Home რუბრიკები პოლიტიკა მანანა კობახიძე: მიშას ისევე არ შეიძლება ენდო, როგორც საპნის ბუშტს

მანანა კობახიძე: მიშას ისევე არ შეიძლება ენდო, როგორც საპნის ბუშტს

883

«ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარესთან _ მანანა კობახიძესთან საუბარი ერთგვარ ბლიცინტერვიუდ ჩამოყალიბდა, სწრაფი ჭადრაკის მსგავსი რამ _ შეკითხვები და პასუხები მიმდინარე საკითხებზე.

_ ქალბატონო მანანა, თქვენი პარტიის და სრულიად კოალიციის მიზანი პირველ ეტაპზე არჩევნების გზით ამ ხელისუფლების შეცვლაა. ხომ ასეა?

_ დიახ.

_ ამის განხორციელებას მშვიდობიანად აპირებთ?

_ დიახ.

_ არის კი «საქართველოში არჩევნების ჩატარების შესანიშნავი პირობები», როგორც ეს აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში განაცხადა და დასძინა, რომ უკეთესის სურვილი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის, მათ შორის, _ შეერთებულ შტატებშიცო?

_ (ეღიმება) ის, რომ არჩევნების გზით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას,  განპირობებულია უახლესი ისტორიული პრაქტიკით. ჩვენ მომსწრე ვიყავით არაერთი რევოლუციის, რომლებმაც არ მოიტანა ისეთი, შედეგი, როგორსაც ველოდით. ამ ტალღას, სამწუხაროდ, ბევრი ღირებულება შეეწირა, მათ შორის უმთავრესი _ ადამიანის უფლებები.

ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ და გვინდა, რომ ეს ქვეყანა მომავალ თაობას უკეთესი დავუტოვოთ.

გვაძლევს თუ არა ხელისუფლება ამის მშვიდობიანად გაკეთების უფლებას? არ გვაძლევს! თუ ვინმეს უნდა დაპირისპირება, თუ ვინმეს ხელს აძლევს არეულობა, ეს ხელისუფლებაა.

ჩვენ მზად ვართ ამისთვის, საზოგადოებაც, მე მგონი, მზადაა, იცის, რომ ესენი თავიანთ მდგომარეობას იოლად არ დათმობენ.

რაც შეეხება ბატონ ბასის დამოკიდებულებას.

თუ ის გულისხმობდა ქაღალდზე დაწერილ კანონს, გეტყვით, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში თუ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, ბევრი ხარვეზია, ბევრი რამაა საკამათო და სადისკუსიო.

თუ შუა აზიის კანონმდებლობას შევადარებთ, შეიძლება იქ ისიც არ იყოს, რაც ჩვენთან არის.

ბატონი ბასი სხვა განცხადებას ვერ გააკეთებდა, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყო, რომ შეიგრძნო ამ კანონის მთელი უსამართლობა. ამერიკის მოქალაქე ამას ისე ვერ აღიქვამს, როგორც ჩვენ _ ამ ქვეყნის შვილები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პირდაპირი სამიზნე ვართ, როგორც უსამართლო კანონის მოქმედების, ასევე, კანონის არასწორად გამოყენების თვალსაზრისით. შედეგად ჩამოყალიბდა ისეთი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ბრძოლის ველს ჰგავს: თავდასხმები ჩვენზე, ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა, ჩვენ წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, რომელიც «ნაციონალურ» ტელეარხებზეა აგორებული.

_ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვა ზოგიერთმა მიმომხილველმა შეაფასა როგორც ლობისტების ომი _ ხელისუფლებისა და «ქართული ოცნების» ინტერესების დამცველთა ორთაბრძოლა.

_ პოზიციების დაპირისპირება იყო. ერთი მხარე ლობირებდა საქართველოს ხელისუფლებას, ევროპის სახალხო პარტია ლობირებდა მიხეილ სააკაშვილს, თავისი წევრის ინტერესებს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ასეა. მეორე მხარე _ ლიბერალების ჯგუფი, ძალიან შეშფოთებულია იმ სიტუაციით, რომელიც საქართველოშია.

არჩევნებით ევროპარლამენტის დაინტერესება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანი არ იყო. სირიასა და ეგვიპტესთან ერთად საქართველოზეც რომ იმსჯელეს, ცხადია, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორც ამათი ლობისტები, თვითონ ესენიც.

ოთხი ადამიანი ცალსახად უჭერდა მხარს ხელისუფლების პოზიციას _ პოლონელები და ლიტველები, რომლებსაც, სამწუხაროდ, იმდენად ორგანული ზიზღი აქვთ რუსების მიმართ…

_ ისტორიულიც…

_ დიახ, ისტორიულიც… რომ მათთვის სულერთია, მიშა დემოკრატიულია თუ არა. მათ ხიბლავთ, რომ იგი ღიად და დაუფარავად მტრად მოიხსენიებს, ლანძღავს და ყოველნაირ უხამს ეპითეტებს ხმარობს რუსეთის მისამართით. ვფიქრობ, ასეთი რამ დაუშვებელია, დიპლომატიურად გამართლებული არ არის,  პოლიტიკოსი თავის გამონათქვამებს უნდა უფიქრდებოდეს, როცა ამ ქვეყანასთან  გამწვავებული დაპირისპირება გაქვს.

