Home რუბრიკები პოლიტიკა რუსუდან შარაძე: სააკაშვილი ყელამდე სისხლშია!

რუსუდან შარაძე: სააკაშვილი ყელამდე სისხლშია!

1080

გურამ შარაძის მკვლელობიდან 5 წელიწადი შესრულდა. საქმე ოფიციალურად გახსნილია, მკვლელი გასამართლებულია. მიუხედავად ამისა, გურამ შარაძის ქალიშვილი დღემდე მიიჩნევს, რომ ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს და რომ სინამდვილეში პროფესორი თავისი ოპოზიციური საქმიანობის გამო ხელისუფლების მითითებით საჯაროდ დახვრიტეს.

რუსუდან შარაძე:

_ პირველ რიგში, დავიწყებ ახალი ინფორმაციით _ მოვიპოვე «ალდაგის» ვიდეოფირის მცირე ნაწილი, რომელიც «კურიერი P.S.»-მა 2007 წლის აგვისტოში ეთერში გაუშვა და ფოტოებად ამოვიღე ყველაზე მნიშვნელოვანი კადრები. ამ ფირის «სრული» ვერსია მკვლელობიდან 45 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამმართველოში წამობრივად შევისწავლე და იმ დღიდან მოყოლებული ვამტკიცებ _ მიუხედავად იმისა, რომ ფირი სანახევროდ განადგურებულია, მაინც საკმარისია სიმართლის დასადგენად. მასზე თვალნათლივ ჩანს, რომ მკვლელობის მომენტში გიორგი ბარათელი მელიქიშვილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, მკვლელები ორნი იყვნენ და ერთ-ერთი, რომელიც გურამ შარაძეს უკან მიჰყვებოდა და მოახდინა პირველი გასროლა, ბარათელისგან განსხვავებით, იყო თავზე თმით და ბარათელზე, სულ მცირე, 15 სანტიმეტრით მაღალი. ეს ფოტოები ამის უტყუარი მტკიცებულებაა და პროფესიონალები ამას ადვილად დაადასტურებენ. თუმცა სააკაშვილის ჯიბის სასამართლომ დადო დასკვნა, რომ «ფირი უვარგისია ექსპერტიზისთვის». 

 

ამ ხელისუფლების პირობებში, რა აზრი აქვს საქმის თავიდან ძიებაში დაბრუნების მოთხოვნას მაშინ, როდესაც, მიუხედავად თავიდანვე ცნობილი უამრავი ფაქტისა, სასამართლოს არაფერი გაუთვალისწინებია და მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა სრულიად უდანაშაულო ადამიანს, გიორგი ბარათელს, რომელსაც არც კი უთანამშრომლია მკვლელებთან, 27 წელი მიუსაჯა.

_ მკვლელობის პირველივე დღეებში განაცხადეთ, რომ მამათქვენის მკვლელობას პოლიტიკური სარჩული უდევს, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ თავიდანვე ცხადი იყო, რომ გურამ შარაძე მოკლეს იმისთვის, რომ გურამ შარაძე იყო. გიორგი ბარათელს მამაჩემის მოკვლის არავითარი მოტივი არ ჰქონდა, თან ასე პროფესიონალურ დონეზე ის მკვლელობას ვერ შეასრულებდა. სასაცილოა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ჭორი, თითქოს ბარათელს გაახსენდა 7 წლის წინანდელი წყენა, თუ როგორ უპირებდნენ გურამ და გიორგი შარაძეები, ტრანსპლანტაციის მიზნით, თირკმელების ამოჭრას და გაყიდვას. ამიტომ ქუჩაში შემთხვევით დანახულ მამაჩემს ზურგიდან დაახალა ტყვია კეფაში, ესეც არ იკმარა და შემდეგ ორი საკონტროლო გასროლაც განახორციელა.

