Home რუბრიკები საზოგადოება კოჭოიას ტერორისტობა არ გაიშვა!

კოჭოიას ტერორისტობა არ გაიშვა!

774

ბადრი ნაჭყებია ცნობილი ტელეჟურნალისტია _ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს სახელმწიფოთაშორისი ტელერადიო კომპანია «მირის» საქართველოს ფილიალს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. ამასთან ერთად, იგი სამეცნიერო მუშაობასაც ეწევა _ ტერორიზმის საკითხების ცნობილი ექსპერტია, 25-მდე წელიწადია შეისწავლის, წერს, აქვეყნებს სპეციალურ სტატიებს პერიოდულ პრესაში. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ თანამედროვე ტერორიზმის თავისებურებათა შორის ერთერთი მთავარია საზოგადოებაზე მყისიერი და მძაფრი რეაქციის მოხდენა მასმედიის საშუალებით. უფრო მარტივად, «თანამედროვე ტერაქტი წარმოუდგენელია მასმედიის გარეშეშაჰიდს სიკვდილს უადვილებს სატელევიზიო უკვდავების იდეა». .. ტერაქტი და მასმედია ორგანულ ურთიერთობაშია. ბადრი ნაჭყებიასთვის ტელევიზიაც და ტერორიზმის ანალიტიკაც პროფესიული ერთსახეობაა. მაშასადამე, თანამედროვე ტერორიზმის პრობლემებზე სალაპარაკოდ იგი, ღმერთმა მოგცეს, იდეალური რესპონდენტია.

_ ბატონო ბადრი, ორიოდე დღის წინათ მიწას მიაბარეს გენერალი დუმბაძე, რომელიც მოსკოვში მოკლეს. გავრცელებულ ვერსიებს შორის ერთერთი მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს; არ გამორიცხავენ . . გრძელი ხელის მეთოდს, რომლის მიხედვით დაინტერესებული სახელმწიფოს სპეცსამსახური მონიშნულ მსხვერპლს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მისწვდება.

ასეთი ვერსიის დამადასტურებელ არგუმენტებს ეძებენ იმაში, რომ დუმბაძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბათუმის 25- ბრიგადის მეთაური იყო, 2004 წელს განუდგა სააკაშვილს და ასლან აბაშიძის მხარეს გადავიდა. იგი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და 17 წელიწადი მიუსაჯეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დუმბაძე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ქართველ ტყვეებში გაუცვალა. გენერალი დუმბაძე ისეთ სახელმწიფო საიდუმლოებას ფლობდა, რომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ლიკვიდაცია იყო საჭირო.

_ ჰიპოთეტურია ასეთი ვერსია. ქართველებზე ასეთი თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის, მით უმეტეს, გენერლებზე. 1994 წელს მოსკოვში თავს დაესხნენ გენერლებს _ გია ყარყარაშვილსა და პაატა დათუაშვილს. დათუაშვილი, მოგეხსენებათ, დაიღუპა, ყარყარაშვილი _ დაინვალიდდა. თუ ამ შემთხვევაში ასე თუ ისე იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესები, რადგან ორივე ძალიან გავლენიანი გენერალი იყო და მათი მწყობრიდან გამოყვანით საკმაოდ სერიოზული საკითხები წყდებოდა, გენერალ დუმბაძეზე, ალბათ, იმავეს ვერ ვიტყვით, რადგან მან თავისი ფუნქცია საქართველოში უკვე ამოწურა. ამიტომ საქართველოს სპეცსამსახურების მისდამი ინტერესი, ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა. მე არ გამოვრიცხავ სხვა კვალს _ პირადს, ბიზნესკვალს. ქართველი მაღალჩინოსნების ბიზნესსაქმიანობა ახალი ამბავი არ არის.

გენერალი დუმბაძე, ჩემი სუბიექტური აზრით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა.

_ მოგეხსენებათ, რომ ერთი ხანია, გახშირდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება ტერორიზმისთვის ხელშეწყობაში. ასეთი ბრალდება გენერალური შტაბის დონეზეც გაისმა, თანაც _ დაბეჯითებით, ლამის საპროტესტო ნოტის კატეგორიულობით.

_ საქართველოს დადანაშაულება ტერორიზმის მფარველობაში დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როცა რუსეთში ჩეჩნეთის კამპანია მიმდინარეობდა და საქართველომ ჩეჩენი ლტოლვილები, მათ შორის დაჭრილი მეამბოხეები, შეიფარა პანკისის ხეობაში. ამან რუსეთის ხელისუფლების სერიოზული პროტესტი გამოიწვია. ამ ხეობას ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა, სანამ არ ჩატარდა სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაცია.

