Home რუბრიკები საზოგადოება ზურა მანჯავიძე: ქართველობის გამო რუსეთში ვიღაც იჩაგრებოდეს, მე ნამდვილად არ შემიმჩნევია

ზურა მანჯავიძე: ქართველობის გამო რუსეთში ვიღაც იჩაგრებოდეს, მე ნამდვილად არ შემიმჩნევია

1399

რა ხდება ქართულ შოუბიზნესში, რა პრობლემები აქვთ ქართველ მომღერლებს და რამდენად ერევა ხელისუფლება მათ საქმიანობაში, «საქართველო და მსოფლიოს» ანსამბლ «ფორტეს» სოლისტი ზურა მანჯავიძე ესაუბრება.

_ ახლახან რუსეთში იმყოფებოდით გასტროლებზე, როგორია რუსი კოლეგების და საერთოდ რუსული საზოგადოების დამოკიდებულება ქართველების მიმართ?

_ ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამოში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან მოსკოვში მომღერლების მთელი ჯგუფი წავედით. იქაც დაგვხვდნენ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები. კონცერტი ნუცა კვაშალისა და რუსეთში მცხოვრები ქართველების ორგანიზებით, ძირითადად, ქართული სათვისტომოსთვის გაიმართა.

რუსი ხალხი ძველებურად შეგვხვდა. ის სითბო, რომელიც ჩვენი და შედარებით უფროსი თაობის ხალხს შორის არსებობდა, არსად დაკარგულა. ქართველობის გამო რუსეთში ვიღაც იჩაგრებოდეს, მე ნამდვილად არ შემიმჩნევია. რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ერთადერთი პრობლემა აქვთ _ მათ სურთ, საქართველოშიც ჰქონდეთ მუშაობის საშუალება.

_ რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს და ზოგიერთი მათგანი ლამის სამშობლოს მოღალატედაც გამოაცხადეს. თუ ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობას გავითვალისწინებთ, რამდენად მართებულია, ქართველი ხელოვანი რუსეთში მოღვაწეობდეს?

_ სიმართლე გითხრათ, ომის შემდეგ მეც ძალიან მიჭირდა რუსეთში ჩასვლა, მაგრამ ენა ვერ მოგიტრიალდება ადამიანს უსაყვედურო, რომ აქედან წავიდა. პირიქით, რამდენადაც ვიცი, საქართველოში ბევრი თავს უცხოეთიდან და, ძირითადად, რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით ირჩენს, რადგან, რაც უნდა ილაპარაკონ, ისევე, როგორც ქართული ღვინისთვის ყველაზე კარგი ბაზარი რუსეთია, იგივეა ჩვენი შოუბიზნესისთვისაც. საქართველო პატარა ქვეყანაა და უცხოეთში გასვლითი კონცერტები მომღერლებისთვის აუცილებელია. რუსულ ბაზარზე კი გვიცნობენ და ქართველი ხელოვანების მიმართ ჯერაც აქვთ პატივისცემა და სიყვარული და ამ ბაზრის უგულებელყოფა დამღუპველია ამ სფეროსთვის. ჯერჯერობით ვერც ერთმა ქართველმა მომღერალმა ვერ მიაღწია ამერიკის ან ევროპის შოუბიზნესში წარმატებას, ერთადერთია ქეთი მელუა, ისიც ბრიტანეთში გაიზარდა და ინგლისურენოვანი მომღერალია.

_ თქვენი კოლეგები ხშირად ჩივიან, რომ ბოლო დროს შოუბიზნესში არაფერი ხდება. 4 შვილი გყავთ, რამდენად შესაძლებელია დღეს მომღერლის პროფესიით ოჯახის რჩენა?

_ პირდაპირ გეტყვით, _ შეუძლებელია. ერთადერთი ხალხის სიყვარული და კონცერტები გვშველის. გვაქვს უცხოეთში გასტროლები. ასევე გვაქვს კერძო მიწვევებიც. მე, მაგალითად, ქორწილებსა და დაბადების დღეებზე წასვლა და სიმღერაც არ მრცხვენია, პირიქით, ხალხის სიყვარულს და სითბოს იქ უფრო ვგრძნობ.

საქართველოში დღეს კარგად თავს მხოლოდ ის ადამიანი გრძნობს, ვისაც მთავრობასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ოღონდ საორგანიზაციო კუთხითაც არის ჩართული ყველაფერში და ფინანსებზეც ხელი მიუწვდება.