სასამართლომ ყველა ინსტანციაში ისე ჩაიარა და განაჩენი ისე გამოიტანა, რომ მკვლელობის ოფიციალური მოტივი არ დასახელებულა. ბუნებაში არ არსებობს ბარათელის აღიარებითი ჩვენება.

_ თავის დროზე გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალი დღევანდელ ხელისუფლებას და უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დასდეთ, რატომ?

_ არამხოლოდ თავისდროზე, ბრალს ახლაც ვდებ და, თავისუფალი სასამართლოს შემთხვევაში, ამას ძალიან მარტივად დავამტკიცებ.

საზოგადოებას ახსოვს დაპირისპირება გურამ შარაძესა და სააკაშვილს შორის. მამაჩემმა ის, როგორც ყველაფერზე წამსვლელი ავანტიურისტი, ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში ამხილა. ახლა ბევრი იბრალებს ამას. აქ აღარ მოვყვები, თუ რა საკითხებისკენ იყო მიმართული გურამ შარაძის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლა. 1999 წელს, როდესაც მამაჩემმა ზეპარტიული მოძრაობა «საქართველო, უპირველეს ყოვლისა» დააარსა, ბევრი, მათ შორის, სააკაშვილიც, მას ფაშისტს ეძახდა. დღეს თქვენ ხედავთ, გურამ შარაძის იდეებით თავს როგორ იწონებენ, ზოგჯერ თვით ე. წ. პრეზიდენტიც კი. პატრიოტიზმი მოდაში შემოვიდა, ყველა ცდილობს, ეროვნულ სამოსში გაეხვიოს. ვერ დამისახელებთ ბოლო წლებში დაარსებულ ვერც ერთ პარტიას, რომლის სახელწოდებაშიც სიტყვა «საქართველო» არ ერიოს. სად იყო ეს ხალხი აქამდე? თუ საქართველო აქამდე არ არსებობდა?

სააკაშვილს სძულს ავტორიტეტული პიროვნებები და რახან ვერც ჯანსაღი ბრძოლით და ვერც ბინძური მეთოდებით ერევა, პირდაპირ მკვლელობაზე გადადის. სააკაშვილმა მოაკვლევინა ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი, რამაზ კლიმიაშვილი… სააკაშვილის კისერზეა პოლიციის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ორასამდე ახალგაზრდისა და ციხეში წამებით მოკლული ადამიანების სისხლი, ომში ჩახოცილი ჯარისკაცებისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის ცოდვა. სააკაშვილი ყელამდე სისხლშია. ის, თანამონაწილეებთან ერთად, აუცილებლად პასუხს აგებს ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა პირობებში იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი?

_ წლებია, რაც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლოს გზით ცდილობს, მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია, თუ რომელ დაწესებულებაში იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი. ვინაიდან უკვე უზენაესმა სასამართლომ განაცხადა უარი ინფორმაციის გაცემაზე, საქმე სტრასბურგში გასაჩივრდა.

რაც შეეხება არაოფიციალურ მხარეს, როგორც პარლამენტარები _ ეკა ხერხეულიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებენ, მათ გიორგი ბარათელი 2 წლის წინ ორთაჭალის, «კრიტში» მოინახულეს. მათი თქმით, ბარათელი თავს შესანიშნავად გრძნობს და ციხის ადმინისტრაციასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს. ამასთან, დაჟინებით ითხოვს, ყველამ თავი დაანებოს და არ გახმაურდეს მისი ადგილსამყოფელი.

მე მათ სიტყვაზე ვერ ვენდობი, მითუმეტეს, რომ ბევრი გარემოება ჩემში სამართლიან ეჭვებს ბადებს. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ საქართველოში ვითარება ისე წავა, მალე გაიხსნება ციხის კარი და დავინახავთ _ იხდის თუ არა იქ სასჯელს გიორგი ბარათელი.

