Home რუბრიკები საზოგადოება მერაბ შათირიშვილი: ეთნიკური დაპირისპირება გარდაუვალია

მერაბ შათირიშვილი: ეთნიკური დაპირისპირება გარდაუვალია

759

ხელისუფლების მიერ ინგლისური ენის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და მის სამომავლო შედეგებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მწერალი მერაბ შათირიშვილი.

_ ბატონო მერაბ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სააკაშვილმა ქართული საზოგადოება ერთგვარად მიაჩვია იმ აზრს, რომ ინგლისური ჩვენი მეორე სახელმწიფო ენა უნდა გახდეს. შესაბამისად, მიმდინარეობს გამალებული პროპაგანდა, რომელიც ინგლისური ენის პოპულარიზაციას ემსახურება. თქვენი აზრით, საით მივყავართ ამ პოლიტიკას? თავის მხრივ სააკაშვილი მისეულ «ნოვაციებს» ილია ჭავჭავაძის მიერ გატარებულ რეფორმებთან აიგივებს.

_ სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს თუ დავუჯერებთ, ისინი დავით აღმაშენებელსაც ადარებენ თავიანთ თავს, მაგრამ რამდენად რეალური და საფუძვლიანია ეს პარალელები, მე მგონი, ამაზე საერთოდ საუბარიც არ ღირს. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის რეფორმებს, რომელ მსგავსებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი და რა აქვს ამათ ე. წ. ნოვაციებს იმ რეფორმებთან საერთო, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. ილიამ მთელი თავისი შემოქმედება ქართული ენის განდიდებას, მის გადარჩენას მიუძღვნა და ბოლოს ამ საქმეს შეეწირა კიდეც. ესენი კი რას აკეთებენ? _ ეს კაცი ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას, აბსოლუტურად საპირისპიროს იმისა, რასაც ილია ემსახურებოდა.

…მახსოვს, იყო დრო, როცა თბილისში (მაგალითად, ვაკეში) ხალხი ქართულად თითქმის არ ლაპარაკობდა. მშობლიურ ენაზე საუბარი რაღაცნაირ ჩამორჩენილობადაც ითვლებოდა, მაგრამ მაშინ პროვინციამ და რეგიონებმა გადაარჩინა ქართული. ახლა კი ამან რეგიონებშიც შეაღწია თავისი კომპიუტერებითა და ნოვაციებით, იქაც შეიტანა ეს თავისი ე. წ. იდეები და მეთოდები. უბედურება ისაა, რომ ამ ადამიანებს, უბრალოდ, არ ესმით ან არ უნდათ, გაიგონ, რომ ენა ეს არის სული, ერის უკვდავება და, როცა შენ შენს მშობლიურ ენას უპირისპირდები, ამით რეალურად ებრძვი და ანადგურებ ერის სულიერებას. მეტიც, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკა ქართული ღირებულებების გამანადგურებელი პოლიტიკაა და სააკაშვილი, თავის ნაციონალურ ბანდასთან ერთად, არის ქართველი ერის მტერი. ხელისუფლების პოლიტიკა თავიდან ბოლომდე მორგებულია სხვა ქვეყნის, სხვა ცივილიზაციის მოთხოვნებს, იმ ცივილიზაციის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქართულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან…

_ მთელი ეს უბედურება ქართველ ერს ჭირს იმიტომ, რომ დავამხეთ ეროვნული ხელისუფლება. აფხაზეთიც და სამაჩაბლოც სწორედ იმიტომ დავკარგეთ, რომ დავკარგეთ ეროვნული ორიენტირი… თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ეროვნული სულისკვეთება მაინც ღვივის და მის გარშემო უნდა შემოვიკრიბოთ ყველა საღად მოაზროვნე ქართველი რათა დავანთოთ ცეცხლი. ამ მიზნით, 30 მაისს, დღის სამ საათზე, დიდუბეში, გამოფენის ტერიტორიაზე, მეთერთმეტე პავილიონში, დაფუძნდება საზოგადოებრივი მოძრაობა «ეროვნულები», რომელიც უახლოეს მომავალში ფართოდ გაშლის თავის საქმიანობას. ვისაც სამშობლოსა და ხალხის წინაშე არ ჩაუდენია დანაშაული, ყველას აქვს უფლება შემოუერთდეს ეროვნული იდეის განახლების საქმეს, რომლის მამამთავარი ილია ჭავჭავაძეა, ხოლო  გამგრძელებელი _ სულმნათი მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია.

_ თავის მხრივ, ხელისუფლება ინგლისური ენის პოპულარიზაციას იმით ხსნის, რომ სხვანაირად თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება შეუძლებელია. თქვენი აზრით, ეს შეხედულება უსაფუძვლოა?

_ საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო, ამაზე არ არის საუბარი, საქმე ისაა, რომ მშობლიური ენის ჩანაცვლება არ უნდა ხდებოდეს სხვა ენით. კომუნისტების დროს, მაგალითად, მეოთხე კლასიდან ისწავლებოდა უცხო ენა, მათ იცოდნენ მთავარი, რომ ბავშვი ჯერ საკუთარ ენას უნდა დაუფლებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ესწავლა სხვა. ახლა ვინმე მეტყვის, რომ მაშინ სწავლა არ იყო მაღალ დონეზე?! მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვებოდა განათლების საბჭოურ სისტემასრა, საბჭოთა კავშირში არ ისწავლა სააკაშვილმაც ინგლისური, დღეს რომ თავს გვაწონებს?! ერთი სიტყვით, აქ პრობლემა სხვა რამაა; ამათ მართლა ინგლისურზე კი არ შესტკივათ გული და ამიტომ კი არ უნდათ მისი გავრცელება, სინამდვილეში საკითხი სხვანაირად დგას: უბრალოდ, საქართველო უნდა გახდეს ერთი პატარა აეროპორტი და სასტუმრო ამერიკელებისთვის, ამერიკიდან ჩამოსული . . ვიზიტორებისთვის, რომლებიც, კაცმა არ იცის, აქ რა მიზნით ჩამოდიან. სხვა შემთხვევაში, ერთი გამაგებინეთ, ვის რაში სჭირდება ჩვენი ინგლისური ამერიკაში ან ევროპაში?! ვის რაში აინტერესებს, ვიღაც ქართველმა იცის თუ არა რომელიმე უცხო ენა?! მოკლედ, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ ფაქტობრივად მთელი ერი გახდეს ყურის აგენტი. პრინციპში ეს პოლიტიკა ასევე მიმართულია რუსეთის წინააღმდეგაც და მიზნად ისახავს კრემლის გაღიზიანებას, რაც ამათთვის ყველანაირად ხელსაყრელია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე შიდამოხმარების თვალსაზრისითაც.

_ რუსეთის გაღიზიანება რა კონტექსტში შეიძლება გამოიწვიოს ჩვენთან ინგლისური ენის პოპულარიზაციამ?

_ უბრალოდ, ამით ესენი ხაზს უსვამენ იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ უარი ვთქვით რუსეთზე, როგორც ვითომ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოზე და ვისწრაფვით დასავლეთისკენ, დასავლური ღირებულებებისკენ. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ რუსეთთან ერთად, ესენი მტრად აცხადებენ რუსულ ენასაც და თქვენ, ალბათ, აკვირდებით, რა გამალებული დისკრედიტაციაც მიმდინარეობს დღეს ამ ენის. არა და რუსული ეს არის უბრწყინვალესი ენა, რომლის უარყოფაც ისეთი აბსურდია, რომ სამარცხვინოა, როცა ხელისუფლება ამ დონეზე დადის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესაა პუშკინის, დოსტოევსკის, ტოლსტოისა და სხვა უამრავი მსოფლიო დონის კლასიკოსის ენა. ასე რომ, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივ ამას ჰქვია ტვინის გამოლაყების პოლიტიკა.

სააკაშვილმა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაამსგავსა კუთხეში მომწყვდეულ ნადირს, რომელსაც სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ შეასკდეს და მკერდით გაიტანოს მის წინ არსებული ბარიერი ან იქვე დაეცეს და მოკვდეს. აი, ზუსტად ასე დგას დღეს ჩვენი გადარჩენის საკითხი და სწორედ ამის დასაფიქსირებლად უნდა გამოვიდეს 27 მაისს ქართველი ხალხი ქუჩაში. იმ დღეს, უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა შეახსენდეს ხელისუფლებას, რომ მან არჩევნების მოგებაზე არც უნდა იფიქროს, ვინაიდან, სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა გარემოცვამ მოგების ყოველგვარი შანსი, უკვე დიდი ხანია, ხელიდან გამოაცალა საკუთარ თავს

_ ვთქვათ და, საზოგადოების ზეწოლის მიუხედავად, მაინც გააყალბა ხელისუფლებამ არჩევნები. რა ბერკეტები აქვს მოსახლეობას მმართველ გუნდზე შემდგომი ზემოქმედებისთვის?

_ მეც, ისევე როგორც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, ცხადია, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს ხელისუფლება ობიექტურ არჩევნებს ჩაატარებს: ამათ პირობებში და მით უმეტეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ეს, ფაქტობრივად, გამორიცხულია, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სააკაშვილის რეჟიმს ოდნავ მაინც შერჩა მოვლენების საღად შეფასების უნარი, უნდა დაინახოს, რა ვითარებაა დღესდღეობით ქვეყანაში. მისი, როგორც მმართველი გუნდის ლიდერის მდგომარეობა, არ არის დღეს მთლად ოპტიმალური, პირიქით, ძალიან მძიმეა. ასე რომ, მან, ფაქტობრივად, არჩევანი უნდა გააკეთოს _ როგორ და რა ფორმით დამთავრდება მისი მმართველობა.