_ სწორედ ამიტომ _ უფრო მეტად.

_ დიახ. მიშა მათთვის მისაღებია, რადგან მისი გამოხდომები თანამოაზრეობასთან ასოცირდება. ასე ჩანს. მით უფრო, რომ სააკაშვილი იმ ეროვნული პარტიის წევრია, რომელიც ამ ყველაფერს ლობირებს.

მეორე მხარეს იდგა, როგორც გითხარით,  ლიბერალური ფრთა, ოთხი გამომსვლელი, რომლებიც ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებდნენ. ამ შემთხვევაში თანაბარი ძალებია. და კიდევ სამი პარლამენტარი, რომლებიც საშუალო პოზიციაზე იდგნენ.

_ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას სხვადასხვანაირად აფასებენ. მინდა გკითხოთ, ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი, რომ საქართველო საბოლოოდ ყალიბდება  პოლიციურ სახელმწიფოდ?

_ როცა პირველი პოლიციელი მოდის მთავრობის მეთაურად, ასოცირება ისეთია, რომ პოლიცია ერევა ჩვენს ყოფაში, ეკონომიკურ, სოციალურ და ა. შ. ცხოვრებაში.

თუმცა ვიტყვი, რომ მერაბიშვილი ისედაც მართავდა ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე, ისევე, როგორც ახალაია, და მათი გადაადგილებით დიდად არაფერი იცვლება. არც ის მინდა, რომ ხალხი დაშინდეს, იფიქროს, რომ, რახან მერაბიშვილის სავარძელში ახალაია ჩაჯდა, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოხდეს. არა.

როცა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები დგებოდა დღის წესრიგში, მიშა სააკაშვილის კაბინეტში გადაწყვეტილებას იღებდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, კიდევ შეიძლება ერთი-ორი ადამიანი და არა პარლამენტი, არა სასამართლო.

რა მნიშვნელობა აქვს, ასეთ ვითარებაში პარლამენტში ვინ გეყოლება ან კონკრეტული მინისტრის პორტფელს ვინ ფლობს?!

მიშა სააკაშვილის ძალაუფლება რეალურად ამ რამდენიმე ადამიანზე დგას.

_ ჩემი მომდევნო შეკითხვა თქვენი პასუხის შემდეგ შეიძლება ზედმეტიც კი იყოს: ერთი ძმა ახალაია _ შს მინისტრი, მეორე ძმა ახალაია _ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მამა ახალაია _ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი. უბრუნდება საქართველო გვაროვნულ წყობილებას?

_ გვაროვნული დიდი ხანია არის. დავიწყოთ კუბლაშვილებით: ერთი ძმა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეა, მეორე _ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ახალაიების გვარის სამივე წარმომადგენელი მაღალ თანამდებობებზე იყვნენ უწინაც; ძმები რურუები და ძმები ბეჟუაშვილები, მამა-შვილი გაბაშვილი და ა. შ. ეს ის გვარებია, რომლებმაც კარგად აიწყვეს ცხოვრება, კარგად მოითბეს ხელი…

_ სააკაშვილის გვარის წარმომადგენლების  ბიზნესზე რომ არაფერი ვთქვათ.

_ თუნდაც… ახლა მიმდინარეობს ბრძოლა მიღწეულის, ხელში ჩაგდებულის შესანარჩუნებლად, თორემ, კარგად გამიგეთ, პოლიტიკაში ყოფნა ამათ თვითონაც ეზარებათ. თუ არ გაქვს პოლიტიკური თანამდებობა, ბიზნესს კარგავ.

_ «კრიშაა» საჭირო.

_ ასეთი მიდგომა აქვთ და ასეც არის. თავიანთი ფინანსებისთვის იბრძვიან.

_ აკი ხალხისკენ იქნებაო მიმართული ჩვენი ახალი პოლიტიკური კურსი, მერაბიშვილის კურსი?

_ (ეცინება).

_ რახან იყო პოლიციური სახელმწიფო და კიდევ უფრო აპირებენ მის გაძლიერებას, როგორ ფიქრობთ, გამეორდება «ბართლომეს ღამე»?

_ 26 მაისს გულისხმობთ?!

_ დიახ.

_ ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. კიდევ ერთხელ სიტუაციის არევას ქართველი ხალხი არავის აპატიებს, ისეთ დაპირისპირებას, როგორიც 90-იან წლებში გადავიტანთ.