მე ვთვლი, რომ რუსეთსაქართველოს ურთიერთობის დაძაბვა იწყება იმ პერიოდიდან, როცა უშუალოდ ამერიკელი ინსტრუქტორები ჩაერთნენ ამ კონფლიქტურ სიტუაციაში და ანტიტერორისტული კამპანიის კონტექსტში დაიწყეს ქართული ნაწილების წვრთნა და მათთვის დახმარების აღმოჩენა.

ამ ხელისუფლების პერიოდში რუსეთი და საქართველო გარკვეულად შეთანხმდნენ სასაზღვრო ჯარების თანამშრომლობაზე, მაგრამ ეს ძალიან მცირე ხანს გაგრძელდა: 2004 წლის კონფლიქტი, 2006 წელს ჯაშუშების დაკავება და აგორდა ბრალდებების მეორე ტალღა: სპეცსამსახურების მხარდაჭერა, ტერორისტების მხარდაჭერა და ა. შ.

ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კავკასიურ თემას, არა მაინც და მაინც ჩეჩნურ, არამედ ჩერქეზულ თემას, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სერიოზულ გაღიზიანებასა და პროტესტს იწვევს.

მე ასე მიმაჩნია.

_ რამდენად საჭირო და აუცილებელი იყო ჩერქეზთა გენოციდის თემის წინა პლანზე წამოწევა მაინც და მაინც ახლა _ ამ პირობებში, როცა ჩვენი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი?

_ გენოციდის პრობლემა ჩერქეზებსაც აწუხებს და სომხებსაც. ამაზე, რა თქმა უნდა, სალაპარაკოა. მაგრამ სპონტანურად ამ თემის მთავარ კოზირად გამოყენება საქართველოს მიერ არ იყო სწორი. ჩერქეზებისთვის, ვფიქრობ, საკმარისი იქნებოდა, ამ თემაზე ყურადღების გამახვილება _ კამათი, დისკუსია, აზრთა გაცვლა, მაგრამ გენოციდის ოფიციალურ აღიარებას, ფაქტობრივად, შედეგად მოჰყვა უფრო მეტი პოლარიზაცია საქართველოსა და რუსეთს შორის.

გამწვავებაც აქედან მოდის.

სოჭის ოლიმპიადა ახლოვდება. ამასთან დაკავშირებით ექსცესები მოხდა, იყო განცხადება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაღმები და შეიარაღება იპოვეს, დოკუ უმაროვი ახსენეს, მასთან დაკავშირებით _ ქართული სპეცსამსახურები და ა. შ.

_ ასეთი ლაპარაკი და სიტყვიერი დაპირისპირება ადრეც ყოფილა.

_ მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, ეს იმდენად საშიში თემაა, რომ შეიძლება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საბაბი გახდეს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. პარალელურმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ შეიძლება კონფლიქტის ახალი ესკალაცია გამოიწვიოს.

_ არ მინდა საგაზეთო «მოდელირებული ქრონიკა» გამოგვივიდეს, მაგრამ მაინც გკითხავთ: რა შეიძლება მოხდეს?

_ უშიშროების საბჭოს მდივანმა გოგა ბოკერიამ ახლახან თქვა, რომ არ არის გამორიცხული ახალი კონფლიქტი რუსეთთან. ეს სერიოზული განცხადებაა.

_ და საშიშიც.

_ ამ საშიშროებისგან თავის დასაცავად საქართველოს რა მექანიზმები გააჩნია? ერთადერთი _ ევროდამკვირვებლები, რომელთა დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს. ამიტომ მთავარი იყო და რჩება საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა.

რაიმე საერთაშორისო მექანიზმი შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ტანკების იგოეთთან შეჩერების არ არსებობს.

_ უვიზო რეჟიმი, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ?

_ ეს შექმნის გარკვეულ აურას, გარკვეულწილად განაწყობს რუსეთის საზოგადოებრივ აზრს საქართველოს სასარგებლოდ, მაგრამ უფრო მეტს არც უნდა მოველოდეთ. ნატოს წევრები ჩვენ არ ვართ, ორმხრივი ხელშეკრულება აშშ-თან არ გვაქვს, კონფლიქტის დროს რომ დაგვიცვას და ა. შ.

ამიტომ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ვართ ჩვენს დიპლომატიაზე და ჩვენს მოქნილობაზე.

_ რამდენად დიპლომატიურია შეურაცხმყოფელი შეძახილები რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რაც ჩვენი ქვეყნის უმაღლესი პირებისგან ლამის ყოველდღე გვესმის?

_ რუსული ანდაზაა «Палка о двух концах «, ამიტომ პრობლემას ცალმხრივად არ უნდა მივუდგეთ. მე მგონი, ჩვენს შემთხვევაში ორივე მხარე მაქსიმალისტურ მიდგომას ანიჭებს უპირატესობას. ოქროს შუალედის გამონახვა ასეთი დაპირისპირების შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია.

