Home რუბრიკები ეკონომიკა ლადო პაპავა: წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდისთვის, უნდა ველოდოთ საკმაოდ მაღალ ინფლაციას

ლადო პაპავა: წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდისთვის, უნდა ველოდოთ საკმაოდ მაღალ ინფლაციას

848

ბატონი ლადო პაპავა მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და, ამასთან, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. სწორედ სტრატეგიული პერსპექტივით ვცდილობ მასთან საუბრის წარმართვას, მაგრამ მაინც კერძო შემთხვევიდან ვიწყებ:

პრინსტონი ჩვენი სირცხვილისა

_ შეიძლება თუ არა მოვლენად ჩაითვალოს, ბატონო ლადო, ამერიკის შეერთებული შტატების პროვინციაში _ პრინსტონის უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ლექციით?

_ პროვინცია ადგილმდებარეობით _ კი, თუმცა პრინსტონის უნივერსიტეტის ავტორიტეტი ძალიან მაღალია, _ ბატონი ლადოს ეს პასუხი უკვე იმის მანიშნებელია, რომ იგი არ აპირებს მიტინგის ემოციურ ტალღაზე საუბარს და, რასაც იტყვის, ობიექტურობის ჩარჩოში იქნება მოქცეული.

მეცნიერია!

_ რა მისცა ამ გამოსვლამ საქართველოს?

_ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვაგან არის რამდენიმე უნივერსიტეტი, რომლებიც სამეცნიერო-საგანმანათლებლო სისტემაში სახეს ქმნის. მათ შორისაა პრინსტონის უნივერსიტეტი. ასეთ უნივერსიტეტებში ტრადიციულად გამოდიან ქვეყნების პრეზიდენტები, რაც გარკვეულწილად ითვლება ინფორმაციის მიწოდებად სამეცნიერო-ანალიტიკური საზოგადოებისთვის იმის შესახებ, თუ რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში.

ამიტომ სააკაშვილის აქ გამოსვლა დადებითი რიგისაა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ პრეზიდენტებს, არც სამსახურებრივი დატვირთვით და არც იმიტომ, რომ გამოდიან საუნივერსიტეტო აუდიტორიის წინაშე, არ ევალებათ სამეცნიერო მოხსენების გაკეთება.

რაც და როგორც მან იქ თქვა, ისიც ახსნადია.

შეცდომებზე, ცხადია, არ ილაპარაკებდა, რადგან, ჯერ ერთი, თვითონ არ მიაჩნია, რომ ცდება. რასაც არ თვლის, იმაზე პრინსტონში, რა თქმა უნდა, არ მოყვებოდა. ამიტომ თავის ქვეყანაზე უნდა მოეთხრო იმ ვარდისფერ ფერებში, როგორი ვარდისფერი სათვალითაც თვითონ აღიქვამს მისი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებსა თუ ფსევდორეფორმებს. მეორე, ელაპარაკა ისე, როგორც ამერიკელ მსმენელს სიამოვნებს.

ხშირად ჩვენ ცოტა გაზვიადებულად ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის როლსა და ადგილს მსოფლიოში. ასე გვგონია, რომ მოსკოვიც იძინებს და იღვიძებს საქართველოზე ფიქრით, ვაშინგტონი კი მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როცა საქართველოდან მოსულ ინფორმაციას გაეცნობა.

სინამდვილეში ასე არ არის.

მოსკოვისთვის საქართველო ერთერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთერთი, თანაც არა # 1 პრობლემაა. ამერიკისთვის საქართველო კიდევ უფრო შორეულ რიგში დგას. მოსკოვისთვის მაინც მეზობელი ქვეყანა ვართ, მოსაზღვრე ჩრდილოეთ კავკასიისა, რომელიც რუსეთის თავის ტკივილია. ამერიკისთვის, უკეთეს შემთხვევაში, იმ ქვეყნების მესამე ათეულში ვიმყოფებით, რომლებშიც მისი ინტერესებია ფოკუსირებული, შეიძლება _ უფრო იქითაც.

