Home რუბრიკები საზოგადოება კონსტანტინე გამსახურდია: ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი

კონსტანტინე გამსახურდია: ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი

1180

კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 119 წელი შესრულდა. ისტორიული რომანების, ესსეებისა და ნოველების გარდა, მის კალამს არაერთი პუბლიცისტური წერილი ეკუთვნის. «ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი» ერთ-ერთი მათგანია, რომელიც იმდენად თანამედროვეა, რომ მკითხველს უთუოდ საგანგებოდ გაზეთის ამ ნომრისთვის დაწერილი ეგონება.

დასასრული. დასაწყისი იხ. #18 (156)

რეაქციულ-ანარქისტული ინდივიდუალიზმის ლიდერი იყო მაქს შტირნერ, რომელსაც ეკუთვნის ტრაქტატი: «ერთადერთი და მისი საკუთარი საკუთრება» («დერ აინციგე უნდ ზაინ აიგენტუმ»). ამერიკული სადისტურ-კანიბალისტური ლიტერატურისა და კინოს პროდუქტზე ზეგავლენა მოახდინეს ფრანგმა სიმბოლისტებმა: ბოდლერმა _ «ბოროტების ყვავილების» ავტორმა, არტურ რემბომ, მალარმემ, ფრანგმა რომანისტებმა მირბომ და ანდრე ჟიდმა, ინგლისელმა ესთეტმა ოსკარ უაილდმა. ესენი იყვნენ აპოლოგეტები სიგიჟისა, თავის ჩამოხრჩობისა, ჰაშიშით თრობისა, სქესობრივი უტიფრობისა და სხვა. მათ მიერ წამოსროლილი ლოზუნგი «ხელოვნება ხელოვნებისათვის» მისწვდა ამ უკანასკნელ საუკუნეში ყველა კულტურული ერის მწერლობას. სიჭაბუკეში მრავალ თანამედროვეს ჩაგვწვეთებია ამ აბსურდული თეორიის შხამი. გონებადამჯდარი ადამიანისათვის ეს თეორია ისეთივე უაზრობაა, როგორც ასეთი რამ: ქიმიკოსებმა რომ განაცხადონ ერთ მშვენიერ დღეს: ქიმია _ ქიმიკოსებისათვის, ან მათემატიკოსებმა _ მათემატიკა მათემატიკოსებისათვის და ა. შ.

უკანასკნელ ათეულ წლებში განსაკუთრებულ აქტივობას იჩენდა ბურჟუაზიული ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, ხელმძღვანელი ფრანგული ჟურნალისა: «ლა ნუველ რევიუ ფრანსეზ».

ლიტერატურულ პროდუქციას თავი რომ დავანებოთ, ზემოხსენებულმა პირებმა მსოფლიო მასშტაბით წაბილწეს მწერლის სახელი და მისი პროფესია. მწერლობა ყოველ დროში და ყოველ ხალხში მიჩნეული იყო მუდამ, როგორც ზნეობრივი სიფაქიზისა და ვაჟკაცური სულის რეფლექსი, ამიტომაც განაცხადა დიდმა გოეტემ: უანგარობა _ ეგ არის ჩემი შემეცნების უმთავრესი კავშირი.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ გოეტეს და შილლერის მსოფლმხედველობათა ფონზე (ან მოვიგონოთ შილლერის ლექსი: «ყელს მოგეხვევით, მილიონებო», რომელიც საფუძვლად დაედო ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას) ანდრე ჟიდის, ნიცშეს, მირაბოს და უაილდის მიერ პერმანენტულად წარმოებული აპოლოგია ავკაცობისა, ზნეობრივი გათახსირებისა, მამათმავლობისა და სქესობრივი აღრევისა.

უზნეო იდეები სარეველა ბალახსა ჰგვანან, თუ წვიმებმა ხელი შეუწყვეს და გამომხშირავი არ გამოუჩნდა ყანებს, ქვეყანას წალეკავს სარეველა ბალახი.