_ საქართველოში «ვარდების რევოლუციის» შემდეგ არაერთი მკვლელობა მოხდა, ბევრ მათგანს დიდი მითქმამოთქმაც მოჰყვა, მაგალითისთვის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების აქტიურობაც საკმარისია, თუმცა დღეს ისე ჩანს, რომ ყველა საქმე მიჩუმათდა, თქვენ რას აპირებთ?

_ დღეს კაციშვილი ხმას არ იღებს გურამ შარაძის დახვრეტაზე, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკურ მკვლელობებზე საუბრისგან იკავებენ თავს. ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით, რომ ოჯახმა აქტიურობა შეწყვიტა, რადგან ხშირი ურთიერთობა მაქვს გოგლა ჟვანიას მეუღლესთან და ვიცი _ მათ არათუ არ შეუწყვეტიათ ბრძოლა, არამედ  არ გაჩერდებიან, სანამ გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანენ. ეს კი ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია. თუ რას აკეთებს რეჟიმის შეცვლისთვის გოგლა ჟვანია, ყველა ვხედავთ.

რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას, ხელისუფლების ცვლილებისთანავე საქართველოში  ჩამოვალ და გპირდებით, რომ მთელი ქვეყანა იქნება მომსწრე ძალიან საინტერესო პროცესისა, რომელსაც გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება ჰქვია.

_ საქართველოში ასევე მოდურია საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება. გეგმავთ სტრასბურგში გასაჩივრებას?

_ დღემდე არ ვიცი, რამდენად გამართლებული იყო გადაწვეტილების შეცვლა.

გახსოვთ, ალბათ, ჩვენ თავიდანვე პროტესტს ვუცხადებდით გამოძიებას, რადგან ცხადი იყო _ მკვლელი თავისსავე ჩადენილ დანაშაულს არ გამოიძიებდა. ამასთან, ჩვენ გვქონდა მწარე გამოცდილება, როცა ჩემი ძმის, ლაშას მკვლელობის საქმე, რომელიც ასევე იყო პოლიტიკური და რომელიც ჩაიდინეს მამაჩემის მორალურად გასანადგურებლად, გურამ შარაძის თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ადგილიდან არ დაძრულა. «ალდაგის» ფირის ნახვის შემდეგ ჩავთვალე, რომ ბრძოლას აზრი მიეცა, რადგან უკვე არსებობდა უტყუარი მტკიცებულება.

შეიძლება თავის დროზე ფირი იმიტომაც მანახეს, რომ შემეცვალა გადაწყვეტილება, დავთანხმებოდი სასამართლოსთან თანამშრომლობას და ჩვენი მონაწილეობით მამაჩემის მკვლელობის საქმეს საქართველოში ყველა ინსტანცია მოევლო; სტრასბურგში საქმის მოგებაც სათუო გამხდარიყო, რადგან ოფიციალურად მკვლელობის საქმე გახსნილია, მკვლელი აღიარებს დანაშაულს და არ აპროტესტებს მისჯილ 27 წელს.

არაერთხელ მითქვამს, რომ სტრასბურგამდე სააკაშვილს ქართველი ხალხი და თავისუფალი სასამართლო გაასამართლებს, მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. 

_ ასევე არაერთხელ გითქვამთ, შარაძის მკვლელობა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აუცილებლად გაიხსნებაო. დღეს საქართველოში პოლიტიკური ვითარება თითქოს შეიცვალა, პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიროგორ გგონიათ, ივანიშვილი სააკაშვილს ჩაანაცვლებს?

_ პირადად მე ბიძინა ივანიშვილის პიროვნებისა და ცხოვრების წესის უფრო მწამს, ვიდრე მისი მილიარდების. პოლიტიკური ვითარება მართლაც შეიცვალა იმ დღიდან, რაც ის პოლიტიკაში გამოჩნდა _ სრულიად მოულოდნელად გაჩნდა იმედი, რომ მოძალადე, მკვლელი ხელისუფლების პარპაშს ბოლო მოეღება.

ესაუბრა გიორგი მეძმარიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here