შტატებში იციან, რომ სააკაშვილი არის ამერიკის პროექტი და, ბუნებრივია, მის შესახებ კარგი ამბების მოსმენა სურთ, ანუ სურთ, რომ, როგორც ამერიკული ფილმებისთვისაა დამახასიათებელი, ყველაფერი Happy end-ით  დამთავრდეს. მაგრამ მიდის თუ არა and-ისკენ _ დასასრულისკენ, ჯერ ესაა  საკითხავი, არაფერი რომ არ ვთქვათ, happy-ზე _ ბედნიერებაზე (ბატონ ლადოს გულიანად ეცინება ამ უნებლიე კალამბურზე).

სააკაშვილის გამოსვლა იყო ისეთი, როგორსაც ელოდებოდა ასეთი ტიპის ლექციების მოსასმენად შეკრებილი აუდიტორია.

_ რაც ჩვენ ათასჯერ მოგვისმენია

_ და რაც გვაღიზიანებს, რადგან ეს არის შელამაზება სიტუაციის. ამერიკულ აუდიტორიას კი არ აინტერესებს იმ დეტალებში ჩაძიება, რომლებიც თავდაყირა დააყენებდა მონათხრობის ტრიუმფალურ ხასიათს.

უარესი ისაა, რომ არც სააკაშვილს აინტერესებს ასეთი დეტალები. მისი ზეამოცანაა, რაც შეიძლება ლამაზად წარდგეს ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე.

პრინსტონში ყველაფერი წყნარად და მშვიდად დასრულდებოდა, რომ არ მომხდარიყო ის, რაც არასდროს მომხდარა სააკაშვილის ამერიკული ვოიაჟების დროს.

დარბაზში აღმოჩნდა ქართველი ემიგრანტი გიორგი სიგუა, რომელმაც ლოგიკური შეკითხვები დაუსვა ორატორს: რატომ ხდება, რომ ასეთ წარმატებულ ქვეყანაში სასამართლოებს პრაქტიკულად არ გამოაქვთ გამამართლებელი განაჩენები? რატომ არის ციხეები გადავსებული და ა. შ.?

როგორ მოხდა, რომ თბილისში წყალდიდობის გამო დატრიალებული ტრაგედიის ფონზე იგი გაფრინდა ჯერ სლოვენიაში ფეხბურთის მატჩის სანახავად? კიდევ უფრო გაუგებარია მეორე დღეს მისი ჩასვლა მილანში და «შოპინგი» მდიდრულ მაღაზიებში.

ეს შეკითხვები სააკაშვილისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. შეურაცხმყოფელი გამოთქმები გამოიყენა ქართველი ემიგრანტის მიმართ და ამით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაგვანახა, რომ იგი მზად არ არის კრიტიკის მოსასმენად.

არც არასდროს ყოფილა. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როცა მაშინ ტელეეთერში ძალიან პოპულარულმა ინგა გრიგოლიამ ვერ შეკრიბა პრეზიდენტობის კანდიდატები სააკაშვილის უარის გამო. იკამათეს მაშინ ცოლებმა ქმრების მაგიერ, თუმცა ცოლებს არავინ ირჩევდა…

სააკაშვილს არ შეუძლია ვინმესთან საჯაროდ კამათი. პარლამენტში მას ყოველთვის აღიზიანებდა «ქრისტიანდემოკრატების» გამოსვლები. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ «ქრისტიანდემოკრატები» სააკაშვილის მიერ შექმნილი, მართვადი ოპოზიციაა. იგი ყოველთვის წყობილებიდან გამოჰყავს გიორგი თარგამაძის გამოსვლებს. არაფერი რომ არა ვთქვათ ჯონდი ბაღათურიასეულ კრიტიკაზე. მართალი თქვა თუ არა ბატონმა ჯონდიმ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ სააკაშვილი დარბაზიდან გაიქცა. თუ ბაღათურიას ნათქვამი ტყუილია, მაშინ კიდევ უფრო გაუგებარია სააკაშვილის რეაქცია, როცა პრეზიდენტი აშკარად ემუქრება დეპუტატს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ასეთივე ხასიათის იყო მისი რეაქცია ქართველი ემიგრანტის შეკითხვებზეც.

_ შეურაცხყოფის მიყენება, ეტყობა, ბატონ სააკაშვილს კრიტიკული სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია.

_ რა უნდა ეპასუხა სააკაშვილს? თუ ის ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა, მისთვისაც ტრაგედიაა, მაშინ ფებურთის მატჩის სანახავად არ უნდა წასულიყო. რითი უნდა გაემართლებია მისი სავაჭროდ ჩასვლა მილანში?!