ამ სიავის მწერლობას ნიადაგს უქმნიდა და უქმნის ევროპისა და ამერიკის კაპიტალისტური ატმოსფერო.

ზიგმუნდ ფროიდის «ფსიქოანალიტური» სისულელეები, რომელთა პერიფრაზაც უხერხულია კეთილად აღზრდილ ადამიანთა წრეში, ტოტემისა და ტაბუს ბნელი ინსტინქტების გამოჩიჩქნაა თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაში. ფროიდი ფსიქოანალიტიკის თვალსაზრისით ხსნის ჰამლეტის პრობლემას და ევრიპიდეს ტრაგედიის ზოგიერთ საკითხს.

კანიბალისტური თეორია უხვ საზრდოს პოულობს გადარეული ნიცშეს ზეკაცის თეორიაში. ეს იყო აპოლოგია უგულო მხეცკაცისა. ამ «ზეკაცებიდან» გამოჩიჩქნეს გერმანელი გრუპპენ-ფიურერები და ესესელები. ასეთი გამხეცებული, ვითომდაც ზეკაცების ინკუბატორებია დადგმული ამერიკული კინოს სატახტო ჰოლივუდში, ამერიკული «რიდერს დაიჯესტის» რედაქციებში. ამავე მიმართულებით მუშაობენ ამერიკელი რომანისტები ჯეიმს ჯონსი და უილინგ ჰემი, რომელთაც საშინელის, ამაზრზენის გამოსახვაში გადაასწრეს ედგარ პოსა და სტივენსონს.

«ნებისყოფა ძალაუფლებისადმი» და «ბატონკაცური მორალი» («ჰერრენმორალ»), რომელიც გაგიჟების პერიოდში იქადაგა ნიცშემ, საფუძვლად დაედო როგორც გერმანელი ფაშისტების, ისე ამერიკელი ნეოფაშისტების პოლიტიკასა და სულიერ ვითარებას. ნიცშემ თავის დროზე აღიარა: ბატონკაცური მორალის იდეები მაშინ ჩამესახა, როცა პრუსაკების პოლკები ვნახეო, 1871 წლის ფრანგ-გერმანელთა ომში მიმავალნი, ანდრე ჟიდსა და ნიცშეს აერთებს ავადმყოფური ეგოცენტრიზმი. ნიცშეს თავის «ექსე ჰომოში» მთელი თავი აქვს ასეთი სათაურით: «იმის შესახებ, თუ რატომ ვარ მე ასე ჭკვიანი». ერთ ადგილას იგი ასეთი კალამბურის ნებას აძლევს თავის თავს: «ქრისტეს რომ ჩემოდენი ეცხოვრა, ჩემსავით ჭკვიანი იქნებოდა». თავის ზარატუსტრას პირით ნიცშე აცხადებს: «ადამიანისადმი სიყვარული მომკლავდა მე».

ამ მიზანტროპიას ჰქადაგებდა საფრანგეთში ანდრე ჟიდი, რომელიც უპრინციპობის, მოღალატეობის, ამორალიზმის აპოლოგეტად გამოდიოდა ამ უკანასკნელ ნახევარი საუკუნის მანძილზე ევროპის მწერლობასა და პრესსაში.

«კაცთმოყვარეობა არასოდეს ყოფილა ჩემი საქმე… ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ეგოიზმისაგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა, მასზე უფრო საზიზღარი რამ, ე.ი. ალტრუიზმი, კაცთმოყვარეობა», _ წერს იგი.

ანდრე ჟიდი მოექცა მეორე, ნიცშესავით აგრესიული ფილოსოფოსის შოპენჰაუერის ზეგავლენის ქვეშ. ცნობილია, რომ არტურ შოპენჰაუერი ხელოვნებას თვლიდა, როგორც «ნებისყოფას ცხოვრების უარყოფისაკენ მიდრეკილს».

ჟიდი ეპიგონური მორჩილებით ათქმევინებს ამავე აზრს თავის ერთ-ერთ გმირს: «კულტურა ჰკლავს სიცოცხლეს».

