Home რუბრიკები პოლიტიკა «მიშას სახელობის» განჩინება წმინდა სინოდისგან, ანუ მეც ვბედავ!

«მიშას სახელობის» განჩინება წმინდა სინოდისგან, ანუ მეც ვბედავ!

1576

«დიახ, მე ვბედავ და გავყმუი ყველას გაჭრილად: უნდა იქუხოს მრისხანებით სამების ზარმა!» _ ეს სტრიქონები დიდმა პოეტმა რეზო ამაშუკელმა შეჰბედა მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს «დიახ, მე ვბედავსახელწოდების ბრწყინვალე ლექსით. რეზო ამაშუკელის ამ გამბედავი ლექსის მიზეზი ის იყო, რომ ვერაფრით ახსნა პოეტმა მისთვის სათაყვანო პატრიარქის მიერ სამეგრელოს მთავარი პროკურორისა და ძმები ახალაიების მამის _ როლანდ ახალაიას უმაღლესი საეკლესიო ორდენით დაჯილდოების, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი ფაქტი. ჩემთვისაც ასევე გაუგებარია  ამას წინათ «მაესტროს» ეთერში გასული ნანა ლეჟავას სკანდალური სიუჟეტი და ის ამბები, რაც ამ სიუჟეტს წმინდა სინოდის განჩინების სახით მოჰყვა.

მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ, რათა ბუნებრივად, წარსულის ფაქტების ლოგიკური ჯაჭვით მივიდეთ სინოდის დღევანდელ, ჩემი აზრით და ღრმა რწმენით,  არაადეკვატურ განჩინებამდე… გახსოვთ, შარშან რა ვნებათაღელვაც ატყდა იმ კანონის გარშემო, რომლის ძალითაც საქართველოს ლამის 2-ათასწლოვანი მართლმადიდებელი ეკლესია იურიდიულად არა  მხოლოდ ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებს, არამედ ხლისტების სექტებსაც კი გაუთანაბრეს.

 და ვინ ამოიღო ამის საწინააღმდეგოდ პირველმა ხმა? არა ეკლესიამ, არა წმინდა სინოდმა, არამედ წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომლის ლიდერთა  მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შედგა. ეს მეორე დღიდან «გამოიღვიძეს» ეკლესიის მესვეურებმა. ამის მერე გააკეთა პირადად პატრიარქმა განცხადება, რომ იმ კანონის მიღება, პრაქტიკულად, საქართველოს დაღუპვის ტოლფასი იქნებოდა და ათიათასობით მრევლმა იხუვლა ქუჩაშიიმ ხვატში, უკაცრავად პასუხია და, «სინაზე მიბმული ძაღლივით» 3 დღე წინ და უკან ატარეს ქაშუეთისამების «ტრასაზე» «პროტესტანტები», ბოლოს კი წმინდა სინოდმა, რომელიც მანამდე ლამის ანათემას ჰპირდებოდა იმ კანონის მიმღებ პარლამენტს, «კომპრომისული» განჩინება მიიღო, რამაც სახტად დატოვა ქართველი საზოგადოება, რადგანაც, თუ პატრიარქის თქმით, «გუშინ» ეს კანონი საქართველოს ამომგდები იყო, მაშინ რომელ კომპრომისზე შეიძლებოდა საუბარი?

თანაც კომპრომისის აზრი ნახეთ: «შენარჩუნებული იქნა ერთსულოვნება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის»…

ჩემთვის მაშინაც და დღესაც გაუგებარი, უფრო მეტიც, მიუღებელია ეს პათოსი. დიახ, მე ვერ გავიგე, თუ ვის და  რაში ვუერთსულოვნდებით! მკვლელებს, კრიმინალებს? ერთსულოვანი მხოლოდ ღმერთთან უნდა იყო…  ჩემთვის ასევე გაუგებარია ეკლესიის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დუმილი გირგვლიანის, რობაქიძის თუ 26 მაისის მკვლელობების თაობაზე, რომელზეც თითო-ოროლა იერარქმა თუ თქვა სათქმელი ღირსეულად და ისინიც ლამის ჩაქოლეს!