მილანში გამოწყობილი შიშველი მეფე

_ მინდა, მკითხველმა სწორად გამიგოს.

პრეზიდენტი ჩვეულებრივი ადამიანია. მასაც სჭირდება ჩაცმა.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, მეფე შიშველია.

_ (იცინის და იმავე ტონალობაში განაგრძობს) თუმცა მეფე მაინც შეიძლება შიშველი იყოს, რაგინდ კარგად ჩაიცვას

მეფის სიშიშვლე ტანსაცმელზე არ არის დამოკიდებული!

მესმის, რომ სააკაშვილი ბაზრობაზე ვერ წავა და საქონლის შერჩევას იქ ვერ დაიწყებს.

_ თუ პიარისთვის დასჭირდება, წავა.

_ ალბათ, წავა, მაგრამ არის მომსახურების მრავალი ფორმა, მათ შორის, ინტერნეტის დახმარებით. სააკაშვილის ქცევა იმდენად არაადეკვატური იყო, რომ მას აუცილებლად უნდა აეხსნა, რატომ მოიქცა ასე. მაგრამ აქ არ გამოდგებოდა  «კარგი გამომეტყველების მიღება, წაგებული თამაშის დროს».

_ . . რაც დაიმართა, კონფუზი იყო?

_ იყო.

_ იქნებ ახსნათ?

_ სააკაშვილი არაორდინალური პიროვნებაა. აქვს უნარი, მონუსხოს გარკვეული ინტელექტუალური დონის მსმენელები, განსაკუთრებით _ დასავლეთში, საქართველოში შესუსტებულია. არადა, «მუშაობდა» «ვარდების რევოლუციის» პერიოდში და მის მომდევნო წლებში, მაგრამ 2007 წლის მოვლენებმა მას ნიღაბი ჩამოხსნა. თუმცა საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილში ჯერ კიდევ პოპულარულია.

_ პრინსტონში თავი მოიწონა ამით.

_ დიახ. მაგრამ მეორე ნაწილმა, რომელსაც ჩემს თავსაც მივაკუთვნებ, უტყუარად იცის, რა სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული, როგორი ბოროტება აქვს დანერგილი ქვეყანაში, და ამიტომ ჩვენი მონუსხვა შეუძლებელია.

პოპულარულია არა მარტო იმიტომ, რომ ნაციონალური არხები დღეს, როგორც ერთ დროს ცენტრალური ტელევიზია ბრეჟნევს, მხოლოდ მას აჩვენებს,  არამედ იმიტომაც, რომ, სადაც საჭიროა, იქ ცრემლის გადმოგდებაც შეუძლია.

_ მით უფრო, თუ ეს ცრემლი გლიცერინისაა.

_ შეუძლია იტიროს.

_ მაგრამ ძალიან უნიჭოდ.

_ დეფიციტი ნიჭიერებისა, რა თქმა უნდა, სახეზეა. ბოლო ხანებში იკლო დადებითმა ეფექტმა.

_ გაძლიერდა უარყოფითი რეაქცია

_ რაც ყველაზე მძაფრად გამოჩნდა მახათას მთაზე, როდესაც აბსოლუტურად გაუგებარ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ტაძრის საძირკვლის ჩაყრაზე. შემზარავი კადრები იყო! ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო სააკაშვილი, არამედ იმაზე, რომ ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი.

_ სასწორის პინაზე რომ შევდოთ მისი პლიუსები და მინუსები, რომელი გადაწონის?

_ მე, რა თქმა უნდა, სუბიექტური ვიქნები. ერთის მხრივ, არ უნდა დაიკარგოს ის, რაც მან გააკეთა, მაგალითად, ბიზნესის დაწყების რეგისტრირებასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის შექმნით და ა. შ., რაც ყოველდღე გვესმის და რაც ხელისუფლების მშვიდობიანი ჩანაცვლების შემდეგაც უნდა შევინარჩუნოთ. ეს პოზიტიური მხარეა. მაგრამ ამავე დროს არის მთელი რიგი შეცდომებისა და ბოროტების _ ადამიანის, მესაკუთრეთა უფლებების შელახვა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, სასამართლოს გადაქცევა მთავრობისა და პროკურატურის ქვემდებარე სტრუქტურად და კატასტროფული შეცდომები სახელმწიფო მშენებლობაში, ეკონომიკის მართვაში და ა.შ., რასაც ყოველდღე ჩვენს ტყავზე ვგრძნობთ და რასაც მწარედ განვიცდით.