თავისთავად გასაგებია: ნიცშესა და ჟიდის გზაზე თუ წავიდა კაცობრიული კულტურა, იგი უცილობლად მოჰკლავს ცხოვრებას.

თავისი ამორალისტური ქადაგებანი პრაქტიკულადაც გაამართლა ანდრე ჟიდმა ისეთ მძიმე წლებში, როცა ავადსახსენებელი ადოლფ ჰიტლერის შტურმბატალიონები თავს დაესხნენ საფრანგეთს. ნაცვლად იმისა, რომ ასეთ განსაცდელის ჟამს საკუთარ ხალხს წინ გასძღოლოდა, აფრიკაში გაიქცა და სანტიმენტალური დღიურების წერა დაიწყო: გულმოდგინედ ამტკიცებდა: პატრიოტიზმის გრძნობა ისევე წარმავალიაო, როგორც სხვა ადამიანური ვნებები.

ბალზაკმა უცნაური წინათქმის უნარი გამოიჩინა თავის დროზე, გაყიდული ჟურნალისტების, ფულის, სახელისა და კარიერისათვის გაწუწკებული მწერლების პორტრეტები ისეთი სიძლიერით დახატა, ბევრი თანამედროვე ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი თავის საკუთარ თავს იცნობს უეჭველად მათში.

«ფულმა გარყვნა ჟურნალისტი ემილ ბლონდე, გაყიდული კალმოსანი, რომელიც თავის კალამს და სინიდისს სიამოვნებით მიჰყიდის ყოველ გამვლელს. იგი მომხიბვლელ კურტიზანს გვაგონებს». ასეთი მწერლების გამო ბალზაკი წერს: «მათ დიაცური ქოშები უფრო მოუხდებოდათ ფეხებზე, ვიდრე ვაჟკაცური წაღები». «ლიტერატურის ქვედა ფენებში მწერლობა საცოდავი მეძავია, შუათანაში უბრალო კოკოტა, ჟურნალიზმის საროსკიპოდან გამოსული, ხოლო სახელმოხვეჭილ დიდ ლიტერატურაში _ ბრწყინვალე და თავხედი როსკიპი. დადგება დრო, როცა გაზეთები ღალატის, გაიძვერობის და სიცრუის არენად იქცევა», ამასაც იგივე ბალზაკი წერდა გასულ საუკუნეში, მაგრამ ზოგიერთ ამერიკელ და ევროპელ ჟურნალისტს კეფაში ხვდებოდა ეს სიტყვები დღესაც.

ემილ ზოლა და მთელი პლეადა რეალისტი მწერლების მე-19 ს. იბრძოდნენ ადამიანის ბუნებიდან მხეცის გაძევებისათვის, როგორც ანდრე ჟიდი და სელინი, ისე ამერიკელი ზოგიერთი რომანისტი და კინოფილმის სცენარისტები უმღერიან ადამიანის ბუნებაში მხეცის გაღვიძებას.

ეს ბულბულები ისე გალობენ, როგორც მათი პატრონები _ ჰარიმანები, მორგანები, მელონები და სხვა ამერიკელი მილიარდერები უკარნახებენ.

დეტექტიური რომანისტიკისა და კინოს აღმავლობა ამერიკაში _ ეს საშინელის, შემზარავის ხაზგასმა, მკვლელობის, მოხრჩობის, სადიზმის აპოლოგია ამერიკულ მწერლობასა და კინოფილმებში ნიცშეს, ანდრე ჟიდის, მარკიზ დე სადის რეაქციული აზროვნების უკუფენაა. ამ მომენტით სარგებლობს ამერიკული ჰოლივუდი და შერლოკხოლმსური ლიტერატურის გამომცემელთა მთელი ხროვა. ამავე სათავეებიდან გამომდინარეობს სენსაციური ბუნება ამერიკის უახლესი ლიტერატურისა და კინოსი.

