Home რუბრიკები საზოგადოება მარტვილელი ფეოდალები მოსახლეობას აწიოკებენ

მარტვილელი ფეოდალები მოსახლეობას აწიოკებენ

848

მარტვილის რაიონში ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება მოსახლეობის ტერორს განაგრძობს. საქმე ეხება უპრეცედენტო მასშტაბის კანონდარღვევას: ხელისუფლებამ სოფლების _ მუხურჩისა და ვედიდკარის მცხოვრებ 625 კომლს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და საძოვრები უკანონოდ წაართვა და ფარულად გაასხვისა. მოსახლეობის მიწების მითვისების ეპიცენტრში კვლავ საქართველოსთვის კარგად ცნობილი იტალიური კომპანია «ფერერო» დგას, ამჯერად შვილობილი კომპანია «აგრი ჯორჯიას» სახით. ეს კომპანია, შეიძლება ითქვას, წლების განმავლობაში სამეგრელოში «ფეოდალურ კორპორაციად» ჩამოყალიბდა და მის ზურგს უკან მდგომი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის მოსახლეობის ხარჯზე ხელის მოთბობის ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა. მარტვილის სოფლებში მიწების გარშემო შექმნილ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა ერთერთი დაზარალებული, სოფელ მუხურჩის მკვიდრი გიორგი ყურუა.

_ რა ხდება მარტვილის სოფლებში მიწებთან დაკავშირებით და რა პრობლემები ექმნება ამის გამო მოსახლეობას?

_ უპირველეს ყოვლისა, სანამ იმ პრობლემაზე ვისაუბრებდეთ, რომელიც არსებობს მარტვილის რაიონში, კერძოდ, სოფლებში _ ვედიდკარსა და მუხურჩაში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კონკრეტულად მხოლოდ ჩვენი სოფლის პრობლემა, თუმცა ყველაფერზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

მოგეხსენებათ, საქართველო ოდითგანვე იყო მიწათმოქმედი ქვეყანა და შესაბამისად სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო პრიორიტეტული დარგი, მაგრამ დღეს ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ კეთდება, რადგან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია თითოეული ქართველისთვის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება სოფელთან დაკავშირებით ატარებს. ჩვენი სოფლის მაგალითზე თუ ვიტყვით, ხელისუფლებამ 625 ოჯახს სრულიად უკანონოდ ჩამოართვა მიწა და გაასხვისა. არადა, ჯერ კიდევ 1995 წელს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც ამა თუ იმ რეგიონში რესურსების მიხედვით უნდა ყოფილიყო მოსახლეობისთვის მიზომილი საკარმიდამოდ 12,500 კვ.მ მიწა. მაგრამ მარტვილში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეულ კომლს მხოლოდ 7,500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიუზომა. როგორც შემდეგ გაირკვა, ამ რაიონს და კონკრეტულად ამ სოფლებს საკმარისი მიწის რესურსი გააჩნდა, უბრალოდ, სწორად არ იქნა აზომილი (ამას ადასტურებს თავად სოფლის რწმუნებული გულთაზ ცანავა). ამ პრობლემამ ჯერ კიდევ 2008 წელს იჩინა თავი, რაზეც მოსახლეობამ სამართლიანი პროტესტი გამოთქვა და გადაწყვიტა, მიწის ფართობი ერთ ჰექტრამდე გაეზარდა.

ამას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ე. წ. ოქმი #1 დაუპირისპირა, რომელიც, ჩვენი აზრით, ყალბია, რადგან შეუძლებელია, გამგეობას ოქმი მანამდე არ ჰქონოდა შედგენილი. საგულისხმოა, რომ დღესაც იგივე ადამიანები მუშაობენ ადგილობრივ საკრებულოსა თუ გამგეობაში, რომლებმაც თავის დროზე მიწის ნაკვეთები მოპარეს მოსახლეობას, თუმცა დღეს გაცილებით უარესს სჩადიან და სამუდამოდ ართმევენ მიწას, უფრო მეტიც, უკვე ეზოებშიც შედიან.

და კიდევ, მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აზომილი იქნა თითოეულ კომლზე, მოსახლეობას არ აქვს მიღებაჩაბარების აქტები. სწორედ ამით ისარგებლა ხელისუფლებამ და მოსახლეობას გაუყიდა როგორც საკომლო მიწის ნაკვეთები, ასევე საძოვრები. ამ უკანასკნელის არარსებობა სოფლის მცხოვრებთათვის არანაკლები პრობლემაა, ვიდრე მიწის ნაკვეთის გარეშე დარჩენა, რადგან, მოგეხსენებათ, საძოვარი სოფლისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ძირითადი მარჩენალი მათთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია.