«ნაციონალებს» უყვართ ასეთი ტიპის მსჯელობა: ადამიანი თუ სახელმწიფო უსაფრთხოება? დემოკრატია თუ სახელმწიფო უსაფრთხოება? ამგვარი ალტერნატივა აბსოლუტურად მცდარია.

თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ჰყავს მტრები (მტრები როგორ არ გვყავს) და ამიტომ მთავარი სახელმწიფო უსაფრთხოება არისო, მაშინ «ნაციონალების» # 1 იდეოლოგი უნდა იყოს იოსებ ბესარიონის ძე სტალინი _ მის ეპოქაში სწორედ მტრებით იყო გარშემორტყმული საბჭოთა კავშირი და სწორედ მტრების წინააღმდეგ  ბრძოლისკენ იყო მიმართული ბელადის ძალისხმევა, რასაც დიდი სისხლისღვრა მოჰყვა.

ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია პრიორიტეტის მინიჭება სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანი. ადამიანის ნორმალური არსებობისთვის კი საჭიროა დემოკრატია. საფრთხის შემცველი ისაა, როცა შენ თითოეულ ადამიანს, მის სიცოცხლეს, მის ბედს, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდებ რაღაც ეფემერული სახელმწიფო უსაფრთხოების გამო.

ამიტომ ის პოლიტიკური კონსტრუქცია, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განახორციელეს, რომ თურმე სახელმწიფო უსაფრთხოება პირველია და შემდეგია ადამიანი, დემოკრატია, არის მცდარი. ამათ სტალინის ძეგლი გორში კი არ უნდა მოეხსნათ, არამედ რამდენიმე ახალი თბილისში აღემართათ, ახლა უკვე _ ქუთაისშიც… სტალინი მათ სულში ყვავის.

ყველაფერი ზედაპირული აქვთ, მათი ეს პოზიციაც ცრუა და ყალბი, რადგან, როცა საქართველოს სახელმწიფოს მართლა დაემუქრა საფრთხე, ისინი პირველები გარბოდნენ წითელი ხიდისკენ.

როცა წრის შიგნით კვირაა

_ მოდით, ეკონომიკაზე გადავიდეთ: მართლა ვართ ეკონომიკის აყვავების ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ბობოქარ ოკეანეში, როგორც ეს სააკაშვილს წარმოუდგენია?

_ ანეკდოტს მოგიყვებით, რომელიც იდეალურად შეესაბამება ამ სიტუაციას და გარკვეულწილად უპასუხებს კიდეც შეკითხვას.

მანამდე უნდა გაგახსენოთ, რომ საქართველომ, როგორც 2008 წლის აგრესიის მსხვერპლმა, დონორი ქვეყნებისგან მიიღო 4,5 მილიარდი დოლარი ფინანსური მხარდაჭერა. აქედან 2 მილიარდი გრანტია, 2,5 _ კრედიტი. ეს ფული რომ არა, საქართველო იქნებოდა უმძიმეს მდგომარეობაში. საქართველო გადარჩა არა ქვეყნის ეკონომიკის შიგა რესურსებით, არამედ დონორთა დახმარებით.

ახლა ანეკდოტი.

მუსლიმი, ქრისტიანი და იუდეველი ერთმანეთს ეკამათებიან, თუ ვისი ღმერთია უფრო ძლიერი. მუსლიმი ამბობს, რომ ალაჰი უძლიერესია. ყვება ამბავს: ერთხელ, როცა ღაზას სექტორში ვიყავით და ისრაელის არტილერია გვბომბავდა, ალაჰს გადარჩენა შევევედრე. გაიხსნა ცა, ჩამოეშვა მზის სხივი, რომელმაც წრე შემოხაზა ჩემი სახლის ირგვლივ. გარშემო ყველაფერი დაინგრა, ჩემი სახლი გადარჩაო.