_ წმინდა სინოდმა პოლიტიკურ აქციებში ღვთისმსახურთა მონაწილეობა აკრძალა, როგორია თქვენი დამოკიდებულება?

_ პოლიტიკური საკითხები რელიგიისგან გამოყოფილია. არსებობს შეთანხმება, კონკორდატი, რომლის ძალით სახელმწიფო ეკლესიის საკითხებში არ ერევა და _ პირიქით. სინოდი აბსოლუტურად დამოუკიდებელია და მისი სრული უფლებაა, იმსჯელოს და გადაწყვიტოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

არის ისეთი მომენტები, როცა ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს. იქნებ ზუსტად ეს მომენტია დღეს! სამართლებრივად თუ მივუდგებით, ალბათ, თავი უნდა შეიკავონ. ადამიანურად თუ განვსჯით, მათი იქ ყოფნა სიმშვიდისთვისაა საჭირო. მაგრამ არის ეკლესიური სამართალი, რომელსაც ისინი ემორჩილებიან და მე არ მაქვს უფლება, განვსაჯო.

_ კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე შეგეკითხებით. თქვენი პოზიცია ცნობილია: არც ფული გვაქვს და არც უკანონობის შესრულების სურვილიო.

_ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და თავს შეიკავებს იმ რეპრესიული გადაწყვეტილების აღსრულებისგან, რომელიც პარტიების, პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშების ან ქონების დაყადაღებაში გამოიხატა.

თუ ასე არ მოხდა, მაშინ აბსოლუტურად გამოაშკარავდება, რომ ეს ხელისუფლება ამ პოლიტიკურ სუბიექტებს უფლებას აღარ აძლევს, გააგრძელონ საარჩევნო კამპანია.

ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება. არ შეიძლება არჩევნები დაარქვა იმას, რომ ძირითად ოპოზიციურ ძალას, ექვს პოლიტიკურ სუბიექტს აყადაღებ და ეუბნები, არ იმოქმედოო. მაშინ სააკაშვილმა პირდაპირ უნდა გვითხრას, მე ვარ რეჟიმი, ავტორიტარული სისტემა მაქვს და არ მინდა ოპოზიციური პარტიების არსებობა.

არა მგონია, რომ ამაზე წავიდეს.

_ ბოლო დროს  სააკაშვილი ოპოზიციონერი გახდა, ორგანიზებულად შეკრებილი ხალხის წინაშე, ერთი ხანია, თავის ხელისუფლებას ისე აკრიტიკებს, კარგ ოპოზიციონერს შეშურდება, ამით ნამდვილი ოპოზიციის კრიტიკული პათოსის ნიველირებას ხომ არ ცდილობს?

_ (ეღიმება). ამ ბოლო დროს მიშა საერთოდ არაადეკვატური გახდა. ყველას ახსოვს, როგორ აქებდა ქალბატონ მიმინოშვილს ეროვნული გამოცდების ორგანიზების გამო, ახლა კი აცხადებს, რომ იქ მომუშავე ადამიანები უსაქმურობდნენ და მხარ-თეძოზე წამოწოლილები მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ.

როდის ამბობს სიმართლეს ეს კაცი?

მიშას ისევე არ შეიძლება ენდო, როგორც საპნის ბუშტს, რადგან არ იცი, როდის გასკდება, შიგნით კი სიცარიელეა.

ცარიელი სიტყვებია ამათი პროგრამაც, ამათი საუბრებიც.

ამომრჩეველი იოლად მიხვდება, თუ აქამდე არც ერთი დანაპირები არ შეასრულეს, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ორ თვეში გარდაიქმნან?!

_ 15 ივლისს გორია.

_ 15-ში, საღამოს შვიდ საათზე.

_ გაჩნდა ეჭვები: იქნება თუ არა ეს შეკრება ისეთივე წარმატებული, როგორიც წინამორბედები იყო?

_ მერეთის ინციდენტის შემდეგ გაჩნდა ასეთი ეჭვი, შეიძლება დაშინდეს ხალხი, გორი სტრატეგიული ქალაქია და ხელისუფლება არ დათმობსო.

დამერწმუნეთ, ჩვენი შემართება ახლა იმაზე მეტია, ვიდრე მერეთამდე იყო!  შიშისა და პანიკის არავითარი საფუძველი ხალხს არ აქვს. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომლის რეალიზაცია ხდება ჩვენი საარჩევნო კამპანიის პროცესში.

ამიტომ ყველას ვთხოვთ, ვისაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოსმენა სურს და ჩვენი პროგრამების უშუალოდ გაცნობა, მობრძანდნენ შეხვედრაზე!

ეს აქცია იქნება დიდი სახალხო მოძრაობის კიდევ ერთი საზეიმო შტრიხი, რომელიც 27 მაისს მოზეიმე თბილისში დავიწყეთ. ბიძინა ივანიშვილს, დარწმუნებული ვარ, გორიც და სრულიად შიდა ქართლიც ღირსეულად დახვდება!

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here