უნდა დაეგმო საპატრიარქოს ოფიციალურად 26 მაისის ღამის  სასაკლაო! და, საერთოდ, თუ სინოდის ეს გადაწყვეტილება იყო მთავარი მიზანი, ჩვენ _ საზოგადოება, რაღად გაგვხადეს პროცესის თანამონაწილე? უჩვენოდ, რა, ვერ «გაუერთსულოვნდებოდნენ»?

 მერე იყო აზიზის მეჩეთის ყბადაღებული თემა. აქაც საპატრიარქოსა და სინოდის ნაცვლად, პირველმა განგაშის ზარს სხვებმა შემოჰკრეს. იგივე განმეორდა დავითგარეჯთან მიმართებაშიც _ საპროტესტო ავანგარდში ისევ წინააღმდეგობის მოძრაობაა და არა საპატრიარქო…

 ბარემ აქვე ვიტყვი, რომ წერილზე მუშაობის პროცესში ამ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს _ სოსო მანჯავიძეს ვესაუბრე, რომლის  კომენტარსაც გთავაზობთ:

«საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორი მეთოდებით იყენებდა ზოგიერთი საერო ხელისუფლება ეკლესიას (აქ უფრო სწორი იქნებოდა, წმინდა სინოდს) საზოგადოების სამართავად. სამწუხარო ფაქტია, რომ ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დამოუკიდებელმა საქართველომაც მიიღო _ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური პოლიცია აგრძელებს და აძლიერებს ამ მანკიერ პრაქტიკას _ ეკლესიის წიაღში სპეცსტრუქტურების აგენტების შეგზავნას, ძველი, კომპრომეტირებული კადრების მხარდაჭერას, პატიოსანი მღვდელმსახურების შანტაჟსა და მუქარას.

სწორედ ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ის, რომ წმინდა სინოდი «ფართოდ დახუჭული თვალებით» უცქერს ქვეყნის ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი გადაგვარების პროცესს და წმინდა წერილიდან სხვადასხვა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებით ამართლებს საკუთარ ნეიტრალურ, სინამდვილეში კი ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციას.

 «ჯოჯოხეთში ყველაზე ცხელი ადგილები შემონახულია მათთვის, ვინც უდიდეს ზნეობრივ გარდატეხათა ჟამს ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა», _ ამბობს დანტე ალიგიერი!

ძნელია, არ დაეთანხმო «ღვთაებრივი კომედიის» ავტორს, რომელმაც ჯოჯოხეთი საკუთარი ხილვების მიხედვით აღწერა

 პოზიციის უქონლობა გონებისა და სინდისის ძილის მაუწყებელია. «გონების ძილი ურჩხულების მშობელია» _ ზუსტად ასე დაარქვა თავის უკვდავ ნახატს  დიდმა  ფრანცისკო გოიამ.

სინდისისა და გონების ძილის პროდუქტია ის აზრიც, რომ ეკლესია საერო საქმეებში არ უნდა ერეოდეს და ამ მავნებლური აზრის პროპაგანდისტები სასტიკ გაუგებრობაში არიან თვითონაც და ქვეყანასაც უდიდეს ზიანს აყენებენ»…

სოსო მანჯავიძის ამ კომენტარის გავლით, როგორც ზემოთ დავისახეთ, ბუნებრივად მივადექით წერილის მთავარ თემას _ წმინდა სინოდის განჩინების კვინტესენციას:

«სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება და ხაზი გაუსვა მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობას, ახალგაზრდების დასაქმების საკითხს. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. წმიდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებითაც და განაჩინა _ ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ, ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით».