_ ისევ ინგლისური ენის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით გკითხავთ: თქვენ თქვით, რომ იყო დრო, როცა თბილისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქართულად თითქმის არ ლაპარაკობდაო. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცავს ანალოგიურ საფრთხეს დღესდღეობით უცხო ენის გამალებული პროპაგანდა?

_ არა თუ შეიცავს, ეს საფრთხე უკვე იგრძნობა. აქ მარტო ენის ცოდნა-არცოდნაზე არ არის საუბარი, საქმე ეხება ერის იდეოლოგიურ, სულიერ დაცლასა და დაკნინებას. არაერთხელ მითქვამს და მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებითაც ვუთხრა მთელ ჩემს ქართველ ხალხს, რომ უმჯობესია, ჩვენ გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც სკოლებში პრიორიტეტად არა ინგლისურს, არამედ სვანურსა და მეგრულს გამოაცხადებს, თუ გვინდა, რომ ბავშვი აღვზარდოთ ნამდვილ, ჭეშმარიტ ქართველად და ის იყოს ქართულად მოლაპარაკე. სწორედ სვანური და მეგრული  ჩაახედებს მას ქართული ენის ფესვებში. ეს ერთი. მეორეც, ხელისუფლების პოლიტიკა ძირფესვიანად აგებული უნდა იყოს იმაზე, რომ როგორმე გაამყაროს მოქალაქეში ეროვნულობის განცდა, სახელმწიფოებრიობის შეგრძნება. ამის გარეშე, უბრალოდ, ვერ შედგება სახელმწიფო. ეს ხელისუფლება კი რას აკეთებს? _ პრიორიტეტად აცხადებს ინგლისურს. მე ვსვამ კითხვას: რა ვუყოთ თურქებს, რომლებმაც არ იციან ინგლისური?! მოდი, მაშინ აჭარაში პრიორიტეტად გამოვაცხადოთ თურქული, ქვემო ქართლში _ აზერბაიჯანული, სამცხე-ჯავახეთსა და აგერ, ავლაბარში _ სომხური… სადაა ამ დროს ქართული?! ამათი მიზანია, ქართველ კაცს მშობლიური ენა მოუკლან, რომ ეს ენა გახდეს მკვდარი ენა და არასდროს არავინ იმეტყველოს ქართულად. აი, ამას ემსახურება მთელი ამათი პოლიტიკა და ამისთვისაა სინამდვილეში ეს ე.წ. რეფორმებიც.

ასე რომ, ჩვენ ახლა ნელ-ნელა სიკვდილის გზას ვადგავართ, თუ მალე გონს არ მოვეგებით. ამიტომაც ვთქვი საუბრის დასაწყისში, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ოქტომბერში ან გავიმარჯვებთ საკუთარ თავზე, ან დავიღუპებით და დაღუპვა, მე მგონი, არც ერთ ჩვენგანს არ უნდა…

_ რამდენიმე დღის წინ, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილმა განაცხადა, ილია რომ ახლა იყოს, მასაც ჩემსავით გააკრიტიკებდნენო. არ გიფიქრიათ, რომ წლების შემდეგ სააკაშვილის მოღვაწეობას შთამომავლობამ სულ სხვა თვალით შეიძლება შეხედოს?

_ სააკაშვილის ხელისუფლება ის შემთხვევა არ არის, რომელსაც დროთა განმავლობაში თაობებმა სხვა შეფასება შეიძლება მისცენ. პირიქით, ეს ადამიანი ისეთ ნაღმებს ტოვებს საქართველოს ისტორიაში (თუნდაც რელიგიური უმცირესობების შესახებ მიღებული კანონის, აჭარაში თურქული მოსახლეობის შემოდინებისა და იმავე დავით გარეჯთან მომხდარი ფაქტის სახით), რომ როდის სად იფეთქებს ეს ყველაფერი, კაცმა არ იცის.

ამ საფრთხეებისგან გათავისუფლებას ჩვენ შეიძლება საუკუნეები მოვანდომოთ, ეთნიკურ დაპირისპირებამდეც მივიდეთ საბოლოოდ. ასე რომ, ისტორია ამ რეჟიმს უსათუოდ შეაფასებს როგორც უგუნურთა ხელისუფლებას, როგორც მოღალატეობრივი პოლიტიკის ერთგვარ აპოგეას, რომელმაც ერი დააყენა ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. აბა შენა გყოლია აი!….შენნაირმა ქლიბებმა დაღუპეს ეს ქვეყანა იუზგარ!….პატრიოტი გგონია თავი ორჯონიკიძის ნაბუშარი ხარ!…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here