მოსახლეობამ იმთავითვე დააყენა საკითხი: კანონით დადგენილი 12,500 კვ.მ მიწის ფართობის ნაცვლად თითოეულ კომლს რატომ მიუზომეს თითო ჰექტარი? იმიტომ, რომ საკრებულოს თავჯდომარესა და სხვა თანამდებობის პირებს მიესაკუთრებინათ დანარჩენი მიწის ნაკვეთები, როგორც მეიჯარეებს?

_ ვის მიჰყიდა ეს მიწის ნაკვეთები ხელისუფლებამ?

_ 2008 წელს კონკრეტული მიწის ნაკვეთები მუხურჩასა და ვედიდკარში გასხვისდა როგორც იურიდიულ პირებზე, ასევე შპს «აგრი ჯორჯიაზე». როდესაც მოსახლეობას განუმარტეს, რომ მათ მიწის ნაკვეთები უნდა დაერეგისტრირებინათ და ნახაზებსა და გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტებში კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს, მოსახლეობამ მიმართა საჯარო რეესტრს და გააკეთა ნახაზი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მიწის ნაკვეთები გაყიდული იყო კერძო პირზე _ რომან რურუაზე.

_ დახმარებისა და რეაგირებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არ მიგიმართავთ?

_ რა თქმა უნდა, მივმართეთ, რათა გამოსავალი ერთობლივად მოგვეძებნა და პრობლემა კონსტრუქციულად მოგვეგვარებია, მაგრამ ამაოდ.

_ თქვენი პრობლემით გამგებელი მამუკა დანელია არ დაინტერესებულა?

_ ჩვენ მას ოფიციალური განცხადებით მივმართეთ, რომელსაც 477 ადამიანი აწერდა ხელს. ყველასგან მოულოდნელად გამგებლისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ «ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა და მიწა არა გამგეობამ, არამედ ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა».

მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, თუ საიდან მოხვდა ეკონომიკის სამინისტროში ჩვენი საკუთრება გასასხვისებლად, თუ, რა თქმა უნდა, თავად გამგეობამ არ მიაწოდა ეს მონაცემები!

_ მამუკა დანელია მარტვილის გამგებლად სწორედ იმ ადამიანებმა აირჩიეს, რომლებიც ამ უკანონობის შედეგად დაზარალდნენ, ნუთუ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს მათ წინაშე?

_ როგორც ჩანს, მას ხალხის პრობლემები საერთოდ არ აინტერესებს.

_ პროკურატურისთვის ან სასამართლოსთვის ხომ არ მიგიმართავთ?

_ როდესაც ადგილზე ვერაფერს გავხდით, გადავწყვიტეთ, მიგვემართა საკანონმდებლო ორგანოსთვის. შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც უნდა წასულიყვნენ თბილისში. პირველი, რაც გააკეთეს გამგებელმა მამუკა დანელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ გოროზიამ (სოფლის მეურნეობის მინისტრის _ ზაზა გოროზიას ძმა _ ზ.ჯ.), იყო ის, რომ სოფლის ხელმძღვანელებს დაავალეს, გაეფრთხილებიათ ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომ ეს ადამიანები თბილისში არ წაეყვანათ. უფრო მეტიც, კერძო ტაქსებსაც არ მისცეს გადაადგილების უფლება.

_ გინდათ, თქვათ, რომ ამ ადამიანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დედაქალაქში ჩასვლის შესაძლებლობა არ მისცა?

_ მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა თბილისში ჩასვლა და მიმართა ფრაქციის «ერთობა სამართლიანობისთვის» იმდროინდელ ხელმძღვანელს _ გიორგი ცაგარეიშვილის. ჩატარდა ბრიფინგი პარლამენტში, შემდეგ გიორგი ცაგარეიშვილის პროტექციით მთავარი პროკურორის _ მურთაზ ზოდელავას სახელზე გაიგზავნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო უკანონოდ გასხვისებულ მიწის ნაკვეთებზე, ზაალ გოროზია პოლიციელებთან ერთად თუ როგორ დადიოდა სოფელ-სოფელ და აწიოკებდა მოსახლეობას და მათგან მოითხოვდა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უარის თქმას. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ შეესწავლა ეს საკითხი და დაედგინა, რატომ ახორციელებდნენ ზეწოლას მოსახლეობაზე და რა უფლებით ასხვისებდნენ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.

მთავარმა პროკურატურამ ეს განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურას გადმოუგზვნა, ხოლო ამ უკანასკნელმა _ სენაკის პროკურატურას და ამით დამთავრდა ყველაფერი _ არ დაკითხულა არც ერთი ადამიანი და არც პასუხს იძლევიან.