  მოდით ბოლოდან _ «გადაბრუნებული ურმიდან» დავიწყოთ: თუ მთავარი პრობლემა «დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან» ყოფილა დაკავშირებული, მაშინ რას ემსახურებოდა პატრიარქის ამაწინანდელი მკაცრი ბრძანება რესტავრაციის შეჩერებაზე? ხომ არ იყო ეს ყველაფერი საპატრიარქოსთვის სახის შენარჩუნების მცდელობა იმ მძიმე ფონზე, რომ ბაგრატის ტაძარი პრაქტიკულად ამოღებულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან, რასაც, სპეციალისტთა აზრით, აღარაფერი ეშველება?

 რა, «გუშინ» გახდა ცნობილი ბაგრატის ტაძრის ნანგრევების ხელყოფის შესახებ? დიახ, ხელყოფის, რადგან, როგორც თავის დროზე შენიშნა გუბაზ სანიკიძემ, მეფეთა საძვალეში ბულდოზერებით შეჭრის უფლება არ უნდა მიგვეცა შლეგისთვის…

ან ეკლესიის რომელ «საყოველთაობაზეა» საუბარი _ ეკლესიების მნგრეველნი, მართლმადიდებლობის მტრები და სექტების მეხოტბე _ გიგა ბოკერია, გიგი თევზაძე, თეა თუთბერიძე და ა.შ. სხვა მრავალი ბუდარა-ბუდარიხები არიან «საყოველთაო ეკლესიის» წევრები?

 ახლა კი, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დავსვათ უმთავრესი კითხვა, რომლიდანაც სხვა მრავალი ქვეკითხვები წიწილებივით დაიჩეკებიან:

როდის, საქართველოს ქრისტიანული ისტორიის რომელ ეტაპზე, ხდებოდა ის, რომ ეკლესია საერო საქმეებში არ ერეოდა?

 წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს ქართლის მაშინდელმა კათალიკოსმა რომ ქოშით კბილები ჩაუმტვრია, ეს არის საერო საქმეებში ჩაურევლობა?

 ანდა წმინდა გრიგოლ ხანძთელმა აშოტ კურაპალატს ერთი «სიძვის დიაცის» სასახლეში მიყვანის გამო რომ უმძიმესი ეპტიმია დააკისრა, ამას რა ვუწოდოთ?

 თორნიკე ერისთავის მიერ ბარდა სკლიაროსზე გალაშქრება რა იყო, როდესაც უკვე ბერად შემდგარმა ერისთავმა დროებით ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა და მტრის დამარცხების შემდეგ ისევ მონასტერს დაუბრუნდა?

გზები, ხიდები, შადრევნები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეკლესიებიც, გარყვნილი როსტომ ხანის დროსაც შენდებოდა, მაგრამ ქართლის მაშინდელი კათალიკოსი ევდემონი, რომელმაც ხმა აღიმაღლა საყოველთაო გარყვნილების, ერის ზნეობრივი გადაგვარების წინააღმდეგ, როსტომ ხანის ბრძანებით მოაკვდინეს _ ეს ამბავი, რომელ კატეგორიას მივაკუთვნოთ?

ან ის ამბავი რად ღირს, რომ მარაბდის ომის წინ საბრძოლველად გამზადებულმა ქართველთ ლაშქარმა იხუვლა _ მროველმა ეპისკოპოსმა გვაზიაროს, მროველმაო და საბრძოლოდ აღჭურვილმა მროველმა ჯერ ჯარი აზიარა, ხოლო შემდეგ მარაბდის ველზე დაეცა, როგორც ერთი რიგითი მებრძოლი _ ეს არის საერო საქმეებში ჩაურევლობა?

შორეული წარსულიდან კიდევ ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ «არ ერეოდა» ეკლესია საერო საქმეებში, მაგრამ ახლა დღევანდელობას დავუბრუნდეთ…

რა უფრო უხერხულია, ის, რომ ნანა ლეჟავამ ფარულად ჩაწერა მეუფე სერაფიმე, თუ ის, რაც ფარული ჩაწერით გახდა აშკარა?

მეუფე სერაფიმემ თქვა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა  გიგი უგულავას თავხედობის შესახებ _ ეს ლაწირაკი ბედავს, რომ კათოლიკოს პატრიარქს უყვიროს კიდეცო!

