Home რუბრიკები პოლიტიკა ახალ პარლამენტში «უსახელო ნაბიჭვრები» მომრავლდებიან

ახალ პარლამენტში «უსახელო ნაბიჭვრები» მომრავლდებიან

1262

სანამ მთავარზე გადავალ, მკითხველს შევახსენებ, რომ «უსახელო ნაბიჭვრები» კვენტინ ტარანტინოს ცნობილი გროტესკული კომედიაა, ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი თამაშობს. «უსახელო ნაბიჭვრები» კი რევანშისტული, საიდუმლო პარტიზანულ ორგანიზაციას ჰქვია. ის ამერიკაში მცხოვრები ებრაელებით არის დაკომპლექტებული. «უსახელო ნაბიჭვრები» ევროპაში, ჰიტლერის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში ფარულად მოქმედებენ. პარტიზანული მეთოდებით ანადგურებენ ფაშისტებს, სიკვდილის მერე სკალპს ხდიან მსხვერპლს, ვისაც ცოცხლად გაუშვებენ, შუბლზე სვასტიკას შანთით «ახატავენ». მოქმედება მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ხდება.

ვანო მერაბიშვილის პრემიერად, ხოლო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნამ ცხადყო, რომ სახელისუფლო გუნდში წინასაარჩევნოდ მორიგი დაპირისპირება დაიწყო.

 ამჯერადაც «ნაციონალური მოძრაობის» ორი დაჯგუფება დაეტაკა ერთმანეთს: ლიბერალური ფრთა, გიგა ბოკერიას მეთაურობით და . . ძველი ნაციონალები.

«ძველი ნაციონალები» მიხეილ სააკაშვილის ის თანაგუნდელები არიან, «ვარდების რევოლუციიდან» დღემდე რომ შემორჩნენ მის გარემოცვას, ასევე, ზურაბ ჟვანიას გუნდის ყოფილი წევრები. ამ სახელისუფლო დაჯგუფებებს,  ერთმანეთი დიდად არ ეპიტნავებათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, გიგა ბოკერია რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს პრეტენზიებით ესტუმრა. ბოკერიასა და სხვა ლიბერტარიანელთა აღშფოთება ავლაბრის რეზიდენციიდან «გამოჟონილმა» ამბავმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც ბოკერიას, ანუ «თავისუფლების ინსტიტუტის» მფარველობის ქვეშ დაფრთიანებულ პოლიტიკოსებს და მათთან იდეურად თუ ფინანსურად გადაბმულ არასამთავრობო სექტორს «ნაცმოძრაობის» პროპორციულ საარჩევნო სიაში უმცირესი ადგილი დაეთმობათ.

სიტუაცია იმანაც გაამწვავა, რომ «ნაციონალების» მიერ თბილისში დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ერთიც კი არ არის «ბოკერიას კაცი».

ცხადია, ბოკერიას გარემოცვის გავლენიანი წევრები გაცხარებულან _ მიშას ნამეტანი მოსდის, ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლას ახლა ვიწყებთ ხელისუფლების სრულად გასაკონტროლებლად და ამ არჩევნებმა, შესაძლოა, უმთავრესი როლი შეასრულოს ამ საქმეშიო.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ამ საქმის გარჩევას სააკაშვილის მხრიდან მიხეილ მაჭავარიანი, პეტრე ცისკარიშვილი, პალიკო კუბლაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი და ნიკა რურუა ესწრებოდნენ. გიგა ბოკერია შეხვედრაზე გიგი თევზაძესთან, ლევან რამიშვილთან, ბათუ ქუთელიასთან და დავით სიხარულიძესთან ერთად მივიდა. «ბოკერიას გუნდში» მისი მეუღლე _ თამარ ჩერგოლეიშვილიც იყო.

გიგა ბოკერიას მთავარი მოთხოვნა «ნაციონალთა» საარჩევნო სიის პირველ ასეულში მისი 60 წევრის ჩასმაა; სამაგიეროდ, ბოკერია სააკაშვილს 76 მაჟორიტარული ოლქიდან ადგილთა 1/3-ზე მეტს არ სთხოვს. მოკლედ, პროპორციული არჩევნებით «ნაციონალებმა» თუ 100 კაცი გაიყვანეს, ბოკერიას გათვლით, აქედან 60 კაცი მისი გუნდის წევრი უნდა იყოს, მიშას კი მხოლოდ 40 დარჩება. «ბოკერიას არიტმეტიკის» მთავარი მიზანი ის არის, რომ მომავალ პარლამენტში, სადაც ქვედა ასაკობრივი ზღვარი 21 წელია, რაც შეიძლება მეტი . . უსახელო ნაბიჭვარი მოხვდეს, რადგან ისინი უკან არაფერზე დაიხევენ და ყველა არაპოპულარულ რეფორმას თუ სარისკო გადაწყვეტილებას, რის გატარებასაც ამერიკა საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, უყოყმანოდ დაუჭერენ მხარს.