_ ვის გულისხმობთ, დააკონკრეტეთ

_ არ უნდა დაკონკრეტება. თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ მიხვდე, ვინ არიან ეს ადამიანები. გამოდიან ცხვირაწეულები და ლაპარაკობენ, რომ თურმე ისეთი მაგარი პროექტები აქვთ და ისეთ უნიკალურ რაღაცებს იგონებენ, ისე მაგრად იყიდება მათი პროდუქცია… ესეც პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, თითქოს ხალხს ფული აქვს და ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

_ საქართველოში ხელოვანები ხელისუფლების მხარდამჭერებად და ოპოზიციის მომხრეებად არიან გაყოფილები. ეს უკანასკნელნი ხშირად საყვედურს გამოთქვამენ მათი პოზიციის გამო, კარიერული თვალსაზრისით «იბლოკებიან», ხოლო ხელისუფლების მომხრე ხელოვანები სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობენ. თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ხოლმე პოლიტიკურ პროცესებში, თუ გქონიათ მსგავსი პრობლემები?

_ მაგალითად, პირველ არხზე ერთ-ერთ გადაცემაში საერთოდ ამოჭრეს ჩემი საუბარი. ანსამბლ «ფორტეზე» გადაცემა გააკეთეს და საერთოდ არ გაუშვეს. იყო კონცერტები, სიიდან საერთოდ გვიღებდნენ, კორპორატიული საღამოები, სადაც იმის გამო არ დაგვიშვეს, რომ ვიღაც ოფიციალური სტუმარი ჰყავდათ. ამ ახალ წელს, მაგალითად, მოლაპარაკებულ და კონტრაქტზე ხელმოწერილ კონცერტზე გვითხრეს უარი და თან ისეთ დროს, რომ სხვა კონცერტზე წასვლაც ვეღარ მოვასწარით.

მეტსაც გეტყვით: გასულ ზაფხულს უცხოეთში გასტროლებზე მივდიოდით და კულტურის სამინისტრომ ცნობა არ მოგვცა, რომ მომღერლები ვიყავით. ეგენი სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობენ და რატომ უნდა მივცეთ ცნობაო, უთქვამთ. დახასიათებას ხომ არ ვთხოვდით? უბრალოდ, ანსამბლის არსებობის დამადასტურებელი ცნობა გვინდოდა.

_ მიზეზს რას გეუბნებიან, რით ხსნიან თავიანთ საქციელს ღონისძიების ორგანიზატორები?

_ ოფიციალურ მიზეზს სხვას ამბობენ, მაგრამ პირად საუბრებში პირდაპირ გვეუბნებიან, ნუ ერევით პოლიტიკაში, ნუ აკეთებთ ასეთ განცხადებებსო. მომღერლების მოღვაწეობაში კი არა, ხელისუფლება იმაში ერევა, სად როგორი შადრევანი უნდა დადგას და კონცერტების მოწყობაში რომ ჩაერევა, თავისთავად ცხადია.

_ ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ხელოვანი საერთოდ არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში და სჯობს, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ზედმეტად პოლიტიზებულია.

_ მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ვერევი. მე ვარ საზოგადოებრივ მოძრაობაში და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩარეული. რა თქმა უნდა, ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, მაგრამ ამავე დროს უნდა მეყოს იმის ვაჟკაცობა და ადამიანობა, რომ, როცა დავინახავ უსამართლობას, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის არ შემეშინდეს, ანუ მე თუ გამოვედი და ვთქვი, რომ რა ლამაზი შენობა აშენდა და რა კარგია პატრული, ეს არ არის პოლიტიკაში ჩარევა, და თუ ვიტყვი, რომ იმ პატრულის თანამშრომელმა არასწორი საქციელი ჩაიდინა, ეს უკვე პოლიტიკაა?

პირიქით, ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა გამოხატვა და, როცა ხედავ, რომ ქუჩაში ადამიანებს ხვრეტენ, ციხეებში წამებით კლავენ, სპეციალურად ჭლექით აავადებენ, ამაზე რომ ხმას არ ამოიღებ, ეს პოლიტიკაში ჩაურევლობა კი არა, სიმდაბლე და უსუსურობაა.