პრინციპში, მეუფე სერაფიმეს არაფერი უთქვამს იმისთანა, რაც მანამდე არ იცოდა ქართველმა საზოგადოებამ, ერთი რამის გარდა _ როგორც ფარულად ჩაწერის დროს თქვა მეუფემ, გიგი უგულავას უთქვამს თურმე _ იმ კანონის (ქართული ეკლესიის ხლისტებთან გათანაბრების) მიღებით გემაროი მოვიშორეთო!!!

სხვა დანარჩენი, დაწყებული 2009 წლის 26 მაისს სამების საკურთხეველში შევარდნით და აგერ ახლა, სააღდგომო ეპისტოლედან გიგი უგულავას მიერ იმ სახამუშო პასაჟის ამოღებით დამთავრებული, რომელიც 100 ათასი წმინდანის წამების ადგილზე გამართულ ბუდა-ბარს, საპატრიარქოს გვერდით კაზინოს და ბოლო დროს ჩვენში მოძალებულ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას შეეხებოდა, რა, არ ვიცოდით?

 ეპისტოლე ვახსენეთ და ხშირად გვსმენია, ალბათ, პატრიარქმა მეტი რა ქნას, ყველაფერს ეპისტოლეებში ამბობსო. კი, ბატონო, ეპისტოლეებში მართლაც ყველაფერი კარგად წერია, მაგრამ, როგორც ვნახეთ, მისი უწმინდესობის ეპისტოლემაც ცენზურა განიცადა, მაგრამ ეგეც იქით იყოს, იქნება ვინმემ შემახსენოს, რომელი ეპისტოლე გაუთვალისწინებია ხელისუფლებას და ვინ უნდა აღიმაღლოს ხმა ამაზე?

 ამ ყველაფრის მერე, როდესაც გიგი უგულავამ მეუფე სერაფიმეს მატყუარა უწოდა და ჯოჯოხეთის გეენიით დაემუქრა მოძღვარს, ხოლო მეუფე სერაფიმე, ამბობს რა «კინკლაობაში არ შევალ» ქალაქის მერთანო და მხოლოდ იმაზე წუხს,  რომ ხელისუფლებასთან დამაპირისპირა ნანა ლეჟავამო, არ არის დამაფიქრებელი?

ხელისუფლებასთან დაპირისპირების შიშით ხომ არ იყო განპირობებული სინოდის მორიგი განჩინების ეს პასაჟიც _ «ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში»?

რა ხდება? სასულიერო პირები ამ ქვეყნის შვილები არ არიან? ბოლოს და ბოლოს არჩევნებში ხომ მონაწილეობენ?

ანდა რატომ მოჩანს აქ აშკარად ე. წ. ორმაგი სტანდარტი? სკანდალურად ცნობილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე რომ ლექსებს უძღვნის პრეზიდენტს, დავით აღმაშენებელს ადარებს მას და აქედან გამომდინარე _ თუ კი დაგჭირდა სისხლიც დაღვარეო, «კურთხევას აძლევს», განა «რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში» მონაწილეობაზე მეტი არ არის? ეს ამბავი «კატეგორიულად მისაღებია» სინოდისთვის?

ის, «რომელიმე პარტიაც» ხომ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნებაა» და არა ჰალსტუხიანი ხვლიკის («ქდმ») ან ძველი პოლიტიკური თითლიბაზების («ახალი მემარჯვენეები»)?

«ქართული ოცნება», რომლის აქციებზე (თბილისიდან დაწყებული _ ოზურგეთით დამთავრებული) ანაფორიანი ხალხი ბევრი გვინახავს…

მაშ, რაშია საქმე, რატომ ჩათვალა და რის შემდეგ წმინდა სინოდმა ამ განჩინების მიღება?

იმიტომ ხომ არა, რომ, ხელისუფლებისა არ იყოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელობის კანონებს იგონებს და იღებს, დიდი ხანია, წმინდა სინოდმაც ვიღაცის სახელობის განჩინება მიიღო ვიღაცის საწინააღმდეგოდ?