ახალმა ამერიკამ დაივიწყა ჰუმანისტური ტრადიციები შესანიშნავი ამერიკელი მწერლების _ ლონგფელოსი და ბიჩერ სტოუსი; ჰაივატას სიმღერას და «ბიძია თომას ქოხს» რომელი ჩვენთაგანის გულში არ აღუძრავს სათნოებით მოსილი სიყვარული ბედისაგან განწირული ფერადკანიანი თანამოძმეების მიმართ. ჩვენს ეპოქაში უთუოდ დიდი ფაქტორია კინო, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს ხელოვნებათა და დამხმარე ხელოვნებათა იერარქიაში. ნორმალურ კულტურულ ვითარებაში მწერლობის დომინანტა არსებობდა მუდამ. მისი ზეგავლენის სფეროებში შედიოდნენ თეატრი, მხატვრობა და მუსიკა. ბიზე, ვერდი, ვაგნერი, ჩაიკოვსკი და შუმანი მწერლობის ინსპირაციებს იღებენ სახელმძღვანელოდ. თანამედროვე კინო და თეატრიც ლიტერატურის დომინიონებია და არა მეტროპოლიები. ამერიკული მწერლობის სიძაბუნის ბრალია, კინოს ზეგავლენის ქვეშ რომ მოექცა იგი. ამერიკულმა ჰოლივუდმა გამრყვნელი ზეგავლენა მოახდინა ამერიკულ ლიტერატურაზე, და არა მარტო ამერიკულზე.

სქემატიზმი მიუცილებელი ფაქტორია კინოში, მაგრამ მწერლობაში იგი დამღუპველია. იგივე ითქმის სენსაციურობის გამოც. სენსაცია ერთ-ერთი კომპონენტია კინოფილმისა, მაგრამ სენსაციურ ეფექტებს იწვევენ მხოლოდ ისეთი ქმნილებები, რომელნიც წამიერად გაიშხუილებენ ხოლმე ლიტერატურის ცარგვალზე და ასეთივე სისწრაფითვე ჰქრებიან.

რეკლამას, თვითრეკლამას და სენსაციას დახარბებული მწერალი, ან სხვა რომელიმე ხელოვანი, საკუთარ სულმოკლეობასა და შემოქმედებითს უძლურებას ამჟღავნებს მხოლოდ და ეს გრძნობები იმიტომაც აღეძვრის მას, თავად არ სჯერა თავის ქმნილებათა გამძლეობისა. ქებას დახარბებულ ხელოვანს ორი რამ აწუხებს: სულიერი სიცარიელე და დაეჭვება საკუთარი ტალანტის მიმართ… ამით აიხსნება ამერიკელი მწერლების გატაცება სენსაციითა და რეკლამით, ნიღაბებით რბენა ქუჩებში და ისეთი ყომარბაზობა, როგორსაც სჩადიოდნენ ამ 30 წლის წინათ ჩვენი ფუტურისტები, რომელნიც როიალებს ჭერზე ჰკიდებდნენ და ქალის ლიფს გადაიცვამდნენ ხოლმე.

ამერიკული კინოს უარყოფითი ზეგავლენის ნაყოფია «ამერიკული დეპეშური სტილი». ლაპიდარობა ნოველლაში და სცენაში დიახაც საჭიროა, მაგრამ ეპიკური ქმნილებებისათვის, განსაკუთრებით რომანისათვის, იგი მომაკვდინებელია. ამიტომაც ვერ დასწერა ჰემინგუეიმ ნამდვილი რომანი, სწორედ ამიტომაც საკითხავადაც აუტანელია ზოგიერთი ამერიკული დეტექტიური რომანი, არც ამერიკელი სტეინბეკი იკითხება დიდი ხალისით.