ამ «საქმის გარჩევაზე» ბოკერიამ ასევე დააზუსტა, რომ რეალური საფრთხე არის არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ საპატრიარქო და პატრიარქი და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა არჩევნების მოგების მერე. ეკლესიაში უნდა მოხდეს განხეთქილება, ეპარქიები ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ და მერე ცალ-ცალკე მოხდეს მათი განეიტრალება.

საკუთარი ვერსიის დასტურად, ბოკერიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ ილია II-ის ბრძანება მოიყვანა, რომლის ძალითაც ქუთაისში ბაგრატის ტაძრის თვითნებური რესტავრაციის პროცესი შეჩერდა. ამით ბოკერიამ სააკაშვილს შეახსენა, რომ მისი გუნდის წევრების ერთი ნაწილისთვის, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პატრიარქის სიტყვა კანონია, რომელსაც განუხრელად ასრულებენ. ბოკერიას თქმით, მისი თანაგუნდელები პატრიარქის ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ, ბაგრატის ტაძრის ხელყოფასაც გააგრძელებდნენ და უარესსაც იზამდნენ.

გაცხარებულ ბოკერიას სააკაშვილის «თანაგუნდელებმა»  შეახსენესრომ ვიდრე ამას გააკეთებდა, მანამდე არჩევნები იყო ჩასატარებელი და მოსაგები.

საქმის გამრჩევები ვერ მორიგდნენ, მათ ვერ გაიყვეს ადგილები პროპორციულ სიაში. განსაკუთრებით შეუვალი ნიკა რურუა იყო _ ფულს ჩვენ ვხარჯავთ, საარჩევნოდ თანხა ჩვენ უნდა მივიძიოთ და რა ვალდებული ვართ, ის  შენი 60 კაცი გარანტირებულად იჯდეს პარლამენტში, როცა მათგან ჯერჯერობით 20-ის ვინაობა ვიცით მხოლოდო. რურუას ლევან რამიშვლი შეჰკამათებია, ის ფული საარჩევნოდ რომ უნდა დახარჯოთ, კორუფციული ფულია, მოვა დრო, ეგეც მოგეკითხებათო. თან ხაზი გაუსვამს: ჩვენი გუნდი სუფთაა ამ საქმეში, ბიუჯეტში ხელს არ აფათურებს და, როცა ელიტარულ კორუფციაზე ლაპარაკობს ხალხი, სწორედ თქვენი გუნდის წევრებს გულისხმობსო. ელიტარული კორუფციის ხსენებამ გააღიზიანა ზურაბ ადეიშვილი, რამიშვილისთვის მოკლედ მოუჭრია: თქვენი თანაგუნდელები სახელმწიფო სამსახურებში 2-3 ადგილზე მუშაობენ, ოჯახის წევრი და ნათესავი არ დავუტოვე დაუსაქმებელი, ზოგი არასამთავრობო სექტორშია და გრანტს გრანტზე იღებს, ფული და კომფორტი არ აკლიათ და ბიუჯეტში ხელის ფათურს რატომღა დაიწყებენ, რა, გიჟები არიანო? ადეიშვილს ისიც დაუყვედრებია ბოკერიასთვის _ მარტო ჩემს სისტემაში, იუსტიციის სამინისტროში შენი ხალხის რეკომენდაციით 500 კაცზე მეტი მუშაობს, თუ გინდა, სიასაც დაგიდებ, ვინ არიან და ვინ ვისი რეკომენდაციით მივიღე სამსახურშიო. «ბოკერიასტები» გაჩუმდნენ, რადგან კამათს არც ჰქონდა აზრი _ ვინც ზურაბ ადეიშვილს იცნობს, ისიც ეცოდინება _ დიდი შანსი იყო, ის 500-კაციანი სია, თავიანთი პროტეჟეებით ჯიბეში სდებოდა და იქვე აეფრიალებია ბოკერიასთვის.

მოკლედ, საარჩევნო სიის საკითხზე ვერ შეჯერებულან. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილი და ბოკერია კიდევ ერთხელ შეხვდებიან კვოტებზე შესათანხმებლად და ამ შეხვედრას ვანო მერაბიშვილიც დაესწრება. წყარო ირწმუნება, ვანო სიტუაციის დაბალანსებას ცდილობს. არ უნდა, რომ განხეთქილება მოხდეს გუნდში და შეეცდება, ცოტ-ცოტა ორივეს დაათმობინოს.