დიახ, წმინდა სინოდმა მიშას სახელობის განჩინება მიიღო  რუისურბნელი ეპისკოპოსის _ მეუფე იობის წინააღმდეგ.

 მეუფე, რომელიც პირველად მცხეთაში გამოჩნდა «ქართული ოცნების» აქციაზე, რამაც კიდევ უფრო მეტი იმედები გაუღვიძა ქართველებს და შესაბამისად თავის ტკივილი უმატა მიშნაცებს, რადგანაც მეუფე იობს, დიდი ხანია, მრევლში (და არა მხოლოდ მრევლში) სარწმუნოების კლდეს უწოდებენ; მეუფე იობი, რომელმაც,  «იმ» სინოდის სხდომაზე «შესანიშნავ ოცეულს», რომელმაც ხმა მისცა ქართული ეკლესიის დამცრობისა და ხელისუფლებასთან «გაერთსულოვნების» განჩინებას, პირში მიახალა _ თქვენ კაცები არა ხართო; მეუფე იობი, რომელიც თურმე თავის ლოცვებში არ მოიხსენიებს საქართველოს მთავრობას, რადგანაც თვლის, რომ დღეს მიშნაცებმა საქართველოს სულიერების ოკუპაცია მოახდინეს!!!

 და ბოლოს, მეუფე იობი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატოსკენ «ისწრაფვის», მიაჩნია, რომ ჩვენი ერის ფიზიკურ-მენტალური გადარჩენა მართლმადიდებელ  ერთა კავშირშია…

 წერილში დასმულ უამრავ კითხვაზე პასუხები მკითხველისათვის მიმინდვია. რაც შეეხება ჩვენს პატრიარქს, რომლის მიმართაც ამ წერილს, ალბათ, დიდ ცოდვად ჩამითვლიან მავანნი, ვიტყვი _ არავიზე ნაკლებად მიყვარს და პატივს ვცემ მხცოვან უწმინდესსა და უნეტარესს, მაგრამ, უპირველესად, მიყვარს ჩემი  სამშობლო, სამშობლო, რომელიც ვხედავ, რომ ჩვენ თვალწინ სრული გაქრობა-გადაგვარების საფრთხის წინაშეა და, თუ მართლაც არ იქუხებს მრისხანებით სამების ზარი, მხოლოდ «ოცნება» ვერ გადაგვარჩენს!!!

«თუ ჩვენი ეკლესია ეროვნული არ იქნება, ასეთი ეკლესია არ მინდა» _ ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს _ წმინდა ამბროსი ხელაიას ეკუთვნის, რომელიც მან კათოლიკოსის ტახტზე აღსაყდრების ჟამს, 1921 წელს, წარმოთქვა…

დავით მხეიძე

დიახ, მე ვბედავ!

დადებული მაქვს მორზე თავი

და ველი ნაჯახს!

გარშემო ხორუმს, ნაკლულების,

წამებით ვუძლებ…

_ სამშობლოს ბედი

აბარია ათიოდ ხარჭას

და საშოვარით აყროლებულ,

დაბერილ მუცლებს!..

აღარ იკარებს ფუნჯი იით

გამთბარ საღებავს,

აღარ იფერებს იამბიკო

სიმღერას ნატიფს…

_ კვლავ შეატოვეს გასაყიდად,

სახრავ-საყეფად,

საუფლო წმინდა მარიამის

ამ შეშლილ «ანტიპს»!

«ხვლიკს» კუდი უკვე გაეზარდა,

ქუსლებზე შედგა,

მავანს ტუჩები კვლავაც დარჩა

გამობანტული…

… და უღიმოდა

აყუდებულ «მაგარს» და «მედგარს»

ქერა დესპანი,

პიკანტური თავის კანტურით!..

… მერე უკანვე აგოგმანდა

მიდგმულ კიბეზე

და თვითმფრინავმა გადასერა

ქედები სამხრით…

_ რა,

რა მოარჩენს

ქართველების მონურ სიბეცეს?!

ნაგვემს და ნაცემს

ხან ტყუილით,

ხან კიდევ სახრით?!.