ამერიკული კინო უმიზნებს უკულტურო მაყურებელთა მასებს, რომელთაც მხოლოდ სენსაცია აღელვებს. ცნობილია: ყოველი სულიერად გამოფიტული ადამიანი სენსაციას დახარბებულია. ამერიკელ რომანისტებსა და ჰოლივუდის სცენარისტებს დავალებული აქვთ, ადამიტური, ფროიდის ენით რომ ვთქვათ, «ფსიქოანალიტური» საწყისების გაღვივება. რომის იმპერატორები უფრო მცირე მასშტაბით აკეთებდნენ იგივეს. ვიდრე ომებში წაასხამდნენ ხალხებს, მათ კოლიზეუმში თავს მოუყრიდნენ და აჩვენებდნენ ლომების მიერ დაგლეჯილ გლადიატორებს. ამერიკელი ბიზნესმენები მწერლობისა და კინოსაგან მოითხოვენ ამორალიზმის, მიზანტროპიის ჩანერგვას ახალი თაობის გულში. ამგვარად, ჰარიმანებს, მორგანებს და ფორდებს და მათ მთავრობას უმზადებდნენ კორეაში, ან სხვა ქვეყნებში გასაგზავნ კაცისმკვლელების კადრებს. ჰოლივუდის გაყიდული მწერლები და სცენარისტები უცნაურად გვაგონებენ იმ ფრანგ ჟურნალისტებსა და მწერლებს, რომელთა გამო ბალზაკი ოხუნჯობდა: მათ დიაცის ქოშები უფრო დამშვენდებათ, ვიდრე მამაკაცის წაღები…

როდესაც ლიტერატურას სენსაციები და ექსტრავაგანტური მისტიფიკაციები დასჭირდება, ეს ჩვენ გვაგონებს იმ კუჭმოშლილ ღორმუცელებს, რომელთაც აპერატივი თუ არ დალიეს, ჭამა არ შეუძლიათ.

ეს ამერიკული დეტექტიური რომანები და «მორდერ მისტერისტორი»-სერიის ფილმები, ეს ტანზანომანია და მაიმუნების აპოლოგია, ყოველივე მომასწავებელია იმისა, რომ თვით ამერიკული სახელმწიფო დაინტერესებულია, ხელოვნურად ჩაუნერგოს ამერიკელ ხალხს კანიბალისტური ვნებები, რათა ამ გზით თავისი ბნელი საქმეები აკეთოს ევროპასა და აზიაში.

მწერლები შუა საუკუნეებში არსებითად მეფეების, პაპების და თავადების ნასუფრალით იკვებებოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დანტე, სერვანტესი, გოეტე, მუდამ ახერხებდნენ კეთილშობილ იდეებისათვის ლაშქრობას. ამასწინათ პრესაში გამოქვეყნდა ინგლისელი მწერლების: ჯეკ ლინდსეისა და პატრიკ ჰოლდრინგის ფრიად დამაფიქრებელი წერილები. ლინდსეი პირდაპირ აღიარებს: ამერიკული მწერლობისა და კინოს ზეგავლენისაგან უდიდესი საფრთხე მოელის ჩვენს კულტურას; იღუპება ტრადიციები ჩოსერისა და შექსპირისა, მილტონის და შელისა.

ჰოლდრინგი ილაშქრებს ამერიკული ე.წ. «კომიკსის» ბროშურების და ამერიკული ჟურნალის _ «რიდენს დაიჯესტის» გამხრწნელ ზეგავლენათა წინააღმდეგ. ჩატამში ბავშვმა რევოლვერით მოჰკლა პოლიციელი, დამნაშავეს «კომიქსის» ბროშურა უპოვნეს ჯიბეში, ინგლისელ მწერალთა გაერთიანება, რომელშიაც შედიან ისეთი ცნობილი მწერლები, როგორიც არიან: ჯეიმს ოლდრიჯ, ა. კოპჰარდ. მიჩისონ და სხვანი, მოითხოვენ, აიკრძალოს ამერიკული ბროშურები კომიკსის სერიისა. ამერიკული კინოს და მწერლობის ასეთი პროდუქციების იმპორტის აღკვეთას მოითხოვენ ინგლისელ ქალთა საზოგადოებანი, მასწავლებელთა კორპორაციები და პარლამენტის წევრები.