გიგა ბოკერია უკმაყოფილოა იმითაც, რომ «ნაციონალებმა» თბილისის 10 მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელეს, მათ შორის არც ერთი მისი კაცი არ მოხვდა. მისი თქმით, მისსავე თანაგუნდელებს დაბალი რეიტინგი აქვთ საქართველოში, არც ვინმე იცნობს ხეირიანად, მათი ცნობადობა და რეიტინგი ოდნავ უკეთესი თბილისში იყო. აქ, თბილისში, სადაც ლიბერტარიანული იდეები, ასე თუ ისე, პოპულარულია, გამარჯვების რაღაც შანსი ჰქონდა ჩემს ხალხს, რეგიონებში კი მათი შანსი ნულიაო, _ უთქვამს ბოკერიას. ამიტომ მე რეგიონებში ჩემს ხალხს ვერ გავიყვან, იმ 25 მაჟორიტარის გადეპუტატებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ამიტომ გარანტირებული ადგილები მინდა სიაშიო. სააკაშვილს კვლავ არ დაუთმია, _  ცნობადობა არ არის მთავარი, კაკო ბობოხიძეს ხონში ყველა იცნობს, ბეჟან ბუცხრიკიძეს _ თერჯოლაში, მაგრამ გამარჯვების შანსი არც ერთს არ აქვს, ეს ჩვენმა კვლევებმაც დაადასტურაო. 

ფაქტია, რომ «ნაციონალების»  ორივე ფრთას ძალიან უჭირს, განსაკუთრებით, მაჟორიტარულ ოლქებში, ბოკერიას კანდიდატებს წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ.

 მართალია, ბოკერია უცნობი, მაგრამ შედარებით სუფთა (არაკორუმპირებული) წარსულის მქონე ხალხის (არასამთავრობო სექტორიდან, განათლების, იუსტიციის, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებიდან და თბილისის მერიიდან შედარებით დაბალი ჩინის სახელმწიფო მოხელეების) წარდგენას აპირებს მაჟორიტარებად. ეს ხალხი ბოკერიამ «სახელმწიფო კმაყოფაზე» დროებით გადაიყვანა, თვალს მოაფარა, რათა მერე მათი ნაწილი პოლიტიკაში მოეყვანა.

საგულისხმოა ამ შეხვედრის ერთი დეტალიც. როცა სააკაშვილი და ბოკერია საარჩევნო სიის კვოტებზე კამათობდნენ, ლევან რამიშვილს მიშასთვის შეუხსენებია: «რელიგიის შესახებ» კანონი რომ მიიღეს პარლამენტში, თუ ვინმემ არ მისცა ხმა ან თავი შეიკავა, ყველა შენი თანაგუნდელი იყო, შენიანები იყვნენ ისინიც, ვინც მოგონილი მიზეზით იმ სხდომას არ დაესწრო და პასუხისმგებლობა აირიდა. ჩვენიანებმა კი ყველამ ხმა მისცა კანონს და სხდომასაც არავინ დაჰკლებიაო. ლევან რამიშვილს ისიც განუმარტავს, ეს თემა რატომაც წამოწია. ამ «რელიგიის კანონის» წყალობითაა, ამერიკიდან საარჩევნოდ დაფინანსებასა და სხვა დივიდენდებს რომ ელოდები, იმ ფულის ნაწილს შენი მაჟორიტარების გადეპუტატებას მოახმარ, ნაწილს შენი ჩინოვნიკები წაიღებენ შინ. მთლად ისე არაა საქმე, აქ რომ ითქვა, საარჩევნოდ ფულს ჩვენც ვშოულობთ და უფრო სუფთა ფულს. გამოდის, შავი საქმე ჩვენ უნდა ვაკეთოთ, ჩვენს ხარჯზე შენიანებმა უნდა «იგულაონ». ჩვენივე ძალისხმევით მოზიდული ფულის ჩვენსავე კანდიდატებზე დახარჯვა მერე სახვეწარი გაგვიხდება, როგორც ეს 2008 და 2010 წლის არჩევნებზე მოხდაო.

მხოლოდ ერთადერთ საკითხზე შეთანხმებულან სააკაშვილი და ბოკერია: «ქართულ ოცნებას» ყველაზე სუსტი მაჟორიტარი კანდიდატები სადაც ეყოლება, სააკაშვილის გუნდი «თავისუფლების ინსტიტუტს» იმ რაიონებში დაუთმობს ადგილს, ხოლო «ქართული ოცნების» ყველაზე რეიტინგულ კანდიდატებს კი «მიშას მაჟორიტარები» დაეჯახებიან.

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here