_ როგორ ფიქრობთ, რეალურად ვინ დგას «აგრი ჯორჯიას» უკან, ანუ ვინ არის დაინტერესებული ამ მიწების მითვისებით?

_ სწორედ ამის გარკვევას ვითხოვთ პროკურატურისგან. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიას მარტვილის რაიონში 275 ჰექტარი მიწის ფართობი ეკუთვნის, ნათელია, რომ რეალურად ჩინოვნიკები სარგებლობენ და იძენენ ძალიან დიდ უძრავ ქონებას რაიონში.

როდესაც დავით ბაქრაძე იყო ჩამოსული მარტვილში, განაცხადა, რომ ამ მიწებთან დაკავშირებული საკითხი არის ტექნიკური შეცდომა, რომელიც მოგვარებადია.

_ რა იგულისხმა დავით ბაქრაძემ «ტექნიკურ შეცდომაში»?

_ რა მასშტაბის ტექნიკურ შეცდომაზეა საუბარი, ეს ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ კონსტანტინე ესვანჯიას მაგალითზე. ამ ადამიანმა 2002 წელს 49-წლიანი იჯარით ოფიციალურად შეიძინა 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამის მიუხედავად, 2008 წელს ისე გაუყიდეს ეს მიწა, რომ მისთვის არაფერი უკითხავთ. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე იხდის სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ საიჯარო გადასახადს. ასევე აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ ისევ კოსტანტინე ესვანჯიაა მითითებული მფლობელად, მაგრამ მას არ ეძლევა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავების უფლება. მან მიმართა სასამართლოს, მაგრამ სამივე ინსტანცია წააგო. ყველაზე აბსურდული ის არის, რომ ესვანჯიას 2010 წელს დაუგვიანდა გადასახადის გადახდა და 2011 წელს ჯარიმა გადაახდევინეს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მარტვილში რეალურად მიმდინარეობს რეკეტი ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების დახმარებით.

მიწის ნაკვეთების გარდა, აქ პრობლემა წარმოიშვა ზუგუს საძოვრებთან დაკავშირებითაც. ეს ტერიტორია მხოლოდ საძოვარს არ წარმოადგენს. ეროვნულ მუზეუმში ეს ტერიტორია მოხსენიებულია, როგორც «ნაჭვიშ ზუგუ». აქ ადრე ტარდებოდა არქეოლოგიური გათხრები, მაგრამ უსახსრობის გამო შეჩერდა და ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუ რა მნიშვნელობის ძეგლთან გვაქვს საქმე. «აგრი ჯორჯიამ» კი ეს ტერიტორია მიისაკუთრა, მძიმე ტექნიკით დაამუშავა, გადახნა. შევეცადეთ, ხელი შეგვეშალა, მაგრამ გამგებელმა მამუკა დანელიამ განგვიცხადა, რომ «მოვა მძიმე ტექნიკა დასამუშავებლად და, თუ თქვენ წინააღმდეგობას გაუწევთ, დაგაპატიმრებენო». ანუ გამგებელი მის მოსახლეობას, მის ამომრჩევლებს პირდაპირ დაჭერით დაემუქრა, თუ საკუთარი უფლებისა და კერძო საკუთრების დასაცავად იბრძოლებდნენ.

_ როგორც ვიცი, თქვენ ამის შემდეგ დაგაკავეს კიდეც

_ დიახ, როდესაც «აგრი ჯორჯიას» წარმომადგენლებმა დაიწყეს შემოკავება ამ საძოვრების, ჩვენ ჩვენი უფლებების დაცვა გადავწყვიტეთ. ვინაიდან აღნიშნული კომპანიის ოფიციალური პირი არ გამოვიდა ჩვენთან შესახვედრად, პროტესტის ნიშნად დავიწყეთ ამ ღობის მორღვევა. იმ ღამით, 10-11 საათზე, დაგვაპატიმრეს. როდესაც ვიკითხეთ, თუ რატომ დაგვაკავეს, გვიპასუხეს, რომ «აგრი ჯორჯია» გვიჩიოდა ქონების ხელყოფის გამო. შემდეგ ახსნა-განმარტებები ჩამოგვართვეს და გაგვათავისუფლეს.

_ თქვენი შემდგომი ნაბიჯი რა იქნება, რა გზით აპირებთ თქვენი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას?

_ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ოღონდ კანონიერი გზით და ადრე თუ გვიან აღვადგენთ სამართლიანობას.

ესაუბრა

ზურაბ ჯამბურია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here