უკანასკნელი ორი-სამი ათასეული წლის მანძილზე აღსანიშნავია ორი კარდინალური ტენდენცია კაცობრიობის ისტორიაში: აღმოცენება დიდი იმპერიალისტური კონგლომერატებისა და მათი რღვევა, ამ კონგლომერატების ძალით შეკოწიწების საფანელი იყო მცირერიცხოვანი ერების გასრესა და, სადაც ეს ვერ ხერხდება, ეს უკანასკნელნი ხელმარჯვე დროს უყენებდნენ მჩაგვრელებს და ცენტრისაგან განლტოლვილი ენერგია კვლავ ახერხებდა მათ დარღვევას, მათ დაშლას. მაგალითისათვის კმარა დავასახელოთ იმპერია ალექსანდრე მაკედონელისა, იმპერიები რომისა და ბიზანტიისა; იმპერია კარლოს დიდისა, იმპერიები მეროვინგებისა და კაროლინგებისა, ანაციონალური სახელმწიფო _ მეორე რომის იმპერია გერმანული ნაციისა, ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერია, იმპერიები ჰაბსბურგებისა, იმპერიები ჰოჰენცოლერნებისა და რომანოვებისა.

ამათ პარალელურად წინააზიაშიც ხდებოდა დიდი ნაციონალური კონგლომერატების აღდგენისა და რღვევის პროცესები. მოვიგონოთ იმპერიები სასანიდებისა და ღაზნევიდებისა ირანში, არაბთა დიდი ხალიფატი, სელჯუკიანთა უზარმაზარი სასულტანო, მონღოლთა მსოფლიო სახელმწიფო, ბოლოს ოტომანი თურქების იმპერია.

ჩვენს თაობებს ჰქონდა ბედნიერება, საკუთარი თვალით ეხილა განადგურება ჰაფსბურგებისა და ჰოჰენცოლერების იმპერიებისა და ოქტომბრის დიდი რევოლუციის მიერ დარღვევა რომანოვების იმპერიისა, დაშლა და დაქუცმაცება ოტომანთა ბარბაროსული სახელმწიფოსი.

კაცობრიული პროგრესის მსვლელობასთან ერთად მე-19 და მე-20 საუკუნეებში ძლიერდებოდა ეროვნული ენერგია მცირერიცხოვანი ერებისა. დიდი ბრიტანეთის იმპერიას გამოეცალა ირლანდია, ავსტრიას _ უნგრეთი, ბოსნია, კროატეთი, სერბია და ჰერცოგოვინა, ოსმალეთს _ საბერძნეთი, ბულგარეთი, ალბანეთი და რუმინეთი.

მცირერიცხოვანი ერებისა და მათი კულტურების აღორძინების და მკვდრეთით აღდგენის ამ ახალ ეტაპზე ატლანტიის ოკეანის გადაღმა ძლიერდება ახალი იმპერიალისტური კონგლომერატი, რომელსაც არსებითად არც კი ჰქონია ჩვენი გაგების ნაციონალური ისტორია, საკუთარი კულტურის დასაცველად წარმოებული ბრძოლებით განმტკიცებული. უჩვეულო მაშინერიით აღჭურვილ ამ იმპერიალისტურ გაერთიანებას სწადია ორი რამ: ააღორძინოს აგონიის ზღურბლთან მისული მსოფლიო კაპიტალიზმი, გათქვიფოს და აბსორბირება უყოს არა მარტო მცირერიცხოვან ეროვნულ ერთეულებს, არამედ იგი გადანთქმას უპირებს ძველი კულტურის ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და იტალია. ამ ანაციონალურ გაერთიანებას _ ჩრდილოამერიკულ უნიონს, უკვე აღარ აკმაყოფილებს მონროეს დოქტრინა, იგი ცდილობს, ატლანტიკის პაქტის მეშვეობით პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა წაჰგლიჯოს ევროპის სახელმწიფოებს.