ეს ყველაფერი ზუსტად იმ ადამიანების გამო ხდება, რომლებიც გაიძახიან, რომ მათი საქმე არ არის პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, პოლიტიკაშიც ერევიან და, როცა დრო მოვა, ხუთიანსაც დაიწერენ ზედ. ზოგიერთების შიშისა და ანგარების გამო, სწორედ ამ უსინდისო, უპრინციპო და უსუსური ადამიანების დანაშაულებრივი დუმილის გამო ხდება ყველა უბედურება ქვეყანაში.

_ რა ურთიერთობა გაქვთ ხელისუფლებასთან დაახლოებულ თქვენს კოლეგებთან?

_ კამათიც ხშირად მოგვსვლია. მაგალითად, ლელასთან და მამულიჩასთან ვმეგობრობ, თუმცა ჩვენი აზრები ყოველთვის კარდინალურად განსხვავებულია.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ არჩევნებში თქვენი კოლეგა, ლელა წურწუმია «ნაციონალური მოძრაობის» მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

_ არა მგონია, ეს სიმართლე იყოს. მართალია, გავრცელდა ეს ინფორმაცია, მაგრამ, მგონი, თავად არ დაუდასტურებია. იმედია, ასე არ იქნება. რადგან, თუ ეს ინფორმაცია დადადსტურდა, სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მეწყინება.

_ თავად თუ გქონდათ რომელიმე პარტიისგან შემოთავაზება?

_ შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლომდე პოლიტიკოსების ნდობა რთულია, უარი ვთქვი. თუმცა გაერთიანებული ვიყავი საზოგადოებრივ მოძრაობებში «დაიცავი საქართველო», «სახალხო კრების» მხარდამჭერიც ვიყავი, «წინააღმდეგობის მოძრაობაში» ახლაც ვარ, მაგრამ არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. სხვათა შორის, «ნაციონალებისგანაც» მიმიღია შემოთავაზება. 7 ნოემბრის შემდეგ თუ იმას გამიბედავდნენ, რომ ეთქვათ, პრეზიდენტის საარჩევნო მხარადასაჭერ ღონისძიებებში მიმეღო მონაწილეობა, არ მეგონა. ამაზე დიდი დაცინვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო. 9 აპრილის წინ, ჩემზე თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრეც, იყო შემოთავაზება, პირდაპირ მანქანის გასაღების დატოვებით და წინადადებებით, რომ ყველა კარგად იქნება შენ ირგვლივო. მაგრამ ამას მოქრთამვას უფრო დავარქმევდი. ასეთი შეპარვითი გადაბირების მცდელობები ყოველთვის არის ხოლმე. ისიც უთქვამთ, კარგი ჩვენთან არ მოდიხარ, საწინააღმდეგო განცხადებებს მაინც ნუ აკეთებ, გაჩუმდი და ცოტა შენს ანსამბლსაც ეშველებაო.

_ აქტიურად მინაწილოებდით საპროტესტო აქციებში, რომელმაც შედეგი არ გამოიღო, პირიქით, ხალხის დიდმა ნაწილმა თავი მოტყუებულადაც იგრძნო. ხომ არ ნანობთ და კიდევ გახვალთ თუ არა, თუნდაც 27 მაისს, ბიძინა ივანიშვილისა და «ქართული ოცნების» მიერ ორგანიზებულ აქციაზე?

_ არ ვნანობ, რადგან არასდროს კონკრეტულ პიროვნებას არ მივყვები, მე აქციაზე ყოველთვის იდეის გამო გავდივარ. ხშირად უთქვამთ, ვის გვერდით დგახარ, ეგენი თავის საქმეს გააკეთებენ და გვერდზე გადგებიანო და სხვათა შორის, ხშირად ასეც მომხდარა, მაგრამ მე მომავალი თანამდებობისა და ფულის გამო არ გავსულვარ აქციებზე.

27 მაისს აუცილებლად გავალ აქციაზე. ჯერ ერთი, უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რამდენი ვართ, შეგვიძლია თუ არა კიდევ ბრძოლა და ერთმანეთის გვერდით დგომა. ვგრნობ პასუხისმგებლობას, მივიდე და დავდგე იქ, სადაც ხალხის გულის ცემა ისმის.

_ საკმაოდ აქტუალურია ევროვიზიის თემა, რომლის ირგვლივაც მუდმივად სკანდალებია, რატომ ხდება ასე?

_ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, ანრი ჯოხაძეს მე ადრეც ვუჭერდი მხარს, რომ წასულიყო და იმედი მაქვს, უფრო ღირსეულად წარსდგება ევროვიზიაზე, ვიდრე წინა კონკურსანტები. შეიძლება სუსტი მომღერალი არც ადრე გასულა ევროვიზიაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კონკურსზეც გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებდა.

_ ვის გულისხმობთ?

_ ის, ვინც იღებს ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას, პრეზიდენტია. ამაზე კამათიც არ არის საჭირო.

_ ხშირად ვხედავთ, რომ საკმაოდ უნიჭო მომღერალი ხდება პოპულარული, მისი კლიპები და სიმღერები ტრიალებს ტელე თუ რადიოეთერში, ვინ წყვეტს დღეს ქართულ შოუბიზნესში მომღერლების ბედს?

_ კი არის რამდენიმე, 4-5 კაცი, ვინც ყველაფერს წყვეტს. რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ვითომ ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად უსუსურია, რომ მრცხვენია კიდეც ამაზე საუბარი. ისედაც მკვდარია ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი, სერიოზული მუსიკალური არხიც კი აღარ გვაქვს.

_ მარინე ბერიძეზეც საუბრობენ, რომ ისიც ბევრ რამეს წყვეტს

_ კი, ბატონო, ისიც ბევრ რამეს წყვეტს. მე, სიმართლე გითხრათ, შორს ვარ უკვე ქართული შოუბიზნესისგან, რადგან სახელმწიფო სექტორი სერიოზულად არის ჩარეული ამ ყველაფერში და, თუ რაიმე პროპაგანდისტული კონცერტი ტარდება, ხელისუფლებისა და გამგეობის დაფინანსებულ კონცერტებზე ჩვენ არაფერი გვესაქმება _ ჩამოჰყავთ უცხოელი მომღერლები და უამრავ ფულს ხარჯავენ ამისთვის. მიზანი ისევ პოლიტიკური პროპაგანდაა, რომ თურმე როგორ კარგად არის ყველაფერი ქვეყანაში და აი, ასეთი მეგავარსკვლავები ჩამოდიან, მაგრამ ამით აღარავინ ტყუვდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. იცით მეცინება ხანდახან ასეთ რაგაცეებს როცა ვკითხულობ, გადაცემა 100-გრადუსში აზარაშვილი მონაწილეობდა და მან თქვა "როგორ შეიძლება მომქერალი იყვეს კაცო ის თუ ეს კონსენვატორია არ დაუმთავრებიაო ან ისო ან ესო" შეკითხვა პირადად აზრაშვილს საინტერესოა ვისთან აქვს პრეტენზიები მაგ: ბლექმოორთან, იან გელანთან, ემმა შაპლინთან, პავაროტთან, სტინგთან თუ ვისთან? ამათ ხომ მისი ლექციები არ მოუსმენიათ.
    იქნებ თქვენ ამიხსნა ის რასაც ეხლა შეგეკითხებით: პირადად მე დავფინანსე ერთ-ერთი ჯგუფი რომელმაც ბალტიკის ერთ-ერთ ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო, აღფრთოვანებილი აძლევდა ინტერვიუს მუსიკათ მცოდნეები, ამერიკიდან ჩამოსული ადამიანებიც და თვით ბალტიკელებიც, ღამიტ კი სატუმროს ფანჯრებთან ხალხი მოვიდა და სულიკოს მღერა დაიწყო. ამ ჯგუფის მოსმენისას თბილისის ერთ-ერთმა რადიომ იცით რა პასუხი მოგვცა? 1-ჟგერადობა კარგი, 2-ხმათა წყობა უნიკალური, 3-ტექსტი შესანიშნავი. მაგრამ ვინ რას უკრავს ვერ გაიგებ ვაუვ, არ გაგეცინათ? იმან ვინც მოუსმინა ყველაფერი მოეწონა გარდა იმისა რომ თბილისის ჯგუფი არაა მე მზად ვარ რომ თუ საჭიროება მოითხოვს რადიოც დავასახელო თუ რომელი იყო. მაგრამ აქვს კი აზრი. ასე გინდათ შოუ ბიზნესის განვითარება? ამასობაში ინსტრუმენტებით რაც ამ ჯგუფს გააჩნია ყოფილ პროსაბჭოთა სივრცეში ანალოგიური არ არსებობს. ჩემი EMAILIA -Soni0990@mail.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here