საქართველოში ხელისუფლების ახალი კონფიგურაციის ნიშნები გამოჩნდა და ასეთ ვითარებაში რაღაც დადებითისკენ უნდა შეიცვალოს.

მშვი-დო-ბა! სხვა პერსპექტივა არ არსებობს.

_ მართალი ხართ, მაგრამ ესმით? დროდადრო ჩვენი ხელისუფლება ტერორიზმის თემას შემოგვიგდებს, თუნდაც განეიტრალებული ოპერაცია «ენვერის» სახელწოდებით.

მესმის, რომ ტერორიზმის მიზანია, დააშინოს საზოგადოება და ამ ფონზე მიაღწიოს იმ ამოცანების განხორციელებას, რომლებიც დასახული აქვს ამ მეთოდის გამომყენებელ ძალებს.

მაგრამ კოჭოიას ტერორიზმი ჩვენს საზოგადოებას სასაცილოდაც არ ჰყოფნის

რუსული სპეცსამსახურები მუშაობენ იუველურად, და მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი სტრუქტურებია

_ აბა, რაღა საქართველოსთან ურთიერთობაში ამჟღავნებენ გაუგონარ პრიმიტივიზმს?

_ ნებისმიერი ასეთი ტერაქტის გამოძიება უაღრესად ფაქიზი საქმეა, ამიტომ გადაწყვეტით არაფერს გეტყვით. მხოლოდ ჩემს ვარაუდს მოგახსენებთ.

ძალიან ხშირად ასეთ შემთხვევებში ყურადღების მიღმა გვრჩება სუბიექტები, რომლებიც ძალიან ხშირად დამოუკიდებლად მუშაობენ. მაგალითისთვის ავიღოთ ანქვაბზე მოწყობილი ტერაქტი. აფხაზეთში ჩამოყალიბდა მინიანკლავები თავ-თავიანთი ინტერესებითა და «სპეცსამსახურებით».

რუსეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღისა და აფხაზეთის პრობლემები ვერ გვარდება იმიტომ, რომ რუსეთში არის ძალები, რომელთა ინტერესები რუსეთის ინტერესების კი არა, ადგილობრივი სეპარატისტების ინტერესების თანხვედრია.

ერთერთ გუდაუთელ აფხაზს ვკითხე _ როდისმე შეშინებიათ აფხაზებს ქართველების? მან მიპასუხა, რომ აფხაზების თვალში შიში ვნახე მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემადგენლობაში შევიდაო.

ორი ქვეყნის ურთიერთობის დათბობა ხელს არ აძლევს სეპარატისტულ ძალებს, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ რუსეთშიც. გავიხსენოთ თათარსტანის პრეზიდენტის _ მინტიმირ შაიმიევის განცხადება, რომლითაც მან დაგმო შუმეიკოს გამოსვლა უმაღლესი საბჭოს სესიაზე, როცა ამ უკანასკნელმა არძინბას წინააღმდეგ ჩვენ დაგვიჭირა მხარი.

_ მაშასადამე, როგორც ადრე იყო ნათქვამი, «საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გასაღები რუსეთში დევს»?

_ სანამ არ მოგვარდება ურთიერთობა რუსეთთან, საქართველოს კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელი იქნება. დღეს საამისო ხიდები დამწვარია. მაგრამ თუ ინტერესთა თანხვედრა მოხდება, მაშინ უნდა დავეთანხმოთ რუსეთის ექსპრეზიდენტ მედვედევს, რომელმაც განაცხადა: «В политике ничего вечного не бывает _ პოლიტიკაში მუდმივი არაფერია».

რუსეთის «ჩამოშლაზე» ლაპარაკი, რაც ჩვენთან მოდურია, საფუძველსაა მოკლებული. რუსეთი გარკვეულწილად არის ფარი ევროპისთვის აზიური ექსპანსიისგან. არა მგონია, რომ ევროპა რუსეთის დაშლითა და სლავური ცივილიზაციის განადგურებით იყოს დაინტერესებული, რადგან ამ შემთხვევაში სხვა ცივილიზაცია დაემუქრება მას, როგორც ეს შუა საუკუნეებში უკვე იყო.

_ ორიოდე დღის წინათ «მაესტროთი» გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და არ გამორიცხა ტერაქტის შესაძლებლობა მის წინააღმდეგ.

_ კატეგორიულად გამოვრიცხავ ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ეს მის ვეებერთელა დისკრედიტაციას გამოიწვევს. მაგრამ შესაძლებელია, რომ მესამე ძალამ, აუცილებელი არ არის მაინც და მაინც ჩრდილოეთი ვიგულისხმოთ, ძალამ, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს დესტაბილიზაციით, გამოიყენოს ეს მომენტი სიტუაციის ასარევად.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here