ამას წინათ საბჭოურ პრესსაში გამოქვეყნდა სავსებით აღმაშფოთებელი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ აპამპულებენ საფრანგეთის შესანიშნავ ხალხს ამერიკული ჟურნალის «ლაიფის» მჯღაბნელები. «ქუჩის მეძავს» უწოდებენ ეს გათავხედებული რეპორტიორები საფრანგეთს, რომელმაც კაცობრიობას მისცა უბრწყინვალესი ლიტერატურა, ასეთივე მხატვრობა, მუსიკა და ხუროთმოძღვრება. ამას უბედავენ საფრანგეთს, გმირობითა და პატრიოტიზმით აღგზნებული ნაციონალური ისტორიის პატრონს. ასეთი ქედმაღლური შეყვირება აკადრეს ისეთ ქვეყანას, რომლის კულტურის ექსპონატები, ლუვრის ან ვერსალის მუზეუმის რომელიმე დარბაზში მოთავსებული, მთლად აიწონის ჩრდილო ამერიკის მთელ ცივილიზაციას.

მსოფლიო ისტორია იმის მოწმეა, რომ ყოველი ტირანი, ყოველი სახელმწიფო, რომელიც ოდესმე წაჰპოტინებია მსოფლიო ჰეგემონიას, უცილოდ დაღუპულა ბოლოს და ბოლოს.

ჩვენს საუკუნეში ისე ძლიერია და კონსოლიდებული კეთილი ნება მშვიდობის მოსურნე ხალხთა და ისე შეუმუსვრელია ეროვნული ინდივიდუაციის შერჩენის უნარი ერთა შორის, რომ ამაოდ დაშვრებიან ომის გამჩაღებელი კანიბალები. ამერიკელებს თავი მოაქვთ თავიანთი მრავალმილიონიანი ქალაქებით, მრავალტონიანი მანქანებით და მრავალსართულიანი «ბილდინგებით» _ ქორედ-ქორედებით, განსაკუთრებით «ვულვორსის ბილდინგით».

ამას წინათ ერთი იანკი ჟურნალისტის ტრაბახი გადავიკითხე: ესა და ეს ბილდინგი 792 ფუტისა და ერთი წყრთის სიმაღლეაო. 206 მილიონ ტონას იწონისო იგი. მისი საერთო ფართობი _ არეალი 70 ინგლისურ ეკრს, ან ქცევას უდრისო, 80.00 ელნათურა ინთებაო ამ სახლში, ორმოცდა სამი ინგლისურ მილის სიგრძე მილებიაო მასში გაყვანილი. 2 მილის სიგრძე ლიფტებია ამ ბილდინგში მოწყობილი, ერთ ნახევარ ეკრის სიფართოვე ფანჯრებია ამ ქორედში ჩასმული, და ა.შ.

ძველი საბერძნეთის სატახტო ქალაქი ათენი ვულვორსის ბილდინგის ფართობზე დაეტეოდა უთუოდ. მაგრამ, როგორც ცნობილია, ჰომეროსი და ფიდიასი, პლატონი და არისტოტელე ჩრდ. ამერიკაში არ დაბადებულან. შესაძლოა არც ჩვენში მოიპოვებოდეს ისეთი სახლები, რომელნიც 206.000.000 ტონას იწონიან, სამაგიეროდ, არც ლევ ტოლსტოის რომანები დაწერილა ამერიკაში, არც რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი», არც ტარას შევჩენკოს პოემები და ზაქარია ფალიაშვილის ოპერები. არც ისეთი არქიტექტურა შეუქმნიათ ჩრდ. ამერიკაში, რომელიც ოდნავ მაინც წააგავდეს მცხეთის სვეტიცხოველს, ვასილი ნეტარის ტაძარს, კიევის სოფიას, ან ეჩმიაძინის რომელიმე ტაძარს.

ჩვენ დიახაც გვწამს, რომ პროგრესული კაცობრიობა არ წავა კანიბალიზმის ბნელი ორწოხებისაკენ, არამედ იგი მიჰყვება იმ ნათელ გზას, რომელიც დაუსახა მას ხალხთა შორის მშვიდობის დიდმა მედროშემ _ ჩვენმა ქვეყანამ.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here