Home რუბრიკები საზოგადოება რა უთხრა მარშალმა იაზოვმა ჯუმბერ პატიაშვილს დავით გარეჯის შესახებ

რა უთხრა მარშალმა იაზოვმა ჯუმბერ პატიაშვილს დავით გარეჯის შესახებ

752

10 მაისს «გერმანულ სახლში» ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოსვლას გაღიზიანება მოჰყვა _ სომხური ეკლესიის სავალალო მდგომარეობა ტერტერა ნარეკ კუშიანმა გააპროტესტა, ხოლო აზიზის მეჩეთთან დაკავშირებით მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა, შეიხმა ვაგიკ აკბეროვმა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი.

13 მაისის ღამეს კოკისპირული წვიმის შედეგად სწორედ ის სომხური ეკლესია ჩამოინგრა, რომელზეც ყურადღების გამახვილებას ამაოდ ცდილობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელი. რაც შეეხება აკბეროვს, მისი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ აზიზის მეჩეთის აღდგენა ბათუმში ისრაელში ჰოლოკოსტის მომწყობთა ძეგლის დადგმას შეადარეს. აკბეროვმა განაცხადა, რომ ისეთ შეხვედრაზე, რომელზეც ისლამს ჰოლოკოსტს ადარებენ, არაფერი ესაქმება.

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ 6 მაისიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის ტერიტორიაზე ტურისტებსა და მომლოცველებს არ უშვებენ, ნინო კალანდაძემ და ნიკა რურუამ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს, ამტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის. მოგვიანებით რურუამ ისიც თქვა, რომ გარეჯის «დასაბრუნებლად» დიდი დიპლომატიური შრომა იქნება საჭირო. როგორც «ნაცმოძრაობას» სჩვევია, ის, რაც ისედაც ჩვენია, არჩევნების წინ «დაბრუნებულად უნდა მოგვაჩვენონ. ასე იყო აჭარის შემთხვევაშიც, როდესაც იგი იმისთვის «დაიბრუნეს», რომ თურქებისთვის მიეცათ. თავისთავად ცხადია, რომ ამ ისტორიას კუშიანისა და აკბეროვის აღშფოთება არ გამოუწვევია _ ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავენ და არა საქართველოსას. თავად საქართველოს ხელისუფლება არ დარდობს ქართულ მიწა-წყალზე და კუშიანი ან აკბეროვი რატომ დაითხრიან თვალებს?!

დავით გარეჯის მონასტრის საკითხი იყო ის მთავარი თემა, რომლითაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ასპარეზზე სტუდენტური მოძრაობა გამოჩნდა. მაშინდელი ხმაურიანი აქციების მონაწილეები დღეს მაინცდამაინც არ აქტიურობენ.

ფიქრია ჩიხრაძემ მოკრძალებული პრესკონფერენცია გამართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გარეჯის დასაბრუნებლად საომარი მოქმედებები არ დასჭირდება (?!).

სტუდენტური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე თედო ისაკაძე კი აღშფოთებას არ მალავს: «ვფიქრობ, პრობლემა მარტო დავით გარეჯთან დაკავშირებით არ გვაქვს, პრობლემა ეროვნული პოლიტიკური ნების არქონაა. გარეჯის საკითხი მოგვარებადია და ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში გადაწყდება კიდეც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეცდომად მიმაჩნია აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია, ჩვენ ჩვენს მთავრობას უნდა შევუძახოთ. ეს, რაც შეეხება კონკრეტულ თემას. ზოგადად კი, არა მგონია, ჩემი პოლიტიკური, ან სამოქალაქო აქტივობა გაიხსენოთ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, მაგრამ, წესით, ის მაინც უნდა გაგახსენდეთ, რომ, მგონი, ბოლოს მარტო მე ვყვიროდი _ ეს «რევოლუცია» საბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდესმეთქი! მაშინ ხალხმა ჩამქოლა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არადა, რომ შეამოწმოთ ჩემი სიტყვები, თითქმის ყველაფერი, რაც მერე მოხდა, ფაქტობრივად, წინასწარმეტყველება აღმოჩნდა, განა იმიტომ, რომ ვანგა ვარ, უბრალოდ, მეტი ინფორმაცია მქონდა მომავალი ხელისუფლების «საერთაშორისო ვალდებულებებზე».

