებ არც ციხეს და არც ემიგრაციას, მაგრამ, როცა გამოცდიან, მიხვდებიან, რა სისულელეს ლაპარაკობდნენ და რა ცინიზმი ახრჩობდათ. რა ვუპასუხო ამ უსინდისო და უზნეო ადამიანებს?!

ასეთი საშინელი ტრაგედია მქონდა ოჯახში და იმის მაგივრად, რომ მოესამძიმრებიათ, სოციალური ქსელები გადააჭრელეს ჭორებით, ვითომ საქართველოში ხელისუფლებამ ჩამომიყვანა.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებთ, რომელსაც ინა გუდავაძე დააფინანსებს. 

_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება და არ ვიცი, რატომ გავრცელდა.

_ მაგრამ თქვენ აღნიშნული ინფორმაცია პრესასთან დაადასტურეთ.

_ მე ვადასტურებ, რომ, თუ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გადაწყვეტს პოლიტიკაში მოსვლას, მე სიამოვნებით მივალ და მხარს დავუჭერ. არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც პარტიის ხელმძღვანელი ვიქნები. პარტიის რიგით წევრადაც რომ მომიწიოს ყოფნა, ყოველგვარი მოტივაციების გარეშეც დავუჭერ მხარს, ვინაიდან მე ვიყავი ბადრი პატარკაციშვილის თანამებრძოლი და არ მინდა ვიყო სხვისი თანამებრძოლი.

_ ანუ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის?

_ არც ვიცი, რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს არის ჭორი, ჩემი მხრიდან პარტიის შექმნა გამორიცხულია. რაც შეეხება ინა გუდავაძის პოლიტიკაში მოსვლას, ესეც ჭორი მგონია, თუმცა, თუ რამე რეალობაა ამ ჭორში, მივესალმები.

_ თქვენ ამ საკითხზე პირადად არ გისაუბრიათ ქალბატონ ინასთან?

_ არა, არ მისაუბრია.

_ და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა NDI-კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში «ნაციონალურ მოძრაობას» 36%, «ქართულ ოცნებას» კი 18% უჭერს მხარს. რამდენად რეალურად შეიძლება ასახავდეს აღნიშნული სოციოლოგიური კვლევა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო სურათს?

_ ხელისუფლება ძალიან ბევრ ბერკეტს ფლობს, რათა თავისი მხარდამჭერები აკონტროლოს. გააჩნია, რა კონტინგენტს შორის ჩატარდა ეს გამოკითხვა. რაიმე კომპაქტური დასახლება თუ გამოკითხა, მაშინ ეს რეალური ციფრებია და მთელ საქართველოში არსებულ ვითარებას, ცხადია, ეს კვლევა ვერ ასახავს. არც «ნაციონალების» 36% მგონია ნამეტანი მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ვფიქრობ, «ქართულ ოცნებას», ალბათ, მათზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here