ქრისტიანმა უპასუხა, რომ შენმა ღმერთმა მარტო შენ და შენი ოჯახი გადაგარჩინა, და მოყვა ამბავს, როცა აბობოქრებულ ოკეანეში გემს უეჭველი ჩაძირვა დაემუქრა, მან ღმერთს გადარჩენა შესთხოვა, ჩამოეშვა ციდან მზის სხივი, წრე შემოხაზა გემის გარშემო და ათასი  სხვადასხვა ჯურის ადამიანი გადაარჩინა.

ბოლოს იუდეველმა თქვა: დაგენაცვლეთ, ალბათ, იეღოვა უფრო ძლიერი არის. მივსეინობ ერთ შაბათს იერუსალიმის ქუჩაში. ვხედავ, _ გდია ჩემოდანი, ვხედავ, _ ღიაა, ვხედავ, _ დოლარებითაა სავსე. გარშემო არავინ არის, მაგრამ აღებას ვერ ვბედავ, რადგან შაბათია. ღმერთს შევევედრე, მიშველე რამე. გაიხსნა ცა, გამოჩნდა მზის სხივი, შემოხაზა წრე ჩემ გარშემო და წრის შიგნით უკვე კვირა იყო, გარშემო კი შაბათი გრძელდებოდა.

(ვიცინით).

ასე დავრჩით ჩვენც წრის შიგნით ფულთან ერთად: მსოფლიოში ისევ შაბათია, კრიზისია, ჩვენთან კვირაა და ფულიც ბლომად გვაქვს ნაბოძები.

_ ეს გრანტები და სესხები თუ არა, გვაქვს კი ეკონომიკა, რომელმაც მზის სხივის როლი უნდა შეასრულოს?

_ რომ ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკა საერთოდ არ გააჩნია, არ იქნება მართალი. მაგრამ ისიც მართალია, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ამასწინათ საკმაოდ სერიოზული კრიტიკული შეფასება გამოთქვა საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, როცა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რამდენი წელიწადი შეიძლება იარსებოს საქართველომ კრედიტებითო?!

ობიექტურად რომ ვთქვათ, ნაზარბაევი ის კაცი არ არის, ვისაც საქართველოზე ლაპარაკის უფლება აქვს, რადგან თვითონ ყაზახეთში ავტორიტარული მმართველობის მოდელი დაამკვიდრა. მაგრამ ყაზახეთი, რომელსაც ნავთობისა და გაზის უზარმაზარი რესურსები აქვს, მდიდარი ქვეყანაა. მას აქვს იმის ფუფუნება, რომ იყოს ავტორიტარული მმართველი. შეიძლება არ უნდა ეთქვა, მაგრამ, რაც თქვა, სიმართლეა.

საქართველოში ეკონომიკის განვითარებას, პირველ რიგში, ხელს უშლის საკუთრების დაუცველობა, ხელს უშლის სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესში.

ჩვენი ხელისუფლების «ფასადურ პოლიტიკას» ზოგი ნეოლიბერალურს უწოდებს, ზოგი _ ლიბერტარიანულს, სახელმწიფო ვითომ არ ერევა, მაგრამ სინამდვილეში შინაარსი ამ ფასადისა ნეობოლშევიკურია _ ჩარევა, კონტროლი, შეწერა. ასეთი რეჟიმის პირობებში ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ვერ განვითარდება.

როცა სახელმწიფოს მამები მშენებლობით არიან გატაცებულნი, ეს კარგია, რადგან მოთხოვნა ჩნდება საშენ მასალებზე, მუშახელზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რადგან შენ როგორი სტიმულიც არ უნდა მისცე საბიუჯეტო დანახარჯებით _ გზების დაგებით თუ ქუთაისში პარლამენტის შენობის აგებით, ეს ყველაფერი დასრულებადია… თუ ბიზნესი დამოუკიდებელი არ არის, ვერც განვითარდება.

_ ესე იგი, თუ ეს ხელისუფლება შერჩება ქვეყანას, განვითარების პერსპექტივა რეალურად არა გვაქვს?

_ რეალურად წინ ორი ურთულესი წელიწადი გვიდევს _ 2012-ის საპარლამენტო არჩევნების უმძიმესი წელიწადი და 2013-ის არანაკლებ მძიმე საპრეზიდენტო არჩევნების წელიწადი. ამ პერიოდში საქართველოს რთული  ეკონომიკური პრობლემები დაუდგება, რადგან მთავრობა კიდევ უფრო შეეცდება, ბიზნესის მაქსიმალურად შეზღუდვას და მისი რესურსის თავისი საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას.