_ გვიხსენ, დედაო ეკლესიავ,

გვიხსენ, უფალო!..

თორემ სულ მალე

ქვეყნის ერთგულს თითებზე დათვლი!..

ქართველს ჭეშმარიტს, წრეში ჩამდგარს,

უხმლოდ, უფაროდ,

შენ წარუძეხი,

შენ დაადგი გვირგვინი ნათლის!..

_ მაინც სად იყო,

სად მოგროვდა ძუკნა ამდენი?!

შანსით,

შანელით,

შარი-შურით,

შარმით,

«შარდენით?!»

_ ვაი, ჩვენს პატრონს:

აი ჩვენი «დედები ქართვლის»,

ყრმის გამზრდელი და

მამულისთვის ცრემლის დამდენი???

ზნედაცემული ქალ-ბიჭების

მიწყივ დამცველი,

გონჯი გომბიო,

ჯოჯოხეთით ამორწყეული!..

… დღესაც ჰკიდია ხეზე თოკით

ქრისტეს გამცემი,

დღესაც წკრიალებს

ოცდაათი ვერცხლი წყეული!..

რარიგ ცდილობენ

მწყემსის ირგვლივ ავად ფორიაქს,

რარიგ მშვიდია,

რარიგ სათნო

ცოცხლივ წმინდანი!..

… და ღმერთმა ნუ ქნას,

რომელიმე ანაფორიანს

წასცდეს სურვილი

პილატესთან ამბის მიტანის!..

_ უნეტარესო!

მაპატიე

მე ბრიყვს და არჯალს…

ისედაც ვიცი,

არ ამცდება უფლისგან დასჯა!..

_ წამებულისთვის,

მაცხოვრისთვის ვეძიებ სიკვდილს!

დადებული მაქვს მორზე თავი

და ველი ნაჯახს…

თაფლის სურნელი, მობიბინე,

ედება ოთახს,

გათანგულს ხვატით

ბუღი ასდის ღამეულ ქალაქს…

_ «ნუცა დაუფენ,

ნუ დაუყრი მარგალიტს ღორთა»…

ნუ ახსნი ცოდვას,

ვინც სასმურში დარიშხანს მალავს!..

დღეის სათქმელი

ფიწალივით ყელში გაჩრილა!

_ ჩვილსა და ჭაბუკს,

ახალგაზრდას,

მოხუცს და ჭარმაგს,

_ დიახ,

მე ვბედავ

და გავყმუი ყველას გაჭრილად:

«უნდა იქუხოს მრისხანებით

სამების ზარმა!»

რეზო ამაშუკელი

2010 წლის 8 ივლისი

 

1 COMMENT

  1. შესანიშნავი სტატიაა. სიყვარულით და რა ბრაზით გაჯერებული…და სათქმელიც სწორადაა ჩამოყალიბებული

  2. ბატონო დავით,წავიკითხე თქვენი სულისშემძვრელი წერილი…ბევრ საკითხში გეთანხმებით,თუმცა,ვერ გავიგე,რას ითხოვთ,ეკლესიამ ხმლით ებრძოლოს მთავრობას და"ქართული ოცნების"მაისური ჩაისვას?!თავის საქმეს ჩუმად აკეთებენ…უნდა ერეოდეს საერო საქმეებში?გეთანხმებით…მაგრამ გაიხსენეთ ერთ–ერთი უმძიმესი განსაცდელის დღე–9აპრილი…ვის სიტყვას მიჰყვა ერი–პატრიარქის,,,თუ ეროვნული მოძრაობის ლიდერების?…დაეგმო უნდა 26 მაისს მთავრობის"გმირობა"?ნინო ბურჯანაძე არ უნდა დაეგმო? –სასაკლაოზე 26 მაისს რომ მიიყვანა პრობლემებით სულდამძიმებული ხალხი??? თქვენ ეკლესიასაც ართმევთ საკუთარი შეხედულებისამებრ ქმედებას…იქ ანგელოზები არ არიან,მაგრამ ჩვენნაირი(მარტო თქვენ არ გაკადრებთ)პოლიტიკით დაავადმყოფებული ადამიანები არ მოქმედებენ…ისინი ღვთის ნებას მიჰყვებიან ძირითადად,და არა მიშასა და ბიძინას ძახილს… ჩვენი მოსაწონი მთავრობა არც ყოფილა და არც იქნება,სამწუხაროდ …მომხრეები პოზიციასას ჰყავს და ოპოზისიასა და გაიყონ ამის და იმის მომხრეებად? და