ამერიკაში გადახვეწილი ირაკლი კაკაბაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს: «დავით გარეჯის მონასტერი ქართული ისტორიის და აწმყოს ორგანული ნაწილია და ის ჩვენი თაობისთვის ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, ამიტომაც ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ გაასხვისოს ასეთი ადგილები. საერთოდ, ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკა არის სრულიად ნეობოლშევიკურნეოლიბერალური _ მთელი ქვეყანა თვითონ მიითვისეს, ისტორიულ ნაგებობებს პრივატიზაციას უკეთებენ და ასხვისებენ. პირველ რიგში, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ საკითხზე».

საქართველოს მაშინდელი მმართველი ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს: «სსრკის თავდაცვის მინისტრ დიმიტრი იაზოვს აეროპორტში დავხვდით. თან 15 გენერალი ჩამოჰყვა. 1 თუ 2 ოქტომბერი იყო. ერთი ოპერატორი და ჟურნალისტი გვყავდა, ჩამოვიდა თუ არა, ეგრევე პოლიგონზე წავედით. რომ დაინახა კამერა, თქვა, არანაირი ტელევიზია და ჟურნალისტები არ მინდაო. დავსხედით და დავიწყეთ მსჯელობა. მე ჩემი პასუხი მზად მქონდა. წავიდეთ, დავათვალიეროთო. წავედით ბერთუბნისკენ. გზა იყო საკმაოდ ძნელი, მოუცურდა ფეხი და ჩავარდა ხევში. დაცვამ ამოათრია. დავათვალიერეთ, ვნახეთ. არაფერი უთქვამს. ამ დროს  გამიყვანა და მითხრა: _ ჯუმბერ, გაუქმება თითქოს ყველაზე იოლია, მაგრამ არა ასეო. ამის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ მერე შეიძლება თქვენ შემოსვლა გაგიჭირდეთო. გულისხმობდა, რომ აზერბაიჯანელების განსახლება მოხდებოდა

ეს ხალხი ან საქართველოს ისტორიას ძალიან კარგად ვერ იცნობს, ან იცნობს, მაგრამ შეგნებულად აკეთებენ ამას.

 მე, როგორც ქართველს, მიმაჩნია, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელთაც ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი აზრი ჩამოაყალიბეს, რომ ჩვენ დღეს არ უნდა გვქონდეს პრეტენზია აზერბაიჯანთან გარეჯზე, არ მინდა, ახლა ამას შეფასება მივცე, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, რაც დავკარგეთ, იმაზე ვინმემ აგო პასუხი?! მეც მეხება ეს საკითხი. თქვენ არ იფიქროთ, რომ მე ვიღაცას ვასახელებ. აფხაზეთიც დავკარგეთ. ახსოვს ვინმეს ეს, საუბრობს ვინმე ამაზე?»

80-იან წლებში არ იყო მოდური საუბარი იმაზე, რომ ქართველი კომუნისტები ჩუმად და უხმაუროდ ახერხებდნენ ეროვნული ინტერესების დაცვას. იმავე გარეჯთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მაშინდელმა რაიკომის მდივანმა _ მედეა მეზვრიშვილმა ერთიანი თავგანწირვის ფასად მოახერხა ქართული მიწების დაცვა. «შევარდნაძის სახედ» შერაცხული ქალი დღევანდელი «ნაციონალური» ხელისუფლების წარმომადგენლებზე ბევრად უფრო პატრიოტიც იყო და თავდადებულიც. დღევანდელ მმართველებს კი არც ქართული მიწა ადარდებთ და არც ქართული სიწმინდეები.

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here