სტატისტიკის ფოკუსები და არავითარი თვალთმაქცობა

_ მიჩნეულია, რომ ქართული ბიზნესის ნათელი წერტილია საბანკო სისტემა. მთელ მსოფლიოში კი სწორედ ბანკების საქმიანობამ გამოიწვია უმწვავესი საპროტესტო მუხტი. მხედველობაში მაქვს თუნდაც მოძრაობა «ომი უოლსტრიტს!», აქაც ციდან გადმოშვებული მზის სხივის ეფექტთან გვაქვს საქმე?

_ მიუხედავად იმისა, რა უკანონობაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა «ბანკ ქართუს» წინააღმდეგ, საბანკო სისტემა მთლიანობაში მაინც ჯანსაღია. თუმცა მისთვის ისეთივე შეცდომებია დამახასიათებელი, როგორიც მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა: აბსოლუტურად გაუგებარი ანაზღაურება მაღალი დონის მენეჯმენტის _ უმაღლესი ხელფასები, ბონუსები. არაადეკვატურობა არის ერთ-ერთი მიზეზი საბანკო სისტემის სიმყიფის. და, მეორე: ჩვენი საბანკო სისტემა ვერა და ვერ მოერგო ქართულ ეკონომიკას. იგი მუშაობს ან ფინანსური პირამიდების გაძლიერებაზე, ან უცხო ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებაზე. ფინანსური პირამიდები ჩამოყალიბდა სამშენებლო ბიზნესში, სადაც ძველი ვალდებულების შესრულებისთვის ახალ ვალდებულებას იღებენ, მაგრამ ახალსაც ვერ ასრულებენ. ასეთია ფინანსური პირამიდა.

ამას გარდა, ე. წ. სამომხმარებლო სესხები. სამომხმარებლო პროდუქცია _ ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, მაცივრები თუ სხვა ასეთი, იმპორტულია; ე. ი. ჩვენი საბანკო სისტემა კრედიტებს გასცემს არა საქართველოს ეკონომიკის განსავითარებლად, არამედ _ იმპორტისთვის, ანუ სხვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

_ მევახშეობს?

_ ბანკი ბევრად უფრო ცივილიზებულია, ვიდრე მევახშე. სამწუხაროდ, მევახშეობა საქართველოში ხელშეწყობილია, არსებობს, ხშირად _ არალეგალურად.

_ ხალხს კი ამასობაში ძალიან უჭირს ცხოვრება. ხვალზეგ უფრო გაგვიჭირდება?

_ რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება!

დაგიდასტურებთ კონკრეტული მაგალითით. სულ ახლახან შეიქმნა ფონდი «ქომაგი», რომელსაც მიზნად აქვს დასახული, მატერიალურად დაეხმაროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახებს. კონტროლის პალატამ დაუყოვნებლივ ყადაღა დაადო ამ ფონდის ანგარიშებს.

რა გამოვიდა?

ხელისუფლებამ ხალხის გარკვეული ნაწილი შეავიწროვა, «ჩარეცხა», უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, გამოკეტა საპატიმრო ადგილებში და, როგორც კი გამოჩნდა რეალური მექანიზმი ამ ხალხის დასახმარებლად, იმ წამსვე დახურა…

_ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამას უწოდებენ დემოკრატიულ ქვეყანას?

_ ხელისუფლების ამ რეაქციის შემდეგ, არა მგონია, საზოგადოების ამ ფენიდან ვინმე დარჩეს სააკაშვილის ხელისუფლების მომხრე. მაგრამ პოპულისტი პრეზიდენტი აცხადებს, რომ, მართალია, ჩვენ საჯარო სამსახურიდან გავუშვითო ბევრი ნიჭიერი ადამიანი, 45-დან 60 წლისა, მაგრამ თუ მათ დაასაქმებს ბიზნესი, საშემოსავლო გადასახადიდან გავათავისუფლებთო.

მაგრამ საშემოსავლო გადასახადს იხდის დაქირავებული ადამიანი. ბიზნესისთვის რა შეღავათია? არც არავითარი. არც არავინ აუყვანიათ. ეს ადამიანები, თუ ასე კარგები და საჭირონი იყვნენ ქვეყნის მშენებლობისთვის, რატომ დაითხოვეს?