    იდევ ერთი-ბატონი რეზო ამაშუკელის ეს ლექსი დგევანდელობას ეხე

  3. ხმლით ბრძოლას არავინ გულისხმობს, მაგრამ გეების წინაშე რომ კედელი აღმართეს, მაშინ სად იყვნენ რუსთაველი რომ სისხლით მორწყეს მიშისტებმა ? რომელი მღვდელი გამოვიდა ? სატანისტებად რომ არიან გადაქცეული მამაოების 70% იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად ((

  4. შენ არეული გაქვს "რამსები" …. ბოდიში ამ გამოთქმაზე:))) ამხელა სტატიას რომ წერ შე კაი ადამიანო იმაში თუ ერკვევი მაინც რახდება ეკლესიაში,რა არის ეკლესია და რას ნიშნავს ეკლესიის წევრობა? როცა რაიმე უთქვამს პატრიარქს და შენნაირი მოაზროვნეები გამოიყრებიან ტელევიზიით და გაჰყვირიან რატო ერევაო ეკლესიაო საერო საქმეშიო, და თუ რაიმე ქმედებაზე "მსუბუქი შეფასება" გააკეთა და აგერ გაჰყვირიხარ რატომ არ ერევაო… ეს პრობლემა ეკლესიაში,სამღვდელოებაში და პატრიარქში კი არ არის,პრობლემა თავად თქვენშიადა თქვენნაირ "ვაი ქართველებში" . გული თუ შეგტკივა საქართველოზე და სამშობლოზე და გამოდი და დაიცავი თავად შენ,მე, ის თუ ვინც იქნება ყველამ და არა პატრიარქს შევყუროთ რატომ არაფერი თქვა ან რატომ თქვაო. არ გაგაჩნია საკუთარი მოსაზრება? გაგეპროტესტებინამთავრობის მიმართ დავით-გარეჯის გაყიდვის ამბავი…გაგეპროტესტებინა ტაო-კლარჯეთის ამბავი,ასევე აჭარის ამბავი ,რომელსაც თურქეთს გადასცემენ მალე…ასევე სამცხე-ჯავახეთი,რომელსაც სასომხეთს გადასცემს და რის სანაცვლოდ კაცმა არ იცის,ასევე გამოსულიყავი და გაგეპროტესტებინა პიდარასტები რომ გამოყარეს გარეთ რუსთაველზე და უფლებების დაცვა მოინდომეს და ჰომოფობებად და აგრესორ მართლმადიდებლებად რომ შერაცხეთ ხალხი…მაგ დროს გეძინა?მაშინ რატომ არ წერდი ამხელა სტატიებს?ახლა გაიღვიძა ქართველობამ შენში?ახლა მიხვდი რომ ქვეყანა საბრთხეშია და თურმე ეკლესია ყოფილა დამნაშავე …. აი პრობლემა ეს არის და არა ის რაც ბოდიშI და ამ სტატიაში ბოდიალობ რაღაცეებს… და სინოდი რა კანონს მიიღებს და რა გადაწყვეტილებას,ეგ არც შენი საქმე არაა და არც არავინ გეკითხება და მიხედე შენს საქმეს !!!!!

  5. სამწუხაროდ მართალს ბრძანებთ ბატონო დავით, მართალს. რა გვეშველება? რა დაგვემართა? მე დიდი ხანია არ მომწონს ეკლესიის დუმილი,რას მიქვია ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლოტიკაშიო? აბა ვის ევალება სამშობლოს დაცვა’? …..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here