_ ნეოგაკულაკებას ჰგავს ან «ლიშენცობას» (მოქალაქეთა უფლებებში შეზღუდვას), რასაც ბოლშევიკებმა ოციანი წლების დასასრულს მიმართეს, მაგრამ მალევე უარი თქვეს.

_ ასე რომ, სოციალური თემა გამწვავდება.

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო?

პირველ კვარტალში აჩვენა, რომ პრაქტიკულად ადგილი აქვს უარყოფით ინფლაციას, ანუ დეფლაციას, თითქოს ფასები კლებულობს.

_ ანუ: “Жить стало лучше, товарищи. Жить стало веселее”,  როგორც ოცდაათიან წლებში იყო?

_ ძალიან ჰგავს. მაგრამ, მოდით, გკითხავთ: თქვენ იგრძენით რაიმე გაიაფება, შეღავათი, გაუმჯობესება? ან _ მე, ან ვინმემ საერთოდ?

_ გიპასუხებთ: არა, არ მიგრძვნია.

_ ოფიციალური სტატისტიკა კი გვაჩვენებს, რომ გაიაფდა, გაგვიიოლდა  ცხოვრება.

_ სიცოცხლე გაიაფდა, ბატონო ლადო

_ წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდისთვის უნდა ველოდოთ საკმაოდ მაღალ ინფლაციას. ამიტომ წლიური მაჩვენებელი რომ არ გაუფუჭდეთ, ახლა დეფლაციას აჩვენებენ, მერე დააბალანსებენ და წლის ბოლოს ოფიციალურად მაღალი ინფლაცია არ გვექნება.

_ შევალამაზოთ, როგორც ყველა ფასადი საქართველოში?..

_ ასეა…

ჭუჭრუტანაში შემძვრალი ვალი

_ სახელმწიფო ვალის შესახებ: მთლიანი საგარეო ვალი და სახელმწიფო საგარეო ვალი. ჩემთვის, როგორც მოვალე სახელმწიფოს მკვიდრისთვის, რა განსხვავებაა? რომელი გამაღატაკებს?

_ ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთლიან საგარეო ვალს და საქართველოს სახელმწიფო ვალს.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი არის ის, რაც უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფომ, ხოლო ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, სახელმწიფო საგარეო ვალის გარდა, კერძო სექტორის ვალსაც მოიცავს.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი არის 11 მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარი. ეს ჩვენი მთლიანი შიგა პროდუქტის დაახლოებით 75 პროცენტია. მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ვალის ამ რაოდენობიდან მხოლოდ 45 პროცენტამდეა სახელმწიფო საგარეო ვალი. დანარჩენი კერძო სექტორის ვალია.

_ 45 პროცენტიდან 60 პროცენტამდე (რაც ვალის დასაშვები ზღვარია) ჩვენ კიდევ თხუთმეტი პროცენტის ლუფტი გვაქვს.

_ გვაქვს. თუმცა მთავრობა გვპირდება, რომ ეს ვალი უახლოეს 2 წელიწადში 45-დან 30 პროცენტამდე შემცირდება.

გავნსაჯოთ: ჩვენს საბანკო სექტორს 2-მილიარდიანი ვალი აქვს. ახლა წარმოიდგინეთ, თუ საბანკო სექტორი გადახდისუნარიანი არ იქნება, დაიწყება გაკოტრება. რომელიმე ერთ ბანკსაც რომ შეეხოს გაკოტრების პროცედურა, წარმოიქმნება პანიკა, ხალხი თავისი ფულის ბანკიდან გატანას დაიწყებს, ამით კიდევ უფრო გააკოტრებს ბანკს, ხოლო «დომინოს ეფექტით» ეს პროცესი სხვა ბანკებს გადაედება. ამიტომ ამ ორ მილიარდზე, რომელიც ჩვენი საბანკო სისტემის ვალია, საქართველოს მთავრობა თვალს ვერ დახუჭავს. ასე რომ, კრიტიკული სიტუაცია თუ შეიქმნა და თუ ბანკი არ იქნება გადახდისუნარიანი, მაშინ მის გადარჩენაში ეროვნული ბანკიც უნდა ჩაერთოს და ქვეყნის მთავრობაც, რადგან ირიბად ეს მათი ვალდებულებაცაა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის 250 მილიონი ლარის ევროობლიგაცია გამოუშვა, რომელსაც სჭირდება მომსახურება და გასტუმრება. თუ არ გავისტუმრებთ ვალს, დავკარგავთ მაგისტრალურ გაზსადენს.

კრიტიკულ მომენტში სახელმწიფო ხელს ვერ დაიბანს და ვერ იტყვის _ ეს მე არ მეხებაო.

_ ჩვენ შეგვეხება, მოქალაქეებს?

_ რა თქმა უნდა! ყველა ერთად ჩავიძირებით. ქართული სახელმწიფოს პრეზიდენტი გინდ სააკაშვილი იყოს, გინდ _ ვინმე ბელტიყლაპიაშვილი, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება…

_ შეიძლება ვთქვათ, დღეს ბავშვი რომ იბადება საქართველოში, მას უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად, დიდ ვალსაც ვახვედრებთ?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ასეა ახლა მთელი მსოფლიო…

_ ვალები, ვალები, ვალების პატიებარამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ პარიზის კლუბი ჩამოგვაწერს  ვალს? ერთერთმა თქვენმა კოლეგამ თქვა, რომ ვალებს არ გადაგვახდევინებენო. მაგრამ აქეთ _ საბერძნეთი, იქით _ ევროს ციებცხელება და სადღაც ამ ორომტრიალით ატაცებული საქართველო.

გაგვიწევენ ანგარიშს?

_ არა. ვალების ჩამოწერის პროცედურა ჩვენ არ გვეხება. ჩვენ გვეხება რესტრუქტურიზაცია, ანუ გადავადება.

ჩამოწერა პანაცეა არ არის. პირიქით, ძალიან ცუდია. ჩამოწერა ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ეკონომიკურად უპერსპექტივოა, საგარეო ვალი მთლიან შიგა პროდუქტთან შედარებით დასაშვებ ზღვარს თუ რამდენიმეჯერ გადააცილებს, იქ ინვესტიციების განხორციელება გამორიცხულია. ჩამოწერა ნიშნავს, რომ ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ღვთის მადლით, საქართველოში ჯერჯერობით ასე არ არის.

_ ჯერჯერობითევროზონა კრიზისშია, ამერიკას ტრილიონობით დოლარის ვალები ახრჩობს, აღმოსავლეთი, უწინარეს ყოვლისა, ჩინეთი, ეკონომიკის აღმავლობის გზაზე დგას. ასეთ ვითარებაში, საით _ საქარველო?

_ საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა ევროპული ინტეგრაციისა. როგორ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვიმყოფებით, ყველასთვის ცხადია. დიდი არჩევანის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია.

დღეს რომ ვთქვათ, საქართველო რუსეთს დასცილდა, ძალიან პირობითი იქნება. მარტო ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ რუსეთისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სისტემა საქართველოში ძლიერაა ფესვგადგმული. რუსეთის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ავტორიტარული მმართველობა, პრაქტიკულად, ხელშეწყობილია საქართველოში.

კიდევ ერთი მომენტი: რუსული კაპიტალი სერიოზულად არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.

ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. მართალია, ახლა საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლები ჩამოიყვანეს, რაც ჯერჯერობით მხოლოდ ღიმილს იწვევს, მაგრამ რა არის იმაში ცუდი, თუ ქართველი ახალგაზრდების ჯგუფს ეცოდინება ჩინური ენა?

ჩინეთის უგულებელყოფაც დანაშაულია.

_ რუსულის ცოდნაა, როგორც ჩანს, ცოდვა.

_ რუსული რომ ამოიძირკვა, ეს, შეცდომა კი არა, დანაშაულია…

_ მოკლედ: ჩინეთი კარგია, მაგრამ შორსაა. რუსეთი აქვეა, მაგრამ კონფლიქტმა დაგვაშორა, რჩება ევროპა, რომლისკენაც უნდა გვეჭიროს გეზი?

_ ჩვენი ვექტორი დასავლეთისკენაა მიმართული… მაგრამ სხვა მიმართულებებით ურთიერთობათა დალაგების უგულებელყოფა დაუშვებელია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here